განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2747-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
04 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - ლ-–----------–---–-
დაცვის მხარე
დამცველები - მ-----------, ა--------–---–-
ბრალდებული - ბ-------------------------------, დაბადებული - 1----–-–------------------, პირადი N------------ განქორწინებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, ს------–-----------–---–-----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს------–-----------–---–-----------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
- საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით იწვევს ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).
თარჯიმანი - ე-–------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ს------–----------–-–--–----------------------------ში, ბ---------------- თავის შვილის - 1--------- წელს დაბადებული ა–---------------ის მიმართ, იმის გამო, რომ ორი თვით ადრე, ეს უკანასკნელი ოჯახის კუთვნილ ფულად თანხას ფარულად დაეუფლა, განახორციელა ძალადობა და მარცხენა ფეხისა და ხელის არეში ჯოხი დაარტყა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2019 წლის 12 მაისს, ბ---------------- გადაწყვიტა თავის შვილის - 1--------- წელს დაბადებული ა–---------------ის დასჯის მიზნით წამება იმის გამო, რომ ორი თვით ადრე, ეს უკანასკნელი ოჯახის კუთვნილ ფულად თანხას ფარულად დაეუფლა. ბ----------------, იმავე დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თბილისში, ს------–----------–-–---–----------------------------–-, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული ვაზის ტალავერის ქვეშ განთავსებულ ხარაჩოზე ა–---------------ი, წინააღმდეგობის გაწევისა და თხოვნის მიუხედავად, ძალის გამოყენებით აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა, რომლის დაბოლოებაც ტალავერზე დაამაგრა. დაზარალებული ამ მდგომარეობაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ, მან დაზარალებული ჩამოხსნა და სახლში შეიყვანა, სადაც დაზარალებულის თხოვნისა და ხვეწნის მიუხედავად, ძალის გამოყენებით და ცემის თანხლებით, საწოლის ფეხზე, მარჯვენა ფეხით, იმავე ჯაჭვით დააბა. ამის შემდეგ, დაახლოებით 21:00 საათზე, ბ--------------- ა–---------------ს ფეხზე ჯაჭვი მოხსნა, ამჯერად ყელზე შემოახვია და კვლავ მიაბა საწოლის ფეხზე, ანუ ჯაჭვის ერთი ბოლო იყო მიბმული ლოგინის ფეხზე, ხოლო მეორე ბოლო შემოხვეული ჰქონდა ყელზე ისე, რომ გახსნა შეუძლებელი იყო. დაბმის დროს, ა–---------------ი მოძალადე მამას წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა ბ--------------- ძალის გამოყენებით, არასრულწლოვანი დაიმორჩილა. ა–---------------ი ასეთ მდგომარეობაში 2019 წლის 13 მაისის დილამდე იმყოფებოდა. დილით, ბ----------------, შვილს ყელიდან ჯაჭვი შეხსნა, ისევ ფეხზე მოახვია და დღის მანძილზე, ამ მდგომარეობაში ამყოფა. ამის შემდეგ, ბ---------------- ა–---------------ს უთხრა, რომ ამჯერად ტალავერზე უნდა დაება. ამ უკანასკნელმა დაიწყო ტირილი ეუბნებოდა, რომ უჭირდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და თავი დაენებებინა. ამის მიუხედავად, დაახლოებით 16:00 საათზე, ბ----------------, სახლის ეზოში არსებული ვაზის ტალავერის ქვეშ განთავსებულ ხარაჩოზე, ა–---------------ი, წინააღმდეგობის გაწევისა და თხოვნის მიუხედავად, ისევ ძალის გამოყენებით აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა, რომლის დაბოლოებაც ტალავერზე დაამაგრა. ამგვარად, ა–---------------ს შეეზღუდა არათუ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, არამედ მოძრაობის საშუალებაც კი, რამდენადაც ფეხები შეკრული ჰქონდა ერთად, ხოლო ჯაჭვის სიგრძის გათვალისწინებით, ხარაჩოდანაც ვერ ჩამოვიდოდა. დაზარალებული ასეთ მდგომარეობაში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ვიდრე ადგილზე სოციალური სამსახურის თანამშრომლები შემთხვევით არ მივიდნენ. ამდენად, არასრულწლოვნის წამება - რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით, იწვევდა ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანი იყო არასრულწლოვნის დასჯა, 2019 წლის 12 მაისის 17:00 საათიდან - 13 მაისის დაახლოებით 16:30 საათამდე გრძელდებოდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბ----------------
მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას
დაზარალებულ ა–---------------ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება შემდეგი: ცხოვრობს ქ. თბილისში, ს------–----------–-–--–----------------------------ში ბებიასთან - ს------------------ და მამასთან - ბ------------------ ერთად. ხშირად მათთან იმყოფება მამიდა, რომელიც უვლის მოხუცებულ ბებიას. სწავლობს ქ. თბილისში, N--------------- სკოლაში და არის მე-8 კლასის მოსწავლე. ამასთან, ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში და პერიოდულად მასთან მიდიან სოციალური სამსახურის თანამშრომლები და ამოწმებენ. მამამ - ბ----------------, მიმდინარე წლის მაისის თვეში, ორჯერ დააბა საცხოვრებელი სახლის ეზოში ვაზის ტალავერზე ჯაჭვით, რისი წინააღმდეგიც იყო. მამამ იმიტომ დასაჯა ამ ფორმით, რომ დაახლოებით ორი თვის უკან სახლიდან მოიპარა ფული 2 000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც უკან დააბრუნა მხოლოდ 500 აშშ დოლარი, ხოლო 1 500 აშშ დოლარი დახარჯა ეტაპობრივად. მამა სხვა დროსაც არაერთხელ გაბრაზებია, ხშირად ეჩხუბებოდა ხოლმე, ყველაფერზე უყვიროდა და აგრესიულად იყო განწყობილი მის მიმართ. მის სიყვარულს ვერ გრძნობდა, უშლიდა ბურთის თამაშს, ეზოდან გარეთ როდესაც გადიოდა საცემრად იწევდა, ეუბნებოდა დაგარტყამ ნუ გადიხარო და ე.წ. „წკეპლაც“ დაურტყამს. სოფელში ბავშვებთან თამაშს უშლიდა, სკოლაში უშვებდა, მაგრამ თუ დააგვიანებდა დაბრუნებას ეჩხუბებოდა და ამის გამო ე.წ „წკეპლას“ შემოარტყამდა ფეხებზე. თითქმის ყოველ დღე ურტყამდა ფეხებზე ხის ტოტს ე.წ. ,,წკეპლას.“ ბებია - ს------ ეუბნებოდა მამას, რომ თავი დაენებებინა, მაგრამ მამა თუ რამეზე გაბრაზდებოდა ყველაფერზე უმიზეზოდ ეჩხუბებოდა. ერთხელ დააგვიანდა სახლში მისვლა, უბანში გაერთო ბავშვებთან თამაშში და ვინაიდან დააგვიანდა და იცოდა, რომ მამა დასჯიდა, ამის გამო დაიმალა საცხოვრებელი სახლის სხვენში და ეძებდა პოლიცია, რადგან დაკარგული ეგონათ. თუმცაღა, რეალურად მამის ეშინოდა და ამის გამო დაიმალა. 2019 წლის 11 მაისს, ბრალდებულმა მარცხენა ფეხისა და ხელის არეში ჯოხი დაარტყა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ეს დარტყმა იმიტომ გაახსენდა, რომ ყველაზე მეტად ეტკინა. რეალურად მამის ეშინია, როდესაც ხედავს ფიქრობს, რომ სცემს. მამამ 2019 წლის მაისის თვეში დააბა ორჯერ მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში. პირველად როდესაც დააბა 2019 წლის 12 მაისს, მამა დაბმამდე ჯერ ეჩხუბა, უყვიროდა „ფული სად წაიღე, რატომ მოვიპარეო“ და ე.წ „წკეპლა“ შემოარტყა ფეხებში, ამ დროს იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის ოთახში. ამის შემდეგ, ძალით ჩაიყვანა ეზოში და მიიყვანა ვაზის ტალავერის ქვეშ მდგარ ხის ხარაჩოსთან. ის წინააღმდეგობას უწევდა, არ ემორჩილებოდა, მაგრამ ბრალდებული ძალით მიათრევდა და როდესაც ხარაჩოსთან მივიდნენ ერთი ხელით მკლავი დაუჭირა, მეორე ხელით ფეხი და ძალით აიყვანა ხარაჩოზე, რა დროსაც წინასწარ გამზადებული ჯაჭვი შემოახვია ფეხზე და ბოქლომით ჩაკეტა, რომ არ გაეხსნა. მამას ხარაჩოც და ჯაჭვიც ჰქონდა გამზადებული წინასწარ. დაბმის პროცესშიც უწევდა წინააღმდეგობას - იქნევდა ხელ-ფეხს, თუმცა მამა ურტყამდა ხელს სხეულზე სადაც მოხვდებოდა. დაბმული არაფერს აღარ ამბობდა, იჯდა ჩუმად ვინაიდან მამა გვერდიდან არ მოშორებია, იქვე იდგა იმის გამო, რომ არ ეყვირა და საშველად არ მოეხმო ვინმე. დაახლოებით ერთ საათში ჩამოხსნა და სახლში შეიყვანა. ამის შემდეგ, სახლში პირველივე ოთახში ლოგინის ფეხზე დააბა იმავე ჯაჭვით, რითაც იყო მიბმული ტალავერზე მისი მარჯვენა ფეხით ისე, რომ ვერ გაიხსნიდა. ხან წვებოდა და ხან დგებოდა, მაგრამ ლოგინს ვერ შორდებოდა. ლოგინზე დაბმის დროსაც უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ მამამ ძალით მიაბა და თან ურტყამდა. დაღამდა, დაახლოებით 21:00 საათზე, დააპირა დაძინება, რა დროსაც ბრალდებულმა ფეხზე მოხსნა ჯაჭვი, ყელზე შემოახვია და ისე მიაბა კვლავ ლოგინის ფეხზე, ანუ ჯაჭვის ერთი ბოლო იყო მიბმული ლოგინის ფეხზე, ხოლო მეორე ბოლო შემოხვეული ჰქონდა ყელზე ისე, რომ ვერ გახსნიდა - ედო ბოქლომი. ყელით დაბმის დროსაც წინააღმდეგობას უწევდა მამას, მაგრამ მან კვლავ ძალის გამოყენებით დააბა და მთელი ღამე ასე დატოვა. დილით უკვე, 2019 წლის 13 მაისს, მამამ კვლავ შეხსნა ყელზე ჯაჭვი და უთხრა, რომ კვლავ ტალავერზე უნდა დაება, დაიწყო ტირილი და ეუბნებოდა, რომ უჭირდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, მეტი აღარ შეეძლო და თავი დაენებებინა, მაგრამ მამამ ხელი მოკიდა მარჯვენა ხელის მაჯაზე და ძალით მიათრია ტალავერთან, სადაც დააბა. დაზარალებულის განმარტებითვე, ბ--------------ი სჯიდა იმის გამო, რომ ფული მოიპარა და ეუბნებოდა კიდეც „ფული მოიტანე, სად წაიღეო“. საუბარია იმ ფულზე, რომელიც ოჯახიდან მოიპარა. მას ეშინია მამის და უნდა, რომ დაიჭირონ და დაისაჯოს იმის გამო, რომ აწვალებდა და ცუდად ექცეოდა, მისი დღესაც ეშინია.
მოწმის სახით დაკითხული ლ--–-----–------- ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ 2014 წლიდან მუშაობს ძ---–-------–--------–---–--------------------- საქალაქო ცენტრის სერვის ცენტრში სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. აწარმოებს არასრულწლოვანი ა–---------------ის (დაბ. 1--------- წელს) საქმეს, რომელიც იმყოფებოდა ნათესაურ მინდობით აღზრდაში, ხოლო 2015 წლიდან იმყოფება რეინტეგრაციის პროგრამაში, რომელიც გულისხმობს ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას. ა–------ ამავე დროიდან - 2015 წლიდან უკვე იმყოფება ბიოლოგიურ გარემოში და სულ მცირე თვეში ერთხელ ახდენს მის გადამოწმებას თუ რა პირობებში იმყოფება ბავშვი. ამ თვის განმავლობაში პირველად მოახდინა მისი გეგმიური შემოწმება და ა–------ს საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდა მის კოლეგასთან - ნ-------–--–-–---–---- ერთად, რა დროსაც სრულიად მოულოდნელად დახვდა ბავშვის განსხვავებული მდგომარეობა - როდესაც საცხოვრებელი სახლის ეზოში შევიდნენ დაინახეს, რომ ეზოში მდგარ ხარაჩოზე იჯდა ბავშვი მუხლებში მოხრილ მდგომარეობაში, ფეხები ჰქონდა მიტყუპებული და იყო ჯაჭვით დაბმული, რომელიც დამაგრებული იყო მის თავზე ტალავერზე. ამაზე ძალიან გაბრაზდა და დაიწყო ხმამაღლა ლაპარაკი, მათ საუბარზე სახლიდან გამოვიდა ა–------ს მამა - ბ--------------ი, რომელსაც ჰკითხა თუ რა ხდებოდა მის სახლში, რომელმაც განუმარტა, რომ მას შვილმა მოპარა ფული, დაახლოებით 2 000 აშშ დოლარამდე და ამის გამო დასაჯა აღნიშნული ფორმით. ბრალდებულს მიუთითა, რომ სასწრაფოდ მოეხსნა ჯაჭვი და გაეთავისუფლებინა ბავშვი. ამასობაში მოახერხა და ფოტოებიც გადაუღო ა–-----ს, რა დროსაც ბიუნიათი ცდილობდა ხელის შეშლას და ხელს უფარებდა ტელეფონზე. როდესაც ბავშვი ჩამოხსნა ბრალდებულმა და შევიდნენ სახლში, ოთახში დახვდა ბავშვის ბებია - ს------------- და ბავშვის მამიდა, რაზეც მათ განმარტეს, რომ იცოდნენ აღნიშნული და მამამ იმიტომ დასაჯა საკუთარი შვილი, რომ სახლიდან ფული მოპარა. ამის შემდეგ, დაუყოვნებლივ მომართეს სამართალდამცავ ორგანოს განცხადებით, რასაც დაურთო გადაღებული ფოტოები და მოითხოვა მყისიერი რეაგირება.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა გამოძიებას მოწმის სახით დაკითხულმა ნ-------–--–-–---–--– (უდავო მტკიცებულება).
მოწმის სახით დაკითხული ფ-------------- ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ მისი ძმა არის ბ--------------ი, რომლის მინდობით აღზრდაზე იმყოფებოდა მისი შვილი - ა–---------------ი, რის გამოც მათთან მიდიოდა სოციალური მუშაკი და ამოწმებდა პერიოდულად. შემთხვევის დღეს მის ძმას ბ--------------ს ჯაჭვით ჰყავდა დაბმული თავისი შვილი, რა დროსაც მივიდნენ სოც. მუშაკები, აღნიშნულის დანახვაზე აღშფოთდნენ და ა–---------------ი წაიყვანეს სახლიდან. პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე მისმა ძმამ გადამალა ხის ხარაჩო, ტომარა და ჯაჭვი, რომელზეც იჯდა ა–---------------ი. მოწმეემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა–---------------ი თავისი ნების საწინააღმდეგოდ დააბა მისმა ძმამ ჯაჭვით, რადგან ბავშვმა დაახლოებით ორი თვის წინ ბრალდებულს მოპარა ფული, რის გამოც მისი ძმა იყო გაბრაზებული და შვილი აღნიშნული ფორმით დასაჯა.
მოწმის სახით დაკითხული ს-------------ს ჩვენების მიხედვით (უდავო მტკიცებულება), ბ--------------ი არის მისი შვილი, ხოლო ა–---------------ი შვილიშვილი, რომელიც იმყოფებოდა მინდობით აღზრდაზე. ა–---------------მა ოჯახიდან მოიპარა ფული, რის გამოც მამა ხშირად საყვედურობდა, რომ ნორმალური ადამიანი აღზრდილიყო. შემთხვევის დღეს ბ---------------- ა–---------------ი ჭკუის სწავლების მიზნით დააბა ჯაჭვით მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რაც ნახეს სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა და ბავშვი წაიყვანეს.
2019 წლის 14 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, ს------–-----------–---–-----------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებული იქნა რკინის ვერცხლისფერი ჯაჭვი, ოქროსფერი ბოქლომიანი გასაღებით და მორუხო ფერის ნაჭრის ტომარა.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა ბ---------------- წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ნაწილში დამნაშავეა, ხოლო მის წამებიაში - უდანაშაულო, ვინაიდან შვილი სახლიდან ფულის მოპარვის გამო დასაჯა და ამიტომ დააბა, წამების განზრახვა არ ჰქონია. სურდა შვილის გამოსწორება, რათა მომავალში მსგავსი ქმედება აღარ ჩაედინა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
იგივე მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ანალოგიურ საკითხთან მიმართებაში. კერძოდ, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქმეში ახალგაზრდა ბიჭი სასტიკად სცემა მამინაცვალმა, რომელიც შემგომში წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე თავდასხმისათვის, თუმცაღა, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობა ნებას რთავდა მშობელს განეცხადებინა და არგუმენტად მოეყვანა ,,მშობლის მიერ დისციპლინარული სასჯელის გამოყენება“, როდესაც ადგილი ჰქონდა მშობლის მიერ შვილზე თავდასხმის ბრალდებას. ბავშვმა და მისმა მამამ გაასაჩივრეს ხსენებული კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, რომელმაც გაიზიარა მსხვერპლის მოსაზრება და აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ ცალკეულ ღონისძიებათა განხორციელება, რათა თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ინდივიდუალური პირები არ დაექვემდებარონ წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს (A v. the United Kingdom 1998 წლის 23 სექტემბრის განაჩენი, 1998-VI, 22-ე პუნქტი).
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ---------------- ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით, იწვევს ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ბ--------------ი თავს ნაწილობრივ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადაო მტკიცებულება, ასევე შეაფასა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ბ---------------- ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. ამდენად, როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი. ოჯახის წევრად ითვლება შვილი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, ბ) მართლსაწინაღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილში (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. ძალადობამ შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, მოჭერა, მოქაჩვა - ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხს და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით ან რაიმე მკვრივი საგნით. ამ მუხლის მე-2 ნაწილის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ქმედების ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.
საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით კრიმინალიზებულია წამება. ადამიანის დაცვა წამებისაგან პირის აბსოლუტური უფლებაა და მისი გამართლება არ შეიძლება რაიმე საზოგადოებრივი აუცილებლობით ან სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის. წამებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური თვალსაზრისით, დაცვის დამატებით ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის პირად, ოჯახურ თუ სხვაგვარი საიდუმლოების (ინფორმაციის) დაცვასთან, წამების დამატებითი ობიექტია ასევე ადამიანთა თანასწორუფლებიანობა რასის, ეროვნების თუ სხვა ნიშნის მიხედვით. წამების ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ქმედებაში (მოქმედებასა და უმოქმედობაში - პირობების შექმნასა და მოპყრობაში), ბ) შედეგში (ძლიერ ფიზიკურ ტკივილში, ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვაში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური დანაშაული. წამების მსხვერპლი შეიძლება იყოს დამნაშავის ოჯახის წევრი, მასზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირი. პირობების შექმნა გარეგნულად არააგრესიულ ქმედებაში გამოიხატება. მაგალითად, პირისათვის ადამიანური ცხოვრების პირობების მოსპობა. კერძოდ, მისთვის ისეთი საცხოვრებელი პირობის შექმნა, როცა მას არა აქვს საშუალება დაიძინოს და იკვებოს ნორმალურად - დაიძნოს საწოლზე ყელზე ჯაჭვით დაბმულმა და მიიღოს მცირე დოზით არასრულფასოვანი საკვები, დაიცვას ელემენტარული პირადი ჰიგიენა და ა.შ. მოპყრობა კი, გულისხმობს უფრო აქტიურ და აგრესიულ ქმედებას. მაგალითად, სისტემატურ ცემას, სხვადასხვა ძალადობას - იძულებას არასრულწლოვანი მსხვერპლი საათობით იჯდეს ხარაჩოზე ტალავერზე ჯაჭვით მიბმულ მდგომარეობაში და ა.შ. რაც შეეხება წამების შედეგს, მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს დაზარალებულის მორალური ტანჯვა - არასრულწლოვანი მსხვერპლი ტიროდა და ბრალდებულს ეხვეწებოდა თავი დაენებებინა, ვინაიდან მდგომარეობას რომელშც ის იმყოფებოდა ვეღარ უძლებდა. სუბიექტური მხრივ წამებისათვის აუცილებელია სპეციალური მიზნის არსებობა (მიზნით დაფუძნებული დელიქტი). ეს მიზანი კი, შეიძლება იყოს პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის და მიაღწევს თუ არა პირი მიზანს, ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს - სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა არასრულწლოვანი დაზარალებულისათვის ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა სახლიდან ფულის მოპარვის გამო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა წამება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი პირის მიმართ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუძემდებლურ ფასეულობას იცავს. აღნიშნული მუხლი აბსოლუტურად კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასა თუ დასჯას არსებული გარემოებებისა და დაზარალებულის ქცევის მიუხედავად (კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ (Kudla v. Poland), განაცხადი no. 30210/96, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2000 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტლების პუნქტი 90; ნეკრასოვი რუსეთის წინააღმდეგ (Nekrasov v. Russia), განაცხადი no. 8049/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების პუნტი 90).
იმისთვის, რათა არასათანადო მოპყრობა კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ სფეროში მოხვდეს, მან უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს. ამ ზღვარის შეფასება ფარდობითია და საქმის ყველა გარემოებაზეა დამოკიდებული, როგორიცაა: მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური შედეგები და ზოგ შემთხვევაში დაზარალებულის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა (ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom), განაცხადი no. 5310/71, 1978 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება, პუნქტი 162, ნეკრასოვი რუსეთის წინააღმდეგ (Nekrasov v. Russia), განაცხადი no. 8049/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების პუნტი 91).
იმ მტკიცებულების შეფასებისას, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება – დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი – ევროპული სასამართლო სარგებლობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულების სტანდარტით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია ემსახურება მხოლოდ ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობას.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ ბ---------------- ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით, იწვევს ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად რჩება.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჯაჭვი, ბოქლომი გასაღებით და ნაჭრის ტომარა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილებაში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ კომპაქტ დისკზე, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ბ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება - ბ--------------ს 03 (სამი) წლის განმავლობაში აეკრძალოს დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
3. ბ---------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 მაისიდან.
4. ნივთმტკიცება:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჯაჭვი, ბოქლომი გასაღებით და ნაჭრის ტომარა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ კომპაქტ დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი