გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003156641
საქმე № 3/211-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
მოსარჩელე: ი---- გ------–-–---–ი
წარმომადგენელი: მ------ ე-–--------–---–ი
მოპასუხე: სსიპ ,,ქალაქ გორის № 7 საჯარო სკოლა”
წარმომადგენელი: ვ----– ჯ-----–---–-
მესამე პირი: სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა”
დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ი---- გ------–-–---–ის მიერ (ქორწინებამდე ც------ე) ქალაქ გორის № 7 საშუალოს სკოლის (დღევანდელი სსიპ ,,ქალაქ გორის № 7 საჯარო სკოლა") დამთავრებისა და სრული (საშუალო, ზოგადი) განათლების მიღების ფაქტის აღიარება.
სარჩელის თანახმად, ი---- გ------–-–---–ი (ქორწინებამდე ც------ე, პირ. № 5----------) 1977 წელს ჩაირიცხა ქალაქ გორის № 7 საშუალოს სკოლაში (დღევანდელი სსიპ ,,ქალაქ გორის № 7 საჯარო სკოლა"), რაც დაამთავრა 1988 წელს და მიიღო სრული საშუალო განათლება. მან მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა საშუალო განათლების მიღების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატის მიღება, თუმცა უარი ეთქვა იმის გამო, რომ ვერ ხერხდებოდა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო, განმარტა, ი---- ც------ე ნამდვილად სწავლობდა გორის № 7 საშუალოს სკოლაში, თუმცა 1988 წლის ატესტატების გაცემის შესახებ ბრძანების წიგნები სკოლაში ვერ დაიძებნა; სასამართლო სხდომაზე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით კი სსიპ ,,ქალაქ გორის № 7 საჯარო სკოლა" მიიჩნევს, რომ მან მართლაც მიიღო საშუალო განათლება.
მესამე პირის - სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 აგვისტოს № 58/285/გ გადაწყვეტილებით ი---- გ------–-–---–ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ მოხერხდა მის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
მტკიცებულება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 აგვისტოს № 58/285/გ გადაწყვეტილება (ს.ფ 13).
3.2.2. მოწმე რ----- ბ---–-----–---–ის ჩვენების თანახმად, იგი არის ი---- ც------ის კლასელი; ისინი ერთად სწავლობდნენ პირველი კლასიდან სკოლის დამთავრების ჩათვლით გორის № 7 საშუალო სკოლაში; მას დღემდე ნათლად ახსოვს, რომ ი----მ საშუალო სკოლის გამოცდები ჩააბარა წარმატებით.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.3. მოწმე ბ--------- ჩ-----ის ჩვენების თანახმად, იგი არის ი---- გ------–-–---–ის კლასელი; ისინი სწავლობდნენ გორის № 7 საშუალო სკოლის პარალელურ კლასებში, და მას ახსოვს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები ორივე ჯგუფმა ჩააბარა წარმატებით.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.4. ი---- ც------ემ 2000 წელს რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ შეიცვალა გვარი და გახდა გ------–-–---–ი.
მტკიცებულება: დაბადების მოწმობა (ს. ფ. 15-17), ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 19).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც ფაქტი, რომ ი---- ც------ემ (ქორწინების შემდგომ გ------–-–---–ი) 1988 წელს ნამდვილად დაამთავრა ქალაქ გორის № 7 საშუალო სკოლის სრული კურსი და მიიღო საშუალო განათლება, დადგენილი და დადასტურებულია მოწმის ჩვენებით და სკოლის გამოსაშვები ალბომით. ამავე დროს, მოპასუხემ სარჩელი ცნო.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სსიპ ,,ქალაქ გორის № 7 საჯარო სკოლამ" სარჩელი მთლიანად ცნო.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოს ეკისრება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში).
გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის.
სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 1977-1988 წლებში ი---- ც------ის (ქორწინების შემდგომ გ------–-–---–ის) ქალაქ გორის № 7 საშუალო სკოლაში სწავლის, აღნიშნული სასწავლებლის სრული ზოგადი საფეხურის დაძლევისა და მის სახელზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემის ფაქტის აღიარება.
ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადმინისტრაციული პასუხისმგებელია მის მიერ შექმნილი დოკუმენტაციისა და მასთან დაცული ინფორმაციის სათანადო წესით შენახვაზე.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ ,,ქალაქ გორის № 7 საჯარო სკოლის” 2019 წლის 26 ივლისის MES 4 19 00991141 ცნობა, რომლის მიხედვითაც ი---- ც------ემ 1987-1988 სასწავლო წელს დაამთავრა ქ. გორის № 7 საშუალო სკოლის სრული კურსი და მის სახელზე 1988 წელს გაცემულია ატესტატი № A 084898.
მოპასუხის განმრტებით ირკვევა, რომ ცნობა ზუსტად არ ასახავს რეალობას, და 1988 წლის ატესტატების გაცემის შესახებ ბრძანების წიგნები სკოლაში ვერ დაიძებნა.
ასეთ ვითარებაში, სასამართლოს მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით შესაძლებლად მიაჩნია, დაადგინოს და აღიაროს სამართლებრივი ურთიერთობა, რამდენადაც თვით ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს ზომები მიღებული მხარისათვის საინტერესო ინფორაციისა და დოკუმენტაციის სათანადო დაცვა-შენახვაზე.
დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დაუცველობა არ შეიძლება ამაში არაბრალეული, დაინტერესებული მხარის ტვირთად იქცეს, და შესაბამისად, მოწმის ჩვენებას ამ შემთხვევაში გააჩნია მაღალი მტკიცებულებითი მნიშვნელობა.
როგორც აღინიშნა, მოწმეებმა ბ--------- ჩ-----ემ და რ----- ბ---–-----–---–მა დაადასტურეს, რომ ი---- ც------ე სწავლობდა გორის № 7 საჯარო სკოლაში, მათ დღემდე ნათლად ახსოვთ, რომ საშუალო სკოლის გამოცდები ჩააბარა წარმატებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცდა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საშუალო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე, აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე, და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის სკოლის გამოსაშვები ალბომით) დგინდება, რომ მოსარჩელემ 1988 სასწავლო წელს დაამთავრა გორის № 7 საშუალო სკოლა და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს.
ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე მითითებულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ი---- გ------–-–---–მა 1977-1988 სასწავლო წელს ისწავლა და დაამთავრა გორის № 7 საშუალო სკოლა და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ი---- გ------–-–---–ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი---- გ------–-–---–ის სარჩელი სსიპ ,,ქალაქ გორის № 7 საჯარო სკოლის” მიმართ, მესამე პირი - სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა” - დაკმაყოფილდეს.
2. აღიარებული იქნეს სამართლებრივი ურთიერთობა იმის თაობაზე, რომ ი---- ც------ემ (ქორწინების შემდგომ გ------–-–---–მა, პირ. № 5----------) 1988 სასწავლო წელს დაამთავრა ქალაქ გორის № 7 საშუალო სკოლა (დღევანდელი სსიპ ,,ქალაქ გორის № 7 საჯარო სკოლა”) და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება.
3. ი---- გ------–-–---–ს დაუბრუნდეს მ------ ე-–--------–---–ის მიერ 2019 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება № 8332205043).
4. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი