განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110100119003159926
№1/219-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----- გ----------, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ზ---------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 11 მაისს, ღამის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ----- გ----------მ, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შეუძლებლობის გამო განაწყენებულმა, ხელის დარტყმით დააზიანა ქ.ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩა N128-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, შპს ,--------------------------------- კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მონიტორი ღირებული 130 ლარად და სენსორული მინა ღირებული 140 ლარად, რითაც მთლიანობაში შპს ,--------------------------------- მიაყენა 270 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. დ----- გ----------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- გ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულის წარმომადგენლის გ---- ფ------- გამოკითხვის ოქმი; მოწმე - გ------- თ---–----–---–-- გამოკითხვის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; სასქონლო ექსპერტიზის N108/ს დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია დ----- გ---------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის (სსკ 187-ე მუხლი) ობიექტია საკუთრების უფლება. იგი მიეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას. დანაშაული არ ისახავს მიზნად დამნაშავის გამდიდრებას, მაგრამ მესაკუთრეს სერიოზულ ზიანს აყენებს, ვინაიდან მოქალაქეები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები განიცდიან მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს ან მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გამოიყენონ თავისი ქონება მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით და სარგებელი მიიღონ მისგან. დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. კოდექსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნივთის დაზიანების ან განადგურებისათვის სისხლისაამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ქონება სხვისი უნდა იყოს. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. განადგურებისაგან განსხვავებით, როდესაც ნივთი ფაქტობრივად ისპობა, დაზიანებისას, მართალია, ხდება მისი თვისებრივი გაუარესება, მაგრამ ნივთის აღდგენა შეიძლება რესტავრაციის, რემონტის და სხვა საშუალებებით. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობითაც. ნივთის განადგურება ან დაზიანება შესაძლებელია მასზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებით. დანაშაულის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ აზიანებს ან ანადგურებს სხვის ქონებას, ითვალისწინებს მის მართლსაწინააღმდეგო შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს ამ შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას. დანაშაულის ამსრულებელია ყველა კერძო, შერაცხადი და თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით დ----- გ----------მ ჩაიდინა - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. დ----- გ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ----- გ----------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ----- გ---------- არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ოჯახში ცხოვრობს დედასთან, ძმასთან ერთადდა დასაქმებული მხოლოდ ძმაა. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, დ.გ----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ასევე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დ----- გ---------ის მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენება, კერძოდ: საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დამატებით სასჯელთან - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასთან ერთად, შეძლებს დააფიქროს დ----- გ---------- უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ნივთიერი მტკიცებულებები:
14. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ----- გ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, დ----- გ----------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრობა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;
დამატებით სასჯელზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ჭანტურიას ქუჩა N15-ში მდებარე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული თანხის ჩასარიცხი აპარატიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ჭანტურიას ქუჩა N15-ში მდებარე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული თანხის ჩასარიცხი აპარატიდან ამოღებული ერთი ხელის კვალი, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ჭანტურიას ქუჩა N19-ში მდებარე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული თანხის ჩასარიცხი აპარატიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ჭანტურიას ქუჩა N19-ში მდებარე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული თანხის ჩასარიცხი აპარატის დაზიანებული ეკრანი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ჭანტურიას ქუჩა N128-ში მდებარე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული თანხის ჩასარიცხი აპარატის მიმდებარე ადგილიდან აღებული მინის ნამსხვრევები, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ჭანტურიას ქუჩა N128-ში მდებარე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული თანხის ჩასარიცხი აპარატიდან ამოღებული ქაღალდი, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ჭანტურიას ქუჩა N128-ში მდებარე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული თანხის ჩასარიცხი აპარატიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ჭანტურიას ქუჩა N128-ში მდებარე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული თანხის ჩასარიცხი აპარატის ეკრანი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
დ----- გ---------ისგან აღებული ნერწვის ნიმუში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე