განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2019
საქმის ნომერი
080100119002946863
დავის ტიპი
236 4 , 179 1
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/304-19 (№041281218006)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ---- ზ-------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ბ--- შ--–---------

მამის სახელი: ვ----–---

დაბადებული: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, გ-----------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, დ-----------–-----–------------------

 

ადვოკატი: გ--–- ს---------

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილი;

 

დისპოზიცია: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება; ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქ. ქუთაისში, ი-–-------------------------------–- მდებარე სავალუტო ჯიხურში ბ--- შ--–--------- ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა თ------ ჭ------- და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოსთხოვა სავალუტო ჯიხურში არსებული თანხა.

 

ბ--- შ--–---------მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - 9 მმ კალიბრის 1908 წლის ნიმუშის (9mm PARA) კუსტარულად დამზადებული უნომრო ავტომატი მჭიდითა და საბრძოლო მასალით - 9მმ კალიბრის 1908 წლის ნიმუშის (9mm PARA) 28 ცალი ვაზნით, ქარხნული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი - 8მმ კალიბრის „KRAL MINI 2005” მოდელის უნომრო პისტოლეტი მჭიდითა და საბრძოლო მასალით - 8მმ კალიბრის აირხმოვანი პისტოლეტის კუსტარულად დამზადებული 3 ცალი ვაზნით, რომლებიც ამოღებულ იქნა 2018 წლის 28 დეკემბერს ჩატარებული ბ--- შ--–---------- პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქ. ქუთაისში, ი-–-------------------------------–- მდებარე სავალუტო ჯიხურში ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებისას ბ--- შ--–--------- მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - 9მმ კალიბრის 1908 წლის ნიმუშის (9mm PARA) კუსტარულად დამზადებულ უნომრო ავტომატს მჭიდით, საბრძოლო მასალას - 9მმ კალიბრის 1908 წლის ნიმუშის (9mm PARA) 28 ცალი ვაზნას, ქარხნული წესით დამზადებულ ცეცხლსასროლ იარაღს - 8მმ კალიბრის „KRAL MINI 2005” მოდელის უნომრო პისტოლეტს მჭიდით და საბრძოლო მასალას - 8მმ კალიბრის აირხმოვანი პისტოლეტის კუსტარულად დამზადებულ 3 ცალ ვაზნას, რომლებიც ამოღებულ იქნა 2018 წლის 28 დეკემბერს ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2018 წლის 28 ივნისის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბ--- შ--–--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქ. ქუთაისში, ი-–-------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ბ--- შ--–--------- ატარებდა ცივ იარაღს - ტურისტული ტიპის მრავალსაგნიან დანას, კასტეტსა და საძგერ დანას, რომლებიც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის დროს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა თ------ ჭ------- განმარტა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 5 საათიდან 6-ის ნახევრამდე დროის პერიოდში, როდესაც ის ობიექტს კეტავდა დაინახა, რომ მისკენ მიდიოდა მამაკაცი შავი ჩაფხუტით, რომელმაც ხელით ანიშნა თითქოს ფულის დახურდავება სურდა, რაზეც თ------ ჭ------- უპასუხა, რომ აღარ მუშაობდა, შიგნით არ შეუშვა და დაიწყო კარის დახურვა, თუმცა აღნიშნულმა მამაკაცმა მას კართან ფეხი დაუდო, რაზედაც თ------ ჭ------- მას წინააღმდეგობა გაუწია, ამაზე „ჩაფხუტიანმა“ მამაკაცმა თ------ ჭ------- უთხრა, ფული მომეცი თორემ მოგკლავო. თ------ ჭ------- მას კისერში მოკიდა ხელი, რა დროსაც ქურთუკის შიგნით დაინახა ავტომატის ტარი. როგორც დაზარალებულმა განმარტა მას სამსახურში ჰქონდა დაახლოებით 29000 ლარი. დაზარალებულის განმარტებით ჭიდილის დროს იგი გადმოვარდა გარეთ, ფეხზე წამოდგა მხოლოდ სხვა პირების დახმარების შემდეგ, ამ დროს დაინახა, რომ ჩაფხუტიანი პირი დაჯდა მოტოციკლზე და წავიდა, თუმცა შეეჯახა იქვე მოძრავ პოლიციის მანქანას და გადმოვარდა მოტოციკლიდან. დაზარალებულის განმარტებით ის ბ--- შ--–---------ს იცნობდა მანამდეც და ახასიათებს, როგორც პატიოსან და ზრდილობიან პიროვნებას. დაზარალებულმა განმარტა, რომ ჭიდილის პროცესში მას ცალი ხელით ეჭირა ბ--- შ--–---------- ქურთუკზე არსებული ,,ზმეიკა’’ რათა ავტომატი არ ამოეღო, ხოლო მეორე ხელით მას უმკლავდებოდა, რა დროსაც ფეხი კარს წამოკრა და გადავარდა გარეთ. როდესაც ბ--- შ--–--------- ობიექტიდან გარეთ გაიქცა და დაჯდა მოტოციკლზე, მასთან მივიდნენ მისი შვილი თ---- ჭ------, რომელმაც ბ--- შ--–--------- მოტოციკლიდან გადმოიყვანა, ორი პოლიციის თანამშომელი და დაცვის პოლიციელები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- გ---------- განმარტა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქუთაისში, ჭ------------------------ში განთავსებულ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაყაჩაღების ფაქტზე. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება და პოლიციის ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ დაზარალებული თ------ ჭ------, პოლიციის თანამშრომლები და თავად ბრალდებული ბ--- შ--–---------, რომლის დაკავებაც მოხდა შემთხვევის ადგილზე. ბ--- შ--–---------ს სახესა და ტანსაცმელზე აღენიშნებოდა დაზიანებები და როგორც თავად განმარტა ისინი მიიღო მაშინ, როდესაც გაქცევის დროს საკუთარი მოტოციკლით დაეჯახა იქვე მყოფ ავტომობილს. მოწმის განმარტებით ბ--- შ--–---------- პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 28 ცალი ვაზნით, პისტოლეტი მჭიდით და ექვსი ცალი ვაზნით, ორი ცალი დანა, კასტეტი, პლასტმასის ე.წ „ჟგუტები“, გამჭვირვალე ბოთლში მოთავსებული სპეციფიური სუნის სითხე, რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა იყო ბენზინი, აგრეთვე ბ--- შ--–---------- კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დროს. ბრალდებულს დაკავებისას განემარტა უფლებები, დაკავების მიზეზი და ოქმი შედგენილ იქნა დაკავების ადგილზე, რომლის სისწორე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურეს მონაწილე პირებმა ხელისმოწერით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ------–------ განმარტა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 28 დეკემბერს იმყოფებოდა ჭ---------------------, ლ-–- ფ---–---–-–---–---- ერთად და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე შემოესმათ ხმაური და დაინახეს, რომ უცნობი მამაკაცი ქუჩაში ყვიროდა „დამაყაჩაღესო“ და ამ დროს მეორე მამაკაცი ჩაფხუტით ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა ტროტუარიდან გზის მიმართულებით, ამ დროს თავადაც გაემართნენ იმ მიმართულებით და დაინახეს, რომ აღნიშნული მამაკაცი დაჯდა მოტოციკლზე და წასვლისას შეეჯახა იქვე მოძრავ ინკასაციის ავტომობილს, ისინი რამდენიმე წამში მიუახლოვდნენ მას და შებოჭეს, შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლებიც. ერთ-ერთმა მოქალაქემ მათ უთხრა, რომ შებოჭილ პირს ჰქონდა ავტომატი და იყო შეიარაღებული. დ------–------ განმარტებით, როდესაც მათ „ზმეიკის“ გახსნა დააპირეს, შენიშნეს იარაღი და მოახდინეს მისი დაკავება, განუმარტეს უფლებები და აცნობეს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას მომხდარი ფაქტის შესახებ. დაახლოებით 10-15 წუთში მივიდა გამომძიებელი და ადგილზე იქნა შედგენილი დაკავების ოქმი, ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებულ იქნა ავტომატი ვაზნებით, პისტოლეტი ვაზნებით, დანა, „ჟგუტი“ და ბენზინის მცირე ზომის ბოთლი, დათვალიერებისას შენიშნეს რომ ბრალდებულს ეცვა ორ-ორი ტანსაცმელი, ორი მაისური, ორი შარვალი. ამოღებული ნივთები გამომძიებლის მიერ ადგილზევე დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები, რის შემდეგაც ბრალდებული გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით დაკავებისას ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ნანობდა მის საქციელს. როგორც მოწმემ განმარტა, იგი ბრალდებულ ბ--- შ--–---------ს იცნობს და ახასიათებს დადებითად.

 

ანალოგიური სახის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ-–- ფ---–---–-–---–--.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ---- შ--–---------მ განმარტა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს გამოძიება დაიწყო ქუთაისში, ჭ---------------------ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. მოწმის განმარტებით მის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი დაზარალებულის და ექსპერტების მონაწილეობით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი იქნა წაქცეული მოტოციკლი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სათვალე და მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც ამოიღეს შესაბამისი წესით. მოტოციკლის სახელურიდან და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესასვლელი კარის სახელურიდან აღებული იქნა ანაწმენდები და დაილუქა შესაბამისი წესით. მის მიერ ასევე დათვალიერდა ვიდეო ჩანაწერი. მოწმემ განმარტა, რომ მან თავად გააცნო ბრალი ბ--- შ--–---------ს, მის მიერ დაინიშნა ექსპერტიზები და მან დაადასტურა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- ც-------–---–-- განმარტა, რომ მუშაობს ინკასაციის სამსახურში. 2018 წლის 28 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ქუთაისში, ჭ---------------------, რა დროსაც მის ავტომობილს დაეჯახა მოტოციკლი. როდესაც გადმოვიდა დაინახა, რომ პირი შებოჭეს, რომელსაც თან ჰქონდა ავტომატი ვაზნებით, შავი ფერის ხელთათმანები, მცირე ზომის პისტოლეტი, ე.წ „ჟგუტი“ და კასტეტი. შებოჭილი პირი წინააღმდეგობას უწევდა დამკავებლებს და ცდილობდა გათავისუფლებას.

 

ანალოგიური სახის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის ინკასაციის სამმართველოს ქუთაისის ჯგუფის ინსპექტორმა ა---------– გ--------–---–--.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ბ--- შ--–---------მ განმარტა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს დილის საათებში იმყოფებოდა სახლში, დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ წავიდა ტყეში იარაღის სასროლად. გზაში ჭავჭავაძის ქუჩაზე გაუფუჭდა მოტოციკლი და დაინახა, რომ იქვე იყო მამაკაცი, რომელიც კეტავდა რაღაც ობიექტს და სთხოვა დანა მოტოციკლის შესაკეთებლად, თუმცა აღნიშნულმა მამაკაცმა მას უხეშად უპასუხა, რომ დანა არ ჰქონდა და ხელი აუქნია. ამის გამო ბ--- შ--–---------მ მას ხელი კრა და დაიწყეს ჩხუბი, რამე კონკრეტული განზრახვა მას არ ჰქონია. მამაკაცმა დაიწყო ყვირილი, რის გამოც ბ--- შ--–--------- გარეთ გამოვიდა, მოტოციკლზე დაჯდა, თუმცა მანქანამ „დაარტყა“ და გზა ვერ გააგრძელა. ამის შემდეგ დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამოკითხეს, სადაც ანალოგიურად განმარტა, რაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, ადრე წამლებს იღებდა, თუმცა შემდეგ შეწყვიტა და დაიწყო ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, სწორედ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, შემთხვევის დღესაც ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, 2018 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოძიება დაიწყო ილია ჭ---------------------ში განთავსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაყაჩაღების ფაქტზე.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N3142653 თანახმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ---- ქ--------- 2018 წლის 28 დეკემბერს დაუკავშირდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი დ------–----- და აცნობა, რომ ჭ--------------------- N---ში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული ჰყავს ერთი პირი და ითხოვს დახმარებას.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------- გ---------- მიერ 2018 წლის 28 დეკემბერს 17:43 საათზე ქუთაისში, ჭ---------------------ში განთავსებული კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე ბ--- შ--–--------- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ბ--- შ--–---------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა შავი ფერის მეტალის და ხის კონსტრუქციის ავტომატური იარაღისმაგვარი საგანი, რომელიც მასზე დამაგრებული საკიდით გადაკიდებული ჰქონდა კისერზე, ავტომატურ იარაღში მოთავსებულია მჭიდი, რომელიც არის შავი ფერის მეტალის კონსტრუქციის, რომელში მოთავსებულია 28 (ოცდარვა) ცალი ვაზნა. შარვლის მარჯვენა მხარეს წელის მიდამოდან ამოღებულ იქნა პისტოლეტის მაგვარი საგანი, რომელიც არის ლითონის და ხის კონსტრუქციის, მოშავო ფერის, რომელშიც მოთავსებულია მჭიდი, ხოლო მჭიდში დევს ექვსი ცალი ვაზნა, ხოლო მეშვიდე ვაზნა მოთავსებული იყო პისტოლეტის ლულაში. შავი ფერის ქურთუკის მარჯვენა ქვედა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მეტალის კონსტრუქციის შავი ფერის ე.წ კასტეტი, შავი ფერის მეტალისა და პლასტმასის კონსტრუქციის ფანარი, რომელსაც აქვს მიმაგრებული რუხი ფერის ნაჭრის ზონარი, ასევე ჯიბიდან ამოღებულ იქნა წითელი ფერის მეტალის კონსტრუქციის უნივერსალური ბრტყელტუჩა, ხოლო ქურთუკის მარცხენა ქვედა ჯიბიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ხუთი ცალი პოლიეთილენის ე.წ ჟგუტი, ბ--- შ--–---------- შავი ფერის ნაჭრის შარვლის მარჯვენა გარე ჯიბიდან ამოღებულ იქნა მცირე ზომის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, მცირე ზომის პოლიეთილენის კოლბა, რომელშიც მოთავსებულია მძაფრი სუნის მქონე გამჭვირვალე სითხე, ამავე ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის სამსუნგის ფირმის დასაკეცი მობილური ტელეფონი და ჯეოსელის სიმ-ბარათი, ასევე ამოღებულ იქნა ერთი ცალი ვერცხლისფერი ლითონის გასაღები და ოთხკუთხედი ფორმის შავი ფერის მობილური ტელეფონის კვების წყარო ე.წ „ბატარეა“, ქურთუკის შიდა გულის ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთი კოლოფი სანთებელა, მოლურჯო ფერის მეტალის სანთებელა. ბ--- შ--–---------- მარჯვენა და მარცხენა ხელიდან მოხსნილი და ამოღებულ იქნა შავი ფერის ნაჭრის ერთი წყვილი ხელთათმანი, ასევე მარჯვენა მაჯიდან მოხსნილი და ამოღებულ იქნა შავი ფერის პოლიეთილენის სამაჯურიანი ელექტრონული მაჯის საათი, ასევე ბ--- შ--–----------აგან ამოღებული იქნა მეტალის და პლასტმასის კონსტრუქციის მცირე ზომის დანა თავისივე ჩასადებით, ასევე ამოღებულ იქნა შავი ფერის ნაჭრის შარვალი, რომელსაც უკანა მხარეს საჯდომზე აღენიშნება დაზიანება ნახევის სახით, ასევე დაზიანება აღენიშნება მარცხენა ტოტზე ნახევის სახით, ასევე ამოღებულ იქნა შავი ფერის კაპიუშონიანი ნაჭრის ქურთუკი, რომელსაც შიგა და გარე მხარეს აქვს ჯიბეები, ხოლო ქურთუკის მარცხენა მკლავში აღმოჩნდა მართკუთხედი ფორმის შავი ფერის „პლაშოვკის“ სამედიცინო ჩანთა „მერსედესის“ ემბლემის გამოსახულებით, ასევე ამოღებულ იქნა შავი ფერის კეპიანი ქუდი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 დეკემბერს 19:00 საათიდან 20:30 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერება ჩატარდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ლ---- შ--–---------- მიერ. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქუთაისში, ი. ჭ---------------------ში, სადაც განთავსებულია თ------ ჭ------- კუთვნილი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, აღნიშნული საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ, ჭ--------------------- ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, გზის საფარზე განთავსებულია „ფორდის“ მარკის „ჰაილუქსის“ ტიპის ავტომანქანა, რომელსაც აქვს დაცვის პოლიციის გერბი და მისი აღმნიშვნელი წარწერები. ავტომანქანას მარჯვენა წინა მხარეს ბამპერზე აქვს ნაკაწრები, მის წინ საბურავთან წაქცეულ მდგომარეობაშია შავი ფერის მოტოციკლი, მოტოციკლის საჭის მარჯვენა სახელურთან გზის საფარზე დაგდებულია შავი ფერის სათვალე, შავი ფერის ჩაფხუტი, პლასტმასის ნატეხები. ჩაფხუტთან გზის საფარზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქა, მოტოციკლის საჭის სახელურებიდან აღებულ იქნა ანაწმენდები. ამოღებულ იქნა შავი ფერის სათვალე, შავი ფერის ჩაფხუტი, მოწითალო ფერის ლაქა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში შესასვლელი კარის ჩარჩოს შიდა და გარე მხრიდან, ასევე კარის ჩარჩოს შიდა და გარე სახელურის ქვედა ნაწილებიდან აღებულ იქნა ანაწმენდები.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, DVD დისკი დათვალიერდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ლ---- შ--–---------- მიერ. დისკზე არის შვიდი ვიდეო ფაილი, ისინი დათარიღებულია 28.12.2018 წლით, მოცემულია 17:00 საათიდან 17:48 საათამდე დროის მონაკვეთი. ვიდეოჩანაწერში არის ვალუტის შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერის პერიმეტრის ჩანაწერები. გარე პერიმეტრის ჩანაწერებში ჩანს, ი. ჭ------------------------ის წინამდებარე ტერიტორია, საავტომობილო გზა, სადაც საავტომობილო გზაზე ავტომანქანის საპარკინგე ადგილზე მოტოციკლით დგას ბ--- შ--–---------, რომელიც მის მოტოციკლთან დგას და თითქოს ცდილობს მის შეკეთებას, აღნიშნულის შემდეგ 17:47 საათზე ბ--- შ--–--------- მიდის თ------ ჭ------- ვალუტის ჯიხურის კართან, რის შემდეგაც სწრაფად შედის ვალუტის პუნქტში, შიდა პერიმეტრის სამეთვალყურეო ჩანაწერში ჩანს თ------ ჭ------, რომელიც კეტავს ვალუტის კარს, რა დროსაც მასთან ხელის კვრით შედის მოტოციკლისტის ჩაფხუტიანი ბ--- შ--–---------, რომელიც ცდილობს უბიდან ამოიღოს ავტომატი, კადრში ჩანს ავტომატის ტარი, რომელზეც ხელი უკიდია ბ--- შ--–---------ს, თ------ ჭ-------ა და ბ--- შ--–---------ს შორის მიმდინარეობს ფიზიკური ჭიდილი, რა დროსაც თ------ ჭ------ ვალუტის კართან გარე მხარეს დაეცემა, ამის შემდეგ ბ--- შ--–--------- გარბის მის მოტოციკლთან, რომელსაც აბრუნებს, რა დროსაც ის დაეჯახება დაცვის პოლიციის ავტომანქანას და დაეცემა, ამავდროულად მასთან მიირბენენ თ------ ჭ------, თ----რ ჭ------, ასევე პოლიციის თანამშრომლები ლ-–- ფ---–---–-–---–- და დ------–-----, ასევე დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ერთობლივად დააკავეს ბ--- შ--–---------.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის N252/ბ დასკვნის თანახმად, 9 მმ. კალიბრის 1908 წლის ნიმუშის (9mm PARA) ვაზნების გასასროლად, კუსტარულად დამზადებული უნომრო ავტომატი, გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება კუთხვილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. 9 მმ. კალიბრის 1908 წლის ნიმუშის (9mm PARA) 28 ცალი ვაზნა გასროლის წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ქარხნული წესით დამზადებული 8 მმ. კალიბრის „KRAL MINI 2005” მოდელის უნომრო პისტოლეტი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. 8 მმ. კალიბრის აირხმოვანი პისტოლეტის ფუჭი (ხმოვანი) გასროლის ვაზნიდან კუსტარულად დამზადებული 3 ვაზნა გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ქარხნული წესით დამზადებული 8 მმ. კალიბრის აირხმოვანი პისტოლეტის 4 ცალი ფუჭი (ხმოვანი) გასროლის ვაზნა დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისია და საბრძოლო მასალათა კატეგორიას არ მიეკუთვნება.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის N02/ცვ დასკვნის თანახმად, ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი ტურისტული ტიპის მრავალსაგნიანი დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას. ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი კასტეტი მიეკუთვნება მსხვრევად-დასარტყმელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას. ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი საძგერი დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N002266119 დასკვნის თანახმად, ბ--- შ--–---------ს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონალური აშლილობა (კოდი F60.3; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ბ--- შ--–--------- ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა და შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად ბ--- შ--–---------ს აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, დეკომპენსაციის მდგომარეობა. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ბ--- შ--–---------ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ბ--- შ--–--------- ამჟამად დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ბ--- შ--–---------ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისათვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით, ამჟამად ბ--- შ--–--------- წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ბ--- შ--–---------მ უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი: ხონი, ქუტირი) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ------- შ--–-------- დ---------------- და თ----- ნ-----–-----–---–--.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით ბ--- შ--–--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის საკმარისი და უტყუარად ადასტურებენ ბ--- შ--–---------- ბრალდებას, რომ მან ჩაიდინა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება; ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ბ--- შ--–---------- მიმართ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ:

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის დისპოზიციაში მითითებულია დანაშაულზე - ყაჩაღობაზე, რაც ობიექტური მხრივ გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, მიმართულია ისეთი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისაკენ, როგორიცაა უპირველეს ყოვლისა საკუთრების უფლება და აგრეთვე, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობისას ადგილი აქვს მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით ადამიანზე თავდასხმას, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, რასაც შესაძლებელია შედეგად მოჰყვეს თავდასხმის ობიექტის ფიზიკური დაზიანება ან/და შიშით გამოწვეული ფსიქიკური ტრავმა. თავდასხმა წარმოადგენს ადამიანის მიმართ განხორციელებული უეცარ, ხშირად ძალადობაში გამოხატულ აგრესიულ აქტს, რომელსაც გააჩნია მოულოდნელობის ეფექტი და მიმართულია დაზარალებულის ფიზიკური თუ ფსიქიკური პარალიზებისაკენ, რათა ამ უკანასკნელმა გაათვითცნობიეროს მისი სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისაკენ მომდინარე იმწუთიერი და რეალური საფრთხის არსებობა. მოცემული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია, რომ დაზარალებულის მიმართ გამოყენებული ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა, ამ უკანასკნელის მიერ აღქმულ იქნეს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ მომდინარე რეალურ, განხორციელებად საფრთხედ, რომლის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზებით, წინააღმდეგობის გადალახვის გზით დაეუფლოს მატერიალურ სიკეთეს. ყაჩაღობა, შესაძლოა ჩადენილ იქნეს ფიზიკური ძალადობის გარეშეც. კერძოდ, ადამიანზე თავდასხმისას გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ფსიქიკური იძულება, გამოხატული, როგორც სიტყვიერად სიცოცხლის მოსპობის ან/და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, ასევე უსიტყვოდ, ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღის, ან იარაღად გამოყენებული სხვა ნივთის დემონსტრირებაში, რათა ასეთი მუქარა, დაზარალებულის მხრიდან აღქმულ იქნეს ობიექტურად რეალიზებად საფრთხედ. სუბიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში, რადგან დამნაშავეს შეცნობილი აქვს მისი მოქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, მოსალოდნელი შედეგი და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს სხვის მოძრავ ნივთს.

 

განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევით, ურთიერთშეჯერებითა და სასამართლოში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სიღრმისეული ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულ ბ--- შ--–---------- ქმედება სრულად მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანს.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს სისხლის სამართლის თეორიასა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილ კრიტერიუმზეც. კერძოდ მასზედ, რომ ყაჩაღობის შემადგენლობის აუცილებელი პირობა არ არის თავდამსხმელი ვერბალურად გამოხატავდეს სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას, არამედ დაზარალებულის მხრიდან ძალადობის შესაძლო განხორციელების რეალურად აღსაქმელად საკმარისია იარაღის, დანის ან მისი მსგავსი საგნის დემონსტრირებაც კი.

 

სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზი იძლევა საშუალებას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს თავდამსხმელი პირის თითოეულ მოქმედებას, რის საფუძველზეც სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელი შემადგენლობის ყველა ელემენტი, კერძოდ - მოულოდნელი თავდასხმა თ------ ჭ------- მიმართ; დაზარალებულის მხრიდან მისი ჯანმრთელობასა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების იმწუთიერი საფრთხის რეალურად აღქმა და ქონების დაუფლების გაადვილების მიზნით ბ--- შ--–---------- მხრიდან თ------ ჭ------- ნების პარალიზების მოთხოვნა, რათა უსიტყვოდ შეესრულებინა თავდამსხმელის მითითებანი, რაც გამოიხატა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თანხის გადაცემის მოთხოვნაში. ამდენად, ბ--- შ--–---------- მოქმედებების შედეგად ყაჩაღობის შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ყველა სავალდებულო ნიშანი ობიექტურად განხორციელდა და შესაბამისად, მას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

სასამართლოს არანაირი საფუძველი არ აქვს ეჭვი შეიტანოს დაზარალებულ თ------ ჭ------- და საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებში, რომელთაც არავითარი პირადი დაინტერესება არ აქვთ ბრალდებულისადმი. დაზარალებული თ------ ჭ------ ცალსახად განმარტავს, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 5 საათიდან 6-ის ნახევრამდე დროის პერიოდში, როდესაც ის ობიექტს კეტავდა დაინახა, რომ მისკენ მიდიოდა მამაკაცი შავი ჩაფხუტით, რომელმაც ხელით ანიშნა, თითქოს ფულის დახურდავება სურდა, რაზეც თ------ ჭ------- უპასუხა, რომ აღარ მუშაობდა, შიგნით არ შეუშვა და დაიწყო კარის დახურვა, თუმცა აღნიშნულმა მამაკაცმა მას კართან ფეხი დაუდო, რაზედაც თ------ ჭ------- მას წინააღმდეგობა გაუწია. დაზარალებულმა ცალსახად და არაერთგზის დაადასტურა, რომ „ჩაფხუტიანმა“ მამაკაცმა მას უთხრა, ფული მომეცი თორემ მოგკლავო, რაზეც თ------ ჭ------- მას კისერში მოკიდა ხელი, რა დროსაც ქურთუკის შიგნით დაინახა ავტომატის ტარი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ დღეის მდგომარეობითაც დარწმუნებულია იმ გარემოებაში, რომ ბ--- შ--–----------ათვის ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში, ყაჩაღურ თავდასხმას მოყვებოდა ფატალური შედეგი. სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლების გ------- გ----------, დ------–------, ლ-–- ფ---–---–-–---–-ს, აგრეთვე მოწმეების: ლ-–- ც-------–---–-- და ა---------– გ--------–---–-- ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ თ------ ჭ------- მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებთან, მათი ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ბ--- შ--–---------ს დაკავებისას თან ჰქონდა ავტომატი ვაზნებით, პისტოლეტი ვაზნებით, მცირე ზომის პისტოლეტი, ე.წ „ჟგუტი“, დანები, კასტეტი და ბენზინი. აღნიშნულ მტკიცებულებებთან ასევე შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სავალუტო ჯიხურის შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები DVD დისკზე.

 

სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ ბ--- შ--–---------- პოზიციას, რომელიც უთითებს, რომ მან თ------ ჭ------- მოსთხოვა დანა, რომელიც გაფუჭებული მოტოციკლის შესაკეთებლად სჭირდებოდა. ბრალდებულის აღნიშნული ვერსია ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, ვინაიდან მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებში ერთ-ერთი სწორედ დანაა. ამასთან ბრალდებულ ბ--- შ--–----------აგან ამოღებული ნივთები, როგორიც არის ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები კასტეტი, ბენზინი, ე.წ. ჟგუტები, ასევე მიუთთებს სწორედ ბ--- შ--–---------- განზრახვაზე, რაც გაახმოვანა დაზარალებულთან, როდესაც მას ფულადი თანხა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრა.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქ. ქუთაისში, ი-–-------------------------------–- მდებარე სავალუტო ჯიხურში ბ--- შ--–--------- ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა თ------ ჭ------- და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოსთხოვა სავალუტო ჯიხურში არსებული თანხა.

 

რაც შეეხება ბრალდებულ ბ--- შ--–---------- მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, გარდა ბრალდებულ ბ--- შ--–---------- აღირებისა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების გ------- გ----------, დ------–------, ლ-–- ფ---–---–-–---–-ს, ლ-–- ც-------–---–--, ა---------– გ--------–---–--, დაზარალებულ თ------ ჭ------- ჩვენებებით, ბრალდებულ ბ--- შ--–---------- პირადი ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის N252/ბ დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N02/ცვ დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ--- შ--–---------მ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით; ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით;

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ბ--- შ--–---------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--- შ--–---------ს საბოლოოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბ--- შ--–--------- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 იანვრის წერილით ირკვევა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა ბ--- შ--–---------ს გადახდილი აქვს სრულად 2018 წლის 23 ივლისს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--- შ--–---------- მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობივი შეკრების პრინციპის საფუძველზე.

 

აგრეთვე სასამართლო განსაზღვრავს, რომ საქმეში არსებული სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე ბ--- შ--–--------- სასჯელის მოხდის პერიოდში არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე მოთავსებულ უნდა იქნეს შპს ,,აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი, ქუტირი).

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

ბ--- შ--–---------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი უნომრო ავტომატი, მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, კასტეტი - შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

ბ--- შ--–---------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ასანთი, ხუთი ე.წ. ,,ჟგუტი’’, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული კოლბა მასში არსებული სითხით, მცირე ზომის დანა თავისივე ჩასადებით - განადგურდეს.

 

ბ--- შ--–---------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფანარი, უნივერსალური ბრტყელტუჩა, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებულ ჯეოსელის სიმბარათთან ერთად, ჯეოსელის სიმბარათი, გასაღები, ტელეფონის ბატარეა, ერთი კოლოფი სანთებელა, მეტალის სანთებელა, ერთი წყვილი ხელთათმანი, ელექტრონული მაჯის საათი, ერთი შარვალი, კაპიშონიანი ნაჭრის ქურთუკი, სამედიცინო ჩანთა და კეპიანი ქუდი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ბ--- შ--–---------- ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები მოტოციკლის სახელურიდან, მოწითალო ლაქა, ვალუტის პუნქტის კარისა და სახელურიდან აღებული ანაწმენდები - განადგურდეს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოტოციკლი, სათვალე, ჩაფხუტი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის ფოტოები, მეხსიერების ბარათი, რომელზეც ჩაწერილია გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ--- შ--–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ბ--- შ--–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ბ--- შ--–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ბ--- შ--–---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ბ--- შ--–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 28 დეკემბრიდან.

 

ბ--- შ--–--------- სასჯელის მოხდის პერიოდში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე მოთავსებულ იქნეს შპს ,,აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი, ქუტირი); ხოლო აღნიშნული კრიტერიუმების ამოწურვის შემდეგ სასჯელის მოხდა გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ბ--- შ--–---------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი უნომრო ავტომატი, მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, კასტეტი - შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

ბ--- შ--–---------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ასანთი, ხუთი ე.წ. ,,ჟგუტი’’, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული კოლბა მასში არსებული სითხით, მცირე ზომის დანა თავისივე ჩასადებით - განადგურდეს.

 

ბ--- შ--–---------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფანარი, უნივერსალური ბრტყელტუჩა, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებულ ჯეოსელის სიმბარათთან ერთად, ჯეოსელის სიმბარათი, გასაღები, ტელეფონის ბატარეა, ერთი კოლოფი სანთებელა, მეტალის სანთებელა, ერთი წყვილი ხელთათმანი, ელექტრონული მაჯის საათი, ერთი შარვალი, კაპიშონიანი ნაჭრის ქურთუკი, სამედიცინო ჩანთა და კეპიანი ქუდი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ბ--- შ--–---------- ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები მოტოციკლის სახელურიდან, მოწითალო ლაქა, ვალუტის პუნქტის კარისა და სახელურიდან აღებული ანაწმენდები - განადგურდეს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოტოციკლი, სათვალე, ჩაფხუტი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის ფოტოები, მეხსიერების ბარათი, რომელზეც ჩაწერილია გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური