განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
330100119003079667
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3016-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 ივლისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ---------------–-–---–ი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ხ-------------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლევი, არასრული საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ყ------–-------–-------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ფ--–------–---–------------.

 

ადვოკატი: ც---–----------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, თბილისში, ი-------------–---–-------–---------–--------------------------- საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ხ-------------–---–ი დედას ნ-------------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მოკლავდა და არ აცოცხლებდა, მიასხამდა ბენზინს და დაწვავდა, რაც დაზარალებულის მიერ აღქმული იქნა რეალურად, დაზარალებულმა განიცადა მორალური სახის ზიანი.

 

ასევე, წლების განმავლობაში ხ-------------–---–ი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნისას დედას ნ-------------–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ამცირებდა მას, რა დროსაც ნ-------------–---–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა ხ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ხ-------------–---–ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეების - ნ-------------–---–ის, ს-------------ის, გ--------------------ის, მ------------–იას გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ხ-------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ასევე სამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

ასევე კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ხ-------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, 2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, თბილისში, ი-------------–---–-------–---------–--------------------------- საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ხ-------------–---–ი დედას ნ-------------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით კერძოდ, მოკლავდა და არ აცოცხლებდა, მიასხამდა ბენზინს და დაწვავდა, რაც დაზარალებულის მიერ აღქმული იქნა რეალურად, დაზარალებულმა განიცადა მორალური სახის ზიანი. ასევე, წლების განმავლობაში ხ-------------–---–ი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნისას დედას ნ-------------–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ამცირებდა მას, რა დროსაც ნ-------------–---–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ხ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ-------------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე ხ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ს 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ხ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ ჩაიდინა დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით), ასევე მისი ნასამართლობა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ხ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ხ-------------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-იდან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-იდან 180 საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

ბრალდებულ ხ-------------–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

 

სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ხ-------------–---–ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დაადასტურა, რომ ბრალდებული აღაირებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ძალიან განიცდის მომხდარ ფაქტს და იგი აღარ აპირებს დედასთან ერთად ცხოვრებას.

 

იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. ამასთანავე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ხ-------------–---–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, შესაბამისად, მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს, რის გამოც მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ხ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა ასევე ითვალისწინებს რომ ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლები პირის მიერ (2----–-–-----------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხ-------------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 111 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით. 2019 წლის 12 ივნისის სააღსრულებო ბიუროს ცნობის თანახმად, დაკისრებული ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი არ არის), შესაბამისად, ხ-------------–---–ს განუსაზღვრავს სასჯელს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

ხ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანაშაულთა ერთობლიობით ხ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ხ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ხ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ხ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 ივნისიდან.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხის სკამი, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–--------–-–---------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე