გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.08.2019
საქმის ნომერი
170210019003064070
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 170210019003064070

საქმე № 2/107-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 აგვისტო, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

შესავალი ნაწილი

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

სხდომის მდივანი ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი

 

მოსარჩელე - არ-------------ა

მოპასუხე - უმ------------ი

წარმომადგენელი - ელ-----------–--–ი

თარჯიმანი - ელ------------ი

 

დავის საგანი: მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. უმ------------ს (პ/ნ 5----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის ქუ-–----------ას (პ/ნ 5----------; დაბადებული 2----–-–------------------ს) დროებით საზღვარგარეთ ( აზ----------------------–--ა) გაყვანასთან და სამგზავრო დოკუმენტის - საქართველო მოქალაქის პასპორტის აღებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, ის მოპასუხესთან ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას 2011 წლიდან. 2013 წლიდან ისინი აღარ ცხოვრობენ ერთად და მათ შორის ოჯახური ცხოვრების აღდგენა შეუძლებელია. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა შვილი ქუ-–----------ა. მოპასუხე არანაირ მონაწილეობას არ იღებს ბავშვის რჩენასა და აღზრდაში. არ ზრუნავს მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის, პირიქით, მოსარჩელეს ხელს უშლის იზრუნოს შვილის საუკეთესო ინტერესებზე. მოსარჩელეს სურს ბავშვის გაყვანა დროებით, დასასვენებლად საზღვარგარეთ აზ----------ის რესპუბლიკაში, სადაც ცხოვრობს მისი და და ძმა. მოპასუხე კი უარს აცხადებს გასცეს თანხმობა ბავშვზე სამგზავრო დოკუმენტის - საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელზე

 

მოპასუხე უმ------------ი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. ის ადასტურებს რომ 2011 წლიდან 2013 წლამდე მართლაც ცხოვრობდა მოსარჩელესთან ერთად, ვიდრე მოსარჩელე არ წავიდოდა სახლიდან და არ გათხოვდებოდა ხელმეორედ. რაც შეეხება მათ საერთო შვილს ქუ-–----------ას, მოსარჩელესთან სასამართლო დავა ალიმენტის დაკისრების თაობაზე, 2015 წელს შეწყდა მორიგებით და დღემდე იხდის ალიმენტს. ყიდულობს ტანსაცმელს, უყიდა ველოსიპედი და შეხვედრების დროს ჩუქნის ფულს.მოპასუხე არ ეთანხმება არ-------------ას მოთხოვნას არასრუწლოვანის პასპორტის აღებისა და მისი საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ და განმარტავს: ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანია არა დროებით, არამედ ბავშვის საცხოვრებლად დარჩენის მიზნით საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა, რაც არ შეესაბამება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს; თუკი ბავშვის გაყვანა მოხდება კონკრეტული პერიოდით და უკან დაბრუნების ვალდებულებით, შესაძლებელია ამ შემთხვევაში მოხდეს მოსარჩელისათვის ბავშვის დროებით საზღვარგარეთ გაყვანის უფლების მინიჭება; მაგრამ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას. აქედან გამომდინარე,მოპასუხე არ არის თანახმა არასრულწლოვანი ქუ-–----------ა მოსარჩელემ წაიყვანოს აზ----------ში თითქოსდა დასასვენებლად თავის და და ძმასთან, ვინაიდან არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მოსარჩელეს ორი და გარდაცვლილია, ხოლო ძმა არ----------------ა ცხოვრობს მა-------–--------------------–------------------ში, ხოლო ბაშვის წაყვანის შემდეგ მას მოესპობა შვილთან ურთიერთობის ყველა საშუალება. მოპასუხე განმარტავს, რომ ბოლო 6 თვეა მოსარჩელე არ აძლევს საშუალებას შეხვდეს შვილს. მისი მიზანია ბავშვის გაყვანა არა აზ----------ში, არამედ თუ------–ი და აღარ მისცეს შვილზე ზრუნვის საშუალება. სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით, მოპასუხე თანახმაა, შვილმა იცხოვროს მასთან და იზრუნოს მის აღზრდა განვითარებაზე ვიდრე დედა წასული იქნება საზღვარგარეთ. ქუ-–-- უკვე სასკოლო ასაკის არის და სექტემბრიდან მიდის სკოლაში, ხოლო მისი ამ დროისათვის საქართველოდან წაყვანა იქნება ერთერთი ხელისშემშლელი გარემობა ბავშვის აღზრდა განვითარებისათვის. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით სრულად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა და არ არსებობს აუცილებლობა არასრულწლოვანი ქუ-–----------ას ქვეყნის გარეთ დროებით გასვლისა და ამ გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე მშობლის უფლება-მოვალეობების შეზღუდვისა. ასევე, ამ ასაკის ბავშვზე, რომელიც მიჩვეულია იმ საცხოვრებელ გარემოს, სადაც იზრდება, უარყოფითად იმოქმედებს სრულიად უცხო გარემოში, უცხო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა.

(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. არ-------------ა და უმ------------ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. რამდენიმე წელია ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არ-------------ა არასრულწლოვან ქუ-–----------თან ერთად ცხოვრობს ცალკე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 2015 წლის მაისის თვიდან უმ------------ი არ-------------ას საბანკო ანგარიშზე ურიცხავს შვილის ქუ-–----------ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის თანხას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

- ცნობა უმ------------ის მიერ გადახდილი თანხების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

არ-------------სა და უმ------------ს თანაცხოვრების პერიოდში, 2012 წლის 26 ოქტომბერს შეეძინა შვილი ქუ-–----------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსგს მა-------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 21 აპრილს განმეორებით გაცემული დაბადების მოწმობა #-----------, აქტის ჩანაწერი #----------- (ტომი 1, ს.ფ.15).

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება (რაიმე ინფორმაცია), რაც მოცემულ ეტაპზე დაადასტურებდა არასრულწლოვანი ქუ-–----------ასათვის საზღვარგარეთ გამგზავრების აუცილებლობას. მოსარჩელის განმარტების თანახმად, იგი საჭიროებს მკურნალობას და ვინაიდან ამის სახსრები მას არ აქვს. სურს გაემგზავროს ახლობლებთან მკურნალობის ჩასატარებლად. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის და მამასთან ურთიერთობის საშუალების აკრძალვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. სასამართლო სხდომაზე და საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (ინფორმაცია), რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ქუ-–----------ას უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, საქმის მასალებით არ იკვეთება მისი საზღვარგარეთ გაყვანისა და ამ მიზნით, მამის, უმ------------ის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობა.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1205-ე, მე-20, 1202-ე, 1197-ე და 1199-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე არ-------------ამ სარჩელით მოითხოვა უმ------------ის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი 2012 წლის 26 ოქტომბერს დაბადებული ქუ-–----------ას საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ. კერძოდ, აზ----------------------–--აში გაყვანის უფლების მინიჭება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

 

მხარეთა შორის თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვანი ქუ-–----------ა ცხოვრობდა დედასთან ერთად. საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით ბავშვის აღზრდაში ფინანსურად ეხმარება მოპასუხე უმ------------ი, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სს ,,სა---------–--------ში“ მიღებული ფულადი გზავნილებითაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდაში მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ორივე მშობელს ერთნაირად გააჩნია, მათი ცალ-ცალკე ცხოვრების შემთხვევაში კი უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი. საკითხის გადაწყვეტისას არსებითია ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ამ უკანასკნელის დასადგენად კი გამოკვლეული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებანი, უშუალოდ ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მათი ურთიერთობა-მიჯაჭვულობა თითოეულ მშობელთან, გაუცხოვების არსებობისას კი მისი შესაძლო მიზეზები.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ნორმის სხვაგვარი განმარტება და ერთ-ერთი მშობლისათვის, მხოლოდ, მისი ბიოლოგიური სქესის გამო, რაიმე უპირატესობის მინიჭება კანონშეუსაბამოა.

 

სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, მიანიჭოს თუ არა დედას უფლება, წაიყვანოს იგი საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამ საკითხის გადაწყვეტის დროს სასამართლომ უნდა შეაფასოს, პირველ რიგში, თუ რამდენად შეესაბამება იგი (მოთხოვნა) ბავშვის ინტერესებს. ამ უკანასკნელის შეფასებისას კი უნდა იქნეს გამოკვლეული, ერთის მხრივ, თუ რა გარემოებები უდევს საფუძვლად მსგავსი შინაარსის მოთხოვნის დაყენებას და, მეორეს მხრივ, გამართლებულია თუ არა ბავშვის გადაადგილება მისი პიროვნებისა და მისთვის უახლოესი გარემოს შეფასებიდან გამომდინარე, ხომ არ გამოიწვევს იგი ბავშვის ფსიქოლოგიურ ტრამვას, ან შესაძლებელია ასეთს არ იწვევდეს, მაგრამ რამდენად დადებით მნიშვნელობას მოახდენს იგი ბავშვის განვითარებაზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, რომ არსებობს ფართო კონსენსუსი, საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას.

 

დავის გადაწყვეტისას სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მისი უპირატესი ინტერესი. სასამართლომ ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს გარემო, სადაც ბავშვი ცხოვრობს და სადაც მას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს თითოეულ მშობელთან, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ასაკი და ინდივიდუალური მოთხოვნილებები, რის შედეგადაც შესაძლებელია გადაწყდეს დავა პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის, უმ------------ის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელესთან ერთად შვილის აღზრდა განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს მოპასუხე უმ------------ი.

 

სადავო საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო განსაკუთრებით ყურადღებას მიაპყრობს სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ გაკეთებულ განმარტებებს და წარმოდგენილ არგუმენტებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მხარის განმარტებები ბუნდოვანი, არათანმიმდევრული და რიგ შემთხვევებში წინააღმდეგობრივია სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან (იხ. სხდომის ოქმი).

 

6.3. ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. აღნიშნულის აუცილებლობა კი სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული. ბავშვისთვის ორივე მშობელი არის რესურსი. მათ შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ განაპირობებს შემდგომში ბავშვის მიერ ორივე მშობლის დადებითი სახის შენარჩუნებას. წინ არ უნდა მოდიოდეს ბავშვთან მიმართებით პრივატული ინტერესები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს და დადგინდეს, თუ რომელ ეტაპზე სად არის უკეთესი ბავშვი იმყოფებოდეს. გარემომ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ფსიქო-ემოციურად და ინტელექტუალურად უკეთ განვითარებას, ფუნქციონირების და სოციალიზაციის პროცესს. განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას შვილის მამასთან თუნდაც მცირე დროით დატოვებაზე უარის თქმის და მშობლის უფლბების შეზრუდვის ნაწილში. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მართალია, მოსარჩელე მხარე განმარტავს და მიუთითებს, რომ მას არ ჰყავს ისეთი ადამიანი ვისთანაც შეძლებდა შვილის გარკვეული პერიოდით დატოვებას. მოწინააღმდეგე მხარე სწორედ აღნიშნულს ხდის სადავოდ. შესაბამისად, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო მხარის მხოლოდ ზეპირი სახის განმარტებას ვერ მიიჩნევს საკმარისად სადავო გარემოების დასადგენად. შესაბამისად, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული მოსარჩელის პოზიცია.

 

არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ქუ-–----------ას საქართველოს საზღვრებს გარეთ გამგზავრების აუცილებლობა და მიზანშეწონილობა. არადამაჯერებელია ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე არასრულწლოვანის ჩვეული გარემოსაგან მოწყვეტა და ამ ეტაპზე მისი გადაყვანა უცხო გარემოში.

 

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მსგავსი სახის დავების განხილვისას სპეციალური კვალიფიკაციისა და ცოდნის მქონე საქმის შედეგით დაინტერსებული პირის დასკვნა შეიძლება გახდეს სარწმუნო მტკიცებულება სასამართლოსათვის. ვინაიდან იგი წარმოადგენს ორივე მხარისაგან მიღებული ინფორმაციის პროფესიული და ამასთან, ნეიტრალური ხასიათის ანალიზის შედეგს. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას ბავშვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ვინაიდან ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანია არა დროებით, არამედ ბავშვის საცხოვრებლად დარჩენის მიზნით საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა. აღნიშნული კი არ შეესაბამება არასრულწლოვანის უპირატესად დასაცავ ინტერესებს. თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს სად, როგორ და რა ვითარებაშია უმჯობესი ბავშვი აღიზარდოს და რა იქნება უკეთესი მისი ჭეშმარიტი ინტერესების დასაცავად. თუკი ბავშვის გაყვანა მოხდება კონკრეტული პერიოდით და უკან დაბრუნების ვალდებულებით, შესაძლებელია ამ შემთხვევაში მოხდეს მოსარჩელისათვის ბავშვის დროებით საზღვარგარეთ გაყვანის უფლების მინიჭება, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე და არც სასარჩელო მოთხოვნა ამ კუთხით არ არის დაყენებული და მოსარჩელის მიზანს მხოლოდ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა წარმოადგენს.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების, წარმოდგენილი მტკიცებულებების სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი ქუ-–----------ას პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნის ნაწილში.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე არ-------------ას სარჩელი არასრულწლოვანი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, არ არსებობს მოპასუხე უმ------------ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

არ-------------ას სარჩელი მოპასუხე უმ------------ის მიმართ არასრულწლოვანი ქუ-–----------ას (პ/ნ 5----------; დაბადებული 2----–-–------------------ს) მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილში გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

 

გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა