განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2019
საქმის ნომერი
330100119003037668
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2595-19 (№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა

და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი---------ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ფ------ მ------ის ძე ბ------- ა----ი - დაბადებული 1--- წლის 1------------ს, ი----------–-----------------–--ის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ი----------–-----------------–--ა, ქ------------------------------------ ქუჩაზე და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კ---------------–---–-------------ში

 

ადვოკატი - ზ------ ფ-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

თარჯიმანი - ლ---–- ჭ----–-–---–-

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის დეკემბერში, ქ.თბილისში, კ----------–---–-------------ში, ფ------ ბ------- ა----იმ მ------ მ--------ის, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და 2018 წლის ნოემბრის ბოლოდან ეწეოდა ერთიან სამეურნეო საქმიანობას, ხელი გაარტყა რამდენჯერმე სახის არეში და თავი მიარტყმევინა წყლის გამათბობელ მოწყობილობას, რა დროსაც მ------ მ--------იმ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. ფ------ ბ------- ა----ი და მ------ მ--------ი 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე ცხოვრობდნენ ერთად, არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ქ.თბილისში, კ----------–---–-------------ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, რა დროსაც ფ------ ბ------- ა----ი უკანონოდ - ისე, რომ მ------ მ--------იმ არაფერი იცოდა და ნება არ მიუცია - პერიოდულად იღებდა ფოტო და ვიდეო კადრებს, მ------ მ--------თან პირადი ცხოვრების საიდუმლო, მათ შორის, ინტიმური თანაცხოვრების თაობაზე, რასაც უკანონოდ ინახავდა თავის კუთვნილ ,,Apple“ ფირმის ლეპტოპში.

 

მ------ მ--------ი ფ------ ბ------- ა----ის მხრიდან განხორციელებული ოჯახური ძალადობისა და კონფლიქტების გამო დაშორდა მას. ფ------ ბ------- ა----ი 2019 წლის 20 მარტს, შუადღის საათებში, მ--------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მ------ მ--------ს, აჩვენა რა უკანონოდ მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალა - უკანონოდვე გამოიყენა ისინი, მ------ მ--------ის ნებაზე ზემოქმედების მიზნით, რათა ამ უკანასკნელს თავისი ნების საწინააღმდეგოდ, გაეგრძელებინა მასთან თანაცხოვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსენებულ მასალას გადაუგზავნიდა ირანში მის მშობლებს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები; საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ლეპტოპი, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნა და საექსპერტო კვლევით ამოღებული ფოტო და ვიდეო მასალა, დაზარალებულის და ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერების ოქმები და სხვ.) ერთობლიობა ფ------ ბ------- ა----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევის მიუხედავად, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა ფ------ ბ------- ა----მა თავი დამნაშავედ არ სცნო წარდგენილ ბრალდებებში ი----------–-----------------–--იდან გამოგზავნილი, დაზარალებულ მ------ მ--------ის განცხადებაზე აპელირებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში, ასევე ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის წევრი ამ კანონის მიზნებისათვის არის, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე.

 

ამდენად, სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციების შესაბამისად განმარტავს, რომ ყოფილი მეუღლეები, მათ შორის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები (მათ შორის ოჯახური დანაშაულის სუბიექტები), ვინაიდან არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მეუღლეები იმყოფებიან თუ არა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მთავარია ისინი ერთად ეწევიან (ეწეოდნენ) ოჯახურ ცხოვრებას, ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ანალოგიური მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც ერთ-ერთ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) არ განასხვავებს „კანონიერ“ და „უკანონო“ ოჯახებს (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ (Marckx v. Belgium), განაცხადი no. 6833/74, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პლენუმის 1979 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტი 31). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს მიდგომა შემდგომ პრაქტიკაშიც შეინარჩუნა. კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მხოლოდ დაქორწინებულ პირებზე არ ვრცელდება და შეიძლება მოიცავდეს de facto ოჯახსაც, რომლის მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან (ალიმი რუსეთის წინააღმდეგ (Alim v. Russia), განაცხადი no. 39417/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 69).

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლს, იგი დასჯად ქმედებად აცხადებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვასა და გამოყენებას. პირად საიდუმლოს წარმოადგენს ცნობები, რომლის გახმაურებაც თვით იმ პირის თანხმობის გარეშე, ვისაც ეს ეხება, არ შეიძლება. პირადი ცხოვრების საიდუმლოება შეიძლება ეხებოდეს დაზარალებულის ჯანმრთელობას, ცხოვრების წესს, სექსუალურ ორიენტაციას, სქესობრივ ცხოვრებას და ა.შ. საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებაში იგულისხმება სხვადასხვა ხერხით და საშუალებით ცნობების მოძიება და შეგროვება; შენახვაში - უკვე მოპოვებული ინფორმაციის ფლობა მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად, რაც უმეტეს შემთხვევაში მისი გავრცელების წინაპირობას ან დაზარალებულის შანტაჟის საშუალებას წარმოადგენს; გამოყენება კი შესაძლოა მოხდეს გავრცელების გარეშეც, როდესაც პირი ხსენებულ ცნობებს იყენებს დაზარალებულის ნებაზე ზემოქმედების მიზნით.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, დაზარალებულ მ------ მ--------ის მოსამართლის წინაშე დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ფ------ ბ------- ა----თან 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის თებერვლის თვის შუა რიცხვებამდე იმყოფებოდა არაოფიციალურ ქორწინებაში, რა დროსაც ბრალდებული სისტემატურად ეჭვიანობდა მასზე, აკონტროლებდა მის ქცევასა და ჩაცმულობას, პირად მობილურ ტელეფონსა და სოციალურ ქსელებს. 2018 წლის დეკემბრის თვეში, ფ------ ბ------- ა----მა ეჭვიანობის ნიადაგზე, ხელი დაარტყა სახის არეში, დარტყმის შედეგად კი თავი მიარტყა სახლში - მისაღებ ოთახში, ფანჯრის გვერდით დამონტაჟებულ წყლის გამათბობელს და იგრძნო საშინელი ტკივილი, თუმცა ექიმისთვის არ მიუმართავს. ვინაიდან სახეზე დაზიანებები ძალიან ემჩნეოდა, მეგობრებს უთხრა, რომ ავარიაში მოყვა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, საცხოვრებლად გადავიდა მეგობართან - ჯ--–--– თ-----------–--------ისთან. მ------ მ--------ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ფ------ ბ------- ა----ი, დაზარალებულთან მისი ნების საწინააღმდეგოდ თანაცხოვრების გაგრძელების მიზნით, ემუქრებოდა მ------ს მისი ნებართვის გარეშე გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი სურათებისა და ვიდეოების ოჯახის წევრებისათვის ირანში გაგზავნით. მ------ მ--------ი სურათების და ვიდეოების არსებობაში დარწმუნდა მას შემდეგ, რაც 2019 წლის 20 მარტს ბრალდებულმა მარჯანიშვილის ქუჩაზე შეხვედრისას, მისივე კუთვნილ ლეპტოპში აჩვენა ვიდეო, სადაც მ------ი არის ნახევრად შიშველი, ასევე ფ------ც და მ------იც არიან შიშვლები და აქვთ ინტიმური კავშირი, ასევე შიშველი მ------ის ფოტოები.

 

დაზარალებულ მ------ მ--------ის ჩვენების სისწორე უტყუარად დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმე ჯ--–--– თ-----------–--------ის ჩვენებით, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N------- დასკვნით და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, კერძოდ:

 

- ჯ--–--– თ-----------–--------ის ჩვენებით, მ------ მ--------თან აქვს მეგობრული ურთიერთობა, მისთვის მ------ისგან ცნობილი იყო მეუღლესთან კონფლიქტის, ცემის ფაქტის და შანტაჟის შესახებ. მოწმის განმარტებით, მეუღლის მხრიდან 2018 წლის დეკემბრის თვეში განხორციელებული ფიზიკური ძალადობა გახდა მ------ისა და ბრალდებულის დაშორების მიზეზი, რის შემდეგაც დაზარალებული მის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. მოწმის ჩვენებით, 2019 წლის 20 მარტს მ------ს თან ახლდა სკვერში ბრალდებულთან შეხვედრისას, რა დროსაც ფ------ ბ------- ა----მა მოწმესაც ლეპტოპში აჩვენა ვიდეო, სადაც ჩანდა მ------ი, რომელიც შიშველ მდგომარეობაში იწვა საწოლზე და ნახევრად შიშველი ბრალდებული ედგა გვერდით.

 

- კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N------- დასკვნით, ბრალდებულის კუთვნილი ,,Apple“-ის ფირმის პორტატული კომპიუტერის მყარი დისკიდან ამოღებული იქნა 8 ფოტო ფაილი, 18 ვიდეო ფაილი და სოციალური ქსელების ვებ-მისამართებზე წვდომის ისტორია.

 

2019 წლის 25 მაისის და 2019 წლის 29 მაისს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, დაზარალებულ მ------ მ--------ის და ბრალდებულ ფ------ ბ------- ა----ის მონაწილეობით დათვალიერდა ბრალდებულ ფ------ ბ------- ა----ის დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ,,Apple“-ის ფირმის ვერცხლისფერი ლეპტოპიდან ამოღებული ფაილები, რა დროსაც მ------ მ--------მა დაადასტურა, რომ ყველა ფოტო და ვიდეო ჩანაწერებში გამოსახული ქალი არის თვითონ, მამაკაცი კი მისი მეუღლე ფ------ ბ------- ა----ი, ხოლო ფ------ ბ------- ა----მა (ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით) დაადასტურა, რომ ყველა ფოტო და ვიდეო ჩანაწერებში გამოსახული მამაკაცი არის თვითონ, ქალი კი მისი მეუღლე მ------ მ--------ი.

 

ამდენად, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალდებულის მიერ როგორც მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, ისე პირადი ცხოვრების საიდუმლოს - სქესობრივი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება, რისი მიზანიც იყო მ------ მ--------ის შანტაჟი და მის ნებაზე ზემოქმედება, რათა ამ უკანასკნელს მეუღლესთან გაეგრძელებინა თანაცხოვრება ასეთი სურვილის არქონის მიუხედავად.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის ვერსიას ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რაც ემყარება მხოლოდ მ------ მ--------ის მიერ თითქოსდა ირანის რესპუბლიკიდან გამოგზავნილ წერილს, სადაც დაზარალებული ადასტურებს გამოძიებისა და სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების სიცრუეს. ზ/აღნიშნულ წერილს დაზარალებული განმარტავს, რომ მეუღლეზე გაბრაზებულმა შურისძიების მოტივით მისცა ცრუ ჩვენება მის წინააღმდეგ, იყო აფექტის მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს და გარდა ამისა, პოლიციის მხრიდანაც განიცდიდა ზეწოლას. მ.მ--------ი წერილში აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ფოტოების გადაღებაზე კი ინფორმირებული იყო.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ წერილს, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაშია როგორც სს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით (დაზარალებულის მოსამართლის წინაშე დაკითხვის ოქმი, მოწმეთა ჩვენებები; საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ლეპტოპი, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნა და საექსპერტო კვლევით ამოღებული ფოტო და ვიდეო მასალა, დაზარალებულის და ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერების ოქმები და სხვ.) დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე თავად წერილის შინაარსიც წინააღმდეგობრივია - ერთის მხრივ, დაზარალებული განმარტავს, რომ ცრუ ჩვენება განაპირობა მეუღლეზე შურისძიების მოტივმა, იმავდროულად კი აცხადებს, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემა არის მასზე პოლიციელთა ზემოქმედების შედეგი, თუმცა სს საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება და არც არსებითი განხილვის დროს გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც მიუთითებდა სამართალდამცველთა პირად ინტერესზე და ეჭვქვეშ დააყენებდა დაზარალებულის გამოძიებაში და მოსამართლის წინაშე მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც ზ/აღნიშნული წერილისაგან განსხვავებით, სრულ თანხვედრაშია ყველა სხვა მტკიცებულებასთან. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ ირანის რესპუბლიკიდან გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით დაცვის მხარეს არ მოუთხოვია დაზარალებულის დაკითხვა სასამართლო სხდომაზე (მათ შორის, დისტანციური წესით) და შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით ვერ იქნა დადასტურებული წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტი და მასში ასახული ინფორმაცია (მიუხედავად ნოტარიული წესით დამოწმებისა) იყო თუ არა დაზარალებულ მ------ მ--------ის ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგი და ხომ არ წარმოადგენდა ბრალდებულის ან მისი ახლობლების მხრიდან რაიმე სახის ზემოქმედების შედეგს მოსალოდნელი სს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით (მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია ბრალდებულის მხრიდან მ.მ--------ის ნებასა და ცხოვრების წესზე ზეგავლენის მცდელობები და შანტაჟი).

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფ------ ბ------- ა----მა ჩაიდინა:

1. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ად 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ფ------ ბ------- ა----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:

 

ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ: ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძება გამოწვეული იყოს გარკვეულ გარემოებებში), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდათან იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება.

 

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

 

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ------ ბ------- ა----ის დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ფ------ ბ------- ა----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ------ ბ------- ა----ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ფ------ ბ------- ა----ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და აყვანილ იქნეს პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ ფ------ ბ------- ა----ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 20 მარტიდან 2019 წლის 7 მაისის ჩათვლით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ბინის ჩხრეკისას ამოღებული ლეპტოპი (ინახება ძვ--–-------–-----–--------------–-------------------–--აში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

- 2 (ორი) ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია