განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3635-17
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ი-----–- მ---–----–---ს
ბრალდებულ _ ზ----- თ--------ის
ადვოკატ - ვ----–-- მ------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ზ----- რ-----ს ძე თ--------ის, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (დანაშაულის ჩადენის დროისათვის), საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: ქ-------–--–-------------–----------------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----- თ--------ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.
ზ----- თ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
ზ----- თ--------ე 2009 წლის 9 სექტემბერს რეგისტრირებულ იქნა ინდივიდუალურ მეწარმედ (ს/ნ 3----------), რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტომანქანის აკუმულატორებით საცალო ვაჭრობა.
ზ----- თ--------ეს ევალებოდა საწარმოს საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გადახდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ზ----- თ--------ე არ ასრულებდა თავის მოვალეობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, სრულად არ ასახავდა საზოგადოების მიერ მიღებულ შემოსავალს და სრულყოფილად არ წარადგენდა საგადასახადო ორგანოში დეკლარაციებს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების მე-6 სამმართველოს თანამშრომლის მიერ ჩატარდა ი/მ „ზ----- თ--------ე“-ს (ს/ნ 3----------) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სრული კამერალური შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევის გამო 2014 წლის 30 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტით 2009 წლის 9 სექტემბრიდან - 2013 წლის 25 ივლისის საანგარიშო პერიოდის ჩათვლით დამატებით სრულად დაერიცხა 281.636 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი - 161.357 ლარი, ჯარიმა - 120.279 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე 2014 წლის 4 აგვისტოს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის №----- ბრძანება ზემოაღნიშნული თანხების დარიცხვის შესახებ, ხოლო ამავე ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 5 აგვისტოს გამოიცა №-------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ი/მ „ზ----- თ--------ე“-ს (ს/ნ 3----------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ: 388.086,86 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 161.357 ლარი, ჯარიმა - 120.279 ლარი და საურავი - 106.450,86 ლარი.
ზ----- თ--------ემ თანხების დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება და საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და თბილისის საქალაქო სასამართლოში. არც ერთი ხსენებული ორგანოს მიერ არ დაკმაყოფილდა ზ----- თ--------ის საჩივრები. მიუხედავად აღნიშნულისა, მან არ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მის მიერ არ იქნა დაფარული გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა - 161.357 ლარი, ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
ე.ი. ზ----- თ--------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სასამართლოს დასკვნა ზ----- თ--------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ზ----- თ--------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: 2014 წლის 30 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტს, ჩხრეკის ოქმს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დეპარტამენტის წერილებს და თანდართულ დოკუმენტაციას, აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 4 აგვისტოს №----- ბრძანებას და დანართს, 2014 წლის 5 აგვისტოს #------ საგადასახადო მოთხოვნას, შემოსავლების სამსახურის №----- ბრძანებას ზ----- თ--------ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, მოწმეების დაკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზ----- თ--------იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ზ----- თ--------ე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და დანაშაულის ჩადენის დროისათვის არ იყო ნასამართლევი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი დღემდე ნაწილობრივაც კი არ არის ანაზღაურებული, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო მოთხოვნა გაცემულ იქნა 2014 წლის 5 აგვისტოს, ხოლო 2015 წლის 27 ოქტომბერს ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი დარიცხული დავალიანების შესწორების და თანხის შემცირების შესახებ, ამასთან, არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის შემცირების თაობაზე. სასამართლოს მხრიდანაც მისთვის საკმაოდ ხანგრძლივი დრო იქნა მიცემული ზიანის თუნდაც მინიმალური ოდენობით ასანაზღაურებლად, თუმცა უშედეგოდ. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რამდენადაც იგი არაკანონმორჩილი პიროვნებაა და წლების მანძილზე არაფერი გაუკეთებია ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად ან შესამცირებლად მაინც, რაც მიუთითებს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი მატერიალური ვალდებულებების მიმართ მის გულგრილ დამოკიდებულებაზე.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ----- თ--------ის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახით უალტერნატივოდ არის გათვალისწინებული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შესაძლებლობაზე, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, ზ----- თ--------ეს განსახილველი დანაშაული ჩადენილი აქვს ბოლო - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6----–--ის განაჩენის გამოტანამდე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ----- თ--------ის მიერ აღნიშნული განაჩენით დანიშნული როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელი სრულად არის მოხდილი, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც „საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.“ შესაბამისად, ზ----- თ--------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელში უნდა ჩაითვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6----–--ის განაჩენით დანიშნული და მოხდილი სასჯელი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და დანაშაულის ჩადენის დროისათვის არ ითვლებოდა ნასამართლევად, ამასთან, მეზობლებისაგან ხასიათდება დადებითად, სასამართლოს საკმარისად მიაჩნია ბრალდებულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ----- თ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. ზ----- თ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6----–--ის განაჩენით დანიშნული და მოხდილი სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2019 წლის 4 ივლისიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით ზ----- თ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის - 10.000 (ათი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით ლ---- რ------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ფ-------------–---------------------------------------------ის მიმდებარედ, 0----- ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით 0--------0--.0--- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა მოიხსნას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი, №------------ მომართვის წერილზე დართული ი/მ „ზ----- თ--------ე“-ს დოკუმენტაცია, მოთავსებული 1 (ერთ) ცალ ტომარაში, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი