გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #611210019003029179
#2/262-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.09.2019 წ. ქ. მ--------–ი
შესავალი ნაწილი
მ--------–ის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე მანანა მესხიშვილი
სხდომის მდივანი ნათია მიქელაძე
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი"
წარმომადგენელი - გ------- დ----ე
მოპასუხე - ზ------- ე-------–-–ი
წარმომადგენელი - ა---- ა--------ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს ,,ს----------–--------ი" ითხოვს ზ------- ე-------–-–ის მფლობელობიდან ქ. მ--------–ში, რ--------–---------ში მდებარე ბ. #27-ის (სკ 8------------------) გამოთხოვას და მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას.
მოთხოვნის საფუძვლად სარჩელში მითითებულია, რომ სს ,,ს----------–--------მა" საჯარო აუქციონზე შეიძინა ზ------- ე-------–-–ის კუთვნილი უძრავი ქონება. შეძენის შემდეგ ის ისევ იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, რის გამოც ბანკი ვერ ახერხებს თავისი უძრავი ქონების მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ზ------- ე-------–-–იმ სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ არ ცნობს სარჩელს. მისთვის სარჩელის ჩაბარების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მისი ოჯახსი საკუთრება ირიცხება მოსარჩელის საკუთრებად. სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვეაში სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს მათ უფლებებზე.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელის ჩაბარებამდე მისი მარწმუნებლისთვის არავის უცნობებია, რომ იყო დავალიანება და რომ ქონება შეიძლება გაყიდულიყო. მოპასუხეს აქვს სურვილი, რომ ბეს ხელშეკრულების საფუძველზე დაიბრუნოს ქონება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. მ--------–ში, რ--------–---------ში მდებარე ბ. #27 (სკ 8------------------) წარმოადგენდა ზ------- ე-------–-–ის საკუთრებას.
მტკიცებულება:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 16-17).
3.1.2. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო აუქციონზე შეიძინა სს ,,ს----------–--------მა" და საჯარო რეესტრში დღეის მდგომარეობითაც ირიცხება სს ,,ს----------–--------ის" სახელზე საკუთრების უფლებით.
მტკიცებულება:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 14-15).
3.1.3. ქ. მ--------–ში, რ--------–---------ში მდებარე ბ. #27-ს (სკ 8------------------) ფლობს ზ------- ე-------–-–ი.
მტკიცებულებები:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 2-13, 35-42, 2019 წლის 12 სექტემბრის სხდომის ოქმი 14:03:24-14:07:53).
3.1.4. მესაკუთრეს სურს, რომ ზ------- ე-------–-–იმ შეწყვიტოს მისი კუთვნილი უძრავი ქონების ფლობა.
მტკიცებულებები:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 2-13, 35-42, 2019 წლის 12 სექტემბრის სხდომის ოქმი 14:03:24-14:07:53).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სს ,,ს----------–--------ი"-ს მოთხოვნა ზ------- ე-------–-–ის მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე შპს ,,ს----------–--------ი" - მისი საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
რაც შეეხება ფლობას, საქართველოს სკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ქონებას ჯერ კიდევ მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციამდე ფლობდა და დღესაც ფლობს მისი ძველი მესაკუთრე მოპასუხე ზ------- ე-------–-–ი.
ამასთან, ნორმის თანახმად, მოთხოვნის უფლება უსაფუძვლოა, თუ ნივთის მფლობელს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება. მოვალის მფლობელობის უფლების საფუძველი შეიძლება იყოს შეზღუდული სანივთო უფლებებიდან ნაწარმოები ნივთის ფლობის უფლება, მაგალითად, უზუფრუქტის (242), გირავნობის (254) საფუძველზე. გარდა ამისა, მფლობელობის უფლება შეიძლება წარმოიშვას ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, როგორც ფარდობითი უფლება, მაგალითად, ქირავნობა (531), იჯარა (581), ასევე, შემნახველის მიერ ნივთის დაკავების უფლება (776) და სხვა (ლ. თოთლაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მ. 172, გვ. 4, .
ზ------- ე-------–-–ის ფლობის უფლება ემყარებოდა სადავო ნივთზე მისი საკუთრების უფლებას. თუმცა მას შემდეგ, რაც მან დაჰკარგა ეს უფლება, მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერება დამოკიდებულია მხოლოდ მესაკუთრის ნებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მესაკუთრე ითხოვს მფლობელის გამოსახლებას მის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან, ეს ნიშნავს, რომ ზ------- ე-------–-–ის მიერ უძრავი ქონების ფლობა მესაკუთრის ნებას არ შეესაბამება და, შესაბამისად, არამართლზომიერია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ მასთან ერთად სადავო სახლში ცხოვრობენ სხვა პირებიც.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
აღნიშნული ნორმის დანაწესი გულისხმობს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, დაიწყებს თუ არა დავას სასამართლოში, ვის წინააღმდეგ დაიწყებს და რა მოთხოვნას წაუყენებს მას. შესაბამისად, მოსარჩელის (მესაკუთრის) გადასაწყვეტია, მის კუთვნილი უძრავი ქონებიდან მხოლოდ ერთი პირის გამოსახლებას მოითხოვს თუ სხვა პირებისასაც, და ეს სარჩელის საფუძვლიანობაზე (დაკმაყოფილებაზე) გავლენას ვერ მოახდენს.
შეჯიბრებითობის პრინციპის (საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლი) თანახმად კი, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი ადგენს იმ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სარჩელი იმისათვის, რომ სასამართლომ ის მიიღოს წარმოებაში. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღნიშნოს მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი პირი, რომლის უფლებებსა და სამართლებრივ მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს სასამართლო გადაწყვეტილება, წარმოადგენს მოპასუხეს და ის იდენტიფიცირებული უნდა იყოს დავის დაწყების - სარჩელის წარდგენის ეტაპზევე. ეს მას საშუალებას მისცემს სრულად მოახდინოს კანონმდებლობით მხარისათვის მინიჭებული უფლებების რეალიზება - მიიღოს და გაეცნოს სარჩელს, წარმოადგინოს შესაგებელი, თავისი პოზიცია მოახსენოს სასამართლოს, მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში, მიიღოს საქმეში არსებული ნებისმიერი დოკუმენტი, გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება და სხვა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ პირის სასარგებლოდ ან იმ პირის მიმართ, რომელიც საქმის განხილვაში მონაწილეობდა მხარის - მოსარჩელის ან მოპასუხის სტატუსით. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მხოლოდ მხარეთათვის შეიძლება იყოს სავალდებულო შესასრულებლად.
ამაზე მეტყველებს საქართველოს სსკ-ის 266-ე მუხლის დანაწესიც, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს (და არა ნებისმიერ პირს) არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მოსარჩელის მიერ მოპასუხედ მითითებული პირის მფლობელობიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამასთან, მოსარჩელეს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის - 60 ლარის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დეკისროს 60 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ს----------–--------ი"-ს სარჩელი ზ------- ე-------–-–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. სს ,,ს----------–--------ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მის.: ქ. მ--------–ი, რ--------–---------, ბ. #27 გამოთხოვილ იქნას ზ------- ე-------–-–ის უკანონო მფლობელობიდან და აღნიშნული უძრავი ქონება სს ,,ს----------–--------ს" გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
3. მოპასუხე ზ------- ე-------–-–ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 60 (სამოცი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მ--------–ის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.
მოსამართლე მანანა მესხიშვილი