გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/36815-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - სს „------- ბ----’’
წარმომადგენელი - თ----- მ-----–-–---–-, თ----- კ--------
მოპასუხეები - მ---- ბ-----–---–-, მ--–----- მ–----------, შ-- ,,ბ--–----- 2---’’, მ------ გ------–---
წარმომადგენელი - კ--- ჩ---–--–---–-, ი-----–- ჩ-------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 2011 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 39 939.6 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 20 761.61 აშშ დოლარი, პროცენტი - 17 101.99 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2 076 აშშ დოლარი;
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე მ------ გ------–---- საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, კ------------- ს-------–------ ქ---- #1-, ბინა #7- (ს/კ 01.13.06.003.001.03.071).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2011 წლის 25 იანვარს სს ,,თ----- ბ----’’-სა (შემდგომში მოსარჩელე) და მოპასუხე მ---- ბ----–---–- (შემდგომში მსესხებელი) შორის დაიდო საკრედიტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2011 წლის 25 იანვარს მოსარჩელეს და მ--–---- გ-----–---- შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, კ------------- ს-------–------ ქ---- #1-, ბინა #7- (ს/კ 01.13.06.003.001.03.07-).
2011 წლის 26 იანვარს მოსარჩელეს და მსესხებელს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი - 149 000 აშშ დოლარის ოდენობით, 01/02/2017-მდე, წლიური სარგებლის - 19%-ის დარიცხვის პირობით.
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორს და მოპასუხე მ--–----- მ–----------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, ასევე მოსარჩელეს და შ-- ,,ბ--–----- 2---’’-ს შორის გაფორდმა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეებმა სოლიდარულად მთელი მოცულობით ივალდებულეს მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა თითოეულისათვის განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარს ან მის ექვივალენტს ნებისმიერ ვალუტაში.
მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.4 პუნქტის, ასევე საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.7 პუნქტის თანახმად განისაზღვრა რომ ვალდებულების დარღვევის სესხის ძირ თანხაზე დაერიცხებოდა კრედიტის ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები არ ასრულებენ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით და გადახდის გრაფიკით ნაკისრ ვალდებულებებს, რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევებში და თანხაზე დარიცხული პროცენტების გადაუხდელობაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 01/02/2017-ში.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1.-2.4. მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხეებმა სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინეს მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლები, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 25 იანვარს მოსარჩელეს და მ---- ბ----–---–- შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანხად ხელშეკრულების თანხად განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში.
აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ამავე თარიღში მოსარჩელეს და მოპასუხე მ--–---- გ-----–---- შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, კ------------- ს-------–------ ქ---- #1-, ბინა #7- (ს/კ 01.13.06.003.001.03.07-).
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია მიიღოს დაკმაყოფილება იპოთეკის საგნიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულებები (ს.ფ.19-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2011 წლის 25 იანვარის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2011 წლის 26 იანვარს მოსარჩელეს და მსესხებელს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კრედიტის თანხა განისაზღვრა 149 000 ლარით, წლიური 19%-ის სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი განისაზღვრა პერიოდი 2/1/2017-მდე.
ხელშეკრულების თანახმად, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 36-39);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2011 წლის 25 იანვარის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეს და თავდებებს - მ--–----- მ–--------- და შ-- ,,ბ--–----- 2---’’-ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები.
თავდებობის ხელშეკრულებების პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს თავდების ვალდებულება მთლიანად იყოს პასუხისმგებელი ბანკის წინაშე თავდების განცხადებაში აღნიშნული კლიენტის მიერ 2011 წლის 25 იანვრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
თავდებობის ხელშეკრულებების 2.2 პუნქტის თანახმად, თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა შეადგენს 500 000 აშშ დოლარს ან მის ექვივალენტს ნებისმიერ ვალუტაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადებები, ხელშეკრულებები (ს.ფ. 40-47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მსესხებლის მიერ დარღვეულია 2011 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დადგენილი გრაფიკით გადახდის ვალდებულება. მსესხებელს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2012 წლის 10 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი (ს.ფ. 50);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. 2018 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხე მსესხებელს 2011 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 102 861.42 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 20 761.61 აშშ დოლარი, პროცენტი - 17 275.76 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 64 824.05 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 51);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის რომ არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 1-8-ე, 1-9-ე, 130-ე, 144-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით, ისევე როგორც იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. უდავოა, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულება თანხის ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკით გადახდის თაობაზე, თუმცა მოპასუხეთა მიერ არსებითად სადავოა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. შესაბამისად, სასამართლო უპირველესად განიხილავს სწორედ ხანდაზმულობის საკითხს, ვინაიდან სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევა თავისთავად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობაა უშუალოდ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე მსჯელობის გარეშე.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. ყოველი უფლება, უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. უშუალოდ შრომითი უფლების დაცვის თაობაზეც დაუშვებელია საწინააღმდეგო მოცემულობის დადგენა. შრომითი უფლების რეალიზაციაც ისევე (და შესაძლოა უფრო მეტადაც) უნდა იყოს შეზღუდული და შემოფარგლული დროის გონივრული მონაკვეთით, როგორც სხვა სამოქალაქო უფლებები. ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.
სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად კი: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს...“ (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნონ ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე. მოთხოვნის საერთო ვადის დადგენა კი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის უფლების მიმნიჭებელი გარემოებების შესახებ ცოდნის (ან უხეში გაუფრთხილებლობით - არცოდნის) სუბიექტური კრიტერიუმი არ იწვევდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ფაქტობრივ ხანდაზმულობაუნარიანობას.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2012 წლის 10 სექტემბერს. განსახილველი სარჩელი კი წარმოდგენილია 2018 წლის 20 დეკემბერს - ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობა განიხილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შემაფერხებელ გარემოებად და სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, რის გამოც სასამართლო არსებითად აღარ მსჯელობს მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებებზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 3 193 ლარი, რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----- ბ----’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმუობის გამო;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია