გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/339-19 (180310519003159621)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 აგვისტო, 2019 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - ზა------–------–---–ი (პირადი N31---------)
მოპასუხეეები: 1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველო
წარმომადგენლები: გი-------–--------–---–ი (შემაკავებელი ორდერის შემდგენი), მა---------------ე
2.ზა------–------–---–ი (პირადი N3----------)
წარმომადგენელი - ლაშა კიტია
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - გი-------–--------–---–ის მიერ 2-.0-.2019 წელს შედგენილი №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 27.0-.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
2.მოპასუხეების პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - გი-------–--------–---–ის მიერ 2-.0-.2019 წელს შედგენილ იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი და ოქმი, რომლის მიხედვით, პოლიციის მუშაკი დაეყრდნო ზა------–------–---–ის (პირადი N3----------) მითითებას მასზედ, რომ თავისმა შვილმა - ზა------–------–---–მა (პირადი N31---------) 2019 წლის 1--------------ს ფსიქოლოგიურ ძალადობა განახორციელა მასზე, რის საფუძველზე შვილის - ზა------–------–---–ის (პირადი N31---------) მიმართ დამტკიცებულ იქნა მითითებული შემაკავებელი ორდერი, შემდეგი პირობებით:
-მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;
-მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშულებების გამოყენებით.
3.1.2.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება მასზედ, რომ მისი მხრიდან მამის - ზა------–------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რაც ნიშნავს იმას, რომ გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერი ეწინააღმდეგება კანონს.
3.1.3.დადგენილია, რომ მოსარჩელე ზა------–------–---–ი (პირადი N31---------) არ არის ნასამართლერვი და სახდელდადებული, იგი მუშაობს სს ,,ლ-------------–ი'' და უბნის-ინსპექტორის მიერ ხასიათდება დადებითად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემაკავებელი ორდერი;
- შემაკავებელი ორდერი ოქმი;
- ცნობები საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან;
- 2-.0-.2019 წლის ზეპირი გასაუბრების ოქმები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. 27.0-.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ასევე მოწმის ჩვენებით, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ზა------–------–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7.სამართლებრივი შეფასება
7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. . .
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
7.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
იმავე კანონის შესაბამისად, მსხვერპლად მიიჩნევა – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
მითითებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ოჯახის წევრია დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
გასაჩივრებლი შემაკავებელი ორდერი მოსარჩელის მიმართ შედგენილია იმ მოტივით, რომ თითქოს მან ფსიქოლოგიურად იძალადა მამაზე.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ'' ქვეპუნქტით, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის მიმართ შედგა შემაკავებელი ორდერი, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე მოძალადეა, რამდენადაც არსებობს შემაკავებელი ორდერის შედგენისას ცდომილების შესაძლებლობა ანუ სასამართლომ უნდა შეამოწმოს მისი კანონიერება. ამ მხრივ კი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცებულებებს, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ შემაკავებელ ორდერში მითითებული ძალადობის ფაქტს.
მოცემულ ვითარებაში, რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან მამის - ზა------–------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს, მოპასუხე მხარეს საქმეზე არ წარმოუდგენია. ინსპექტორ-გამომძიებელმა სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მან შემაკავებელი ორდერი შეადგინა მხოლოდ მამის ზა------–------–---–ის მითითებისა და გასაუბრების ოქმების საფუძველზე, თუმცა არც შემაკავებელი ორდერის ოქმით და არც გასაუბრების ოქმებით უტყუარად არ იკვეთება მოსარჩელის მხრიდან მამის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ანუ მამის პატივისა და ღირსების შემლახავი ფაქტის ნიშნები.
მოპასუხე ზა------–------–---–ის (პირადი N3----------) წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2019 წლის 1--------------ს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მამის მიმართ სიტყვიერ შელაპარაკებას ხმამაღალი ტონით. ამ კუთხით, აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ვლ-----------–------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ იგი არის სადავო შემაკავებელ ორდერში მითითებული მამა-შვილის მეზობელი, ისინი ცხოვრებენ ერთ საცხოვრებელ სახლში და მათი საცხოვრებელი ფართები განიჯნულია ერთი კედლით. მოწმის ჩვენებით, 2019 წლის 1--------------ს იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, მაგრამ მამა-შვილის - ელიოზაშვილების ოჯახიდან ხმაური მას არ გაუგია.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
რაც შეეხება უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მითითებას მოსარჩელესა და თავის მამას შორის არაჯანსაღი ურთიოერთობის თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული უპირობოდ არ იძლევა ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების სამართლებრივ საფუძველს, რადგან ამგვარი დამოკიდებულება იმთავითვე ძალადობას არ ნიშნავს და ასეთ დროს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა გადაწყდეს (მსგავს საკითხზე იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს №020370517001927712 (3/ბ-266-17 წ.) გადაწყვეტილება, 30 მაისი, 2017 წელი).
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც საქმეში არ მოიპოვება მყარი, დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან მამის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
8.საპროცესო ხარჯები
8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.ზა------–------–---–ის (პირადი N31---------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2019 წლის 2-----------ს შედგენილი №0----- შემაკავებელი ორდერი;
3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს 17) მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა