განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160140019003087787
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/246-19 16 სექტემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031040719003)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მადონა ურუშაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: მურმან ხვიბლიანი
ბრალდებული: ს------ მ--------ი
მამის სახელი: რასიმ
დაბადებული: 1-----–-–-----------------–-
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–---------------–----
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ყულარში მდებარე ბ--–------- მ--------ას საცხოვრებელ სახლში, პირადი წყენის მოტივით, ს------ მ--------მა მარჯვენა ხელის მაჯაზე და მარცხენა ფეხის წვივზე არაერთჯერადად დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა დედის - ბ--–------- მ--------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმის მასალებით დადგენილია რომ ს------ მ--------ი არის ბ--–------- მ--------ას შვილი და ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.
საქმეზე უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის N005144319 დასკვნის თანახმად: 1,2,3,4) მოქ. ბ--–------- მ--------ას 05.07.19წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარჯვენა ზედა და მარცხენა ქვედა კიდურებზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის პერიოდს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ასევე უდავოდ ცნობილი დაზარალებული ბ--–------- მ--------ას გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 04 ივლისის ბ--–------- მ--------ას გარეგანი დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 04 ივლისის საგამოძიებო (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ექსპერიმენტის ოქმი, N017893 შემაკავებელი ორდერის ოქმი.
აღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ს------ მ--------მა- დედას ბ--–------- მ--------ას მიმართ განხორციელა ფიზიკური ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ს------ მ--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ს------ მ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ს------ მ--------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ბ--–------- მ--------ას გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 04 ივლისის ბ--–------- მამეოდვას გარეგანი დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 04 ივლისის საგამოძიებო (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ექსპერიმენტის ოქმი, N017893 შემაკავებელი ორდერის ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის N005144319 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ს------ მ--------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ს------ მ--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ს------ მ--------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-მა მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ს------ მ--------მა ძალადობა განახორციელა დედის მიმართ და განხორციელებული ძალადობის მოტივს. ძალადობის გამოხატვის ფორმას, კერძოდ მან სხეულის სხვადასხვა არეში არაერთჯერადი დარტყმით იძალდა დაზარალებულზე. სასამართლო მხედველობაში იღებს ს------ მამეოდვის პიროვნულ მახასიათებელს და მის წარსულ ცხოვრებას.
სასამართლო, ასევე განმარტავს რომ სასჯელის განსაზღვრისას გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს დაზარალებულის პოზიციას, რომელიც ითხოვს ს------ მ--------ის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენებას, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზანი, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება ს------ მამეოდვის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ს------ მ--------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს------ მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ს------ მ--------ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 4 ივლისიდან.
ს------ მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე