გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.09.2019
საქმის ნომერი
140310019003165690
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003165690

საქმე № 3/214-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

 

მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: ლ-–- ხ------------

 

მოპასუხე: ა---------– ნ-------–---–ი

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

პენსიის სახით გაცემული თანხის - 400 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, აწ გარდაცვლილი ო-–-- ნ-------–---–ი (პირ. N 5-----------) ყოველთვიურად იღებდა პენსიას - 200 ლარს.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დაფიქსირდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ო-–-- ნ-------–---–ი გარდაიცვალა 2019 წლის 29 მარტს, ხოლო გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაცია მოხდა იმავე წლის 12 აპრილს; მისი კუთვნილი თანხა კი ბარათის მეშვეობით უკანონოდ აიღო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---–---ში მცხოვრებმა ა---------– ნ-------–---–მა (პირ. N 5----------).

 

მოსარჩელე ითხოვს ზედმეტად გადახდილი 2 თვის პენსიის უკან დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ, მართალია, ა---------– ნ-------–---–მა უკან უნდა დააბრუნოს მხოლოდ 2019 წლის აპრილის თვის პენსია, მაგრამ, რადგან 400 ლარი მას საბანკო დაწესებულებიდან გადაერიცხა, ანგარიშზე ა---------– ნ-------–---–ის მიერ უნდა აღდგეს 400 ლარი, საიდანაც 200 ლარი კვლავ დაუბრუნდება ა---------– ნ-------–---–ს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

ა---------– ნ-------–---–ი ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას; განმარტა, რომ მან უკანონოდ აიღო მხოლოდ აპრილის თვის მამის კუთვნილი პენსია, რომელიც გარდაიცვალა 2019 წლის 29 მარტს; შესაბამისად, მის მიერ დასაბრუნებელია მხოლოდ ამ თვის პენსია. მისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, შეუძლებელია, აღადგინოს 400 ლარი თუნდაც იმ პირობით, რომ ამ თანხიდან 200 ლარი მას კვლავ დაუბრუნდება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ო-–-- ნ-------–---–ი იღებდა პენსიას 200 ლარს

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.2. იგი გარდაიცვალა 2019 წლის 29 მარტს, ხოლო გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაცია მოხდა იმავე წლის 12 აპრილს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, გარდაცვალების მოწმობა.

 

3.2.3. ო-–-- ნ-------–---–ის ბარათის მეშვეობით მისი 2019 წლის მარტისა და აპრილის პენსია 400 ლარის ოდენობით მიიღო ა---------– ნ-------–---–მა.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, გადახდის ქვითარი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო აწ გარდაცვლილი ო-–-- ნ-------–---–ის 1 თვის (აპრილის) პენსია და ორი თვის პენსიის უკან დაბრუნების მოთხოვნა უსაფუძვლოა; მით უფრო, რომ მოსარჩელის მითიტებით, 400 ლარის აღდგენის შემთხვევაში 200 ლარი კვლავ უკან დაუბრუნდება ა---------– ნ-------–---–ს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი”, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის” (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის № 46/ნ ბრძანებით) მე-10 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის მიხედვით, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

როგორც აღინიშნა, გარდაცვლილი ო-–-- ნ-------–---–ის ბარათის მეშვეობით მისი 2 თვის - 2019 წლის მარტისა და აპრილის პენსია 200 - 200 ლარი მიიღო ა---------– ნ-------–---–მა.

 

დადგენილია, რომ ო-–-- ნ-------–---–ი გარდაიცვალა 2019 წლის 29 მარტს.

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება პენსიონერის გარდაცვალებისას ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

 

აქედან გამომდინარე, ა---------– ნ-------–---–ის მიერ უკანონოდ იქნა მიღებული ო-–-- ნ-------–---–ის მხოლოდ 2019 წლის აპრილის პენსია 200 ლარი, და მოსარჩელის მხრიდან 2019 წლის მარტის თვის 200 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

2019 წლის მარტის თვის პენსიის უკან მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მეტყველებს თვით მოსარჩელის პოზიციაც, რომ იგი ამ თვის პენსიას - 200 ლარს, აღდგენის შემდეგ, კვლავ დაუბრუნებს ა---------– ნ-------–---–ს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ვალდებულების პირისათვის დაკისრება უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან (ან ხელშეკრულებიდან). ა---------– ნ-------–---–ისათვის 400 ლარის დაკისრება იმ მიზნით, რომ ამ თანხის გადახდის შემდეგ 200 ლარი უკან დაუბრუნდება მას, არ ქმნის მოპასუხის პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს 2019 წლის მარტის თვის მიღებული პენსიის აღდგენაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო მხოლოდ 2019 წლის აპრილის თვის პენსია - 200 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი ა---------– ნ-------–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ა---------– ნ-------–---–ს დაეკისროს 2019 წლის აპრილის თვეში ზედმეტად მიღებული პენსიის 200 (ორასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302009921.

 

1.2. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს ა---------– ნ-------–---–ისათვის 2019 წლის მარტის თვეში ზედმეტად მიღებული პენსიის 200 (ორასი) ლარის უკან დაბრუნებაზე ეთქვას უარი.

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი