გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003153322
საქმე № 3/209-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: მ--- დ----–---–ი
წარმომადგენელი: გ---- გ-------–---–-
მოპასუხე: სსიპ ,,კასპის N 3 საჯარო სკოლა"
წარმომადგენელი: ა----- ხ--–-–---–-
მესამე პირი: სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა”
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მ--- დ----–---–ის მიერ კასპის საღამოს № 3 საშუალოს სკოლის (დღევანდელი სსიპ ,,ქალაქ კასპის № 3 საჯარო სკოლა") დამთავრებისა და სრული (საშუალო, ზოგადი) განათლების მიღების ფაქტის აღიარება.
სარჩელის თანახმად, მ--- დ----–---–ი (პირ. № 2----------) 1981 წელს ჩაირიცხა კასპის № 2 საშუალო სკოლაში, დამამთავრებელ კლასში იგი გადავიდა კასპის საღამოს № 3 საშუალო სკოლაში რაც დაამთავრა 1992 წელს და მიიღო სრული საშუალო განათლება. მან მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა საშუალო განათლების მიღების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატის მიღება, თუმცა უარი ეთქვა იმის გამო, რომ ვერ ხერხდებოდა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი მთლიანად ცნო, განმარტა, რომ მ--- დ----–---–ი ნამდვილად სწავლობდა კასპის საღამოს № 3 საშუალო სკოლაში, თუმცა 1992 წლის სკოლის დამთავრების შესახებ ბრძანების წიგნი ვერ დაიძებნა;
მესამე პირის - სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კასპის არქივის 2019 წლის 23 მაისის საარქივო ცნობის თანახმად, კასპის ადგილობრივ არქივში დაცული, კასპის № 2 საშუალო სკოლის 1981 წლის ბრძანების წიგნში, 1981 წლის 31 აგვისტოს №6 ბრძანებით მ--- დ----–---–ი ჩაირიცხა მოსამზადებელ კლასში; კასპის № 3 საშუალო სკოლის 1985/1986 - 2008/2009 სასწავლო წლებით დათარიღებულ საშუალო განათლების ატესტატატების გაცემის წიგნით, 1992 წელს მ--- დ----–---–ზე გაცემულია ატესტატი № 124088; კასპის № 3 საშუალო სკოლის 1991-1993 წლებით დათარიღებული ბრძანების წიგნითა და კასპის № 3 საჯარო სკოლის (საღამოს სკოლა) 1992-2004 წლებით დათარიღებული ბრძანების წიგნით, 1992 წლის ჩანაწერებში ბრძანება მ--- დ----–---–ის სკოლის დამთავრების შესახებ არ აღმოჩნდა;
მტკიცებულება: სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი კასპის არქივის 2019 წლის 23 მაისის ცნობა № AA2019010348-03.
3.2.2. მ--- დ----–---–ის სახელზე გაცემული დიპლომის მიხედვით, იგი 1992 წელს შევიდა ა------------–--------–---------------–----------–----------------ში, რაც დაამთავრა 1997 წელს;
მტკიცებულება: დიპლომი.
3.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 ივნისის № 59/33/გ გადაწყვეტილებით მ--- დ----–---–ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ მოხერხდა მის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
მტკიცებულება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 ივნისის № 59/33/გ გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც ფაქტი, რომ მ--- დ----–---–მა 1992 წელს ნამდვილად დაამთავარა კასპის საღამოს № 3 საშუალო სკოლის სრული კურსი და მიიღო საშუალო განათლება, დადგენილი და დადასტურებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციით. ამავე დროს, მოპასუხემ სარჩელი ცნო.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სსიპ ,,ქალაქ კასპის № 3 საჯარო სკოლამ" სარჩელი მთლიანად ცნო.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოს ეკისრება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში).
გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის.
სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 1992 წელს მ--- დ----–---–ის მიერ კასპის საღამოს № 3 საშუალო სკოლაში სწავლის, აღნიშნული სასწავლებლის სრული ზოგადი საფეხურის დაძლევის ფაქტის აღიარება.
ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადმინისტრაციული პასუხისმგებელია მის მიერ შექმნილი დოკუმენტაციისა და მასთან დაცული ინფორმაციის სათანადო წესით შენახვაზე.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა რომ კასპის № 2 საშუალო სკოლის 1981 წლის ბრძანების წიგნში, 1981 წლის 31 აგვისტოს №6 ბრძანებით მ--- დ----–---–ი ჩაირიცხა მოსამზადებელ კლასში; კასპის № 3 საშუალო სკოლის 1985/1986 - 2008/2009 სასწავლო წლებით დათარიღებულ საშუალო განათლების ატესტატატების გაცემის წიგნით, 1992 წელს მ--- დ----–---–ზე გაცემულია ატესტატი № 124088; კასპის № 3 საშუალო სკოლის 1991-1993 წლებით დათარიღებული ბრძანების წიგნითა და კასპის № 3 საჯარო სკოლის (საღამოს სკოლა) 1992-2004 წლებით დათარიღებული ბრძანების წიგნით, 1992 წლის ჩანაწერებში ბრძანება მ--- დ----–---–ის სკოლის დამთავრების შესახებ არ აღმოჩნდა.
ასეთ ვითარებაში, სასამართლოს წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და მოპასუხე მხარის სარჩელის ცნობის საფუძველზე შესაძლებლად მიაჩნია, დაადგინოს და აღიაროს სამართლებრივი ურთიერთობა, რამდენადაც თვით ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს ზომები მიღებული მხარისათვის საინტერესო ინფორაციისა და დოკუმენტაციის სათანადო დაცვა-შენახვაზე.
დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დაუცველობა არ შეიძლება ამაში არაბრალეული, დაინტერესებული მხარის ტვირთად იქცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცდა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საშუალო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე, აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე, და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელემ 1992 წელს დაამთავრა კასპის საღამოს № 3 საშუალო სკოლა და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს.
ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე მითითებულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ--- დ----–---–მა 1992 წელს დაამთავრა კასპის საღამოს № 3 საშუალო სკოლა და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--- დ----–---–ის სარჩელი სსიპ ,,ქალაქ კასპის № 3 საჯარო სკოლის" მიმართ, მესამე პირი - სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა” - დაკმაყოფილდეს.
2. აღიარებული იქნეს სამართლებრივი ურთიერთობა იმის თაობაზე, რომ მ--- დ----–---–მა 1992 წელს დაამთავრა კასპის საღამოს № 3 საშუალო სკოლა (დღევანდელი სსიპ ,,ქალაქ კასპის № 3 საჯარო სკოლა") და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება.
3. მ--- დ----–---–ს დაუბრუნდეს ვლადიმერ დ----–---–ის მიერ 2019 წლის 19 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება № 21263387).
4. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი