განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-115-19
(№012101218004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30.08.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი
ბრალდების მხარე: პროკურორი ანა ადეიშვილი
ბრალდებული: გ--------------–-–---–ი
დაბადებული: 19.11.1--- წ.
დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. რუსთავი, მე-7-----------------ში
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და "გ" ქვეპუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ;
საქართველოს სსკ-ს 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 16:30 სთ-ზე, ქ.რუსთავში, მე-7---------------- არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ გ--------------–-–---–ს დამ ლ----------–-–---–მა უსაყვედურა, რომ იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც გაბრაზდა გ--------------–-–---–ი და დას, ლ----------–-–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილების რ--------ნ და ს---------–---–ების თანდასწრებით მოსჭიდა თმაში ხელი და მოქაჩა; მათთან მისულმა მამამ, გ--------------–-–---–მა, ვაჟს გ--------------–-–---–ს მოუწოდა გარეთ გასულიყო. გარეთ გასვლის შემდეგ გ--------------–-–---–მა მამას, გ--------------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თავის და გულმკერდის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი და წააქცია, წაქცეულს ხელი დაარტყა კისერში. ლ----------–-–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ შეეწყვიტა მამის ცემა, მოსჭიდა ხელი თმაში და წააქცია. გ--------------–-–---–ის ქმედების შედეგად მამამ, გ--------------–-–---–მა და დამ, ლ----------–-–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2018 წლის 06 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 სთ-ზე, ქ.რუსთავში, მე-7-----------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, გ--------------–-–---–ი ეკამათა დას ლ----------–-–---–ს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კამათისას ლ----------–-–---–ს მარცხენა ხელი მოკიდებული ჰქონდა სააბაზანოს კარზე. გ--------------–-–---–მა სააბაზანოს კარი ძლიერად მიხურა და ლ----------–-–---–ს მარცხენა ხელი მოაყოლა კარში. აღნიშნულის შედეგადაც ლ----------–-–---–მა ხელზე მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული ლ----------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ბრალდებულის და. რამოდენიმე თვის წინ, თვე და რიცხვი აღარ ახსოვს, შუადღის საათებში, ქ. რუსთავში, მათ საცხოვრებელ სახლში, ძმამ გ--------------–-–---–მა კამათისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მას მარცხენა ხელი მოკიდებული ჰქონდა სააბაზანოს კარზე, გ--------------–-–---–მა სააბაზანოს კარი ძლიერად მიხურა და მარცხენა ხელი მოაყოლა კარში, რის გამოც ხელზე მიიღო დაზიანება.
ასევე, რამდენიმე დღის წინ, თვე და რიცხვი აღარ ახსოვს, შუადღის საათებში, ქ. რუსთავში, მათ საცხოვრებელ სახლში, ძმამ გ--------------–-–---–მა, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მისი არასრულწლოვანი შვილების რ--------ნ და ს---------–---–ების თანდასწრებით მოსჭიდა თმაში ხელი და მოქაჩა; მის დასხმარებლად მისულ მამას, გ--------------–-–---–ს, თავის და გულმკერდის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი და წააქცია, წაქცეულსაც ხელი დაარტყა კისერში. იგი შეეცადა შეეჩერებინა ძმა, მაგრამ მასაც მოსჭიდა ხელი თმაში და წააქცია. აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული გ--------------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ბრალდებულის მამა. 2018 წლის დეკემბერში, რიცხვი არ ახსოვს, შუადღის საათებში, ქ. რუსთავში, მათ საცხოვრებელ სახლში, შვილმა გ--------------–-–---–მა, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მისი არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებით მის ქალიშვილს ლ----------–-–---–ს მოსჭიდა თმაში ხელი და მოქაჩა; ასევე მას, თავის და გულმკერდის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი და წააქცია, წაქცეულსაც ხელი დაარტყა კისერში. მისივე განმარტებით, ლ----------–-–---–ის შვილები უყურებდნენ ამას და ტიროდნენ. რამდენიმე დღის წინ, ასევე კამათისას მის ქალიშვილს ლ-----------–-–---–ს ხელი მოაყოლა აბაზანის კარებში(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის #000347619 დასკვნის თანახმად ლ----------–-–---–ი მკურნალობდა სტაციონალურად 06.12.18წ. დიაგნოზით: მარცხენა მტევნის მე-4 თითის მოტეხილობა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს(06.12.18წ.) და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხოლო 11.12.2018 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთები თავის მიდამოში, რაც მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს(10.12.2018წ.) და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად(იხ. დასკვნა, ტ.1. ს.ფ. 282-285).
2.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის #000347619 დასკვნის თანახმად გ--------------–-–---–ს 13.12.18 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობა და ნაჭდევები შუბლის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს(10.12.2018წ.) და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად(იხ. დასკვნა, ტ.1. ს.ფ. 286-289).
აღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ბესიკ მანჯგალაძემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელები გ-----------------ე და ა--------–-----–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს სს საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში. მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ამ დანაშაულის ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია და მსხვერპლი - ერთი ოჯახის წევრები არიან.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა-სისტემატურ შეურაცხყოფა-შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური კუთხით.
სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკურ ძალადობას წარმოადგენს ცემა და სხვაგვარი ძალადობა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულის ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ცემის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობრივი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას.
განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება - ქმედების ჩადენა ორი პირის მიმართ, განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება ასევე, იგივე ქმედების ჩადენა, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით, ოჯახში ძალადობა, როგორი ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს, მის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ძალადობის უშუალო მსხვერპლს არ წარმოადგენს, ძალადობის მოწმედ ყოფნა, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან ადამიანებს შორის, როგორიც მშობლებია, უარყოფითად აისახება მის კეთილდღეობაზე და მოწყვლადს (განსაკუთრებული ზრუნვისა და საჭიროების მქონეს) ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ ბრალდებულის განზრახმა ქმედებამ გამოიწვია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვაზე უარი განაცხადა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის დასკვნით სიტყვაში მიცემულ განმარტებას, რომ ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია.
4.1. ბრალდებულის განმარტება, რომ მას დისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და 2018 წლის 06 დეკემბერს სახლში საერთოდ არ ყოფილა, სასამართლო ვერ გაიზიარებს. დაზარალებულების გ-------------–----------–-–---–ების განმარტების გარდა, აღნიშნული დადასტურებულია ასევე რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ-----------------ის ჩვენებით, რომლის განმარტებითაც დაზარალებულებმა შემთხვევის ადგილზე მისვლისას განუცხადეს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენათ გ--------------–-–---–მა(შვილი). ბრალდებულის განმარტება, რომ ლ----------–-–---–ს ხელი რამდენიმე დღის წინ ბავშვებმა მოაყოლეს კარში, ეწინააღმდეგება საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის სანდოობაში სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს და რომლის თანახმადაც დადასტურებულია, რომ ლ----------–-–---–ს აღენიშნებოდა მარცხენა მტევნის მე-4 თითის მოტეხილობა, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს(06.12.18წ.), ასევე, ლ----------–-–---–ს 11.12.2018 წ. აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები თავის მიდამოში, რაც მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს(10.12.2018წ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის განმარტება არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და მოგონილია მის მიერ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.
4.2. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მას 2018 წლის 10 დეკემბერს, მან კი არა, მამამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სასამართლო ვერ გაიზიარებს. დაზარალებულების გ-------------–----------–-–---–ების განმარტების გარდა, გ--------------–-–---–ის(მამა) მიმართ მიყენებული დაზიანების ხარისხი განსაზღვრულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, რომლის სანდოობაში სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს და რომლის თანახმადაც დადასტურებულია, რომ გ--------------–-–---–ს(მამა) 13.12.18 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობა და ნაჭდევები შუბლის მიდამოში, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს(10.12.2018წ.). ბრალდებულის არგუმენტი, რომ დას აქვს მინდობილობა და მამას და ლ----------–-–---–ს სურთ სახლის მის გარეშე გაყიდვა, ამის გამო მოაწყეს ეს ინციდენტი, არ გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან, კერძოდ, ბრალდებულის განმარტებითვე, მას მეორე დაზე (და არა ლ----------–-–---–ზე) აქვს მინდობილობა როგორც სახლის თანამესაკუთრეს მიცემული, რომლის ნებისმიერ დროს გაუქმება შეეძლო სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებული გ--------------–-–---–ის საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და ,,გ“ ქ/პუნქტებით და საქართველოს სსკ-ს 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩამდენ პირად, ანუ დამნაშავედ ცნობის თაობაზე.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ--------------–-–---–ის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებისა და ხასიათის, მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკურ პირობების, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, რომ სურთ აპატიონ ბრალდებულს ჩადენილი დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--------------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
8. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
გ--------------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით -თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით- -თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და გ--------------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს გ--------------–-–---–ის მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის #1/8-18 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 03(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის #1/8-18 განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი ნაწილობრივ - 01(ერთი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის და 01(ერთი) თვის ვადით.
2. გ--------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. გ--------------–-–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი