გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.09.2019
საქმის ნომერი
140310019003148313
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
12.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003148313

საქმე № 3/205-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

 

მოსარჩელე : ლ--–- რ------ე

 

მოპასუხე: სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------ის საჯარო სკოლა”

წარმომადგენელი: ვ----– ჯ-----–---–-

 

მესამე პირი: სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა”

 

დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ლ--–- რ------ის მიერ გორის რაიონის სოფელ ზ------------ის (დღევანდელი სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------ის საჯარო სკოლა”) დამთავრებისა და სრული (საშუალო, ზოგადი) განათლების მიღების ფაქტის აღიარება.

 

სარჩელის თანახმად, ლ--–- რ------ე (პირ. № 5----------) 1995 წელს ჩაირიცხა გორის რაიონის სოფელ ქ-------------ის საშუალო სკოლაში, ხოლო 2006 წელს დაამთავრა სოფელ ზ------------ის საშუალო სკოლის 11 კლასი და მიიღო სრული საშუალო განათლება. მან მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა საშუალო განათლების მიღების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატის მიღება, თუმცა უარი ეთქვა იმის გამო, რომ ვერ ხერხდებოდა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

მოპასუხე სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------ის საჯარო სკოლამ” სარჩელი მთლიანად ცნო; განმარტა, რომ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს სკოლიდან დაიკარგა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, მათ შორის 2006 წლის ატესტატების გაცემის ბრძანების წიგნი; თუმცა ატესტატების გაცემის წიგნში მითითებულია, რომ ლ--–- რ------ეს მიეცა სრულო ზოგადი განათლების ატესტატი; ლ--–- რ------ე ფიქსირდება 2005-2006 წლებში საშუალო სკოლადამთავრებულთა სიაში, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან მართლაც დაამთავრა ზ------------ის საშუალო სკოლის 11 კლასი და მიიღო სრული საშუალო განათლება.

 

მესამე პირის - სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------ის საჯარო სკოლის” 2019 წლის 14 აგვისტოს № MES 1 19 01039667 ცნობით, დასტურდება რომ ლ--–- რ------ემ 2005-2006 წლებში დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ზ------------ის საშუალო სკოლის სრული კურსი და მის სახელზე გაცემულია ატესტატი № ნა 049423;

 

მტკიცებულება: სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის საჯარო სკოლის” 2019 წლის 8 აგვისტოს № MES 1 19 01039667 ცნობა (ს.ფ 16).

 

3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 ივილისის № 58/255/გ გადაწყვეტილებით ლ--–- რ------ეს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ მოხერხდა მის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

მტკიცებულება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის № 58/255/გ გადაწყვეტილება (ს.ფ 12).

 

3.2.3. ატესტატების გაცემის წიგნის მიხედვით, ლ--–- რ------ეს მიეცა სრულო ზოგადი განათლების ატესტატი; ლ--–- რ------ე ფიქსირდება 2005-2006 წლებში საშუალო სკოლადამთავრებულთა სიაში.

 

მტკიცებულება: ატესტატების გაცემის წიგნი, საშუალო სკოლადამთავრებულთა სია (ს. ფ.13-15).

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც ფაქტი, რომ ლ--–- რ------ემ 2006 წელს ნამდვილად დაამთავრა სოფელ ზ------------ის საშუალო სკოლის სრული კურსი და მიიღო საშუალო განათლება, დადგენილი და დადასტურებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციით. ამავე დროს, მოპასუხემ სარჩელი ცნო.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის საჯარო სკოლამ” სარჩელი მთლიანად ცნო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოს ეკისრება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში).

 

გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის.

 

სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 1995-2006 წლებში ლ--–- რ------ის მიერ გორის რაიონის სოფელ ქ----- და ზ------------ის საშუალო სკოლაში სწავლის, ზ------------ის საშუალო სკოლის სრული ზოგადი საფეხურის დაძლევისა და მის სახელზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემის ფაქტის აღიარება.

 

ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადმინისტრაციული პასუხისმგებელია მის მიერ შექმნილი დოკუმენტაციისა და მასთან დაცული ინფორმაციის სათანადო წესით შენახვაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------ის საჯარო სკოლის" 2019 წლის 14 აგვისტოს № MES 1 19 01039667 ცნობით დასტურდება, რომ ლ--–- რ------ემ 2006 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ზ------------ის საშუალო სკოლის სრული კურსი და მის სახელზე გაცემულია ატესტატი № ნა 049423.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცდა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი.

 

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საშუალო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე, აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე, და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელემ 2006 სასწავლო წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ზ------------ის საშუალო სკოლა და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს.

 

ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

ყოველივე მითითებულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ--–- რ------ემ 1995-2006 სასწავლო წელს ისწავლა და დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ზ------------ის საშუალო სკოლა და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელეს სარჩელის აღძვრის ეტაპზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ აქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი მთლიანად სცნო, რის გამოც მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟი ვერ დაეკისრება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ--–- რ------ის სარჩელი სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------ის საჯარო სკოლის” მიმართ, მესამე პირი - სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა” - დაკმაყოფილდეს.

 

2. აღიარებული იქნეს სამართლებრივი ურთიერთობა იმის თაობაზე, რომ ლ--–- რ------ემ (პირ. № 5----------) 2006 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ზ------------ის საშუალო სკოლა (დღევანდელი სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------ის საჯარო სკოლა") და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება.

 

3. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი