გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.09.2019
საქმის ნომერი
110210119003064944
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210119003064944

№ 2/370-2019 წელი

„გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 სექტემბერი 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე _ შპს ,,მ------------–ი'' ;

წარმომადგენელი_ ხ-------------------ძე

მოპასუხე _ან----------–-ძე, მ-----------–-ძე, ე----------ძე, ხ-------------------ძე;

დავის საგანი_ თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

მოპასუხეებს ან----------–-ძეს, მ-----------–-ძეს, ე----------ძესა და ხ-------------------ძეს შპს ,,მ------------–ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 1950 ლარის, პროცენტის 250 ლარის, პირგასამტეხლოს 700 ლარის, ჯამში 2900 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2018 წლის 13 იანვარს ან----------–-ძეს და შპს ,,მ------------–ს'' შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სალომბარდე სესხი 5000 ლარის ოდენობით. სესხის სარგებლობისათვის გათვალისწინებული იქნა სარეგებელი 900 ლარის ოდენობით. სესხი გაცემული იქნა 3 თვის ვადით და გულისხმობდა სესხისა და სარგებლის გადახდას ყოველდღიურად 65,56 ლარის ოდენობით ,,გამსესხებლის'' სასარგებლოდ. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარი.

 

ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2018 წლის 13 იანვარს მ-----------–-ძესთან, ე----------ძესთან და ხ-------------------ძესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება სესხის, სარგებლისა და ჯარიმის გადახდაზე. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მსესხებელმა დაალომბარდა მის საკუთრებაში არსებული ნივთები. თუმცა როცა დავალიანება წარმოიშვა, ორგანიზაციის წარმომადგენლებს მსესხებელი სახლში არ დახვდათ და სახლი დაკეტილი იყო, რის გამოც ვერ მოხერხდა ნივთების გამოტანა და რეალიზაცია.

 

მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულება და 2019 წლის 4 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 3900 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2500 ლარი, სარგებელი - 450 ლარი, პირგასამტეხლო -950 ლარი.

 

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, სესხი ძირი თანხა განსაზღვრა 1950 ლარით, პროცენტი 250 ლარით, ხოლო პირგასამტეხლო 700 ლარით.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხე ხ-------------------ძემ წარმოადგინა შესაგებელი და სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ მოსარჩელემ მოთხოვნა უნდა დაიკმაყოფილოს მსესხებლის კუთვნილი დალომბარდებული ნივთების რეალიზაციით.

 

მოპასუხე ე----------ძემ შესაგებელი არ წარმოადგინა, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა და სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხეებმა ან----------–-ძემ და მ-----------–-ძემ შესაგებლები არ წარმოადგინეს.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. 2018 წლის 13 იანვარს ან----------–-ძეს და შპს ,,მ------------–ს'' შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სალომბარდე სესხი 5000 ლარის ოდენობით. სესხის სარგებლობისათვის გათვალისწინებული იქნა სარეგებელი 900 ლარის ოდენობით. სესხი გაცემული იქნა 3 თვის ვადით და გულისხმობდა სესხისა და სარგებლის გადახდას ყოველდღიურად 65,56 ლარის ოდენობით ,,გამსესხებლის'' სასარგებლოდ. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, 2018 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებას, სალაროს გასავლის ორდერს.

 

3.2. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მსესხებელმა დაალომბარდა მის საკუთრებაში არსებული ნივთები (გარნიტური, ტახტი, სამზარეულო, მინის მაგიდა, საძინებლის კარადა, მაცივარი, გაზის გამათბობელი, ტელევიზორი). დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო მოეხდინა მის საკურებაში არსებული დალომბარდებული ნივთების რეალიზაცია, გამსესხებლის ნებართვით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2018 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებას.

 

3.3 ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 13 იანვარს მ-----------–-ძესთან, ე----------ძესთან და ხ-------------------ძესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება სესხის, სარგებლისა და ჯარიმის გადახდაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2018 წლის 13 იანვრის თავდებობის ხელშეკრულებებს.

 

3.4. მსესხებელმა დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი და მას წარმოეშვა დავალიანება. 2019 წლის მაისში, საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეეცადნენ დავალიანების დაფარვის მიზნით დალომბარდებული ნივთების გამოტანას მათი რეალიზაციისთვის, მაგრამ მსესხებლი სახლში არ დახვდათ და სახლი დაკეტილი იყო. მეზობლებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მოპასუხეთა განმარტებით, ან----------–-ძე 2019 წლის აპრილიდან იმყოფება საზღვარგარეთ. ამდენად, დალომბარდებული ნივთების რეალიზაცია ვერ მოხერხდა მსესხებლის ან----------–-ძის ბრალითა და მიზეზით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2019 წლის 30 მაისის აქტს, წინასასარჩელო პრეტენზიას, საპრეტენზიო წერილს, სხდომის ოქმს.

 

3.5. 2019 წლის 4 ივნისის მდგომარეობით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 3900 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2500 ლარი, სარგებელი - 450 ლარი, პირგასამტეხლო -950 ლარი. აღნიშნული თანხიდან, მოპაუხემ აანაზღაურა 1000 ლარი, რის შემდეგაც მოპასუხე მხარის დავალიანებამ შეადგინა 2900 ლარი: ძირი თანხა 1950 ლარი, პროცენტი -250 ლარი, პირგასამტეხლო 700 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, 2018 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებას, 2018 წლის 13 იანვრის თავდებობის ხელშეკრულებებს, სესხის დაფარვის გრაფიკს, მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს ,,მ------------–ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით; სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე , 361-ე,417-ე, 418-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

_ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ან----------–-ძე, მ-----------–-ძემ და ე----------ძემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგინეს შესაგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მიმართ სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დამტკიცებულებად.

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

მოსარჩელე თანხის დაკისრებას ან----------–-ძეთან ერთად სოლიდარულად ითხოვს მაკა გოგლაძეს, ე----------ძესა და ხ-------------------ძისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

თავდებობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, თავდები პირი კისრულობს ვალდებულებას, მხარეთა შორის 2018 წლის 13 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების პირობების ,,მსესხებლის'' მიერ დარღვევის შემთხვევაში, ,,მსესხებელთან'' ერთად სრულად, სოლიდარულად იყოს პასუხისმგებელი დავალიანების ძირი თანხის, სარგებლისა და ჯარიმის თანხის გადახდაზე.

 

ამავე ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, თავდებობის საფუძველს წარმოადგენს მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 13 იანვარს ან----------–-ძეს და შპს ,,მ------------–ს'' შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სალომბარდე სესხი 5000 ლარის ოდენობით. სესხის სარგებლობისათვის გათვალისწინებული იქნა სარეგებელი 900 ლარის ოდენობით. სესხი გაცემული იქნა 3 თვის ვადით და გულისხმობდა სესხისა და სარგებლის გადახდას ყოველდღიურად 65,56 ლარის ოდენობით ,,გამსესხებლის'' სასარგებლოდ. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 13 იანვარს მ-----------–-ძესთან, ე----------ძესთან და ხ-------------------ძესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება სესხის, სარგებლისა და ჯარიმის გადახდაზე.

 

დადგენილია ასევე, რომ მოვალემ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება.

 

ამდენად, მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა ხელშეკრულების საფუძველზე და გამსესხებელმა ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება თანხის გაცემაზე. მსესხებელმა კი მიიღო თანხა და ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება სესხად აღებული თანხის დაფარვაზე. ასევე, თავდებობის ხელშეკრულებით ხ-------------------ძემ, ე----------ძესა და მაკა გოგლაძესთან ერთად იკისრეს სოლიდარული თავდებობა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხ-------------------ძისა და ე----------ძის პოზიციას სასამართლო ვერ გაიზირებს, ვინაიდან მათ ხელშეკრულებით აიღეს სოლიდარული ვალდებულება და მისი დარღვევის შემთხვევაში, სოლიდარულად უნდა აგონ პასუხის ვალდებულების შესრულებაზე, ანუ დავალიანების თანხის გადახდაზე.

 

6.3.. მოპასუხეები ხ-------------------ძე და ე----------ძე მიუთითებდნენ, რომ შპს ,,მ------------–ს'' დავალიანების დაფარვისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოეხდინა დალომბარდებული ნივთების რეალიზაცია და მათთვის პრეტენზია არ უნდა წაეყენებინა.

 

ხელშეკრულების მე-3 თავით განისაზღვრა დალომბარდებული ნივთების თაობაზე მხარეთა ყველა უფლება და ვალდებულება.

 

კერძოდ: 3.1. პუნქტის თანხმად, გამსესხებლის მიერ აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მსესხებელმა დაალომბარდა მის საკუთრებაში არსებული ნივთები : გარნიტური (შეფასებულია 400 ლარად), ტახტი (შეფასებულია 100 ლარად), სამზარეულო (შეფასებულია 100 ლარად), მინის მაგიდა (შეფასებულია 400 ლარად), საძინებლის კარადა (შეფასებულია 400 ლარად), მაცივარი (შეფასებულია 500 ლარად), გაზის გამათბობელი ( შეფასებულია 100 ლარად), ტელევიზორი (შეფასებულია 250 ლარად). სულ ნივთების რაოდენობა 8, თანხა ჯამში 2 250 ლარი.

 

3.2 პუნქტით თანახმად, დალომბარდებული ნივთების პასპორტები სალომბარდე სესხის მოქმედების ვადაში რჩება გამსესხებელთან, ხოლო ნივთები ინახება მსესხებელთან, მისი ზედამხედველობის ქვეშ.

 

3.3. პუნქტის თანახმად, გამსესხებლის მიმართ დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მოახდონოს მსესხებლის საკუთრებაში არსებული დალომბარდებული ნივთების ამოღება და რეალიზაცია ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით.

 

3.4. დალომბარდებული ნივთების შესახებ მცდარი ინფორმაციის მიწოდების, დაზიანების, დაკარგვის, ან ღირებულების შეგნებულად შემცირების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია, შეწყვიტოს სალომბარდე ხელშეკრულება და მოითხოვნა დაიკმაყოფილოს თავდებ პირთა მეშვეობით.

 

3.5. პუნქტი: დალომბარდებული ნივთების გამსესხებელთან შეთანხმების გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირების მოხდენის მიზნით და მოთხოვნა დაიკმაყოფილოს თავდებ პირთა მეშვეობით.

 

3.7. პუნქტი: მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებად, მხარეთა მიერ გათვალისწინებულია თავდებობა. მსესხებელი და თავდები, გამსესხებლის წინაშე პასუხისმგებელი არიან სოლიდარულად თავიანთი უძრავ-მოძრავი ქონებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მსესხებელმა დაალომბარდა მის საკუთრებაში არსებული ნივთები (გარნიტური, ტახტი, სამზარეულო, მინის მაგიდა, საძინებლის კარადა, მაცივარი, გაზის გამათბობელი, ტელევიზორი). დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო მოეხდინა მის საკურებაში არსებული დალომბარდებული ნივთების რეალიზაცია, გამსესხებლის ნებართვით.

 

დადგენილია ასევე, რომ როცა დავალიანება წარმოიშვა, 2019 წლის მაისის თვეში, საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეეცადნენ დავალიანების დაფარვის მიზნით დალომბარდებული ნივთების გამოტანას მათი რეალიზაციისთვის, მაგრამ მსესხებლი სახლში არ დახვდათ და სახლი დაკეტილი იყო. მეზობლებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მოპასუხეთა განმარტებით, ან----------–-ძე 2019 წლის აპრილიდან იმყოფება საზღვარგარეთ.

 

ამდენად, დალომბარდებული ნივთების რეალიზაცია ვერ მოხერხდა მსესხებლის ან----------–-ძის ბრალითა და მიზეზით. შესაბამისად, ვინაიდან ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა დალმბარდებული ნივთების რეალიზაცია, აღნიშნული ხელშეკრულების, თავდებობის ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, მოსარჩელეს სრული უფლება გააჩნია, დავალიანების თანხის გადახდევინება ძირითად მსესხებელთან ერთად, მოსთხოვოს თავდებ პირებსაც.

 

6.4 სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.

 

2018 წლის 13 იანვრის ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნება და სარგებლის გადახდა უნდა განხორციელდეს სესხის გაცემის მეორე დღიდან, ყოვედღიური დაფარვით 65. 56 ლარის ოდენობით.

 

2.5 პუნქტის თანხმად, მსესხებელი ვალდებულია, გამსესხებელს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაუბრუნოს მიღებული სესხის თანხა მასზედ დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და ასეთის არსებობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის თანხასთან ერთად.

 

2.6. პუნქტის თანახმად, მსესხებელი იხდის ყველა ნასარგებლები დღის პროცენტს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2018 წლის 13 იანვარს ან----------–-ძეს და შპს ,,მ------------–ს'' შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სალომბარდე სესხი 5000 ლარის ოდენობით. სესხის სარგებლობისათვის გათვალისწინებული იქნა სარგებელი 900 ლარის ოდენობით. სესხი გაცემული იქნა 3 თვის ვადით და გულისხმობდა სესხისა და სარგებლის გადახდას ყოველდღიურად 65,56 ლარის ოდენობით ,,გამსესხებლის'' სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულება და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2019 წლის 4 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 3900 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2500 ლარი, სარგებელი - 450 ლარი, პირგასამტეხლო -950 ლარი. აღნიშნული თანხიდან, მოპაუხემ აანაზღაურა მხოლოდ 1000 ლარი, რის შემდეგაც მოპასუხე მხარის დავალიანებამ შეადგინა 2900 ლარი: ძირი თანხა 1950 ლარი, ხოლო პროცენტი -250 ლარი.

 

ამდენად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობა თანხის გადახდის თაობაზე და დავალიანების დარჩენილი ძირი თანხის 1950 ლარი გადახდა უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

ასევე, სესხზე პროცენტის გადახდა და მისი ოდენობა განსაზღვრული იქნა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და მისი ოდენობა სრულად შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მოთხოვნებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე პროცენტის თანხის 250 ლარის გადახდის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.

 

სესხის ხელშეკრულების 2.7. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო შეადგენს ყოველვაგადაცილებულ დღეზე 5 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სასამართლო სხდომის თარიღის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანებამ პირგასამტეხლოს ნაწილში შეადგინა 700 ლარი.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.

 

პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

 

მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება.

 

შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა მაღალია, მისი ოდენობა უნდა განახევრდეს და უნდა განისაზღვროს 350 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სარჩელზე გადახდილია ბაჟი 117 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, შემცირებული თანხის ბაჟი და ასევე ზედმეტად გადახდილი ბაჟი, ჯამში - 67 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან, ხოლო 50 ლარი, ასევე უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები .

 

სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლის მიხედვით მოპასუხე ხ-------------------ძეს (--------------- აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ--------------–---------------------–- მდებარე N------------------- ს.კოდის მქონე უძრავი ქონების გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა, საქმის შედეგის მიხედვით უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

 

სარეზოლუცო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,--------------–ის '' (ს/კ 4--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ,2. მოპასუხეებს ან----------–-ძეს (პ/ნ 1-----------, მ-----------–-ძეს (----------------, ე----------ძეს (პ--------------- და ხ-------------------ძეს (---------------- შპს ,,--------------–ის '' (ს/კ 4--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 1950 (ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარის, პროცენტის 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის, პირგასამტეხლოს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის, სულ 2550 (ორი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს ან----------–-ძეს (პ/ნ 1-----------, მ-----------–-ძეს (----------------, ე----------ძეს (პ--------------- და ხ-------------------ძეს (---------------- შპს ,,--------------–ის '' (ს/კ 4--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის, ჯამში 100 (ასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო შპს ,,--------------–ს '' (ს/კ 4--------- ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ბაჟის ნაწილი 67 (სამოცდაშვიდი) ლარი- საგადახდო დავალება N--------------------------- თარიღი 18.06.2019 წელი.

 

4. უცვლელად იქნას დატოვებული ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლის მიხედვით მოპასუხე ხ-------------------ძეს (--------------- აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ--------------–---------------------–- მდებარე N------------------- ს.კოდის მქონე უძრავი ქონების გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა,5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე