გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-37-2019
(130310019002973239)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 აგვისტო 2019 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ბარბაქაძე
მოსარჩელე - მ--- კ-----–---–ი
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - თ----- ი------–---–ი
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 17 იანვრის №9-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (იხ. 2019 წლის 15 აგვისტოს სხდომის ოქმი 12:28:47-12:29:11);
1.2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი და განახორციელოს მ--- კ-----–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქარელი, სოფ. ა----–ში მდებარე 2012 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ზონა: ქარელი, სექტორი: ბ----ა).
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს მიმართა მოპასუხეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. სარეგისტრაციო სამსახურმა 2018 წლის 22 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ არ იყო წარდგენილი საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტომ ეროვნული არქივიდან გამოითხოვა ინფორმაცია მისი მეუღლის ს----- გ---–---–---–ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლამდე მდგომარეობით. საარქივო ცნობის მიღების შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მაინც არ განახორციელა რეგისტრაცია და მიუთითა, რომ კომლში ფიქსირდებოდნენ მისი აქტიური წევრები, კომლში სამკვიდრო იხსნებოდა მხოლოდ ბოლო წევრის გარდაცვალების შემდეგ, ამიტომ დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა და წარსადგენი იყო უფლებამოსილი პირის განცხადება ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება სათანადო დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ადმინისტრაციული წესით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით ეს გადაწყვეტილებები უკანონოა, რადგან 1993 წლიდან საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ კომლის ქონება წარმოადგენდა მისი წევრების საერთო საკუთრებას თანაბარ წილში და ვრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. მას მიღებული ჰქონდა გარდაცვლილი მეუღლის ს----- გ---–---–---–ის სამკვიდრო, რომელიც წარმოადგენდა საერთო ქონების 1/4 წილს, შესაბამისად, სააგენტო ვალდებული იყო მისი საკუთრების უფლება დაერეგისტრირებინა ამ ქონებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის N153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ მე-11 მუხლის მიხედვით, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი-მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების დროისათვის არსებული პერიოდისა (2007 წლის 20 სექტემბერი). საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
მოცემულ შემთხვევაში კომლის წევრი ს----- გ---–---–---–ი გარდაცვლილია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის თანახმად, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან. ს----- გ---–---–---–ის კომლის რამდენიმე წევრი აქტიურია, ამიტომ სამკვიდრო არ იხსნება, ხოლო მ--- კ-----–---–ი კომლის წევრს არ წარმოადგენს. შესაბამისად, მას არ აქვს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება კომლის ქონებაზე.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირებს მ--- გ---–---–---–ს, დ---- გ---–---–---–ს და ი- გ---–---–---–ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულან.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მ--- კ-----–---–მა 2018 წლის 16 ნოემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მისი გარდაცვლილი მეუღლის ს----- გ---–---–---–ის კუთვნილ, ქარელი, სოფ. ა----–ში მდებარე 2012 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ზონა: ქარელი, სექტორი: ბ----ა) საკუთრების უფლების რეგისტრაცია (იხ. შესაგებლის მე-18-26-ე ფურცლები).
4.2. სარეგისტრაციო სამსახურმა 2018 წლის 22 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ იმის გამო, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თავისი ინიციატივით საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოითხოვა ინფორმაცია ს----- გ---–---–---–ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით (იხ. შესაგებლის 27-28-ე ფურცლები).
4.3. საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 11 დეკემბრის N69/158746 წერილის მიხედვით, ხაშურის რეგიონულ არქივში დაცული ქარელის რაიონის ბ----ის სასოფლო საბჭოსა და საკრებულოს სოფ. ა----–ის 1986-2007 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში, კომლში, რომლის უფროსია ე-- ვ----ს ასული გ---–---–---–ი ირიცხებიან:
1. ე-- ვ----ს ასული გ---–---–---–ი - ოჯახის უფროსი, გადახაზულია, გადაიცვალა 1989 წელს.
2. შ----- ი-----ის ძე გ---–---–---–ი - შვილი, გადახაზულია, გარდაიცვალა 1997წ.
3. ნ----- გ------- ასული გ---–---–---–ი - რძალი;
4. მ--- შ-----ს ასული გ---–---–---–ი - შვილიშვილი;
5. ს----- შ-----ს ძე გ---–---–---–ი - შვილიშვილი;
6. ი- შ-----ს ასული გ---–---–---–ი - შვილიშვილი;
7. დ---- შ-----ს ასული გ---–---–---–ი - შვილიშვილი.
კომლს პირად საკუთრებაში 1986 წლის ჩანაწერით ერიცხება საცხოვრებელი სახლი 120კვ.მ. აშენებული 1960 წელს. 1986-1990 წლების ჩანაწერებით ერიცხება 0,40ჰა მიწის ფართობი.
სოფ. ა----–ის 2000 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ს----- გ---–---–---–ი არ ფიქსირდება.
სოფ. ა----–ის მიწის განაწილების სიები ხაშურის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ ინახება.
(იხ. შესაგებლის 31-35-ე გვერდები).
4.4. სარეგისტრაციო სამსახურმა 2018 წლის 17 დეკემბერს და 2019 წლის 15 იანვარს მიიღო გადაწყვეტილებები იმის შესახებ, რომ კომლში ფიქსირდებოდნენ მისი აქტიური წევრები, კომლში სამკვიდრო იხსნებოდა მხოლოდ ბოლო წევრის გარდაცვალების შემდეგ, ამიტომ დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა და წარსადგენი იყო უფლებამოსილი პირის განცხადება ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. შესაგებლის 35-ე და 50-ე ფურცლები).
4.5. სარეგისტრაციო სამსახურმა 2019 წლის 17 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ იმის გამო, რომ მ--- კ-----–---–მა დადენილ ვადაში არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (იხ. შესაგებლის 51-ე ფურცელი).
4.6. სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება მ--- კ-----–---–მა გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის N95249 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 33-37).
4.7. მ--- კ-----–---–ი და ს----- გ---–---–---–ი 1997 წლის 10 მაისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (იხ. შესაგებლის 67-ე გვერდი).
4.8. ს----- გ---–---–---–ი გარდაიცვალა 2014 წლის 5 ნოემბერს (იხ. შესაგებლის 65-ე გვერდი).
4.9. ნ----- გ---–---–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 13 მარტს (იხ. შესაგებლის 63-ე გვერდი).
4.10. მ--- კ-----–---–ს მიღებული აქვს გარდაცვლილი მეუღლის ს----- გ---–---–---–ის მემკვიდრეობა (იხ. სამკვიდრო მოწმობა, შესაგებლის 71-74-ე გვერდები).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე დართული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
7.2. სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად შეესაბამებოდა კანონს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.
7.3. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ... შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. იმავე კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
7.4. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტების თანახმად:
- დ) სპორადული რეგისტრაცია არის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად;
- ი) მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა;
- ნ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
7.5. იმავე კანონის მე-5 პუნქტის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
7.6. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მ--- კ-----–---–მა სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა: მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი - საარქივო ცნობა, რომლის მიხედვითაც, მისი მეუღლის ოჯახს 1986-1990 წლების მონაცემებით ეწერა 0,40ჰა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი; მეუღლის გარდაცვალების მოწმობა; სამკვიდრო მოწმობა; საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სასამართლოა მიაჩნია, რომ წარდგენილი დოუმენტები, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკმარისი იყო მ--- კ-----–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.
7.7. მოპასუხემ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მ--- კ-----–---–ის მეუღლე იყო გარდაცვლილი, ქონება წარმოადგენდა კომლის საკუთრებას და ვინაიდან, არსებობდნენ კომლის სხვა ცოცხალი წევრები, ამიტომ მის ქონებაზე მემკვიდრეობა არ გაიხსნებოდა სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლიდან გამომდინარე.
7.8. სასამართლო არ ეთანხმება მოპასუხის ამ პოზიციას და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში საკოლმეურნეო კომლი არსებობდა 1993 წლამდე. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა.
7.9. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან კომლმა არსებობა შეწყვიტა და ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, არის იმ პირთა საერთო საკუთრება, რომელიც ადრე კომლის წევრებს წარმოადგენდნენ, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. განსხვავებით საკოლმეურნეო კომლში დასაქმებული პირებისაგან, საბჭოთა მეურნეობაში დასაქმებული პირების, ასევე კოლმეურნეობაში დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეების მიმართ საკუთრების, თუ სამემკვიდრეო უფლებიდან გამომდინარე ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირების მექანიზმი იდენტური იყო ქალაქად მცხოვრები პირების სამართლებრივი რეგულირებისა. სამოქალაქო ურთიერთობანი ამ პირთა მონაწილებით სპეციალური რეგულირების საგანს არ წამოადგენდა საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებით. მასთან დაკავშირებული სამემკვიდრეო თუ საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდებოდა ისევე, როგორც ქალაქად მცხოვრებ პირთა მიმართ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: Nას-1778-1756-2011 29 ივნისი 2012 წელი; Nბს-521-513(კ-13) 20 მაისის 2014 წელი; Nას-530-506-2016 23 სექტემბერი 2016 წელი).
7.10. საქმეზე წარმოდგენილი საარქივო ცნობისა და თანდარტული მასალების მიხედვით, ე-- გ---–---–---–ის ოჯახი 1986-1990 წლებში წარმოადგენდა არა საკოლმეუნეო კომლს არამედ მუშის ოჯახს. შესაბამისად, ოჯახის მიჩნევა კომლად და საკოლმეურნეო კომლის შესახებ კანონმდებლობის გამოყენება დაუშვებელია.
7.11. გარდა ამისა, პოსტსაბჭოთა საქართველოს კანონმდებლობა „კომლის“ როგორც ასეთის განმარტებას არ იძლევა. მხოლოდ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი იძლეოდა „საკომლო მეურნეობის“ განმარტებას, რომელიც არსებითად განსხვავდება საკოლმეურნეო კომლისაგან და იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). (იხ. კანონის მე-4 მუხლის მე-4-5 პუნქტები).
7.12. მოცემულ შემთხვევაში ს----- გ---–---–---–ის ოჯახი არ იყო რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესრტრში) საკომლო მეურნეობად, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი თანსაკუთრების ზოგადი რეჟიმი.
7.13. ყოვლივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----- გ---–---–---–ი წარმოადგენდა ოჯახის ქონების (მდებარე სოფ. ა----–ში) თანამესაკუთრეს და მისი გარდაცვალების შემდეგ მის წილზე უნდა გახსნილიყო მემკვიდრეობა საერთო წესით.
7.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
7.15. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ დაადგინა, რომ მ--- კ-----–---–ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი იყო რეგისტრაციის გასახორციელებად. კომლის ქონებაზე სამკვიდროს გახსნის დაუშვებლობის გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მ--- კ-----–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არ მიუთითებია და არც მის გადაწყვეტილებებს დასდებია საფუძვლად. ასეთი გარემოება ამჟამადაც არ არსებობს, ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის დამატებითი გამოკვლევის აუცილებლობა აღარ არსებობს და მოპასუხეს უნდა დაევალოს რეგისტრაციის განხორციელება.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 100 ლარის გადახდა.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 22-23-ე 32-33-ე, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ--- კ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 17 იანვრის №9-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი და განახორციელოს მ--- კ-----–---–ის საკუთრების (თანასაკუთრების) უფლების რეგისტრაცია ქარელი, სოფ. ა----–ში მდებარე 2012 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ზონა: ქარელი, სექტორი: ბ----ა) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე;
4. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მ--- კ-----–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით შეტანილი თანხის 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით;
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი