განაჩენი

სისხლის სამართლის 29.08.2019
საქმის ნომერი
080100119003098534
დავის ტიპი
262 2 ა , 260 3 ა
თარიღი
29.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/591-19 (№ 088130619001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 აგვისტო, 2019 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ქ------- თ--–-----ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ--- დ------ს ძე ა----–---–ი - დაბადებული 2-.1-.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ვ---, სოფ. შ-------, ფაქტობრივად მცხოვრები: ბ-------, ა----------ს ქ. №5/29-ში

 

ადვოკატი - კობა სოხაძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 13 ივნისს, გ--- ა----–---–მა, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დაუდგენელ გარემოებებში, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით - 0,0125 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი ტაბლეტების ნატეხები, რაც მოთავსებული იყო ფოლგის მოყვითალო ფერის ქაღალდში. ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ და ფარულად შემოტანის მიზნით, გ--- ა----–---–მა იგი ჩაიდო ტანთცმული ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში და ამ გზით დროებით შეინახა. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვა გ--- ა----–---–მა განაგრძო იმავე დღეს, ანუ 2019 წლის 13 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთიდან გადმოკვეთის შემდეგ, ხ--–---------ს რაიონის სოფელ ს-----ში მდებარე საბაჟო - გამშვები პუნქტის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე. 2019 წლის 13 ივნისს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკების მიერ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა გ--- ა----–---–ის ტანთცმული ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან.

 

1.2. 2019 წლის 13 ივნისს, გ--- ა----–---–მა, თურქეთის რესპუბლიკიდან გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ხ--–---------ს რაიონის სოფელ ს-----ში მდებარე საბაჟო - გამშვები პუნქტის გავლით, რა დროსაც მან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა თურქეთში ასევე უკანონოდ შეძენილი და ტანთცმული ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში ფოლგის მოყვითალო ფერის ქაღალდში მოთვსებული ტაბლეტების ნატეხები, რაც შეიცავს დიდი ოდენობით - 0.0125 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის და მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმები, ნივთმტკიცების სახით ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი ტაბლეტების ნატეხები და სხვ.) ერთობლიობა გ--- ა----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--- ა----–---–მა ჩაიდინა:

 

2.1. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

2.2. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. გ--- ა----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

3.2. გ--- ა----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას (გარდა დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისა, დადგენილია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი), უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობას, აგრეთვე ბრალდებულის პიროვნებას (გ--- ა----–---–ი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს დანაშაულს) და ასაკს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული, სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება გ--- ა----–---–ის მიმართ საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, გ--- ა----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--- ა----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--- ა----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--- ა----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 ივნისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

- 1 (ერთი) ცალი DVD დისკი (რომელიც ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

- საქართველოს მოქალაქის პასპორტი, გაცემული გ--- ა----–---–ის სახელზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნიკოლოზ მარგველაშვილი