გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-24-2019
(130310019002904923)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 აგვისტო 2019 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ბარბაქაძე
მოსარჩელე - კ-–---- ს-------–--ე
წარმომადგენელი - თ----- კ----ე, ხ------- ს--------–--ე
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი - თ----- ი------–---–ი
მესამე პირები (ასკ-ის მე-16მ. IIნ.) - ნ------- გ------–-–---–ი, გ------- გ------–-–---–ი
მესამე პირი (ასკ-ის მე-16მ. IIნ.) - ხაშურის მუნიციპალიტეტი
წარმომადგენელი - ი----- ფ-----ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ (135კვ.მ. ე.წ. „ჩიხის“ ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილება დ. ს------ში, 9 ა-----–-ს ქ. N7--ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 69.04.60.3--- ნ------- გ------–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
(იხ. 2018 წლის 24 ივლისის სხდომაზე წარმოდგენილი განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ თანდართული საკადასტრო ნახაზით, ასევე, მოთხოვნის დაზუსტების შესახებ ზეპირი განცხადება - 2018 წლის 24 ივლისის სხდომის ოქმი 14:48:29-14:49:08).
მოსარჩელე უთითებს, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა ს------ში, 9 ა-----–-ს ქ. N7--ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ფაქტობრივად მან მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, რადგან უკვე ჰქონდა ეს ქონება დაუზუსტებელი სახით რეგისტრირებული 2008 წელს.
სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგინდა ზედდება 69.04.60.3-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. განმცხადებელს შესთავაზეს კორექტირებული ნახაზის წარდგენა ან დავის არსებობის შემთხვევაში მედიაცია. მედიაცია არ შედგა, კორექტირებული ნახაზი არ იქნა წარდგენილი, რის გამოც სარეგისტრაციო სამსახურმა შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება 2018 წლის 26 დეკემბერს. ეს გადაწყვეტილება, ასევე, ნ------- გ------–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (N69.04.60.3-- უძრავ ქონებასთან დაკავშირებით) გასაჩივრდა ზემდგომ ორგანოში, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელე მხარე თავდაპირველად უთითებდა, რომ ნ------- გ------–-–---–ს დარეგისტრირებული ჰქონდა მისი კუთვნილი მიწის ფართის ნაწილი, ასევე, მისი ნაკვეთის გვერდით გამავალი ჩიხი (საერთო სარგებლობის გზა), თუმცა სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში, საჯარო რეესტრში მხარეთა მიერ ნივთების საკადასტრო მონაცემების დაზუსტების შემდეგ, სადავოდ დარჩა მხოლოდ ე.წ. „ჩიხი“ - 135კვ.მ. მიწის ფართი და საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა ამ ნაწილში ნ------- გ------–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მითითებით, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ მასალებში სადავო მიწის ფართი მითითებულია როგორც ჩიხი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნ------- გ------–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტები საკმარისი იყო რეგისტრაციის განსახორციელებლად, კერძოდ, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო სამკვიდრო მოწმობა, რომ ნ------- გ------–-–---–მა მიიღო გარდაცვლილი დედის ნ------- გ------–-–---–ის სამკვიდრო, მათ შორის საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 2/3 ნაწილი მდებარე დაბა ს------ში, 1 მ----- ქუჩა N7--ში. ტექნიკური ინვენტარიზაციის მასალებით, ნ------- ა-–----ს ასული გ------–-–---–ის სახელზე ირიცხებოდა მოცემულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება, მიწის ფაქტობრივი ფართია 910კვ.მ (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით 887კვ.მ). აქედან გამომდინარე 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით დაბა ს------ში, 9 ა-----–-ს ქ. N-- (ყოფილი 1 მ----- ქ. N--) მდებარე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ნ------- გ------–-–---–ის საკუთრების უფლება (თანასაკუთრება). მიწის ფართობად მითითებულ იქნა 894კვ.მ.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირებს ნ------- და გ------- გ------–-–---–ებს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, ხოლო სასამართლოს სხდომაზე ნ------- გ------–-–---–ი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთი 887კვ.მ. მისმა დედამ 1965 წელს იყიდა. ეს ნაკვეთი მხოლოდ ამ ჩიხით უკავშირდება საჯარო გზას. ეს ჩიხი მათ დაკანონებული აქვთ და მათივე თანხმობით სარგებლობდნენ სხვები. ამჟამადაც არ არის წინააღმდეგი მოსარჩელემ ისარგებლოს ამ ნაკვეთით იმ შემთხვევაში, როდესაც დასჭირდება ღობის მოვლა-შეკეთება.
3.2. მესამე პირს ხაშურის მუნიციპალიტეტს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს სხდომაზე მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და მიუთითა, რომ სურამის სადაბო საკრებულოს გამგეობის 1999 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც დაუკანონდა ნ------- გ------–-–---–ის დედას ნ------- გ------–-–---–ს ე.წ. „ჩიხი“ არ ეწინააღმდეგება.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. კ-–---- ს-------–--ემ 2008 წლის 31 მარტს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა დ. ს------ში, 9 ა-----–-ს ქ. N7--ში მდებარე 1037კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 167კვ.მ. საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N173. 2008 წლის 5 მაისს საჯარო რეესტრში მოცემულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა კ-–---- ს-------–--ის საკუთრების უფლება დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, საკადასტრო კოდი 69.04.05.2--- (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 22-31-ე გვერდები).
4.2. 2018 წლის 10 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს მიმართა კ-–---- ს-------–--ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დ. ს------ში, 9 ა-----–-ს ქ. N7--ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, საკადასტრო მონაცემების დაზუსტება. სარეგისტრაციო სამსახურმა 2018 წლის 16 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რადგან დაფიქსირდა ზედდება 69.04.60.3-- საკადასტრო კოდზე (მესაკუთრე ნ------- გ------–-–---–ი) წარმოებაში მყოფ N8----------- განაცხადთან. განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა N8----------- განაცხადზე წარმოების დამთავრების შემდეგ ან კორექტირებული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის წარდგენისთანავე. 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო სამსახურმა მოითხოვა კორექტირებული ნახაზის წარდგენა ან მოთხოვნის დაზუსტება (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 32-42-ე გვერდები).
4.3. 2018 წლის 1 ოქტომბერს კ-–---- ს-------–--ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით და მიუთითა, რომ საინვენტარიზაციო გეგმაში არსწორად იყო მისი ნაკვეთის ფართობად 1002კვ.მ. მითითებული, რეალურად იყო 1085კვ.მ. და მოითხოვა დაზუსტებული ცვლილების რეგისტრაცია და წარადგინა ახალი საკადასტრო აზომვიტი ნახაზი 1073კვ.მ. ფართზე (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 43-52-ე გვერდები).
4.4. სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 5 ოქტომბრის, 12 ოქტომბრის და 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებებით კ-–---- ს-------–--ეს განემარტა, რომ განმეორებით წარდგენილი საკადასტრო ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართი 1%-ზე მეტით აღემატებოდა სპორადულად რეგისტრირებულ ფართობს. ასევე, განემარტა, რომ დაფიქსირებული იყო ზედდება 69.04.60.3-- (მესაკუთრე ნ------- გ------–-–---–ი) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნივთის საკადასტრო მონაცემებთან, ამიტომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო-აზომვითი ნახაზი, ხოლო დავის შემთხვევაში განემარტა მედიაციისათვის საქმის გადაცემის საკითხი (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 66-77-ე გვერდები).
4.5. მხარეთა შორის მედიაცის პროცესი შეწყდა, კ-–---- ს-------–--ის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამიტომ სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ-–---- ს-------–--ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. ეს გადაწყვეტილება, ასევე, ნ------- გ------–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება კ-–---- ს-------–--ემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველად. სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 84-119-ე გვერდები).
4.6. 2019 წლის 15 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს ხელახლა მიმართა კ-–---- ს-------–--ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დ. ს------ში, 9 ა-----–-ს ქ. N7--ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, საკადასტრო მონაცემების დაზუსტება და წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა. უძრავ ნივთს ნაცვლად 69.04.05.2---ისა მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი 69.04.60.6--- ხოლო მიწის ნაკვეთის ფართად განისაზღვრა 1047კვ.მ. (იხ. კ-–---- ს-------–--ის 2019 წლის 15 ივლისის განცხადება და თანდართული სარეგისტრაციო მასალა, ასევე, 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო კოდი 69.04.60.6--- ასევე, 2019 წლის 24 ივლისის სხდომის ოქმი 14:27:58-14:28:57).
4.7. ნ------- გ------–-–---–მა 2016 წლის 18 იანვარს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა დ. ს------ში, 1 მ----- ქ. N7--ში მდებარე 894 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა სამკვიდრო მოწმობა, რომ ნ------- გ------–-–---–მა მიიღო გარდაცვლილი დედის ნ------- გ------–-–---–ის სამკვიდრო, მათ შორის საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 2/3 ნაწილი მდებარე დაბა ს------ში, 1 მ----- ქუჩა N7--ში. ტექნიკური ინვენტარიზაციის მასალებით, ნ------- გ------–-–---–ის სახელზე ირიცხებოდა მოცემულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება, მიწის ფაქტობრივი ფართი 910კვ.მ, ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით 887კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით დაბა ს------ში, 9 ა-----–-ს ქ. N-- (ყოფილი 1 მ----- ქ. N--) მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 69.04.60.3--- დარეგისტრირდა ნ------- გ------–-–---–ის საკუთრების უფლება (თანასაკუთრება). მიწის ფართობად მითითებულ იქნა 894კვ.მ. (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 120-136-ე გვერდები).
4.8. 2019 წლის 27 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს მიმართა გ------- გ------–-–---–მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დ. ს------ში, 9 ა-----–-ს ქ. N7--ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების, კერძოდ, მისი თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა სამკვიდრო მოწმობა, რომ გ------- გ------–-–---–მა მიიღო გარდაცვლილი დედის ნ------- გ------–-–---–ის სამკვიდრო, მათ შორის საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილი მდებარე დაბა ს------ში, 1 მ----- ქუჩა N7--ში. სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 2 ა-----–-ს გადაწყვეტილებით გ------- გ------–-–---–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 137-156-ე გვერდები).
4.9. სადავო 135კვ.მ. მიწის ფართი (ე.წ. „ჩიხი“) მდებარეობს კ-–---- ს-------–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით. კ-–---- ს-------–--ის ნაკვეთის დასავლეთ მხარეს მდებარეობს ნ------- და გ------- გ------–-–---–ების კუთვნილი ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელიც 9 ა-----–-ს (ყოფ. 1 მ-----) ქუჩას უკავშირდება ამ „ჩიხით“ (იხ. სიტუაციური ნახაზები).
4.10. საქმეზე წარმოდგენილი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული ერთის მხრივ კ-–---- ს-------–--ის და მეორე მხრივ ნ------- და გ------- გ------–-–---–ების დედის ნ------- გ------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონებების ტექნიკური აღრიცხვის ბარათებით და მასზე დართული დოკუმენტაციით დგინდება შემდეგი:
კ-–---- ს-------–--ის კუთვნილი უძრავი ქონების ტექნიკური აღრიცხვის მასალებით სადავო მიწის ნაკვეთი მითითებულია როგორც ჩიხი;
ნ------- გ------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების 1965 წლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათის მიხედვით, ნ------- გ------–-–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი არ მოიცავს ე.წ. „ჩიხს“, კერძოდ, მიწის ნაკვეთს და „ჩიხს“ შორის არსებობს ე.წ. გამყოფილი ხაზი და სადავო ფართზეც მითითებულია წარწერა „ჩიხი“. 1982 წლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათით ნ------- გ------–-–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს და „ჩიხს“ შორის გამყოფი ხაზი აღარ არსებობს. ამგვარი გამყოფი ხაზი არ არის აღნიშნული ნ------- გ------–-–---–ისათვის მშენებლობის ნებართვის მიცემის შემდეგ 1974 წელს შედგენილ საცხოვრებელი სახლის გენ-გეგმაზე დართულ მიწის ნაკვეთის ნახაზზე (იხ. ტექნიკური აღრიცხვის ბარათები თანდარტული დოკუმენტებით, ასევე, ნ------- გ------–-–---–ის 1974 წლის საცხოვრებელი სახლის გენ-გეგმა).
4.11. სურამის სადაბო საკრებულოს გამგეობის 1999 წლის 10 ნოემბრის N42 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ------- გ------–-–---–ის თხოვნა და დაუკანონდა 9 ა-----–-ს ქუჩიდან თავის სახლთან მისასვლელი ჩიხი, ვინაიდან, სახლთან მისასვლელი სხვა გზა არ ჰქონდა. იმავე გადაწყვეტილებით უფლება მიეცა კ-–---- ს-------–--ეს ესარგებლა ამ ჩიხით იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნულ ჩიხზე გამავალ მის ღობეს დასჭირდებოდა მოვლა შეკეთება ან შეღებვა (იხ. სურამის სადაბო საკრებულოს გამგეობის 1999 წლის 10 ნოემბრის N42 გადაწყვეტილება).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით; „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით; საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
7.3. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი სარეგისტრაციო დოკუმენტს განმარტავს, როგორც სამართლებრივ აქტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
7.4. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ახორციელებს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების რეგისტრაციას. კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საფასურის გადახდის დოკუმენტი, დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. იმავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
7.5. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ (რომელიც მოქმედებდა 2016 წლის ივლისის ჩათვლით) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ... ან/და სხვა დოკუმენტი, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი.
7.6. სადავო უძრავ ქონებაზე (ე.წ. ჩიხზე) საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად მარეგისტრირებელმა ორგანომ იხელმძღვანელა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მასალებით, რომლის მიხედვით, 1982 წლის მონაცემებით, სადავო მიწის ფართი შედიოდა ნ------- გ------–-–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში. ეს დოკუმენტი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად საკმარისი იყო ამ ფართის ნ------- გ------–-–---–ის მემკვიდრეებზე რეგისტრაცისათვის.
7.7. გარდა ამისა, მესამე პირის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა (სასამართლომაც გამოითხოვა არქივიდან) სურამის სადაბო საკრებულოს გამგეობის 1999 წლის 10 ნოემბრის N42 გადაწყვეტილება, რომლითაც ნ------- გ------–-–---–ს დაუკანონდა სადავო ე.წ. „ჩიხი“. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონის (2001 წლამდე მოქმედი რედაქციით) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა; მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო იყო სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულო, ხოლო საკრებულოს აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა. ამავე კანონის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკრებულოს და მისი გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნებოდა მიწათსარგებლობის საკითხის გადაწყვეტა.
7.8. ამდენად, სურამის სადაბო საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილება წარმოადგენდა მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს და შესაბამისად, იგი არის აქტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. მართალია სარეგისტრაციო წარმოებაში და ასევე, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არ ინახებოდა ეს გადაწყვეტილება, თუმცა ეს არ ცვლის ფაქტობრივ მდგომარეობას და არ შეიძლება სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი გახდეს, რადგან ჯერ ერთი, რომ საკითხზე მიღებულია სწორი გადაწყვეტილება და მეორეც, არსებობდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მასალები, რომელიც დამოუკიდებლად იყო რეგისტრაციის საფუძველი.
7.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
7.10. სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება, არც მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი რაიმე მოთხოვნა დაირღვა არსებითად, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, სასამართლომ
გადაწყვიტა
1. კ-–---- ს-------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. N7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი