განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2019
საქმის ნომერი
010100119003170820
დავის ტიპი
126
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003170820

საქმე N1-809/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24.09.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - პაატა ცეცხლაძე

 

1. ბრალდებული: ვი--------------------ო

მამის სახელი: ია---–ი

დაბადებული: 0--04.---- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ქობულეთი, ალ--------------–---------------

 

ადვოკატი - სო-–-------------–-ძე

 

თარჯიმანი - ზი-----------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია სსსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 25 დეკემბერს, დილის საათებში, ქალაქ ქობულეთში, ალ--------------–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ვი--------------------ომ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ თავის დედას ირ--------------ოს თმების მოქაჩვით, ასევე ხელების და ფეხების ზურგის არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ირ--------------ომ განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ვი--------------------ოს შვილი და ირ--------------ოს არასრულწლოვანი შვილიშვილი და----–-----------კო.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია სსსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ბრალდებულმა ვი--------------------ომ დაადასტურა, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ირ--------------ოს; სხდომაზე განმარტა, რომ მისი დედა დაავადებულია, აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და ამჟამად მკურნალობის კურსს გადის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შემთხვევა დედის ქმედებამ გამოიწვია, თუმცა ინანიებს, მას არ უნდა მიეყენებინა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა (იხ ოქმი);

 

2.4. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების მიხედვით (25.12.2018წ) ირ--------------ოს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

 

2.5 25.12.2018 წლის ქობულეთის რაიონული სამმართველოს განყოფილების გამომძიებლების მიერ შედგენილი N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს, ქ. ქობულეთში, რუ-------–--------------ში ირ--------------ოს თავისმა შვილმა ვი--------------------ომ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა (40-43)

 

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობას, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია სსსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.6. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.7. საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ ბრალდებული ვი--------------------ო არის ირ--------------ოს შვილი.

 

2.8. ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (ირ--------------------------–------------------------------------------------–---ძის, ვი--------------------ოს ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვი--------------------ომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახისწევრის მიმართ რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვი--------------------ომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულს რაიმე სახის პრეტენზია ბრალდებულის მიმართ არ გააჩნია; ბრალდებული ინანიებს ჩადენილ ქმედებას; მისი განმარტებით აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, ყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას და აქედან გამომდინარე არ შეუძლია დასაქმდეს და ბავშვი უმეთვალყუროედ დატოვოს;

 

5.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ვი--------------------ოს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, მიიჩნევს, რომ ვი--------------------ოს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად. აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ვი--------------------ოს პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ვი--------------------ო ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ვი--------------------ოს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.

 

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, ხოლო მსჯავრდებულ ვი--------------------ოს დაევალოს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამავე ბიუროს;

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე