გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.10.2019
საქმის ნომერი
330210019003005100
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/11124-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

 

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „გ-–-----–-----------------“

წარმომადგენელი - ს---------–-------–---–-

 

მოპასუხე - ი.მ. პ---–----–---–--ე

წარმომადგენელი - ხ--------------–---–ი

 

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანების თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე პ---–----–---–--ეს, შპს „გ-–-----–-----------------ს“ სასარგებლოდ, დაეკისროს 200 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა - 90.59 ლარი და პირგასამტეხლო - 109.41 ლარი.

 

1.2 მოპასუხე პ---–----–---–--ეს, შპს „გ-–-----–-----------------ს“ სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა - 3500 ლარის ოდენობით.

 

1.3 მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 111.00 ლარის ანაზღაურება.

 

1.4 მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

შპს „გ-–-----–-----------------ს“ სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 8 მარტს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას მოპასუხისათვის სარეალიზაციოდ მიეწოდებინა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები.

 

მოსარჩელის მიერ, მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ ჯამში შეადგინა - 11743,38 ლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ გადახდილია - 11652,79 ლარი, შესაბამისად არსებული დავალიანება შეადგენს - 90.59 ლარს.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ დაარღვია ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობა, რომლის მიხედვითაც, მას პროდუქციის მიწოდებიდან - 7 დღის განმავლობაში უნდა დაეფარა მიწოდებული საქონლის საფასური. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაერთი დარღვევის შემდეგ, ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4 პუნქტის ა) ქვეპუნქტიდან გამომდინარე (ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს ერთი მხარის მიერ მეორეს წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლბის ან არადამაკმაყოფილებლად შესრულების შემთხვევაში, მათ შორის დავალიანების წარმოშობის დროს წინასწარი გაფრთხილების და შეტყობინების გარეშე, თუ მხარე აღმოჩნდება ისეთ პირობებში, რომელიც საფრთხეს უქმნის მეორე მხარის უფლებების განხორციელებას საქმიანობის 10 დღეზე მეტი ვადით შეწყვეტა და სხვა) მოსარჩელემ ხელშეკრულება შეწყვიტა ვადაზე ადრე ბოლო მიწოდებიდან - 7 დღის შემდეგ (ბოლო მიწოდება განხორციელდა 2019 წლის 25 იანვარს) 2019 წლის 01 თებერვალს.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, გადახდის ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ბოლო მიწოდება განხორციელდა 2019 წლის 25 იანვარს შესაბამისად 2019 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 14 მაისამდე (სარჩელის შეტანის დრო) პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა - 184,80 ლარი.

 

2018 წლის 8 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს ავანსის სახით გადაუხადა - 700 ლარი, რომელიც წარმოადგენდა მარკეტინგული მომსახურების საფასურს, კერძოდ: აღნიშნული თანხა გადაიხდებოდა თუკი ხელშეკრულება შესრულდებოდა სრულად და ჯეროვნად. მოპახუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევით მოსარჩელეს მიადგა - 700 ლარის ზიანი. ნასყიდობის ხელშეკრულების 4.3 მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო - 3500 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ დაეთანხმა, მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და შესაგებელში აღნიშნა, რომ მას არ დაურღვევია ხელშეკრულებით გათვალისწინებული არცერთი პირობა. მიწოდებული საქონლის რირებულების გადახდა ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით მიწოდებისთანავე, შესაბამისად, მას დავალიანება არ გააჩნია.

 

მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულება მოპასუხეს არ შეუწყვეტია. ხელშეკრულება შეწყდა მოსარჩელის მხრიდან იმ მოტივით, რომ მისთვის ცნობილი გახდა მოპასუხის მხრიდან სამეწარმეო საქმიანობის 2019 წლის მარტიდან დროებით შეწყვეტის შესახებ.

 

მოპასუხის განმარტებით, არ არსებობს ხელშეკრულების 4.3. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 3500 ლარის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან ამ პუნქტში მითითებული არცერთი პირობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

3. ფაქტობრივი გარებოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 2018 წლის 8 მარტს, მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას მოპასუხისათვის სარეალიზაციოდ მიეწოდებინა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები.

 

მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას მყიდველი გადაიხდიდა მიწოდებიდან 7 დღის განმავლობაში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 3 წლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 17-20)

 

3.2.2. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, მყიდველი იღებდა ვალდებულებას თავის სარეალიზაციო ობიექტში განეთავსებინა ერთი ერთეული სამაცივრე დანადგარი, რომლის სანაცვლოდაც, გამყიდველი მყიდველს გადაუხდიდა - 700 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

ხელშეკრულების 4.3 პუნქტის შესაბამისად, თუ მყიდველი დაარღვევდა 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას და გამყიდველის გაფრთხილებიდან - 5 დღეში არ გამოასწორებდა მას ან არ შეასრულებდა ხელშეკრულების 3.2.8 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას (თუ სხვა მომწოდებელი, რომელიც ახორციელებს გამყიდველის ანალოგიური ან სხვა მსგავსი კატეგორიის პროდუქციით ვაჭრობას შესთავაზებს მყიდველს მისი პროდუქციის სპეციალური პირობებით მათ შორის ექსკლუზიური რეალიზაციას, მყიდველი ვალდებულია ამის თაობაზე წერილობით აცნობოს გამყიდველს მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მოლაპარაკებების პროცესში ჩართოს თანაბარი პირობებით) მას გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, გადახდილი თანხის ხუთმაგი ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 17-20)

 

3.2.3. მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ჯამში 11743,38 ლარის პროდუქცია. ბოლო მიწოდება განხორციელდა 2019 წლის 25 იანვარს. მოპასუხის მიერ გადახდილია - 11652,79 ლარი, შესაბამისად არსებული დავალიანება შეადგენს - 90.59 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 17-20)

- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ 21- 41)

- მიწოდებული პროდუქციის ცხრილი (ს.ფ 42-43)

- პროდუქციის საფასურის გადახდის ცხრილი (ს.ფ-44-45)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „გ-–-----–-----------------ს“ მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 320-ე, 327-ე, 477-ე, 417-ე, 420-ე, მუხლებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავის საფუძველია 2018 წლის 8 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო დავალიანების თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 3 მარტს, მოსარჩელე შპს „გ-–-----–-----------------“-მ, ი.მ. პ---–----–---–--ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა მოპასუხისათვის პროდუქციის მიწოდების ვალდებულება, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება.

 

დადაგენილია, რომ 2018 წლის 3 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე შპს „გ-–-----–-----------------“-მ, ი.მ. პ---–----–---–--ეს მიაწოდა 11743,38 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც მოპასუხის მიერ გადახდილია - 11652,79 ლარი, ხოლო არსებული დავალიანება შეადგენს - 90.59 ლარს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 477-ე და 361--ე მუხლებისა არსებობს ნასყიდობის დარჩენილი საფასურის 90.59 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

 

სასამართლომ არ გაიზიარა ი.მ. პ---–----–---–--ის განმარტება მიწოდებული პროდუქციის ღირებულების სრულად გადახდის თაობაზე, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. მხოლოდ მისი ზეპირი განმარტება, რომ გადახდას იგი აწარმოებდა მიწოდებისთანავე ნაღდი ანგარიშსწობებით და თანხის გადაუხდელობის შემთხევვაში დისტრიბუტორი მას პროდუქციას არ დაუტოვებდა სასამართლომ არ გაიზიარა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო მხარეს ეკისრება იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს დავალიანების 0,2% - ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო მიწოდებიდან 7 დღის ვადაში. ბოლო იწოდება განხორციელდა 2019 წლის 25 იანვარს, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება შესრულებული არ არის. შესარულებელი ვალდებულების 90. 59 ლარის შესაბამისად, 2019 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 14 მაისამდე პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 184,80 ლარს. მოსარჩელე ითხოვს 109.41 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 109.41 ლარი შეუსაბამოდ მაღალია დავალიანების ძირითად თანხასთან. შესაბამისად სასამართლოს სრულიად საკმარისად მიაჩნია მოპასუხისათვის - 50 ლარის დაკისრება პირგასამტეხლოს სახით.

 

6.3. მოსარჩელე ხელშეკრულების 4.3 პუნქტით დადგენილი პირობების დარღვევისათვის ასევე მოითხოვდა პირგასამტეხლოს დაკისრებას 3500 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 8 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულებას იღებდა თავის სარეალიზაციო ობიექტი უზრუნველეყო ერთი ერთეული სამაცივრე დანადგარის განთავსება, რომლის სანაცვლოდაც, გამყიდველი მყიდველს გადაუხდიდა - 700 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

ხელშეკრულების 4.3 პუნქტის შესაბამისად, თუ მყიდველი დაარღვევდა 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას და გამყიდველის გაფრთხილებიდან 5 დღეში არ გამოასწორებდა მას ან არ შეასრულებდა ხელშეკრულების 3.2.8 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას (თუ სხვა მომწოდებელი, რომელიც ახორციელებს გამყიდველის ანალოგიური ან სხვა მსგავსი კატეგორიის პროდუქციით ვაჭრობას შესთავაზებს მყიდველს მისი პროდუქციის სპეციალური პირობებით მათ შორის ექსკლუზიური რეალიზაციას, მყიდველი ვალდებულია ამის თაობაზე წერილობით აცნობოს გამყიდველს მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მოლაპარაკებების პროცესში ჩართოს თანაბარი პირობებით) მას გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, გადახდილი თანხის ხუთმაგი ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი.მ. პ---–----–---–--ემ თავის სარეალიზაციო ობიექტში განათავსა ერთი ერთეული სამაცივრე დანადგარი, რის სანაცვლოდაც შპს „გ-–-----–-----------------მ“ მას შეთანხმებული - 700 ლარის ღირებულების პროდუქცია გადასცა.

 

მოცემულ შემთხევვაში, ხელშეკრულების 4.3. პუნქტის დარღვევა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა. კერძოდ, ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, მოპასუხემ ობიექტში განათავსა ერთი ერთეული სამაცივრე დანადგარი, ხოლო ხელშეკრულების 3.2.8 პუნქტით გათვალისწინებული მოპასუხის ვალდებულება მოცემულ შემთხვევაში არ წარმოშობილა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა მარკეტინგული მომსახურებისათვის გადახდილი - 700 ლარის ხუთმაგი ოდენობით პირგასამტეხლოს - 3500 ლარის გადახდის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების 6.1 მუხლით გათვალისწინებულია, რომ მხარეთა შორის დავაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის დანაწესი, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად უნდა განაწილდეს ხარჯები. მოსარჩელე შპს „გ-–-----–-----------------ს“ მიერ სარჩელზე გადახდილია სახელწიფო ბაჟი - 111 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა შეადგენდა - 3700 ლარს, სასამართლომ დააკმაყოფილა - 140 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, მოპასუხე ი.მ. პ---–----–---–--ეს მოსარჩელე შპს „გ-–-----–-----------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 4 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1.შპს „გ-–-----–-----------------ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2.ი.მ. პ---–----–---–--ეს, შპს „გ-–-----–-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 140,59 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი დავალიანება შეადგენს 90.59 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 50 ლარს.

3.მოსარჩელეს უარი ეთქვას პირგასამტეხლოს 3500 ლარის დაკისრებაზე.

4.ი.მ. პ---–----–---–--ეს, მოსარჩელე შპს „გ-–-----–-----------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 4 ლარის ოდენობით.

5.გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცეს აღსასრულებლად.

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძე