გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.09.2019
საქმის ნომერი
140310019003188025
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003188025

საქმე № 3/229-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

 

მოსარჩელე: დ----- ვ------–---–ი

 

მოპასუხე: სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლა”

წარმომადგენლები: დ-------- ნ-------–---–- (დირექტორი) და ვ----– ჯ-----–---–-

 

მესამე პირი: სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა”

 

დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

დ----- ვ------–---–ის მიერ სსიპ ,,გორის რაიონის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლის” (დღევანდელი სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლა”) დამთავრებისა და სრული (საშუალო, ზოგადი) განათლების მიღების ფაქტის აღიარება.

 

სარჩელის თანახმად, დ----- ვ------–---–ი (პირ. № 5----------) 1996 წელს ჩაირიცხა გორის რაიონის სოფელ ტ-------ის საშუალო სკოლა”ში (დღევანდელი სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლა”), რაც დაამთავრა 2007 წელს და მიიღო სრული საშუალო განათლება. მან მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა საშუალო განათლების მიღების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატის მიღება, თუმცა უარი ეთქვა იმის გამო, რომ ვერ ხერხდებოდა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი ცნო, განმარტა, დ----- ვ------–---–ი ნამდვილად სწავლობდა გორის რაიონის საშუალო სკოლაში, რაც დაამთავრა 2007 წელს, თუმცა 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად სკოლის ადმინისტრაციიის 6 ოთახი დაიწვა და დოკუმენტაცია, მათ შორის 2007 წლის ატესტატების გაცემის შესახებ ბრძანების წიგნები განადგურდა.

 

მესამე პირის - სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა; მან შესაგებელით სარჩელი არ სცნო, ვინაიდან დ----- ვ------–---–ის განათლების მიღების შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სსიპ ,,გორის რაიონის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლის” მიერ დ----- ვ------–---–ის სახელზე 2007 წელს გაცემულია სრული ზოგადი განათლების ატესტატი მასზედ, რომ მან დაძლია სრული ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა;

 

მტკიცებულება: ატესტატი № 103267.

 

3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 26 აგვისტოს № 01/247072/გ გადაწყვეტილებით დ----- ვ------–---–ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის აპოსტილით დამოწმებაზე;

 

მტკიცებულება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 26 აგვისტოს № 01/247072/გ გადაწყვეტილება.

 

3.2.3. სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლის” 2019 წლის 4 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, დ----- ვ------–---–მა 2007 წელს ნამდვილად დაამთავრა ტ-------ის საშუალო სკოლის სრული კურსი, თუმცა ამის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სკოლაში ვერ დაიძებნა 2008 წლის ომის დროს განადგურების გამო;

 

მტკიცებულება: სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლის” 2019 წლის 4 სექტემბრის № MES 5 19 01133936 ცნობა.

 

3.2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 13 სექტემბრის № 01/263669/გ გადაწყვეტილებით დ----- ვ------–---–ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ მოხერხდა მის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

მტკიცებულება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 13 სექტემბრის № 01/263669/გ გადაწყვეტილება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც ფაქტი, რომ დ----- ვ------–---–მა 2007 წელს ნამდვილად დაამთავრა სსიპ ,,გორის რაიონის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლის” სრული კურსი და მიიღო საშუალო განათლება, დადგენილი და დადასტურებულია მის სახელზე გაცემული ატესტატით, სკოლის 2019 წლის 4 სექტემბრის ცნობით. ამავე დროს, მოპასუხემ სარჩელი ცნო.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლამ” სარჩელი მთლიანად ცნო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოს ეკისრება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში).

 

გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის.

 

სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 1996-2007 წლებში დ----- ვ------–---–ის სსიპ ,,გორის რაიონის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლაში” სწავლისა და აღნიშნული სასწავლებლის სრული ზოგადი საფეხურის დაძლევის აღიარება.

 

ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადმინისტრაციული პასუხისმგებელია მის მიერ შექმნილი დოკუმენტაციისა და მასთან დაცული ინფორმაციის სათანადო წესით შენახვაზე.

 

საქმეში წარმოდგენილია სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლის” 2019 წლის 4 სექტემბრის № MES 5 19 01133936 ცნობა, რომლის მიხედვითაც დ----- ვ------–---–მა 2007 წელს ნამდვილად დაამთავრა ტ-------ის საშუალო სკოლის სრული კურსი, თუმცა ამის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სკოლაში ვერ დაიძებნა 2008 წლის ომის დროს განადგურების გამო.

 

სსიპ ,,გორის რაიონის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლის” მიერ დ----- ვ------–---–ის სახელზე 2007 წელს გაცემულია სრული ზოგადი განათლების ატესტატი მასზედ, რომ მან დაძლია სრული ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა.

 

ასეთ ვითარებაში, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია, დაადგინოს და აღიაროს სამართლებრივი ურთიერთობა, რამდენადაც თვით ადმინისტრაციულ ორგანოში არ აღმოჩნდა დაცული მხარისათვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

 

დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განადგურება არ შეიძლება ამაში არაბრალეული, დაინტერესებული მხარის ტვირთად იქცეს, და შესაბამისად, ზემოთ დასახელებულ დოკუმენტებს ამ შემთხვევაში გააჩნია მაღალი მტკიცებულებითი მნიშვნელობა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცდა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი.

 

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საშუალო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე, აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე, და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელემ 2007 წელს დაამთავრა სსიპ ,,გორის რაიონის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლა” და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს.

 

ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

ყოველივე მითითებულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ----- ვ------–---–მა 1996-2007 სასწავლო წელს ისწავლა და დაამთავრა სსიპ ,,გორის რაიონის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლა” და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.

 

საქმის მოსამზადებელ ეტაპზე განხილვისას მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, დ----- ვ------–---–ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დ----- ვ------–---–ის სარჩელი სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლის” მიმართ, მესამე პირი - სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა” - დაკმაყოფილდეს.

 

2. აღიარებული იქნეს სამართლებრივი ურთიერთობა იმის თაობაზე, რომ დ----- ვ------–---–მა, პირ. № 5----------) 2007 წელს დაამთავრა სსიპ ,,გორის რაიონის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლა” (დღევანდელი სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ის საჯარო სკოლა”) და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება.

 

3. დ----- ვ------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 16 სექტემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება 0, რეფერენსი 2881005990).

 

4. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი