გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210017001961350
საქმე №2/1531-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი - ნათია ხუნწარია
მოსარჩელე - შპს მისო „ბ------–ი“
წარმომადგენელი - თ----- გ--------ე
მოპასუხე - ბ--–- ჩ--------ე, ც-–---- კ--–--ე
წარმომადგენელი - ნ--- ფ--------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ბ--–- ჩ--------ეს შპს მისო „ბ------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 39270.99 აშშ დოლარის გადახდა (24323 აშშ დოლარი - ძირი თანხა, 8101.89 აშშ დოლარი - სესხზე დარიცხული პროცენტი, 6846.10 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო);
1.2. მოპასუხეს ასევე დაეკისროს შპს მისო „ბ------–ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 681,04 აშშ დოლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეს აგრეთვე დაეკისროს შპს მისო „ბ------–ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.07% ანუ 17.02 აშშ დოლარის გადახდა.
1.4. აღნიშნული ვალდებულების დაფარვის მიზნით, დადგენილ იქნეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ.ქუთაისი, ქუჩა ფ--------- მ----, შესახვევი 1-ლი, #-, მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 424 კვ.მ.,ნაკვეთის წინა ნომერი - 0----------, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 536.91 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა ფართით 45.62 კვ.მ., ს/კ 03.04.04,09 - იძულებით რეალიზაცია, აუქციონის ფორმით. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემდგომ, ამოღებული თანხა თუ არ ეყოფა ვალდებულების შესრულებას, აღსრულება მიექცეს მოპასუხე ბ--–- ჩ--------ის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
1.5. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
1.6. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2014 წლის 08 ოქტომბერს შპს მისო „ბ------–სა“ და ბ--–- ჩ--------ეს შორის გაფორმდა №33-14 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს მისო „ბ------–მა“ მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 25000 აშშ დოლარი.
2014 წლის 16 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო სესხის №99 ხელშეკრულება, რომლითაც ბ--–- ჩ--------ემ ისესხა 25000 აშშ დოლარი 60 თვით. სესხის ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრა ყოველთვიურად დარჩენილი თანხის 2.8 %. 2.11 პუნქტის თანახმად კი, განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%.
სესხის, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებისა და ბ--–- ჩ--------ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 8 ოქტომბერს გაფორმდა №3 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დაიტვირთა ც-–---- კ--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, ქუჩა ფ--------- მ----, შესახვევი 1-ლი, #-, მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 424 კვ.მ.,ნაკვეთის წინა ნომერი - 0----------, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 536.91 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა ფართით 45.62 კვ.მ., ს/კ 0----------.
სესხის ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად საპროცენტო სარგებლის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან და გრძელდება სესხის ძირი თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე ან სესხის იძულებით ამოღებამდე (აღსრულებამდე), სესხის ხელშეკრულების 5.1.3 პუნქტის თანახმად, მსესხებელი კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი, სესხის ძირი თანხის 2.8% და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%-ის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე. ხოლო 2.12 და 2.13 პუნქტების თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა იწყება ვალდებულების დარღვევიდან მეორე დღესვე და წყდება მოპასუხის მიერ გადახდის შემთხვევაში, ან სესხის იძულებით ამოღებით (აღსრულებით).
მოპასუხე ბ--–- ჩ--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 2017 წლის 30 მაისიდან ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი სესხის ძირი თანხის 2.8% ანუ 681.04 აშშ დოლარი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აგრეთვე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს პირგასამტეხლო 2017 წლის 30 მაისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 17.02 აშშ დოლარი სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.
სესხისა და საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, აგრეთვე იპოთეკის ხელშეკრულების 4.1.19 პუნქტის თანახმად, მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. იპოთეკის ხელშეკრულების 3.5.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის, სესხისა და დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, შპს მისო „ბ------–ი“ უფლებამოსილია დაკმაყოფილება მიიღოს იპოთეკის საგნიდან. აგრეთვე იპოთეკის ხელშეკრულების 3.5.2. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ არის საკმარისი მოვალის ვალდებულებების დასაფარად იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალის კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
მსესხებლის მხრიდან დარღვეულ იქნა სახელშეკრულებო ვალდებულება, 22.12.2016 წლიდან არ განუხორციელებია გადახდა და 2017 წლის 30 მაისის მდგომარეობით მოპასუხე ბ--–- ჩ--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 39270.99 აშშ დოლარი, საიდანაც 24323 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 8101.89 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 6846.10 აშშ დოლარი არის პირგასამტეხლო, რაც ხელშეკრულებით და სესხის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით არ იქნა გადახდილი. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თანხის დაბრუნების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულება არ მომხდარა. მოსარჩელის შეთავაზებაზე საპროცენტო სარგებლის შემცირების, პირგასამტეხლოს პატიებისა და ვალის 7 წლის ვადაზე განწილვადების თაობაზე ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მოპასუხე ბ--–- ჩ--------ემ უარი განაცხადა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვა მისი სრულად დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილ ერთობლივ შესაგებელში სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და მიუთითეს, რომ თავად მოსარჩელის მიერ არ შესრულებულა საპროცენტო სარგებლის შემცირების ვალდებულება, რის გამოც მას მისი მოთხოვნის უფლება აღარ აქვს. ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება უნდა მოხდეს 2016 წლის 23 ივლისიდან. მიუხედავად იმისა, რომ მისო ,,ბ------–მა’’ 2016 წლის ივლისში გამოაცხადა საჯაროდ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებისა და 1,7%-ით განსაზღვრის თაობაზე, რეალურად მოპასუხეთა მიმართ ეს არ განუხორციელებია.
მოსარჩელის მოთხოვნა ერთდროულად პროცენტის და პირგასამტეხლოს თაობაზე ძირითად თანხასთან ერთად, ეწინააღმდეგება ზნეობისა და საჯარო წესრიგის ნორმებს. შეიცავს კაბალურ პირობებს და კანონსაწინააღმდეგოა. მოპასუხისათვის ყოველთვიურად საპროცენტო სარგებლის, ძირი თანხის 4%-ის და პირგასამტეხლოს-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.1%-ის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი არსებული ხელშეკრულებების მე-4 მუხლის 4.1.2 პუნქტი.
2016 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით #99 ხელშეკრულებით სესხად აღებული 25000 აშშ დოლარიდან, მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 13649 აშშ დოლარი. ბ--–- ჩ--------ის მიერ სესხის აღებიდან ხელშეკრულების რეალურად შეწყვეტამდე არსებული პერიოდი შეადგენს 20 თვეს. მოსარჩელეს სრულად აქვს მიღებული სესხის სარგებელი ხელშეკრულების შეწყვეტამდე, 2016 წლის ივლისის ჩათვლით. ხოლო კრედიტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, დაუშვებელია მსესხებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
ხელშეკრულება შეწყდა კრედიტორის ბრალეულობით, რის გამოც მოპასუხეს გადასახდელი აქვს მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილი, რაც მცირე თანხაა, ვიდრე იპოთეკის საგნის ღირებულება და მოთხოვნილი თანხა.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს იმავე გარემოებებზე მითითებით და დამატებით განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნას ცნობენ მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში (23323 აშშ დოლარს), რადგან არც სარგებლის და არც პირგასამტეხლოს გადახდა არ ეკუთვნით. ხელშეკრულების შეწყვეტის და სარჩელის აღძვრის შემდეგ სარგებლის დარიცხვას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და არც პირგასამტეხლოს გადახდას, რადგან ვალდებულება მოსარჩელის მიერ იქნა დარღვეული და ამიტომ ის უნდა ჩაითვალოს გადახდილად.
3.1. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 08 ოქტომბერს შპს მისო „ბ------–სა“ და ბ--–- ჩ--------ეს შორის გაფორმდა №33-14 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს მისო „ბ------–მა“ მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 25000 აშშ დოლარი.
2014 წლის 16 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო სესხის №99 ხელშეკრულება, რომლითაც ბ--–- ჩ--------ემ ისესხა 25000 აშშ დოლარი 60 თვით. სესხის ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრა ყოველთვიურად დარჩენილი თანხის 2.8 %. 2.11 პუნქტის თანახმად კი, განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 8 და 16 ოქტომბრის სესხის, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებები (ს.ფ 23-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. სესხის, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებისა და ბ--–- ჩ--------ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 8 ოქტომბერს გაფორმდა №3 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დაიტვირთა ც-–---- კ--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, ქუჩა ფ--------- მ----, შესახვევი 1-ლი, #-, მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 424 კვ.მ.,ნაკვეთის წინა ნომერი - 0----------, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 536.91 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა ფართით 45.62 კვ.მ., ს/კ 0----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-32 );
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 33-34 );
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. სესხის ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან და გრძელდება სესხის ძირი თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე ან სესხის იძულებით ამოღებამდე (აღსრულებამდე), სესხის ხელშეკრულების 5.1.3 პუნქტის თანახმად, მსესხებელი კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი, სესხის ძირი თანხის 2.8% და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%-ის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილებას სრულ აღსრულებამდე. ხოლო 2,12 და 2.13 პუნქტების თანახმად პირგასამტეხლოს დარიცხვა იწყება ვალდებულების დარღვევიდან მეორე დღესვე და წყდება მოპასუხის მიერ გადახდის შემთხვევაში, ან სესხის იძულებით ამოღებით (აღსრულებით).
მოპასუხე ბ--–- ჩ--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს (2017 წლის 30 მაისის მდგომარეობით) ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი სესხის ძირი თანხის 2.8% ანუ 8101.89 აშშ დოლარი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აგრეთვე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს პირგასამტეხლო 2017 წლის 30 მაისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 17,02 აშშ დოლარი სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 16 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.25-26 );
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.27-28 );
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სესხისა და საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, აგრეთვე იპოთეკის ხელშეკრულების 4.1.19 პუნქტის თანახმად, მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. იპოთეკის ხელშეკრულების 3.1.5 პუნქტის თანახმად მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის, სესხისა და დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, შპს მისო „ბ------–ი“ უფლებამოსილია დაკმაყოფილება მიიღოს იპოთეკის საგნიდან. აგრეთვე იპოთეკის ხელშეკრულების 3.5.2. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ არის საკმარისი მოვალის ვალდებულებების დასაფარად იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალის კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზ/ა სესხისა და საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებები (ს.ფ.23-32 );
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 27-28);
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-32 );
3.1.5. მსესხებლის მხრიდან დარღვეულ იქნა სახელშეკრულებო ვალდებულება, 22.12.2016 წლიდან მოპასუხეს გადახდა აღარ განუხორციელებია და 2017 წლის 30 მაისის მდგომარეობით ბ--–- ჩ--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 24323 აშშ დოლარი - ძირი თანხა, 8101.89 აშშ დოლარი - სესხზე დარიცხული პროცენტი, 6846.10 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო, რაც ხელშეკრულებით და სესხის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით არ იქნა გადახდილი. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თანხის დაბრუნების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.25-26 );
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 27-28);
- გაფრთხილების წერილი ჩაბარების დასტურით (ს.ფ. 40 );
- გადახდის ისტორია (ს.ფ.35-37 );
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 403-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 131-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მთავარ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
7.2. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მთავარ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - შპს მისო „ბ------–თან“ დადებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირი თანხის ნაწილში, რაც წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“ სარჩელი ძირითადი თანხის 24323 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სესხით სარგებლობისათვის პროცენტსა და მის ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში ხდება.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
7.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 16 ოქტომბერს, შპს მისო „ბ------–ს“ და ჩ--------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის ოდენობა განისაზღვრა 25000 აშშ დოლარით 60 თვის ვადით, ყოველთვიურად 2.8%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებელი წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით მოსარჩელის მიერ გაანგარიშებულია 30.05.2017 წლის მდგომარეობით.
7.5. ზ/დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება, რომლის შესრულების ვადაც არის დარღვეული. ასევე დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტზე. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების 2.9. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან და გრძელდება სესხის ძირი თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე ან მისოს მიერ სესხის იძულებით ამოღებამდე (აღსრულებამდე).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს, ხოლო მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით პირდაპირ იყო გათვალისწინებული პროცენტი ვალდებულების დარღვევისათვის, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე როგორც, ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი სარგებლის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით.
მისაღები თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა გარკვეულ შემოსავალს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის ოქტომბრისთვის ეროვნული ბანკის მონაცემებით წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში ფიზიკურ პირებზე იყო 11%. შესაბამისად, გონივრულია, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარგებელი დაეკისროს წლიური 11 პროცენტის ფარგლებში, რაც შეადგენს 2652.50 აშშ დოლარს.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოდასახელებული მუხლების საფუძველზე შპს მისო „ბ------–ის“ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის 0.9167%-ის ოდენობით 2017 წლის 30 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 245.66 აშშ დოლარის ოდენობით.
7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს (ჯარიმის) დაკისრებას დავალიანების 0.07% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 2017 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 17.02 აშშ დოლარის ოდენობით.
7.7. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. ხოლო, ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია პირგასამტეხლოს დარიცხვა 0,07%-ის ოდენობით. მოცემულ ნაწილში პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს 0,03%-მდე, და მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით 2934.04 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხეს აგრეთვე დაეკისროს შპს მისო „ბ------–ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7.29 აშშ დოლარის გადახდა.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ბ--–- ჩ--------ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ც-–---- კ--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, ქუჩა ფ--------- მ----, შესახვევი 1-ლი, #-, მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 424 კვ.მ.,ნაკვეთის წინა ნომერი - 0----------, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 536.91 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა ფართით 45.62 კვ.მ., ს/კ 0----------.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს ც-–---- კ--–--ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა - იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდისაგან, მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს არც ხელშეკრულებების პირობებიდან და არც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან.
7.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების 8.10 პუნქტის, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 7.9 პუნქტის და იპოთეკის ხელშეკრულების 7.12 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
იმის გამო რომ, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა სარჩელის აღძვრისას 5000 ლარი. რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ძირი თანხის - ნაწილში, 23323 აშშ დოლარი, მთავარ სხდომაზე, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 1359.29 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის -273.09 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 2165.38 ლარი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 1475.33 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ბ--–- ჩ--------ეს შპს მისო ”ბ------–ის” სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 29909.54 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 24323 აშშ დოლარი, პროცენტი - 2652.50 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2934.04 აშშ დოლარი;
1.2. მოპასუხე ბ--–- ჩ--------ეს შპს მისო „ბ------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 30.05.2017 წლიდან სესხის ძირ თანხაზე 24323 აშშ დოლარზე ყოველთვიური სარგებლის 0.9167%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 245.66 აშშ დოლარს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.3. მოპასუხე ბ--–- ჩ--------ეს შპს მისო „ბ------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 30.05.2017 წლიდან სესხის ძირ თანხაზე 24323 აშშ დოლარზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0.03%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 7.29 აშშ დოლარს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
2. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდეს მოპასუხე ც-–---- კ--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.ქუთაისი, ქუჩა ფ--------- მეფის, შესახვ.#1/3, მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 424 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი -0----------, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 536.91 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა ფართით 45.62 კვ.მ, ს/კ 0------------ აუქციონზე რეალიზაცია;
3. მოპასუხე ბ--–- ჩ--------ეს შპს მისო „ბ------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1359.29 ლარის გადახდა;
4. მოპასუხე ბ--–- ჩ--------ეს შპს მისო „ბ------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 279.09 ლარის გადახდა;
5. შპს მისო „ბ------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 02.06.2017 წელს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (5000 ლარიდან) 1475.33 ლარი (გადამხდელის ბანკი სს ,,ტერა ბანკი’’, გადამხდელი შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ი“, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150, ხოლო 2165.38 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში);
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე