გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.09.2019
საქმის ნომერი
330210019003015717
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე N2/11898-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - ნ-----–- გ------ე

მოპასუხე - შპს „ე-------- ჯ--------“

წარმომადგენელი - მ------- ი----ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ე-------- ჯ--------ს“ მოსარჩელე ნ-----–- გ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 4 ცალი სკამის ღირებულება 400 ლარის ოდენობით;

1.2. მოპასუხე შპს „ე-------- ჯ--------ს“ მოსარჩელე ნ-----–- გ------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით;

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2016 წელს სავაჭრო ცენტრ „ე--------ში“ შეიძინა 4 ცალი სკამი, რომელიც სახლში მიტანისას აღმოაჩინა, რომ იყო წუნდებული, კერძოდ, დაზიანებული ჰქონდა ფეხები. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ შეატყობინა მაღაზიას. მოსარჩელის განმარტებით, მაღაზიის მიერ თითქოსდა შეცვლილი იქნა სკამები, თუმცა მეორედაც დაზიანებული სკამები იქნა მოტანილი. აღნიშნული სკამები კვლავ დაზიანდა და მეორედაც წაიღეს, თუმცა უკვე 6 თვის შემდეგ მოიტანეს. ამის თაობაზე ხელოსნების მიმართაც კი გამოთქვა პრეტენზია, თუმცა აღარავინ მოსულა.

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის სექტემბრის თვეში, იგი დაჯდა სკამზე, რომელიც გატყდა და წაიქცა, რის შედეგადაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და დასჭირდა ძვირადღირებული მკურნალობა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ კვლავ დაუკავშირდა სავაჭრო ცენტრს და მოითხოვა სკამების შეკეთება, რისთვისაც თანხა მოსთხოვეს. მხარის თქმით, მან მხოლოდ 20 ლარი გადაიხადა. 2018 წლის ოქტომბრის თვეში წაღებული სკამები 2019 წლის მარტის თვეში დააბრუნეს და ისიც კვლავ დაზიანებულ მდგომარეობაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს აღარ გააჩნდა ინტერესი დაზიანებული სკამების მიმართ, მან 2019 წლის აპრილის თვეში თავად ჩაიტანა დაზიანებული სკამები იმ მაღაზიაში, საიდანაც შეიძინა სკამები და დატოვა, სანაცვლოდ კი მოითხოვა მათში გადახდილი 400 ლარის ანაზღაურება, რაზეც მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა განუცხადეს უარი.

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა, რომ სწორედ 2018 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც სკამის დაზიანების შედეგად წაიქცა, მას დაუზიანდა როგორც ხერხემალი, ასევე მუცლის ღრუ და მას შემდეგ მუდმივად საჭიროებს მკურნალობას. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მას არ აუნაზღაურა სკამების ღირებულება, მომართა სასამართლოს სარჩელით და ამჟამად ითხოვს როგორც 4 სკამის ღირებულების მოპასუხეზე დაკისრებას, ვინაიდან მათი პროდუქცია თავიდანვე წუნდებული იყო, ასევე მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებისა და დაცინვის შედეგად მორალური ზიანის ანაზღაურებასაც (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მან 2016 წელს (თვე და რიცხვი უცნობია) შპს „ე-------- ჯ--------ს“ ავეჯი - 4 ცალი სკამი და მაგიდა შეიძინა, რაშიც გადაიხადა 400 ლარი. ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ნაყიდი საქონელი იყო წუნდებული. პოლიციის მიერ 2019 წლის 21 აპრილს შედგენილი რეაგირების ოქმის თანახმად, მოსარჩელემ 4 წლის წინ შეიძინა სკამები და მაგიდა, შემდეგ მან გამოიძახა მომსახურე პერსონალი ოქტომბრის თვეში და წაიღეს პროდუქცია და დააბრუნეს თებერვლის თვეში. ამდენად, დაზიანებული სკამები პოლიციას არ უნახავ და არც ოქმშია მითითებული აღნიშნული გარემოება.

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე უთითებდა, რომ მათგან შეძენილ სკამზე 2018 წლის სექტემბრის თვეში დაჯდომისას სკამი გატყდა და მიიღო სხეულის დაზიანება, თუმცა მითითებული გარემოება არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, კერძოდ, პოლიციის მიერ შედგენილ ოქმში არსად იყოს მითითება სკამის გატეხვის შედეგად სხეულის დაზიანების მიღების თაობაზე, ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად კი, პაციენტმა ნ-----–- გ------ემ 2019 წლის 37 მაისს მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, უჩიოდა ტკივილს გულმკერდის არეში, მოძრაობის შეზღუდვას, ერთი კვირის წინ აღნიშნავდა ტრავმას დაცემის შედეგად. ამავე ცნობაში არსად იყო მითითებული, რომ სკამის გატეხვის შედეგად დაეცა, ან რა კავშირი იყო 2016 წელს შეძენილი სკამი მის ტრამვასთან.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომელსაც ამყარებს თაცვის მოთხოვნებს და შესაგებელს. სადავო გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია მტკიცებულებებით, რომელიც ერთვის საქმეს, თუმცა სარჩელში გადმოცემული იყო მხოლოდ მოსარჩელის პოზიცია, რომელიც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი დასასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო გარემოებვები არ გამოკვეთილა.

 

4.სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. 2019 წლის 21 აპრილს შედგენილი რეაგირების ოქმის მიხედვით, გამოძახების შედეგად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა ქ.თბილისში, ე---------ს ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ს---–-“, სადაც მათ დახვდათ მოქალაქე ნ-----–- გ------ე, რომელმაც განუცხადა, რომ დაახლოებით 4 წლის წინ ზემოაღნიშნულ მაღაზიაში მან განვადებით შეიძინა 4 ცალი სკამი და მაგიდა. სახლში მიტანისას აღმოაჩინა, რომ სკამები იყო დაზიანებულ მდგომარეობაში, რის გამოც ადგილზე გამოიძახა მომსახურე პერსონალი, რომლებმაც შესაკეთებლად წაიღეს სკამები და მოგვიანებით კი უკან დააბრუნეს კვლავ დაზიანებულები. მოქალაქის განცხადებით, „ეს ფაქტი მოხდა ოქტომბერში წაიღეს და დაუბრუნეს თებერვლის თვეში.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 21 აპრილის რეაგირების ოქმის (ს.ფ. 15-16)

 

4.2. 2019 წლის 27 მაისს გაცემული ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასტურდება, რომ ნ-----–- გ------ემ შპს „ს------–---------–---------“ ექიმს მიმართა 2018 წლის 21 სექტემბერს. მოკლე ანემნეზში მიეთითა შემდეგი: „პაციენტი უჩიოდა ტკივილს გულმკერდის არეში, მოძრაობის შეზღუდვას, ერთი კვირის წინ აღნიშნავს ტრავმას დაცემის შედეგად.“ ექიმის მიერ დადგენილი დიაგნოზის თანახმად, მოსარჩელეს დაუდგინდა არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი ტII, ნეკნების მოტეხილობა, სამედიცინო პროცედურებით გამოწვეული ჰიპოთირეოზი.

 

სამკურნალო და შრომით რეკომენდაციებში მიეთითა, რომ პაციენტს დაენიშნა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

 

2019 წლის 23 სექტემბერს მოსარჩელემ ჩაიტარა მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 27 მაისს გაცემული ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) (ს.ფ. 17)

- 2019 წლის 23 სექტემბრით დათარიღებული ულტრაბგერითი გამოკვლევა და გადახდის ქვითრები

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 477-ე, 487-ე, 488-ე, 408-ე, 409-ე, 413-ე მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან).

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად,1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ამავე კოდექსის 487-ე მუხლის შესაბამისად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლის შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს მოპასუხის წუნდებული პროდუქციის შედეგად მიადგა ზიანი, გადატანილი იყო მოსარჩელე მხარეზე.

 

საქმეზე წარმოდგენილი იქნა მხოლოდ 3 მტკიცებულება, კერძოდ, 2019 წლის 21 აპრილით დათარიღებული საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმი, რითაც არ დგინდება არც პროდუქციის შეძენის ფაქტი, არც მისი ღირებულება და არც დაზიანებულ მდგომარეობაში ყოფნა. რა თქმა უნდა, ასევე არ დასტურდება მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. აღნიშნულ ოქმში მხოლოდ მითითებულია, რომ სწორედ ნ-----–- გ------ის განმარტებით დაზიანებული სკამები წაღებული იქნა ოქტომბრის თვეში, რომელიც დაუბრუნეს თებერვლის თვეში, თუმცა თავად პოლიციის მიერ აღნიშნული ფაქტი არ ყოფილა დადასტურებული. უფრო მეტიც, რეაგირების ოქმს მხოლოდ მოსარჩელე აწერს ხელს და შესაბამისად, მოპასუხისთვის მასში მითითებული გარემოება ვერ გახდება უდავო.

 

ამდენად, რეაგირების ოქმით არ დასტურდება სკამების შეძენის ფაქტი, არც მათი ღირებულება და არც მათი დაზიანებულ მდგომარეობაში ყოფნა. მითითებული ოქმით არ დგინდება ისიც, რომ ნ-----–- გ------ემ დაზიანებული სკამები იმ მაღაზიაში დატოვა, საიდანაც მოხდა მისი შეძენა, რაზეც უთითებდა მოსარჩელე თავისი ახსნა-განმარტების დროს.

 

შემდეგი მტკიცებულებები, რაზეც მოსარჩელე ამყარებს თავის სარჩელოს, არის 2019 წლის 27 მაისს გაცემული ფორმა N100 და 2019 წლის 23 სექტემბერს ჩატარებული მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტები არის სამედიცინო ხასიათის დოკუმენტები და ვერ დაადასტურებენ მოსარჩელის მიერ ავეჯის შეძენისა და მისი ღირებულების ფაქტს. რაც შეეხება უშუალოდ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ ნ-----–- გ------ეს სამედიცინო დაწესებულებისთვის მიუმართავს 2018 წლის 21 სექტემბერს, სადაც მიუთითა, რომ ერთი კვირით ადრე დაცემის შედეგად მიიღო დაზიანება. აღნიშნულ დოკუმენტში ირიბადაც კი არ არის ჩანაწერი, რომ მოსარჩელემ, როგორც თავად უთითებდა, სწორედ სკამის დაზიანების შედეგად მიიღო ტრავმა. უფრო მეტიც, წარმოდგენილი ფორმა N100-ის თანახმად, ექიმის მიერ დადგენილი დიაგნოზები არ ემთხვევა თავად მოსარჩელის მიერ სასამართლოში მიცემულ ახსნა-განმარტების დროს მითითებულ გარემოებებს, კერძოდ, სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, მოსარჩელეს არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ნეკნების მოტეხილობა და ჰიპოთირეოზი დაუდგინდა. სასამართლოში მიცემულ ახსნა-განმარტების დროს კი მოსარჩელე მუცლის ღრუს დაზიანებასა და ტკივილებს უჩიოდა, რის დასადასტურებლად 2019 წლის 23 სექტემბერს ჩატარებულ ულტრაბგერით გამოკვლევაზე მიუთითა.

 

ამრიგად, თუკი ჩავთვლით, რომ მუცლის ღრუს ორგანოების რაიმე სახის დაზიანება მოხდა სწორედ 2018 წლის სექტემბრის თვეში სკამის გატეხვის გამო, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთება რაიმე სახის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქმეზე წარმოდგენილ ორ დოკუმენტთან და თავად მოსარჩელის მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებასთან. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ როგორც თავად მოსარჩელემ მიუთითა, იგი 1986 წელს მონაწილეობას იღებდა ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების შედეგად ჩატარებულ სალიკვიდაციო სამუშაოებში, რის გამოც არაერთი დაავადება აქვს გადატანილი.

 

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც ის დგინდება მოსარჩელემ ახალი ტრავმა მიიღო თუ ამჟამად არსებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ ფაქტთან.

 

და ბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც ჯანმრთელობის დაზიანებისა და არც შემდგომი მკურნალობა ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარსების ფაქტი არ დასტურდება, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არცერთი სადავო გარემოება, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 18) დგინდება, რომ მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, ვინაიდან სარჩელის არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებითდა

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე ნ-----–- გ------ის სარჩელი მოპასუხე შპს „ე-------- ჯ--------ს“ მიმართ მატერიალური ზიანის სახით 400 ლარის, ასევე მორალური ზიანის სახით - 5000 ლარის ანაზღაურების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ორივე მხარე კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე