განაჩენი

სისხლის სამართლის 09.09.2019
საქმის ნომერი
110100119002931624
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
09.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119002931624

N1/77-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ჯ------- ჯ---------, დაბადებული 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, გ.მერჩულეს მესამე ჩიხი, N-;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); 2) საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა - სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);

 

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. ჯ------- ჯ---------, მამასთან, რ----- ჯ---------სთან ერთად ცხოვრობს ქ.ზესტაფონი, მერჩულეს ქუჩა, მესამე ჩიხი N--ში. 2019 წლის თებერვალის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), საღამოს საათებში, ჯ------- ჯ---------მ, მამასთან, რ----- ჯ---------სთან ერთად იმყოფებოდა ქ.ზესტაფონი, მერჩულეს ქუჩა, მესამე ჩიხი N--ში, მათ საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც, ერთმანეთში მოუვიდათ შელაპარაკება. ჯ------- ჯ---------მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მამას - რ----- ჯ---------ს, რის შემდეგაც აიღო ოთახში მდგარი სკამი და ესროლა რ----- ჯ---------ს, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა ზურგის არეში. ჯ------- ჯ---------- მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად რ----- ჯ---------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

2. ჯ------- ჯ---------, მამასთან, რ----- ჯ---------სთან ერთად ცხოვრობს ქ.ზესტაფონი, მერჩულეს ქუჩა, მესამე ჩიხი, N--ში. 2019 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ჯ------- ჯ---------, მამასთან, რ----- ჯ---------სთან ერთად იმყოფებოდა ქ.ზესტაფონი, მერჩულეს ქუჩა, მესამე ჩიხი, N--ში, მათ საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ერთმანეთში მოუვიდათ შელაპარაკება, რის შემდეგაც ჯ-------ი ჯ--------- სახლის დანგრევა-გადაწვითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რ----- ჯ---------ს. აღნიშნული რ----- ჯ---------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დატოვა საცხოვრებელი სახლი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2019 წლის თებერვლის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ.ზესტაფონში, მერჩულეს ქუჩა, მესამე ჩიხი N--ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ჯ------- ჯ---------ს, მამის - რ-----ი ჯ---------- მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

4. 2019 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.ზესტაფონში, მერჩულეს ქუჩა, მესამე ჩიხი N--ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ჯ------- ჯ---------ს, მამის - რ-----ი ჯ---------- მიმართ მუქარა არ განუხორციელებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

5. 2019 წლის 26 თებერვლის N------ შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით დასტურდება, რომ ჯ------- ჯ--------- არის რ----- ჯ---------- შვილი.

 

6. 1986 წლის 7 მაისის ჯ------- ჯ---------- დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ლ--–- ჯ---------, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია რ----- ჯ---------.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯ------- ჯ--------- და დაზარალებული რ----- ჯ--------- არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–-- განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2019 წლის 26 თებერვალს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელ ე-–--- გ--–-------- ერთად, ქ.ზესტაფონი, მერჩულეს მე-3 ჩიხი N--ში, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება. საგამოძიები მოქმედების შესახებ ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.

 

10. საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ჯ.ჯ---------მ უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების თ---------- ლ--–---ს, დ----- გ---------ს, გ------- გ-------–-–---–-ს და ე-–--- გ--–---ს დაკითხვა.

 

11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 26.02.2019წ. 18:26-18:36სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. რ-----ი ჯ---------ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

12. 2019 წლის 26 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, გ.მერჩულეს მე-3 ჩიხი, N--ში და წარმოადგენს რ-----ი ჯ---------- საცხოვრებელ სახლს.

 

13. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა რ----- ჯ---------მ, მოწმეებმა ლ--–- ჯ---------მ და დ----- ჯ---------მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა ჯ------- ჯ---------მ, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

14. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე, პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა, სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), რაიმე საგნის ჩარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

15. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 151-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.

 

16. საქართველოს სსკ 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

17. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ჯ------- ჯ---------- მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ჯ------- ჯ---------- ბრალეულობა ოჯახური ძალადობაში და მუქარაში. შესაბამისად, არ არსებობს დაცვის მხარის (ბრალდებულის) პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის (ბრალდებულის) პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში და მუქარაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ჯ------- ჯ---------- მხრიდან დაზარალებულ რ----- ჯ---------- მიმართ ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის თებერვლის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია) და 2019 წლის 25 თებერვალს, ჯ------- ჯ---------ს, დაზარალებულ რ----- ჯ---------- მიმართ ძალადობა და მუქარა არ განუხორციელებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

20. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

21. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).

 

23. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოზე პირდაპირი ან/და ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჯ------- ჯ---------- მიერ რ----- ჯ---------- მიმართ ძალადობის ანდა მუქარის განხორციელებას, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, ჯ------- ჯ--------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

24. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ------- ჯ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 111.151 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;

 

ჯ------- ჯ---------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

 

გამართლებულ ჯ------- ჯ---------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე