გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2019
საქმის ნომერი
330210019002803639
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/457-19

330210019002803639

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - თ---------------

წარმომადგენელი - ლ--------–---

მოპასუხე - შპს ,,ა---–-----–----------–-------“

წარმომადგენელი - დირექტორი, მ--------–-------–---–-

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე, შპს ,,ა---–----–----------–-------“ დაეკისროს სახელფასო დავალიანების სახით 18000 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

 

სარჩელის საფუძვლები:

მხარეთა შორის, 2016 წლის 20 აპრილს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დასაქმდა იურისტის პოზიციაზე. ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით, ხოლო ხელფასი განისაზღვრა თვეში 500 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

მოსარჩელემ ხელფასი მიიღო მხოლოდ სამჯერ - 1500 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც შრომითი ხელშეკრულების დადებიდან სარჩელის შეტანამდე გასულია 32 თვე. შესაბამისად, სახელფასო დავალიანება შეადგენს 14500 ლარს.

მოსარჩელემ 2019 წლის 28 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა ფაქტობრივი გარემოება მიუღებელი ხელფასების ნაწილში და განმარტა, რომ მიღებული აქვს არა სამი, არამედ - 2 თვის ხელფასი. ასევე, გაადიდა დავის საგანი და მოითხოვა მოპასუხისათვის 36 თვის მიუღებელი ხელფასის, 18000 ლარის გადასახდელად დაკისრება (ს.ფ.-ები: 73-74).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

მოპასუხემ შესაგებელით დაადასტურა (აღიარა) ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების დადების, მისი ვადისა და ხელფასის ოდენობის ნაწილში, თუმცა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მითითება სახელფასო დავალიანების არსებობის შესახებ, არ დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებებით.

საქმის ზეპირი განხილვისას, 28/06/2019წ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხის დირექტორმა, მ--------–-------–---–-- განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან დადებული იყო ფიქტიურად, წინა რიცხვით; მოსარჩელე არასდროს ყოფილა მოპასუხე კომპანიის იურისტი, ის იყო პირადად ყოფილი დირექტორის, ზ----------------- ადვოკატი და აძლევდა რჩევებს, თუ როგორ მიეყვანა საწარმო გაკოტრებამდე. მისივე განმარტებით, აღნიშნულს ადასტურებს ზ----------------- წერილიც.

მოპასუხის დირექტორმა განმარტა რომ აღნიშნულის შესახებ შეიტყო 2019 წლის მარტში, საბუთების გადმობარებისას. მისივე განმარტებით, მან, 2019 წლის 4 იანვრიდან გაუუქმა მოსარჩელეს რწმუნებულება/მინდობილობა (ს.ფ.76), რაც ნიშნავს, რომ ამ დროიდან შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია (იხ. ს.ფ.-ები: 75-99, ,,შეპასუხება დაზუსტებულ სარჩელზე“ თანდართული საბუთებით; 28/06/2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი. 16:57:06, 16:57:51, 17:00:17).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. რამდენადაც, მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვერ გააქარწყლა შესაგებელში აღნიშნული მისი აღიარება მოსარჩელესთან სარჩელში მითითებული დროიდან შრომითი ხელშეკრულების არსებობისა და ხელფასის ოდენობის შესახებ, - ვერ დაამტკიცა, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რაც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, - სასამართლო საქმეზე უდავოდ დადგენილად ცნობს სარჩელსა და შესაგებელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 20 აპრილს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დასაქმდა იურისტის პოზიციაზე. ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით, ხელფასი განისაზღვრა თვეში 500 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 18-21);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა-გაანალიზების შედეგად, დადგენილად თვლის ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის, 2016 წლის 20 აპრილიდან არსებობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა და მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ აქვს გადახდილი 36 თვის ხელფასი, თვეში 500 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), კერძოდ:

მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა 2019 წლის 4 იანვრიდან არ მომხდარა, რამდენადაც მასზე გაცემული რწმუნებულების/მინდობილობის გაუქმება (ს.ფ.76) ნიშნავს დავალების (სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლი - ,,დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე„) და არა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ხოლო დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა, ავტომატურად არ ნიშნავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, რამდენადაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სახეზე უნდა იყოს საქართველოს ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა მოსარჩელისათვის ხელფასის გადახდის შესახებ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, რაც მან ვერ განახორციელა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 18-21);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

5.1. საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოპასუხე საწარმოში მოსარჩელე მუშაობს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 20 აპრილიდან და რომ ხელშეკრულების თანახმად, მისი ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენს 500 ლარს.

 

5.2. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

5.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, ,,სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში, კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს„ (სუსგ №ას-517-490-2014; 15.09.2014; საქმე №ას-439-2019; 27/06/2019წ.).

 

5.4. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების არსებობა 2016 წლის 20 აპრილიდან და არ დასტურდება აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა 2019 წლის 4 იანვრიდან, ასევე დადასტურებულია მოსარჩელის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა - 500 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე - და ის გარემოება, რომ სახელფასო ანაზღაურება, გარდა 2 თვის ხელფასისა, სარჩელით გათვალისწინებულ პერიოდში (2016 წლის 20 აპრილიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით) მოსარჩელეს არ მიუღია, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, 36 თვის სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

რამდენადაც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე, გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, დავის საგნის ფასი ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისას განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოპსუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18000 ლარის გადახდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს მითითებული თანხის 3 პროცენტის გადახდა, რაც შეადგენს 540 ლარს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. თ---------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე, შპს ,,ა---–----–----------–-------“ მოსარჩელე, თ---------------- სასარგებლოდ, დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 18000 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

3. მოპასუხე, მოპასუხე, შპს ,,ა---–----–----------–-------“ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 540 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი