განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2019
საქმის ნომერი
330100119003049417
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2719-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – დ----- ხ--------ის

ბრალდებულ _ მ------ გ---–---ს

ადვოკატების - ა------ ბ---------–ის და ნ---- დ------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ მ------ გ--ის ძე გ---–---ს, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (შეწყალებულის), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ.---------–----------–--–---------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---------–---–---–----------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ გ---–---მ ჩაიდინა ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

მ------ გ---–---ს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით, შპს „ა-–----“ აეკრძალა ქალაქ თბილისში, ა---–--------------------ში, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელება და იმავე დღეს გამოიცა სააღსრულებო ფურცელი.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 25 აპრილს მ------ გ---–---ს ჩაბარდა სასამართლოს განჩინება და აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მან არ შეასრულა კანონიერი მოთხოვნა და გააგრძელა სამშენებლო სამუშაოები, რითაც ჩაიდინა ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

ე.ი. მ------ გ---–---მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა მ------ გ---–---ს მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ მ------ გ---–---ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის სააღსრულებო ფურცელს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წინადადებას გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმებს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დათვალიერების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, ამონაწერებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრიდან, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ------ გ---–---ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

საყურადღებოა, რომ მ------ გ---–---ს მიმართ წარსულში არაერთი შეღავათი იქნა გაწეული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ არაერთხელ იქნა შეწყალებული, თუმცა იგი მაინც არ დაადგა გამოსწორების გზას და რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად, არ შეწყვიტა შესაბამისი წესების დარღვევით წარმოებული მშენებლობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი არაკანონმორჩილი პიროვნებაა და მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებაც კი არ აღმოჩნდა მისთვის ანგარიშგასაწევი და შემაკავებელი ხასიათის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მ------ გ---–--- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, აღარ ითვლება ნასამართლევად (შეწყალებულია), კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაგან უმცროსს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და რეკომენდებულია ხანგრძლივი ნეირორეაბილიტაცია და რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა, სასამართლოს მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების აღკვეთა შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის პირობებშიც.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ ალტერნატიულ სასჯელებს შორის ყველაზე ეფექტური სასჯელის განსაზღვრის მიზნით, სასამართლო გარდა ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებებისა, აფასებს მ------ გ---–---ს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას და მოვალეობის დარღვევის ხასიათს, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შპს „ა-–----“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელს და ფაქტობრივ მმართველს წარმოადგენდა მ------ გ---–---, აეკრძალა მშენებლობის გაგრძელება, ხოლო სააღსრულებო ბიუროს მიერ მიეცა წინადადება ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით, ამასთან, არაერთხელ იქნა გაფრთხილებული და დაეკისრა ფინანსური სანქციები, იგი არ დაემორჩილა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს და მაინც განაგრძო მშენებლობის წარმოება, რაც მიუთითებს მის არაკანონმორჩილებაზე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან მხოლოდ ჯარიმის გამოყენებით, ვერ იქნება სასჯელის მიზნები მიღწეული და მ------ გ---–---სთვის, როგორც მშენებელისთვის, აღნიშნული სახის სასჯელები ვერ იქონიებენ საკმარის ეფექტს. მის შემდგომ საქმიანობაზე უნდა განხორციელდეს საპრობაციო კონტროლი კანონით დადგენილი წესით, რაც შესაძლებელი იქნება პირობითი მსჯავრის დანიშვნით და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენით. ამავე გარემოების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მ------ გ---–---ს მიმართ დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, რომლის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის ქონებრივ მდგომარეობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მ------ გ---–---ს მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის დაკისრება, რაც იქნება სასჯელის მიზნების შესაბამისი და მისი არადანაშაულებრივი ქცევის უზრუნველმყოფელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------ გ---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მ------ გ---–---ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. მსჯავრდებულ მ------ გ---–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ------ გ---–---ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. გაუქმდეს მ------ გ---–---ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

5. 2019 წლის 14 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი