განაჩენი

სისხლის სამართლის 15.07.2019
საქმის ნომერი
330100119002928916
თარიღი
15.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1428-19

(0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი - ნათია კოპალიანი

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---–----–--–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ-------------ა

 

ბრალდებული: ე--------- შ------ი, დაბადებული 1----–-–--------------რს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, კ----------------–--–---------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კ----–---------------ში.

 

კვალიფიკაცია:

ა) საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი) - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბ) საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2----–-–-------------ს, თბილისში, გ------–---–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე--------- შ------მა ყოფილ მეგობარს ა--------ა ჩ--–--–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ძლიერად დაარტყა ხელი მარცხენა მხრის არეში, აღნიშნული ქმედების შედეგად ა--------ა ჩ--–--–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. ე--------- შ------ი, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაემუქრა ყოფილ მეგობარ - ა--------ა ჩ--–--–ს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თუ სამართალდამცავ ორგანოში განაცხადებდა, რომ ავიწროვებდა, მოკლავდა მას და არ აცოცხლებდა, ა--------ა ჩ--–--–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა მორალური ზიანი.

 

1.3. 2----–-–----------------–ს, დილის საათებში, თბილისში, კ----------------ში ყოფნისას ე--------- შ------მა ა--------ა ბ-–-----------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ძლიერად მოუჭირა ხელი ყელზე, აღნიშნული ქმედების შედეგად ა--------ა ბ-–-----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.4. 2----–-–----------------–ს, დაახლოებით 1--- საათზე, თბილისში, კ----------------ში ყოფნისას ე--------- შ------მა ა--------ა ბ-–-----------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი ყელზე, ხელი დაარტყა რამდენჯერმე მარჯვენა ხელში და ძლიერად მოქაჩა თმა. აღნიშნული ქმედებების შედეგად ა--------ა ბ-–-----------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.5. 2----–-–----------------–ს, დაახლოებით 1--- საათზე, თბილისში, კ----------------ში ყოფნისას ე--------- შ------ი, ა--------ა ბ-–-----------ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. ა--------ა ბ-–-----------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა მორალური ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ე--------- შ------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).

 

3.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

3.5. მოწმე გ-----------–---–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2----–-–----------ში, გამოძიება დაიწყო რ------------------–-ის მოქალაქე ა--------ა ჩ--–--–ის და ა--------ა ბ-–-----------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ კონფლიქტის საფუძველზე შესაძლო დანაშაულის - ფიზიკური ძალადობისა და მუქარის სახით, ჩამდენი იყო მათი მეგობარი ე--------- შ------ი, რომელიც როგორც ახსოვს თავად დააკავა. შემაკავებელი ორდერები მსხვერპლების - ა--------ა ჩ--–--–ის და ა--------ა ბ-–-----------ას მიმართ ასევე მისი გაცემულია. დაზარალებულები ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. საქმისათვის საინტერესო დამატებითი მტკიცებულება გამოძიების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული. რაიმე სახის დოკუმენტი დამატებითი მტკიცებულების მოძიების წარუმატებელი მცდელობის შესახებ არ შეუდგენიათ. რამდენადაც ახსოვს ვიზუალურად დაზარალებულ ა--------ა ჩ--–--–ს სახეზე ეტყობოდა სიწითლე.

 

3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ე--------- შ------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება მხარეებმა, საქმის არსებითად განხილვის დროს, სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.7. სასამართლო შეაფასებს, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების რელევანტურ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

3.8. დაზარალებულმა ა--------ა ჩ--–--–მა, გამოძიების ეტაპზე, 2----–-–----------------–ს, სასამართლოში დაკითხვისას, განმარტა, რომ რ-----------------------–--ში ჩამოსული დაახლოებით 1 თვე ხვდებოდა ე--------- შ------ს, ხშირად ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ. ბოლო ჩხუბისას დაშორდნენ, თუმცა ბრალდებულს უნდოდა შერიგება. ა--------ა ჩ--–--–ს ავტომანქანაში ჩაარტყა მუშტი, ტანის ზედა ნაწილზე, მხართან. გარდა ამისა იყო ფაქტი, როდესაც ეჭვიანობის საფუძველზე დაემუქრა, კერძოდ აშინებდა, რომ დაამახინჯებდა და საროსკიპოში ჩააბარებდა. სოციალურ ქსელში განთავსებულ სურათზე, სადაც უკანა მხარეს ჩანდა ფეხი, უთხრა, რომ თუ დღის განმავლობაში არ ეტყოდა, ვისი ფეხი იყო, მოკლავდა.

გარდა ამისა, მოწმემ განმარტა, რომ ა--------ა ბ-–-----------ასგან იცის, რომ ე--------- შ------ი მასთან ორჯერ მივიდა და შეაშინა, კერძოდ კისერზე მოკიდა ხელი, მეორედ მისვლისას პარალელურად დაემუქრა, რომ მოკლავდა. ა--------ა ბ-–-----------ამ დაურეკა და მომხდარის შესახებ აცნობა, საუბრისას მიხვდა, რომ ეს უკანასკნელი შეშინებული იყო.

ადვოკატის კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ ძალადობის განხორციელების შემდეგ ე--------- შ------ს შეხვდა მხოლოდ ორჯერ, ბოლოს დაახლოებით 2,5-3 კვირის წინ. ბრალდებულის მიერ მის მეგობარზე მუქარის განხორციელების დროს, თავად იმყოფებოდა თბილისში და ყაზბეგში და მუქარის შესახებ არ განაცხადა საგამოძიებო ორგანოში, ანუ განცხადებით სამართალდამცავ ორგანოს არ მიმართა, მანამ, სანამ ბრალდებული მის მეზობელს არ შეეხო, გარდა ამისა ბევრი ეუბნებოდა, რომ ის არ იყო მუქარის შემსრულებელი.

დაზარალებულმა განმარტა, რომ 2----–-–----------------–ს, შედგენილი სანოტარო წესით შედგენილი განცხადება, სადაც განმარტავს, რომ რაიმე სახის პრეტენზია ბრალდებულის მიმართ არ გააჩნია და თანახმაა მის მიმართ გამოყენებულ იქნას არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, შედგენილია ნებაყოფლობით.

 

3.9. დაზარალებულმა ა--------ა ბ-–-----------ამ, გამოძიების ეტაპზე, 2----–-–----------------–ს, სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ ა--------ა ჩ--–--–სა და ე--------- შ------ს ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, თუმცა ხშირად კამათობდნენ და შორდებოდნენ ერთმანეთს. ბოლო კამათის შემდეგ ურთიერთობა დაამთავრეს და ა--------ა ჩ--–--–მა 2-3 კვირაში იპოვა ახალი მეგობარი. ე--------- შ------ი ურეკავდა და აშინებდა, რომ ყველას მოკლავდა, იძულებულები გახდნენ საცხოვრებელი შეეცვალათ, თუმცა ბრალდებულმა ახალ მისამართზეც იპოვა. ე--------- შ------ი მივიდა მასთან სახლში, მარტო იყო. კითხა სად იყო ა--------ა ჩ--–--–ი და უთხრა დაერეკა მისთვის, იმავდროულად მკლავზე მოკიდა ხელი და მოუჭირა, არ ახრჩობდა, მაგრამ მოუჭირა. ე--------- შ------მა დატოვა ბინა, თუმცა მალევე მიბრუნდა, დაიწყო კარზე ბრახუნი და ითხოვდა გაღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეამტვრევდა. მიუხედავად შიშისა ა--------ა ბ-–-----------ამ გაუღო კარი, ბრალდებულმა უთხრა ა--------ა ჩ--–--–ისათვის დაერეკა, შემდეგ წავიდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მაშინ როცა ბრალდებული დაკეტილ კარზე აბრახუნებდა, მობილური ტელეფონო ჰქონდა და შეეძლო პოლიციაში დარეკვა.

მეორე დღეს, მაღაზიიდან დაბრუნებულს ე--------- შ------ი კვლავ კართან დახვდა და ჰკითხა სად იყო ა--------ა ჩ--–--–ი, ბრალდებული ყვიროდა, ემუქრებოდა, რომ დაასახიჩრებდა. ა--------ა ბ-–-----------ამ მეზობელ კაცს სთხოვა პოლიციის გამოძახება, თუმცა ბრალდებულმა, რომელიც მის მობილურ ტელეფონში კითხულობდა მიმოწერებს დაუბრუნა ტელეფონი, კაცს კი რაღაც უთხრა ქართულად, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი წავიდა. ბრალდებული თმებს ქაჩავდა, კისერზე წაავლო ხელი და მის მცდელობაზე გაეშვა, კრავდა ხელს. ა--------ა ბ-–-----------ამ დახმარება, ასევე სთხოვა იქვე მყოფ მეზობლის გოგო, რის შემდეგაც ბრალდებული წავიდა. მეზობელი კაცისა და გოგონას შესახებ გამოძიებაში დაკითხვისას მიაწოდა ინფორმაცია გამომძიებელს.

მოწმემ განმარტა, რომ ერთხელ ბრალდებულმა ა--------ა ჩ--–--–ი სადღაც წაიყვანა, ეს უკანასკნელი სახლში დაბრუნებისას ტიროდა, სწორედ ამის შემდეგ შეიცვალეს ბინა. ა--------ა ჩ--–--–ს აჩვენა მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

ადვოკატის კითხვაზე მოწმემ უპასუხა, რომ ე---------ის გინება, ცუდი სიტყვები, შეურაცხყოფა მან აღიქვა მუქარად. ამასთან, ეთანხმება, რომ ნებაყოფლობით მიმართა ნოტარიუსს და განაცხადა თანხმობა, რომ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, რადგან პატიება სთხოვა ბრალდებულის დედამ.

 

3.10. 2----–-–--------------ლის ა--------ა ჩ--–--–ის განცხადების თანახმად: ე--------- შ------ი დაშორების შემდეგ გახდა აგრესიული, რაც გამოიხატა სიცოცხლისათვის საშიშ მუქარის შემცველ შეტყობინებებში, ასევე იძალადა მასზე, კერძოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ტკივილი. ყოველივე აღნიშნულმა კი იძულებული გახადა შეეცვალა მისამართი. 2----–-–----------------–ს მიუვარდა მის მეგობარ ა--------ა ბ-–-----------ას და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

3.11. დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი, ბრალდებულ ე--------- შ------ის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენების თანახმად, მან უარყო ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში აღნიშნული ფაქტები და განმარტა, რომ მას არ უძალადია დაზარალებულებზე და არ დამუქრებია მათ.

 

3.12. 2----–-–--------------ლის შემაკავებელი ორდერების N------ და N------ თანახმად ორდერი გაიცა ე--------- შ------ის მიმართ. მსხვერპლები: ა--------ა ბ-–-----------ა და ა--------ა ჩ--–--–ი.

 

3.13. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

(2----–-–------------ის ეპიზოდი, ა--------ა ჩ--–--–ის მიმართ),4.1. დაზარალებულმა ა--------ა ჩ--–--–მა განმარტა, რომ ე--------- შ------მა ავტომანქანაში ყოფნისას ჩაარტყა მუშტი, ტანის ზედა ნაწილზე, მხართან.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის დარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ გარდა იმისა, რომ წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულ ა--------ა ჩ--–--–ის ჩვენება, დაზარალებული დაკითხვისას არ განმარტავს რაიმე სახის ტკივილის შესახებ, და ეს მაშინ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობისთვის როგორც აღინიშნა აუცილებელი კომპონენტია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ბრალდების მხარის მიერ კი სხვა სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ჯერ ერთი დარტყმის, ხოლო ასეთის შემთხვევაში დარტყმით გამოწვეული ტკივილის შესახებ წარმოდგენილი არ არის, მათ შორის საქმეში არ მოიპოვება ექსპერტიზის დასკვნა.

 

4.4. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გამომძიებელმა გ-----------–---–---–მა განმარტა, რომ საქმისათვის საინტერესო დამატებითი მტკიცებულება გამოძიების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული. ამასთან, რამდენადაც ახსოვს დაზარალებულ ა--------ა ჩ--–--–ს ლოყა ჰქონდა შეწითლებული. გამომძიებლის აღნიშნული ჩვენება ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში არ არის მითითებული, რომ ბრალდებულმა აღნიშნულ დაზარალებულს სახის არეში დაარტყა. ამასთან სადავო ძალადობა, განხორციელებული ა--------ა ჩ--–--–ის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ჩადენილი უნდა ყოფილიყო 2----–-–-------------ს. წარდგენილი კვალიფიკაციის ძალადობა კი არ არის იმ სახის, რომ გამომძიებელთან კომუნიკაციის დროისათვის 2----–-–--------------ალს, დაზარალებულს სიწითლე შენარჩუნებული ჰქონოდა, თანაც სახის არეში.

 

4.5. სასამართლო, ასევე მიაქცევს ყურადღებას 2----–-–--------------ლის ა--------ა ჩ--–--–ის განცხადებას, რომლის თანახმადაც ე--------- შ------მა იძალადა დაზარალებულზე, კერძოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ტკივილი. თუმცა მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ მოწმემ სასამართლოში დაკითხვისას არ მიუთითა აღნიშნული გარემოების შესახებ და ეს ვერ აიხსნება პროკურორის განმარტებით, რომ დაკითხვა მიმდინარეობდა შეზღუდულ დროში და ვერ მოხერხდა დეტალების დაზუსტება და ეს მაშინ, როცა საუბარია კვალიფიკაციისათვის აუცილებელ ნიშანზე.

 

4.6. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადგენილად არ მიაჩნია ის გარემოება, რომ 2----–-–-------------ს, თბილისში, გ------–---–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე--------- შ------მა ყოფილ მეგობარს ა--------ა ჩ--–--–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ძლიერად დაარტყა ხელი მარცხენა მხარის არეში, თუმცა აღნიშნული ქმედების არსებობის შემთხვევაში ასევე ეჭვგარეშედ ვერ დგინდება, რომ ა--------ა ჩ--–--–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით

(ა--------ა ჩ--–--–ის მიმართ)

 

4.7. დაზარალებულმა ა--------ა ჩ--–--–მა განმარტა, რომ ე--------- შ------ი დაშორების შემდეგ

ეჭვიანობის ნიადაგზე ემუქრებოდა, კერძოდ აშინებდა, რომ დაამახინჯებდა და საროსკიპოში ჩააბარებდა. სოციალურ ქსელში განთავსებულ სურათზე, სადაც უკანა მხარეს ჩანდა ფეხი, უთხრა, რომ თუ დღის განმავლობაში არ ეტყოდა ვისი ფეხი იყო მოკლავდა.

 

4.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა, მაშინ როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ან/და ქონების განადგურებით. ისეთი ფორმით, რომ მუქარის ადრესატს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა არც აპირებდეს მის განხორციელებას, სწორედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას, რადგან აღნიშნული დანაშაული თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით.

 

4.9. იმ პირობებში, როდესაც ა--------ა ჩ--–--–ი არ დაიკითხა უშუალოდ არსებითი განხილვის სხდომაზე, ცხადია რთულია დადგინდეს ბრალდებულის მიერ მის მიმართ განხორცილებული მუქარა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენდა თუ არა რეალური შიშის საფუძველს უშუალოდ დაზარალებულისათვის, ემოციურად, მითუფრო მათ შორის არსებული ურთიერთობისა და წარსული გამოცდილების ფონზე.

 

4.10. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში არ არის მითითებული დანაშაულის თარიღი, თუნდაც სავარაუდო დრო. ამასთან, მითითებულია თითქოსდა ე--------- შ------ი დაემუქრა დაზარალებულ ა--------ა ჩ--–--–ს სიცოცხლის მოსპობით, თუ ეს უკანასკნელი სამართალდამცავ ორგანოში განაცხადებდა, რომ ავიწროვებდა. იმავე დადგენილების თანახმად, სწორედ აღნიშნული ფორმის მუქარამ გაუჩინა ა--------ა ჩ--–--–ს სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი. თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზარალებული ჩვენებაში საერთოდ არ უთითებს მუქარის ამგვარ ფორმულირებას და საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ ე--------- შ------ი ეჭვიანობის ნიადაგზე დაემუქრა. ანუ დაზარალებულს შესაძლო მუქარის განხორციელების პირობად სამართალდამცავებისათვის მიმართვის შემთხვევა საერთოდ არ დაუდასტურებია.

 

4.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. იმავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).

 

4.12. მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის კუთხით ასევე მნიშვნელოვანია, დაზარალებულის განმარტება, რომ მან არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს, რადგან ბევრი ეუბნებოდა, რომ ბრალდებული არ იყო მუქარის შემსრულებელი. შესაბამისად დგინდება, რომ მან არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს, რადგან იმთავითვე არ ჰქონდა ბრალდებულის სიტყვების შესრულების მოლოდინი და მაშასადამე შიში.

 

4.13. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადგენილად არ მიაჩნია ის გარემოება, რომ ე--------- შ------ი, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაემუქრა ყოფილ მეგობარ - ა--------ა ჩ--–--–ს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თუ სამართალდამცავ ორგანოში განაცხადებდა, რომ ავიწროვებდა, მოკლავდა მას და არ აცოცხლებდა. ცალსახად არ დგინდება, რომ ა--------ა ჩ--–--–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და განიცადა მორალური ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–--------------ლის ეპიზოდი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–--------------ლის ეპიზოდი)

 

4.14. დაზარალებულმა ა--------ა ბ-–-----------ამ განმარტა, რომ ე--------- შ------ი მივიდა მასთან სახლში, ჰკითხა სად იყო ა--------ა ჩ--–--–ი და უთხრა დაერეკა მისთვის, იმავდროულად მკლავზე მოკიდა ხელი და მოუჭირა, არ ახრჩობდა, მაგრამ მოუჭირა. ე--------- შ------მა დატოვა ბინა, თუმცა მალევე მიბრუნდა, დაიწყო კარზე ბრახუნი და ითხოვდა გაღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეამტვრევდა. მიუხედავად შიშისა ა--------ა ბ-–-----------ამ გაუღო კარი, ბრალდებულმა უთხრა ა--------ა ჩ--–--–ისათვის დაერეკა, შემდეგ წავიდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მაშინ როცა ბრალდებული დაკეტილ კარზე აბრახუნებდა, მობილური ტელეფონო ჰქონდა და შეეძლო პოლიციაში დაერეკა.

 

4.15. მეორე დღეს, მაღაზიიდან დაბრუნებულს ე--------- შ------ი კვლავ კართან დახვდა, ჰკითხა სად იყო ა--------ა ჩ--–--–ი, ბრალდებული ყვიროდა, ემუქრებოდა, რომ დაასახიჩრებდა. ბრალდებული თმებს ქაჩავდა, კისერზე წაავლო ხელი და მის მცდელობაზე გაეშვა, კრავდა ხელს. ა--------ა ბ-–-----------ამ დახმარება სთხოვა იქვე მყოფ მეზობლ კაცს და გოგოს.

 

4.16. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ ეპიზოდებთან მიმართებაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას, რომელიც ცხადია კანონმდებლობით დადგენილ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს არ შეესაბამება - გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.

 

4.17. გარდა ამისა, დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენება თავის მხრივ ვერ იძლევა დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელ კომპონენტებს, რადგან მისი განმარტებებით არ დგინდება მკლავზე და ყელზე ხელის მოჭერით, ან/და თმის მოქაჩვით განიცადა თუ არა ტკივილი, მაშინ როცა როგორც აღინიშნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობისთვის აუცილებელი კომპონენტია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი უნდა განიცადოს. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ დამატებით არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, თუნდაც ექსპერიტიზის დასკვნა, რაც დაადასტურებდა და სადავოს არ გახდიდა გამოიწვია თუ არა ბრალდებულის კონკრეტულმა ქმედებებმა ფიზიკური ტკივილი.

 

4.18. 2----–-–--------------ლის ეპიზოდთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია დაზარალებულის განმარტება, რომ ე--------- შ------მა მკლავზე მოკიდა ხელი და მოუჭირა, თუმცა არ ახრჩობდა, შემდეგ გავიდა გარეთ, ა--------ა ბ-–-----------ამ დაკეტა კარი, რის შემდეგაც ე--------- შ------მა კარზე დაიწყო ბრახუნი და ითხოვდა შეშვებას. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულის ჩვენებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ განიცდიდა შიშს, იმის ნაცვლად, რომ დაერეკა სსიპ ,,112-ში“ დახმარების სათხოვნელად, რისი შესაძლებლობაც ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ჰქონდა, მან გააღო კარი და სახლში შეუშვა მისი განმარტებით - მოძალადე.

 

4.19. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2----–-–----------------–ს, მაშინ, როცა ბრალდებული მასზე ძალადობდა მეზობელ კაცსა და გოგონას სთხოვდა დახმარება, მათ შესახებ კი გამოძიებაში დაკითხვისას ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს, შესაბამისად სასამართლოსათვის გაუგებარია, რატომ არ მოხდა აღნიშნული პირების მოძიება და გამოკითხვა, რადგან დადასტურებულიყო დაზარალებულის მიერ გაცხადებული ინფორმაცია, ობიექტური გამოძიებისათვის.

 

4.20. ასევე, მნიშვნელოვანია დაზარალებულ ა--------ა ბ-–-----------ას პასუხი ადვოკატის კითხვაზე - ე---------ის გინება, ცუდი სიტყვები, შეურაცხყოფა აღიქვა მუქარად.

 

4.21. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადგენილად არ მიაჩნია ის გარემოება, რომ 2----–-–----------------–ს, დილის საათებში, თბილისში, კ----------------ში ყოფნისას ე--------- შ------მა ა--------ა ბ-–-----------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ძლიერად მოუჭირა ხელი ყელზე, აღნიშნული ქმედების შედეგად კი ა--------ა ბ-–-----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ეჭვგარეშე არ დგინდება ის გარემოება, რომ 2----–-–----------------–ს, დაახლოებით 1--- საათზე თბილისში, კ----------------ში ყოფნისას ე--------- შ------მა ა--------ა ბ-–-----------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ძლიერად მოუჭირა ხელი ყელზე, ხელი დაარტყა რამდენჯერმე მარჯვება ხელში და ძლიერად მოქაჩა თმა. აღნიშნული ქმედებების შედეგად კი ა--------ა ბ-–-----------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით

(ა--------ა ბ-–-----------ას მიმართ)

 

4.22. დაზარალებულმა ა--------ა ბ-–-----------ამ განმარტა, რომ მაღაზიიდან დაბრუნებულს ე--------- შ------ი კვლავ კართან დახვდა და ჰკითხა სად იყო ა--------ა ჩ--–--–ი, ყვიროდა, ემუქრებოდა, რომ დაასახიჩრებდა. ა--------ა ბ-–-----------ამ მეზობელ კაცს სთხოვა პოლიციის გამოძახება, თუმცა ბრალდებულმა, რომელიც მის მობილურ ტელეფონში კითხულობდა მიმოწერებს დაუბრუნა ტელეფონი, კაცს კი რაღაც უთხრა ქართულად, რის შემდეგაც აღნიშნული კაცი წავიდა. ა--------ა ბ-–-----------ამ დახმარება, ასევე სთხოვა იქვე მყოფ მეზობლის გოგოს, რის შემდეგაც ბრალდებული წავიდა.

 

4.23. მოცემულ შემთხვევაშიც სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ჩვენების ერთადერთობაზე და ქმედების მუქარით კვალიფიკაციის აუცილებელ პირობაზე - ადრესატისათვის საფუძვლიანი შიშის არსებობაზე (პოზიცია 4.2.).

 

4.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში ასევე წარმოდგენილია შემაკავებელი ორდერები, თუმცა ცხადია ისინი გაცემულია იმავე წყაროს - დაზარალებულების (ერთადერთი მტკიცებულება) განმარტებების საფუძველზე და მათი განხილვა როგორც დამოუკიდებელი ინფორმაციის წყარო შეუძლებელია.

 

4.25. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა მუქარა წარმოადგენს სპეციფიურ დანაშაულს, რომელიც უშუალო ბმაშია დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ დამოკიდებულებასთან, ამ კუთხით კი უმნიშვნელოვანესია სასამართლოს მხრიდან დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემისას, მის ქცევაზე დაკვირვება. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულების არარსებობისა და დაზარალებულის უშუალოდ პროცესზე დაკითხვის შეუძლებლობის პირობებში, ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ შეძლო ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ჰქონდა თუ არა ცალკეულ ქმედებას ადგილი და ასეთის არსებობის შემთხვევაში წარმოადგენდა თუ არა რეალური შიშის ან/და ფიზიკური ტკივილის გამოწვევის საფუძველს უშუალოდ დაზარალებულებისთვის, მითუფრო მათ შორის არსებული ურთიერთობისა და წარსული გამოცდილების ფონზე.

დაზარალებულში შიშის ფაქტორის დადგენა კი ასევე შეუძლებელია საქმეში წარმოდგენილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების საფუძველზე.

 

4.26. შეჯამებისას სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულების განმარტებები, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც არ ხდება მათზე და მათ ემოციურ ფონზე ვიზუალური დაკვირვება ვერ ადასტურებს დაზარალებულების მიერ მუქარის რეალურად აღქმის ფაქტს, ა--------ა ჩ--–--–ის შემთხვევაში პირიქით გამოირიცხა შიშის ფაქტორი, რაც როგორც აღინიშნა მოცემული დანაშაულისათვის აუცილებელი კომპონენტია. ასევე, სხვაგვარი ძალადობით წარდგენილი ბრალდებების ნაწილში ბრალდების მხარის მიერ გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა არ იქნა წარმოდგენილი სხვა დამატებითი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნები, ა--------ა ბ-–-----------ას შემთხვევაში არ მოხდა მისი განმარტებით ფაქტის შემსწრე მოწმეების - მეზობელი კაცისა და გოგონას დადგენა-გამოკითხვა, ასევე არ იქნა დადგენილი ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებთან დაკავშირებითაც დაზარალებულმა ა--------ა ჩ--–--–მა განმარტა - ,,ბევრი მეუბნებოდა, რომ ის ამბობს, მაგრამ არ არის ამის გამკეთებელი“, ცხადია იგულისხმება მუქარის შემცველი სიტყვები.

 

4.27. ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

ამასთან, სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ საკითხზე, ჩნდება თუ არა პრობლემა, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება სავსებით დამაჯერებელია და არ არსებობს საფრთხე, რომ იგი არასანდოა, გამამყარებელი მტკიცებულებების საჭიროება, შესაბამისად ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; § 90).

 

4.28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.29. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც შეიძლება კონკრეტული ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ფარგლებში დამნაშავედ ცნობის წინაპირობა გახდეს - სახეზე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარის წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო გარკვეულწილად სუბიექტურად აფასებენ, ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4.30. სასამართლო იშველიებს სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, რომელიც 2017 წლის 5 აპრილს რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ, 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. მოცემულ შემთხვევაში კი ირკვევა, რომ გამოძიება დამოკიდებულია მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებაზე.

 

4.31. აღნიშნულის გათვალისწინებით მოცემულ შემთხვევაში ბრალად წარდგენილი ქმედებების თითოეულ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი თითოეულ ეპიზოდთან მიმართებაში ვერ დაემყარება ერთადერთ მტკიცებულებას, დაზარალებულის ჩვენებას. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ნაწილში, საჭირო მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი იქნებოდა მის მიმართ სხვაგვარი ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ნაწილში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

4.32. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხოლოდ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიც არის ბრალდებულს და თითოეულ დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა, ბრალად წარდგენილი ქმედების შემდგომი ქცევა, დაადგინოს დაზარალებულებზე განხორციელებული მუქარისა და ძალადობის ფაქტი, მითუფრო შეაფასოს ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულებში აღძრული შიშის რეალურობა, თუკი დაზარალებული თავად არ დაადასტურებს იმ განცდას, რასაც მასში შიშისმომგვრელი გრძნობები შეეძლო აღეძრა, არათუ უშუალოდ არსებითი განხილვის სხდომაზე, სასამართლოში გამოძიების ფარგლებში დაკითხვისასაც კი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, ისეთი მტკიცებულებით, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად ექსპერტის დასკვნა, შეუძლებელია, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მხოლოდ მუქარის ფაქტის დადგენა (რაც ასევე ვერ მოხერხდა კონკრეტულ შემთხვევაში), არამედ მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა. ამდენად, მუქარის დროს, დაზარალებულის ჩვენება არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომლის საპირწონე სამხილის მოძიება, თითქმის შეუძლებელია.

რაც შეეხება სხვაგვარ ძალადობას, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, მნიშვნელოვანია შემსწრე პირთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის, ხოლო თავად დაზარალებულები დაკითხვისას კონკრეტული ძალადობის განმარტებისას არ უთითებენ ტკივილზე, რაც როგორც არაერთხელ აღინიშნა არის აუცილებელი მაკვალიფიცირებელი ნიშანი.

 

4.33. საქართველოს კონსტიტუციის 31-მე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.34. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.35. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).

 

4.36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ე--------- შ------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–------------ის ეპიზოდი, ა--------ა ჩ--–--–ის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა--------ა ჩ--–--–ის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–--------------ლის ეპიზოდი, ა--------ა ბ-–-----------ას მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–--------------ლის ეპიზოდი, ა--------ა ბ-–-----------ას მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა--------ა ბ-–-----------ას მიმართ) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

5.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

6. ყადაღის ბედის გადაწყვეტა:

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან ბრალდებული ე--------- შ------ი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინებით ბრალდებულ ე--------- შ------ის (პ/ნ 0----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, უზრუნველსაყოფად, ხ------ა შ------ას (პირადი N0----------) კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, კ----------------–--–--------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------. დადებული ყადაღა.

 

7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: საქმეზე დართული 2 ცალი ლაზერული დისკი, მასზე ჩაწერილი აუდიო მასალით, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ე--------- შ------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–------------ის ეპიზოდი, ა--------ა ჩ--–--–ის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა--------ა ჩ--–--–ის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–--------------ლის ეპიზოდი, ა--------ა ბ-–-----------ას მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–--------------ლის ეპიზოდი, ა--------ა ბ-–-----------ას მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–--------------ლის ეპიზოდი, ა--------ა ბ-–-----------ას მიმართ) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. ე--------- შ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ე--------- შ------ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განჩინებით, ბრალდებულ ე--------- შ------ის (პ/ნ 0----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ხ------ა შ------ას (პირადი N0----------) კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, კ----------------–--–--------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------. დადებული ყადაღა.

 

5. ნივთმტკიცება: საქმეზე დართული 2 ცალი ლაზერული დისკი, მასზე ჩაწერილი აუდიო მასალით, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე