განაჩენი

სისხლის სამართლის 07.08.2019
საქმის ნომერი
330100119003102244
თარიღი
07.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3274-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 აგვისტო, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი-----–------–----–--ა,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - რ-----------–---ი (R------------), დაბადებული 1----–-–---------ს, (ა-------------------------–-----------–---), ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ა------------------------------------------------------------------.

 

ადვოკატი - ბ----------------ა,თარჯიმანი - ს----–----------ა,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.214-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 7 მაისს, რ-----------–---მა (R------------) საბაჟო გამშვები პუნქტი „წ-----–------ის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფი “G--------”-ის მარკის ავტომანქანით (სახ. ნომ: 3------), სცადა გადაეტანა დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები, კერძოდ, 22 077 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა სახეობის მობილური ტელეფონები და მათთვის განკუთვნილი აქსესუარები.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა რ-----------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ რ-----------–---ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეების: ნ----------------–იას, ნ-----------------ის, გ--–---------------ას, გ--------------–---–ისა და რ-----------–---ის გამოკითხვის ოქმებს, პატაკს, მომართვის წერილს, საბაჟო გამშვები პუნქტი „წ-----–------იდან“ თანდართული მასალით, დათვალიერების ოქმებს, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს, გამოთხოვილ ინფორმაციას, საქმეზე არსებული სხვადასხვა სახეობის მობილურ ტელეფონებს და მათთვის განკუთვნილ აქსესუარებს, ექსპერტიზის დასკვნაა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ რ-----------–---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მოცემული დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია სახელმწიფოს ეკონომიკური, უფრო კონკრეტულად კი, ფინანსური ინტერესი. მას შესაძლებელია ჰქონდეს, დამატებითი ობიექტიც - საზოგადეობრივი უშიშროება, მოსახლეობის ჯანმრთელობა და ა.შ. რაც შეეხება ამ დანაშაულის საგანს ის შესაძლოა იყოს როგორც თავისუფალ სამოქალო ბრუნვაში მყოფი საგნები, რომელთა გადატანა ან გადმოტანა ეკონომიკურ საზღვარზე დასჯადია, თუ, რა თქმა უნდა, ეს დიდი ოდენობით მოძრავ ნივთს ეხება და კანონში მითითებული არალეგალური ხერხებით ხდება, ისე საგნები, რომლებიც ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან და მათი გადაადგილება ეკონომიკურ საზღვარზე აკრძალულია სსკ-ის 214-ე მუხლში მითითებული სხვა გარემოებების მიუხედავად (რაზედაც დადგენილია სპეციალური წესები).

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, რ-----------–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2019 წლის 7 მაისს, რ-----------–---მა (R-----------) საბაჟო გამშვები პუნქტი „წ-----–------ის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფი “G--------”-ის მარკის ავტომანქანით (სახ. ნომ: 3------), სცადა გადაეტანა დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები, კერძოდ, 22 077 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა სახეობის მობილური ტელეფონები და მათთვის განკუთვნილი აქსესუარები, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 19.214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია რ-----------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ რ-----------–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანის მცდელობა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისგან მამულად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ-----------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოება მას არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ რ-----------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც რ-----------–---ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 19.214-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

 

სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, სასამართლო მიმდინარეობისას ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა ითხოვეს სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ტაქსაობით ირჩენს თავს, რასაც სასამართლო მხედველობაში იღებს. ამასთან სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, რ-----------–---ის პირად და ოჯახურ მდგომარეობას, მის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის რ-----------–---ს უნდა განესაზღვროს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულის საგნები - სხვადასხვა სახეობის მობილური ტელეფონები და მათთვის განკუთვნილი აქსესუარები საბაჟო ღირებულებით 22 077 ლარი, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე, მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ-----------–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმის 10.000(ათი ათასი) ლარის ოდენობით გადახადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

რ-----------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ რ-----------–---ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.

 

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად რ-----------–---ს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვას დანაშაულის საგნები - სხვადასხვა სახეობის მობილური ტელეფონები და მათთვის განკუთვნილი აქსესუარები, ჯამური საბაჟო ღირებულებით 22 077 ლარი.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

ს----–--------–----------------------–------------------ის „წ-----–------ი“-ს საბაჟო გამშვები პუნქტიდან 2019 წლის 25 ივნისს გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ერთ ერთეულ ელექტრონულ დისკზე დალუქული სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე