გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110310017002214966
N 3/156-2017
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11.09.2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე - სს ,,ე----- კ-–-------",წარმომადგენელი - ა-----– კ-------–---,მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო,წარმომადგენელი - ი---- გ----------–---–-,დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) სს ,,ს------–---- კ----------–-- ე-----ს" წარმომადგენლის 2017 წლის 26 ოქტომბრის N107332 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 20 ნოემბრის N04/72124 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული სააგენტოს 2017 წლის 20 სექტემბრის N47/2017-09 აქტის 7.2. პუნქტი;
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტის 7.3.4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ, 14829.53 ლარიდან ბათილად იქნეს ცნობილი 11297.84 ლარის ნაწილში, ხოლო დამატებითი სახდელის სახით დაკისრებული ორმაგი ოდენობით გათვალისწინებული ჯარიმიდან 29659.06 ლარიდან ბათილად იქნეს ცნობილი 22595.62 ლარის ნაწილში, ხოლო დარჩენილი 10595.13 ლარის ფარგლებში შემცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;
1.3. სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხებისა და დამატებითი ფინანსური ჯარიმის თანხების შეჯამების შემდეგ გონივრულ ფარგლებში შემცირდეს გასაჩივრებული 2017 წლის 20 სექტემბრის N47/2017-09 აქტის 7.3.1, 7.3.2, და 7.3.5 პუნქტებში გამოყენებული მაღალი პირგასამტეხლო;
1.3. მოპასუხეს დაეკისროს, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის გადახდა.
მოსარჩელის პოზიცია:
სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენელთა მიერ განხორციელდა სს „ს------–---- კ----------–-- ე-----ს", კერძოდ, მისი ერთ-ერთი ბიზნეს ერთეულის - სს „ს------–---- კ----------–-- ე-----ს" თ--------–-- ამბულატორიული ცენტრის, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N04/35179 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმება. შემოწმებას დაექვემდებარა, პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 იანვრამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობა, რომლის შედეგად, სააგენტოს მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს შედგენილი იქნა N47/2017-09 აქტი, რომელიც მოსარჩელეს გასაცნობად გადაეცა 2017 წლის 28 სექტემბერს.
გასაჩივრებული აქტის მე-8 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სულ 284 691.52 ლარი, საიდანაც 91 289.12 უკან დაბრუნების თანხას, ხოლო 193 402.40 ლარი წარმოადგენს დამატებითი ფინანსური ჯარიმის სახით გადასახდელ თანხას.
მოსარჩელემ 2017 წლის 25 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა 2017 წლის 20 სექტემბრის N47/2017-09 აქტი და მოითხოვა მისი 7.2 პუნქტის ბათილად ცნობა, რაზეც სააგენტომ, 2017 წლის 20 ნოემბერს მიიღო N04/72124 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გასაჩივრებული აქტის 7.2 პუნქტში აღინიშნა, რომ სააგენტოს შეფასებით, მიმწოდებლის მიერ 3052 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში რეგისტრირებული პაციენტის ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი ანუ ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა რეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში, რის გამოც აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 24 662.22 ლარი, რომელიც უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას, ხოლო დამატებითი ჯარიმის სახით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 59 976.84 ლარი. გასაჩივრებული აქტის 7.3.1 ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს შეფასებით 79 შემთხვევაში მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი წინ უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს; 7.3.2. ქვეპუნქტის თანახმად, 692 მკაცრი აღრიცხვის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის/დაბადების მოწმობის ასლი; 7.3.3. ქვეპუნქტის თანახმად - 708 შემთხვევაში მიმწოდებელმა შემოწმების პერიოდში ვერ წარმოადგინა მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები; 7.3.4. ქვეპუნქტის თანახმად - 340 შემთხვევაში მკაცრი აღიცხვის თანხმობის ფორმები გადასწორებულია, დაზიანებულია, დაფიქსირებულია არასწორი მონაცემები და სხვა; 7.3.5. ქვეპუნქტის თანახმად - 12 შემთხვევაში ბენეფიციარები დარეგისტრირებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომლებიც მიმწოდებელს არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით; 7.3.6. ქვეპუნქტის თანახმად - 20 შემთხვევაში მკცრი აღრიცხვის ფორმებში დაფიქსირებულია არასრულწლოვნის ხელმოწერა.
ყველა შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრა უკან დაბრუნების თანხები და დამატებითი ფინანსური ჯარიმები. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სახეზეა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც სამართლებრივად გაუმართლებელია.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რადგან შემოწმებას დაქვემდებარებულ პერიოდში გამოვლენილი დარღვევები არსებითი ხასიათისაა, გამოყოფილი თანხები ექვემდებარება დაბრუნებას და დაჯარიმებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენელთა მიერ განხორციელდა სს „ს------–---- კ----------–-- ე-----ს" თ--------–-- ამბულატორიული ცენტრის, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N04/35179 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტება;
- 2017 წლის 20 სექტემბრის N47/2017-09 აქტი ;
3.1.2. შემოწმებას დაექვემდებარა, პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 იანვრამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობა, რომლის შედეგად, სააგენტოს მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს შედგენილი იქნა N47/2017-09 აქტი, რომელიც მოსარჩელეს გასაცნობად გადაეცა 2017 წლის 28 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტება;
- 2017 წლის 20 სექტემბრის N47/2017-09 აქტი ;
3.1.3. შემოწმების შედეგად გასაჩივრებული აქტის 7.2 პუნქტში აღინიშნა შემდეგი სახის დარღვევები: მიმწოდებლის მიერ 3052 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში რეგისტრირებული პაციენტის ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი ანუ ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა რეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში, რის გამოც აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 24662.22 ლარი, რომელიც უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას, ხოლო დამატებითი ჯარიმის სახით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 59976.84 ლარი. გასაჩივრებული აქტის 7.3.1 ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს შეფასებით 79 შემთხვევაში მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი წინ უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს; 7.3.2. ქვეპუნქტის თანახმად, 692 მკაცრი აღრიცხვის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის/დაბადების მოწმობის ასლი; 7.3.3. ქვეპუნქტის თანახმად - 708 შემთხვევაში მიმწოდებელმა შემოწმების პერიოდში ვერ წარმოადგინა მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები; 7.3.4. ქვეპუნქტის თანახმად - 340 შემთხვევაში მკაცრი აღიცხვის თანხმობის ფორმები გადასწორებულია, დაზიანებულია, დაფიქსირებულია არასწორი მონაცემები და სხვა; 7.3.5. ქვეპუნქტის თანახმად - 12 შემთხვევაში ბენეფიციარები დარეგისტრირებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომლებიც მიმწოდებელს არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით; 7.3.6. ქვეპუნქტის თანახმად - 20 შემთხვევაში მკცრი აღრიცხვის ფორმებში დაფიქსირებულია არასრულწლოვნის ხელმოწერა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 20 სექტემბრის N47/2017-09 აქტი ;
3.1.4. მოსარჩელემ 2017 წლის 25 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა 2017 წლის 20 სექტემბრის N47/2017-09 აქტი და მოითხოვა მისი 7.2 პუნქტის ბათილად ცნობა, რაზეც სააგენტომ, 2017 წლის 20 ნოემბერს მიიღო N04/72124 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტება;
- 2017 წლის 25 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივარი;
- სააგენტოს 2017 წლის 20 ნოემბრის N04/72124 გადაწყვეტილება;
3.1.5. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 05 ივნისის N04/30337 მომართვის საფუძველზე დადგენილია, რომ 2017 წლის 20 სექტემბრის N47/2017-09 აქტის 7.3 პუნქტში დაფიქსირებულ დარღვევებზე 2014 წლის პირველ თებერვლამდე საჯარიმო სანქცია შეადგენს 0 ლარს, ხოლო 2014 წლის პირველი თებერვლიდან 7.3.1. პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებზე სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხა შეადგენს 54 ლარს, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 279.76 ლარს; 7.3.2 პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებზე ბიუჯეტში აღსადგენი თანხა შეადგენს 18169.02 ლარს, დამატებითი ფინანსური ჯარიმა - 36338.04 ლარს, 7.3.4. პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებზე ბიუჯეტში აღსადგენი თანხა შეადგენს 14829.53 ლარს, პირგასამტეხლო 29659.06 ლარს, 7.3.5. პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებზე ბიუჯეტში აღსადგენი თანხა შეადგენს 209.72 ლარს, პირგასამტეხლო - 419.44 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 05 ივნისის N04/30337 მომართვა;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება"საყოველთო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ", საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის #01-19/ნ ბრძანება "საყოველთაო დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ",საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 02 აგვისტოს N01-50/ნ ბრძანება "საყოველთაო დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდს, კერძო პირების და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
6.3. გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად უნდა შემოწმდეს მათი დასაშვებობა, ფორმალური კანონიერება და მატერიალური კანონიერება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა.
ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით. ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
6.4. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.
მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული აქტის 7.2 პუნქტში აღინიშნა, რომ სააგენტოს შეფასებით, მიმწოდებლის მიერ 3052 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში რეგისტრირებული პაციენტის ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი ანუ ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა რეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში, რის გამოც აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 24 662.22 ლარი, რომელიც უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას, ხოლო დამატებითი ჯარიმის სახით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 59 976.84 ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ მოსარგებლეებმა რეალურად მიიღეს თუ არა სამედიცინო მომსახურება. მოპასუხის მიერ თავდაპირველ ეტაპზევე არ შემოწმდა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და არ გამოვლინდა დოკუმენტაციის წარმოებისას არსებული ტექნიკური ხარვეზი, აღნიშნულის განხორციელებისას კი მოსარჩელე გამოასწორებდა ხარვეზს.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას- გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონისმიერ განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი)
საკასაციო სასამართლომ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტის 7.2 პუნქტში მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
6.6. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
6.7. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით.
,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა (დანართი №1-ის შესაბამისად), ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსებას უზრუნველყოფს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად, რომელსაც თან ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაციისას, დამატებით, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ასლი. არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისას ერთ-ერთი მშობლის მოთხოვნით, მშობელს წარმომადგენლობის დოკუმენტი არ მოეთხოვება.
გასაჩივრებული აქტის 7.2 პუნქტის თანახმად 3052 შემთხვევაში ბენეფიციარები ძირითად კონტიგენტში არ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ იმის გამო, რომ მათ ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი. სააგენტომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თანხმობის ფორმა შეიცავს მითითებას ბენეფიციარის ფაქტობრივი მისამართის შესახებ, რომელსაც უთითებს თვით ბენეფიციარი. აღნიშნული მისამართით ხდება ბენეფიციარის რეგისტრირება და თვით პორტალი აგენერირებს ბენეფიციარის რეგისტრაციის მისამართს და ახდენს ბენეფიციარის რეგისტრაციას ძირითად თუ დამატებით კონტიგენტად. ყველა აღნიშნულ ბენეფიციარს გაეწია თუ არა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა თუ არა შესაბამისი მკურნალობა სააგენტოს მიერ არ გამოკვლეულა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 20 ნოემბრის N04/72124 გადაწყვეტილება და სააგენტოს 2017 წლის 20 სექტემბრის N47/2017-09 აქტის 7.2. პუნქტი;
6.8. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-8 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევისათვის, მათ შორის, შევსებული ან შეუვსებელი თანხმობის ფორმების დაკარგვის, განადგურების, დაზიანების ან სხვა სახით ხელყოფისათვის, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 და/ან მე-20 მუხლების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით ან შესაბამის ფაქტზე მესამე პირების მიმართ დაწყებულია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება (უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით).
სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურეობის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში მიეთითა: "მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და /ან მოშორება კორექტორის დახმარებით". აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2017 წლის 03 აგვისტოს, შესაბამისად, მას არ აქვს უკუმოქმედების ძალა და ეს ცვლილება არ ეხება მანამდე არსებულ შემთხვევევბს.
მოსარჩელის მითითებით - გასაჩივრებული აქტის 7.3.4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა 14 829.53 ლარიდან ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 11 297.84 ლარზე, ხოლო დამატებითი სახდელის სახით დაკისრებული ორმაგი ოდენობით გათვალისწინებული ჯარიმიდან 29 659.06 ლარიდან ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 22 595.62 ლარზე, ხოლო დარჩენილი 10 595.13 ლარის ფარგლებში უნდა შემცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: მოსარჩელის წარმომადგენელმა, ბათილად მოთხოვნილი თანხების ოდენობის გამოთვლა რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით განახორციელა სასამართლოსათვის გაურკვეველია, მხარე მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა და არათუ წარმოადგინა რაიმე სახის დოკუმენტი, არამედ ასეთზე არც კი მიუთითებია, შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენლის მხოლოდ ზეპირი განმარტება ვერ გახდება გასაჩივრებული აქტის 7.3.4 პუნქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი.
6.9. რაც შეეხება გასაჩივრებული აქტის 7.3.1 ქვეპუნქტით გამოვლენილ დარღვევას, კერძოდ, სააგენტოს შეფასებით 79 შემთხვევაში მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი წინ უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს; 7.3.2. ქვეპუნქტის თანახმად, 692 მკაცრი აღრიცხვის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის/დაბადების მოწმობის ასლი; 7.3.3. ქვეპუნქტის თანახმად - 708 შემთხვევაში მიმწოდებელმა შემოწმების პერიოდში ვერ წარმოადგინა მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები; 7.3.5. ქვეპუნქტის თანახმად - 12 შემთხვევაში ბენეფიციარები დარეგისტრირებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომლებიც მიმწოდებელს არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით; 7.3.6. ქვეპუნქტის თანახმად - 20 შემთხვევაში მკცრი აღრიცხვის ფორმებში დაფიქსირებულია არასრულწლოვნის ხელმოწერა (ამ ნაწილში მოსარჩელეს მოთხოვნა არ დაუყენებია) - სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვევები თავისი ბუნებით, ხარისხითა და ხასიათით იმდენად მიუტევებელია, რომ საპატიოდ მიჩნევა ყოვლად დაუშვებელია.
ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელს კანონშესაბამისად დაეკისრა თანხების უკან დაბრუნება და დამატებითი ფინანსური ჯარიმები, რომლებიც დადგენილია სამართლებრივი აქტით.
6.10. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენ თანხებზე დამატებით დაკისრებული ფინანსური ჯარიმის ოდენობას, რაც თავისი ბუნებით წარმოადგენს პირგასამტეხლოს, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. იგი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან;
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა;
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158- 1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015);
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე ორგანომ თემატური შემოწმების შედეგად გამოავლინა რიგი დარღვევებისა, რასაც ცალკეულ შემთხვევებში ეთანხმება კიდეც მოსარჩელე მხარეც, თუმცა სასამართლო იზიარებს მოსარჩელის აპელირებას პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობაზე და მიაჩნია, რომ მოპასუხე ორგანოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ოდენობა.
კერძოდ 2014 წლის 01 თებერვლამდე თითოეულ შემთხვევაზე 0,5%, ხოლო 2014 წლის 01 თებერვლიდან 2017 წლის 01 აპრილამდე თითოეულ შემთხვევაზე ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობა, დარღვევების ხარისხისა და ხასიათის გათვალისწინებით, ნამდვილად შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც ამას მოსარჩელე მოითხოვს, კერძოდ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხისა და დამატებითი ფინანსური ჯარიმის შეკრების (დაჯამების) შემდეგ, არამედ უნდა შემცირდეს მხოლოდ დამატებითი ფინანსური ჯარიმის ოდენობა, რომელიც წარმოადგენს პირგასამტეხლოს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის ანაზღაურება;
რაც შეეხება საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოთხოვნილ იქნა გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება საქართველოს ასკ-ის 29-ე მუხლის საფუძველზე, რომელზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფისათვის ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, საქართველოს სსკ-ის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ე----- კ-–-------ს" სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის), სს ,,ს------–---- კ----------–-- ე-----ს" წარმომადგენლის 2017 წლის 26 ოქტომბრის N107332 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 20 ნოემბრის N04/72124 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული სააგენტოს 2017 წლის 20 სექტემბრის N47/2017-09 აქტის 7.2. პუნქტი;
2.2. შემცირდეს 2017 წლის 20 სექტემბრის N47/2017-09 აქტის 7.3.1. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 279.76 ლარი და პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვროს 27.98 ლარი;
2.3. შემცირდეს 2017 წლის 20 სექტემბრის N47/2017-09 აქტის 7.3.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 36338.04 ლარი და პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვროს 3633.80 ლარი;
2.4. შემცირდეს 2017 წლის 20 სექტემბრის N47/2017-09 აქტის 7.3.4. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 29659.06 ლარი და პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვროს 2965.91 ლარი;
2.5. შემცირდეს 2017 წლის 20 სექტემბრის N47/2017-09 აქტის 7.3.5. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 419.44 ლარი და პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვროს 41.94 ლარი;
3. მოსარჩელე სს ,,ე----- კ-–-------ს" სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე სს ,,ე----- კ-–-------ს" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის ანაზღაურება;
5. მოსარჩელე სს ,,ე----- კ-–-------" (ს.კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფისათვის ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ კოდზე - 300773150 (საგადახდო დავალება N13449281, გადახდის თარიღი 2017 წლის 24 ნოემბერი, გადამხდელი სს ,,ს------–---- კ----------–-- ე-----");
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).
მოსამართლე ელენე ოსაძე