გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002001203
2-2539/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17/07/2019 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: ს----------–----------------------–-----------–--–-ა
წარმომადგენელი: ს--------------ე
მოპასუხე:ინდ.მეწარმე ბ------– ე–----------–--
წარმომადგენელი: შ-----------–---
დავის საგანი: ქმედების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ს----------–----------------------–-----------–--–-ა სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ინდ.მეწარმე ბ------– ე–----------–--ს მის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს:
- №1509/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარის - 1023.46 ლარის გადახდა.
- 1509/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარის ვადაში გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს სახით 2017 წლის აპრილის მდგომარეობით გადასახდელი 101.42 ლარის გადახდა, ასევე სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 1023.46 ლარის 0.1 %-ის გადახდა.
-№01510/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული ჰონორარის - 611.73 ლარის გადახდა;
-№01510/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარის გადაუხდელობისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 74.04 ლარის ოდენობით. ასევე სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 74.02 ლარის 0.1 %-ის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 29 ივნისს ს----------–----------------------–-----------–--–-ასა და ინდ. მეწარმე ბ------– ე–----------–--ს შორის გაფორმდა ორი სალიცენზიო შეთანხმება: - ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოების საჯარო შესრულების შესახებ №1509/6 შეთანხმება და ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯარო შესრულების შესახებ №01510/6 შეთანხმება. მოპასუხემ, შეთანხმების საფუძველზე იკისრა ვალდებულება რესტორან ,,ა-----–ი“ ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების საჯაროდ შესრულებისათვის, ასოციაციას გადაუხადოს ჰონორარი, თვეში 135.94 ლარის ოდენობით. №01510/6 შეთანხმების საფუძველზე კი ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების ფონოგრამით საჯარო შესრულებისათვის ჰონორარის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს 67.97 ლარი. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის ბოლოს. მხარეთა შეთანხმებით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1 %-ის ოდენობით. მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა და ჰონორარი არ გადაიხადა. 2017 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, ორივე შეთანხმებაზე მისი დავალიანება შეადგენს 1810.63 ლარს. ასევე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, რაც 2017 წლის აპრილის თვისათვის შეადგენს 175.42 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
ინდ. მეწარმე ბ------– ე–----------–-- სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოპასუხე თურქეთის მოქალაქეა და მან არ იცის ქართული ენა. მისთვის უცნობია რა გარიგება დაიდო, რაზე შეთანხმდნენ და რა ვალდებულებები იკისრა მოსარჩელის წინაშე. მოსარჩელე ვალდებული იყო ხელშეკრულება ეთარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე და გარიგების შინაარსიც მოპასუხისათვის გაეცნო თურქულ ენაზე. მან 2016 წლის აგვისტოში მოსარჩელეს გადაურიცხა 200 ლარი. ფიქრობდა, რომ ამ გზით ასრულებდა საგადასახადო ვალდებულებას. შემდეგში კი, როცა გაერკვა საქმის არსში, მოსარჩელისათვის თანხის გადახდა შეწყვიტა. მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს----------–----------------------–-----------–--–-ა არის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. ს.ფ. 16-17.
3.1.2. ინდ.მეწარმე ბ------– ე–----------–-- მეწარმედ რეგისტრირებულია 2016 წლის 13 იანვრიდან. მას ქ. ბათუმში, გ------–---–-------------ში აქვს რესტორანი ,,ადანა“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. ს.ფ. 18-19
- მხარეთა განმარტებები.
3.1.3. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ ს----------–----------------------–-----------–--–-ასა და ინდ.მეწარმე ბ------– ე–----------–--ს შორის არსებობს 2018 წლის 29 ივნისს დადებული №1509/6 სალიცენზიო შეთანხმება ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ ინდ.მეწარმე ბ------– ე–----------–--, ქ. ბათუმში, გ------–---–-------------ში მდებარე რესტორან „ა-----–ი“,ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისათის ასოციაციას გადაუხდის ჰონორარს თვეში 135.94 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალიცენზიო შეთანხმება №1509/6. ს.ფ. 20-23
3.1.4. მხარეებს შორის ასევე სადაო არაა ის გარემოება, რომ არსებობს 2016 წლის 29 ივნისის, ს----------–----------------------–-----------–--–-ასა და ინდ.მეწარმე ბ------– ე–----------–--ს შორის დადებული სალიცენზიო შეთანხმება №01510/6 ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების ფონოგრამის მეშვეობით საჯარო შესრულების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ ინდ. მეწარმე ბ------– ე–----------–--, ქ. ბათუმში, გ------–---–-------------ში რესტორან „ა-----–ი“ფონოგრამით მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისათის გამოიყენებს ,,ასოციაციის“ რეპერტუარს მიკუთვნებულ მუსიკალურ ნაწარმოებებს. სანაცვლოდ კი ასოციაციას გადაუხდის ჰონორარს თვეში 67.97 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალიცენზიო შეთანხმება №01510/6. ს.ფ. 24-27
3.1.5. სალიცენზიო შეთანხმებით ჰონორარის გადახდის ვადაა ყოველი თვის ბოლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალიცენზიო შეთანხმება №1509/6 #01510/6.
3.1.6. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ 2016 წლის 29 ივნისის სალიცენზიო შეთანხმება №1509/6 და №01510/6 შეიცავს შეთანხმებას მასზედ, რომ ინდ. მეწარმე ბ------– ე–----------–--მ სამ თვეში ერთხელ ასოციაციას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია საჯაროდ, ცოცხლად შესრულებული მუსიკალური ნაწარმოების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალიცენზიო შეთანხმება №1509/6
- სალიცენზიო შეთანხმება №01510/6
3.1.7. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ 2016 წლის 29 ივნისის სალიცენზიო შეთანხმება №1509/6 და №01510/6, შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. ჰონორარის გადახდის ვადის გადაცილების, ასევე შესრულებული მუსიკალური ნაწარმოების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის, არასწორად ან არასრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, ინდ. მეწარმე ბ------– ე–----------–--ს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, გადასახდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალიცენზიო შეთანხმება №1509/6
- სალიცენზიო შეთანხმება №01510/6
3.1.8. ინდ.მეწარმე ბ------– ე–----------–--მ 2016 წლის აგვისტოს თვეში სალიცენზიო შეთანხმებიდან გამომდინარე ჰონორარის სახით გადაიხადა 200 ლარი. მას შემდეგ მას ჰონორარი გადახდილი არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის სადაო გარემოებებია:
- 2016 წლის 29 ივნისს №1509/6 და №01510/6 სალიცენზიო შეთანხმების შინაარსი განემარტა თუ არა ინდ.მეწარმე ბ------– ე–----------–--ს;
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც ნიშნავს მას, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. გარდა ამისა მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს, რომ მან მოპასუხეს 2016 წლის 29 ივნისს №1509/6 და №01510/6 სალიცენზიო შეთანხმების შინაარსი განუმარტა და რომ მოპასუხეს გარიგებაზე ხელი ბრმად არ მოუწერია. მისივე ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ მოპასუხე რესტორანში ასრულებს ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებულ ნაწარმოებებს.
3.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.4. მოსარჩელემ, ძირითად მტკიცებულებად წარმოადგინა 2016 წლის 29 ივნისის №1509/6 და №01510/6 სალიცენზიო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ასოციაციას ჰონორარი გადაუხადოს ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების ტექნიკური საშუალებებითა და ფონოგრამით საჯარო შესრულებისათვის. ხელშეკრულებების ანალიზით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიმართ რაიმე სახის იძულებას, მოტყუებას ან შეცდომაში შეყვანას ადგილი არ ჰქონია. მოპასუხე გაერკვა ხელშეკრულების შინაარსში და მოაწერა ხელი. ამ გარემოებას ადასტურებს როგორც ხელშეკრულება, ასევე ისიც, რომ მოპასუხემ მოსარჩელის წარმომადგენელს საშუალება მისცა დაეთვალიერებინა ფართი და დაეთვალა სკამების ოდენობა. გარდა ამისა, მას შეეძლო ხელშეკრულებას შემდეგშიც გაცნობოდა და თუ არ შეესაბამებოდა მის ნებასა და ინტერესს, მაშინვე გაეხადა სადაო. ის, რომ სარჩელის აღძვრამდე ხელშეკრულების შინაარსი სადაო არ გაუხდია, სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას მასზედ, რომ მოპასუხემ იცოდა ხელშეკრულების შინაარსი, ეთანხმებოდა მას და შეთანხმების წინააღმდეგ დავა არ წამოუწყია მანამ სანამ ასოციაციამ არ მოითხოვა თანხა. გარდა ამისა მას ჰონორარის გარკვეული ნაწილი გადახდილიც აქვს.
3.2.5. სასამართლო ითვალისწინებს რესტორნის სპეციფიკურობას. მისი მომხმარებელი შეიძლება იყოს ეროვნებით ქართველი, თურქი, რუსი ან სხვა ეროვნებისა. წინასწარ შეუძლებელია განსაზღვრული იქნას მომხმარებლის ეროვნება. შესაძლებელია ძირითადი მომხმარებელი თურქი ეროვნების მომხმარებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს მას, რომ მისი მომხმარებელი, რაღაც ოდენობით სხვა არ იყოს. ან კიდე შეუძლებელია იმის ვარაუდი, რომ თუნდაც ეროვნებით თურქს, არ ქონდეს სურვილი ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკის მოსმენისა. ამის დადგენა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ისევ მოპასუხის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოების აღრიცხვით. მას არ აქვს აღრიცხული გამოყენებული მუსიკალური ნაწარმოების მონაცემები, ამიტომ ზოგადად იმის მტკიცება თუ რა მუსიკას ასრულებს მოპასუხე, რთულია. ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე უნდა გადავიდეს. მან ვერ დაამტკიცა. რომ იყენებს მუსიკას, რაც არ განეკუთვნება ასოციაციის რეპერტუარს, ამიტომ არსებობს დასაბუთებული პრეზუმპცია იმისა, რომ მოპასუხე რესტორან ,,ა-----–ი“ ახორციელებს ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკის შესრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს შესრულებული არ აქვს თავისი ვალდებულება და ჰონორარი მოსარჩელისათვის არ აქვს გადახდილი. შესაბამისად სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ საქართველოს კონსტიუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,ა“ პუნქტით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლის უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე;
დასახელებული კანონის მიზანია ავტორთა უფლებების დაცვა. მუსიკალური ნაწარმოები საავტორო უფლებაა და მის მესაკუთრეს უფლება აქვს დაიცვას თავისი საავტორო უფლება და მესამე პირების მიერ მისი გამოყენებისას მიიღოს სარგებელი. საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა.
6.2. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის პირველი პუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება“. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება);
ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება);
გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება);
დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი;
ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება);
ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ზ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება);
თ) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება).
ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება.
ინდ. მეწარმე ბ------– ე–----------–--ს გააჩნია რესტორანი. ის კლიენტების მოზიდვისათვის რესტორანში ასრულებს მუსიკალურ ნაწარმოებებს. მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისათვის აუცილებელია მას ავტორისაგან გააჩნდეს მისი გამოყენების უფლება.
6.3. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის მესამე პუნქტით ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).
6.4. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ,,მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია იქმნება ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ. იგი არ არის შემოქმედებითი კავშირი და მასზე არ ვრცელდება „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ორგანიზაცია იქმნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
ს----------–----------------------–-----------–--–-ა არის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და მას უფლება აქვს ხელოვნების ნაწარმოების გამოყენებაზე დადოს გარიგება და მოითხოვოს ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულება.
6.5. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის პირველი პუნქტის 7-ე ნაწილით საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისათვის დგინდება, ერთი მხრივ ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დგინდება მხოლოდ ამ ორგანიზაციასა და მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. თუ აღნიშნული ორგანიზაცია და მოსარგებლე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტი“. „საქპატენტის“ გადაწყვეტილება შიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში.
6.6. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს სალიცენზიო ხელშეკრულება აქვს დადებული მოპასუხესთან. ასეთი ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადაო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. შესაბამისად მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხებზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. მუსიკალური ნაწარმოები წარმოადგენს დაცულ სიკეთეს. მისი გამოყენებისათვის აუცილებელია ავტორსა და მოსარგებლეს შორის დაიდოს ხელშეკრულება. წინამდებარე შემთხვევაში ასოციაცია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას წარმოადგენს და მასაც აქვს უფლება მოსარგებლესთან დადოს ხელშეკრულება და განსაზღვროს ნაწარმოების საავტორო ჰონორარის ოდენობა. სასამართლომ მტკიცებულებათა ანალიზით დაადგინა, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციასა და ინდ. მეწარმე ბ------– ე–----------–--ს შორის 2016 წლის 29 ივნისს დაიდო სალიცენზიო შეთანხმება №1509/6 და №01510/6, რომლითაც მოპასუხემ მიიღო უფლება კუთვნილ რესტორანში, ტექნიკური საშუალებებით და ფონოგრამით საჯარო შესრულებისათის გამოიყენოს ,,ასოციაციის“ რეპერტუარს მიკუთვნებულ მუსიკალურ ნაწარმოებები. სანაცვლოდ კი ასოციაციას გადაუხადოს ჰონორარი, ტექნიკური საშუალებით შესრულებისათვის თვეში 135.94 ლარის და ფონოგრამით შესრულებისათვის 67.97 ლარის ოდენობით. შეთანხმების მიხედვით ორივე მხარეს ერთმანეთის მიმართ უნდა დაეცვათ ის პირობები რაზეც შეთანხმდნენ. ასეთი ვალდებულება მომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმის მიხედვით ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”. სალიცენზიო ხელშეკრულების დადებისა და მუსიკალური ნაწარმოების შესრულების უფლების მინიჭების შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოითხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება, ანუ ინდ. მეწარმე ბ------– ე–----------–--საგან მოეთხოვა ჰონორარის გადახდა. სალიცენზიო ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სალიცენზიო ხელშეკრულების დადების შემდეგ, ასოციაციას აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ინდ. მეწარმე ბ------– ე–----------–-- მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულების სანაცვლოდ ჰონორარი გადაეხადა ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ყოველთვიურად ჰონორარის გადახდით. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ჰონორარი არ გადაიხადა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს შეთანხმებული ჰონორარის გადახდა. მუსიკალური ნაწარმოების გამოყენების გამო მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარი 1023.46 ლარი და №01510/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული ჰონორარი 611.73 ლარი.
6.7. საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან პირგასამტეხლოს გადახდაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. 2016 წლის 29 ივნისის სალიცენზიო შეთანხმება №1509/6 და №01510/6 შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. ჰონორარის გადახდის ვადის გადაცილების, ასევე შესრულებული მუსიკალური ნაწარმოების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის, არასწორად ან არასრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, გადასახდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ასოციაციას ჰონორარი ჯეროვნად არ გადაუხადა. ასევე ასოციაციას არ წარუდგინა შესრულებული მუსიკალური ნაწარმოების შესახებ ინფორმაცია. ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
წინამდებარე შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. სარჩელის დაკმაყოფილების გამო საქმეზე გადახდილი სახ. ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–----------------------–-----------–--–-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. ინდ. მეწარმე ბ------– ე–----------–--ს ს----------–----------------------–-----------–--–-ის სასარგებლოდ დაეკისროს შემდეგი თანხის გადახდა:
· №0150/69 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარის - 1023.46 ლარის გადახდა.
· №0150/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარის ვადაში გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს სახით 2017 წლის აპრილის მდგომარეობით 101.42 ლარის გადახდა. ასევე სარჩელის შეტანის დღიდან, ანუ 2017 წლის 7 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 1023.46 ლარის 0.1 %-ის გადახდა.
· -№1509/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული ჰონორარის - 611.73 ლარის გადახდა;
· -№1509/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარის გადაუხდელობისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 74.04 ლარის ოდენობით. ასევე სარჩელის შეტანის დღიდან, ანუ 2017 წლის 7 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 611,73 ლარის 0.1 %-ის გადახდა.
3. ინდ. მეწარმე ბ------– ე–----------–--ს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 100 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ№30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე