გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№140210019002945093
საქმე № 2/506-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აგვისტო, 2019 წ. ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ა-----------–---–ი
მოპასუხე - ქ---------------–---–ი
დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ქ---------------–---–ს მოსარჩელე ა-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2030 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2013 წლის 12 მარტს დაფუძნდა შპს „E---------“ (ს/კ: 4--------) იურიდიული მისამართი ქ------ი, ბ--------------------. დაფუძნების დღიდან საწარმოს საქმიანობას წარმართავდა ქ---------------–---–ი და შპს „E---------“-ის სახელით ახორციელებდა ფიზიკური პირებისაგან ფულადი თანხების მიღებას ძირითადი თანხის სრულად დაბრუნების პირობით.
ა-----------–---–მა შპს „E---------“-ის ანგარიშზე სესხის სახით შეიტანა თანხა და გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებებიც. 2016 წლის 17 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით მან შპს „E---------“-ს გადასცა 1000 ლარი, 2016 წლის 17 ნოემბერს 1030 ლარი. ძირითადი თანხა შპს „E---------“-ს არ დაუბრუნებია, რადგან მისმა დირექტორმა ქ---------------–---–მა ზემოთ ხსენებული ფულადი თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა სამსახურებრვი მდგომარეობის გამოყენებით.
2018 წლის 04 აპრილის დადგენილებით ა-----------–---–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად 2030 ლარის ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენით ქ---------------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქ---------------–---–მა, როგორც ფიზიკურმა პირმა, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი, როგორც ფიზიკური პირი არ ცნობს სარჩელს, რადგან პირადად არ მიუღია სესხის თანხა, სესხის თანხა მოსარჩელემ შეიტანა შპს „E---------“-ში და კომპანიას დაეკისრა გარკეული ვალდებულებები, რაც ხელშეკრულებაშიც არის მითითებული, შესაბამისად, როგორც შპს „E---------“-ის დირექტორი და არა როგორც ფიზიკური პირი, ეთანხმება ვალდებულების არსებობას. (იხ. შესაგებელი და 23.08.2019 წლის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა-----------–---–სა და შპს „E---------“-ს შორის (დირექტორი ქ---------------–---–ი) 2016 წლის 17 ოქტომბერს, თორმეტი თვის ვადით, დაიდო სესხის ხელშეკრულება 1000 ლარზე, ხოლო 2016 წლის 17 ნოემბერს მითითებული თანხას დაემატა 1030 ლარი. ხელშეკრულებას ხელს აწერს ქ---------------–---–ის მინდობილი პირი ჟანა უხურგუნაშვილი.
მტკიცებულება:
- 17.10.2016 წლის სესხის ხელშეკრულება
3.1.2. 2017 წლის 28 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელვან საქმეთა სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე შპს „E---------“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით, ე.ი. მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და სისხლის სამართლის საქმეზე, სხვა პირებთან ერთად, დაზარალებულად ცნობილი იქნა ა-----------–---–ი 2030 ლარის ფარგლებში.
მტკიცებულება:
- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენით ქ---------------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული.
მტკიცებულება:
- 29.08.2018 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი;
- 2.11.2018 წლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი;
აღნიშნული განაჩენით, ქ---------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს საქმის განხილვისას ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ქ---------------–---–მა მიითვისა რა, შპს „E---------“-ის სახელით ფიზიკური პირებისაგან სესხის სახით მიღებული თანხები, ზიანი მიაყენა დაზარალებულებს, განსახილველ შემთხვევაში ა-----------–---–ს, რომელიც უნდა აანაზღაუროს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 317-ე 992-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მას მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, რომ იგი მოცემულ შემთხვევაში საქმეში მოპასუხედ ჩართულია, როგორც ფიზიკური პირი, რაც არასწორია, ვინაიდან იგი სესხის ხელშეკრულების მხარედ წარმოდგენილი იყო, როგორც იურიდიული პირი, შესაბამისად, მან როგორც ფიზიკურმა პირმა, არ უნდა აგოს პასუხი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან, ხოლო მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია შპს „E---------“-სა და მოსარჩელეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე არის კრედიტორი, შპს „E---------“ კი - მსესხებელი და მის მიმართ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო მის მიერ გასესხებული თანხის დაბრუნებით.
გარდა აღნიშნული მტკიცებულებებისა, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც, ქ---------------–---–მა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით, მიითვისა მოსარჩელეების მიერ შპს „E---------“-სთვის სესხის სახით გადაცემული თანხა. ე.ი. მხარეთა შორის ვალდებულება გამომდინარეობს დელიქტიდან.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. არასახელშეკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი წარმოიშობა უშუალოდ სამართალდარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვინმესთვის დასაკისრებლად და ზიანის ანაზღაურებისათვის საჭიროა ქმედება იყოს 1) მართლსაწინააღმდეგო, 2) სახეზე იყოს დამდგარი შედეგი _ ზიანი, 3) მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის ბრალი და 4) არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო განაჩენით დადგენილია, რომ ქ---------------–---–მა ჩაიდინა განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც გარდა უტყუარი მტკიცებულებებისა, თავადაც აღიარა, ამ დანაშაულებრივი ქმედებით მიითვისა მოპასუხის კუთვნილი თანხა, რითაც ზიანი მიადგა მას, როგორც კრედიტორს. შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინამძღვრები და ქ---------------–---–მა ა-----------–---–ს უნდა აუნაზღაუროს 2030 ლარი.
რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას, როგორც ფიზიკურ პირს არ გაუფორებია ხელშეკრულებები და შესაბამისად, ვალდებული პირს შპს „E---------“ წარმოადგენს და არა ფიზიკური პირი ქ---------------–---–ი, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოსარჩელეები მოპასუხეს ედავებიან არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე, არამედ იგი დავობს მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ პირის მიმართ, რომლის ბრალეული ქმედებითაც მისი კუთვნილი ფულადი თანხების მითვისებით მიადგა ზიანი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
დადასტურებულია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე ქ---------------–---–ს. რაც შეეხება ბაჟის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს, ხოლო ამავე კოდესის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება გადასახდელი თანხით. განსახილველ შემთხვევაში დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა არ აღემატება 5000 ლარს, შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე ა-----------–---–ის სარჩელი ქ---------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ქ---------------–---–ს მოსარჩელე ა-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2030 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ქ---------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი