გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.03.2019
საქმის ნომერი
330310017001827659
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1----17

(საქმე № 3-----------------)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ

 

07 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივანე აღნიაშვილი

სხდომის მდივნები - ნინო გუგავა

 

მოსარჩელე - შპს ,,ჭ-------------“

წარმომადგენელი - ქ------------–----ძე, ც-–--------------–--ლი

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი - გ-------------ძე

 

მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ--------------–-–--ლი

 

მესამე პირი - თ------------–-–--ლი

წარმომადგენელი - ს--------------ძე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 აპრილის N------ მითითება.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის N------ დადგენილება.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 იანვრის N1-1-- ბრძანება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმოდგენილმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 აპრილის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის N------------ 16.04.2014 წ.) მიხედვით უძრავი ნივთის მდებარე ქ.თბილისში, ი-----------------------ში/ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ის მიმდებარედ (ნაკვ. N2/14)/ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ის მიმდებარედ (ნაკვეთი N2/18)/ ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ის მიმდებარედ (ნაკვეთი N2/19)/ ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ში (ნაკვ.2/24)/ ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ში (ნაკვ. N2/25), საკადასტრო კოდი 0--------------- დაზუსტებული ფართობი 1553.00 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ჭ-------------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 122-123 (ტომი1).

 

3.1.2. 2016 წლის 13 აპრილის ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის N------- ბრძანებით, შეთანხმდა ქ.თბილისში, ი-----------------------ში/ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ის მიმდებარედ (ნაკვ. N2/14)/ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ის მიმდებარედ (ნაკვეთი N2/18)/ ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ის მიმდებარედ (ნაკვეთი N2/19)/ ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ში (ნაკვ.2/24)/ ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ში (ნაკვ. N2/25), მოქალაქე ლ-–------–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კოდი N0---------------) მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის ს----------- (ა ბლოკი) კორექტირებული არქიტექტურურლი პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იქნას სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2016 წლის 07 აპრილის Nტე 1-------- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დასკვნა/რეკომენდაციები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 13 აპრილის ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის N------- ბრძანება - ს/ფ 118-121 (ტომი 1).

 

3.1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 21 აპრილს შედგენილ იქნა N------ მითითება შპს ,,ჭ-------------“ მიმართ, რომლის თანახმად, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მშენებლობისას დარღვეული იქნა უსაფრთხოების წესები, კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის N--------- და 30 ოქტომბრის N--------- და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2016 წლის 8 აპრილის დასკვნებით გათვალისწინებული შენიშვნები და რეკომენდაციები. დარღვევების გამოსწორების მიზნით, ამავე მითითებით შპს ,,ჭ-------------“-ს დაევალა 25 კალენდარული დღის ვადა, კერძოდ მას დაევალა ქ.თბილისში, მ----–---–-- ქ.N1-ში მდებარე ექვსსართულიანი სახლის პირველ სართულზე არსებული სარდაფის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა, სათანადო ტექნიკური, საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე და მშენებლობის უსაფრთხოების წესების სრული დაცვით გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემებისა და ზემოაღნიშნული დასკვნებით გათვალისიწნებული ხარვეზების, რეკომენდაციებისა დ მოთხოვნების შესრულება. მითითებით ასევე დავალებულ იქნა სამშენებლო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელებული სამუშაოების დასრულების შემდეგ საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 აპრილის N------ მითითება - ს/ფ 13-14 (ტომი 1).

 

3.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 17 მაისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №001395 შპს ,,ჭ-------------“-ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 21 აპრილს შედგენილი N------ მითითების პირობები შპს ,,ჭ-------------“-ის მიერ არ იქნა შესრულებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 17 მაისის შემოწმების აქტი №001395 - ს/ფ 153-154 (ტომი 1).

3.1.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2016 წლის 23 ივნისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ჭ-----------“-ის წარმომადგენლები ქ------------------ი და ა-–-------------ე, რომლებმაც დაადასტურეს მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მათვე აღნიშნეს, რომ მითითებით გათვალისწინებული ვადა არ იყო საკმარისი მითითების მოთხოვნების შესასრულებლად. მოთხოვნილი ღონისძიებების შესრულება საჭიროებდა მოლაპარაკებას მომიჯნავე ფართის მესაკუთრესთან და რეალურად მითითების შესრულებასთან დაკავშირებით ყველა ის ღონისძიება, რაც არ საჭიროებდა მომიჯნავე ფართის მესაკუთრის თანხმობას მათ განახორციელეს. აღნიშნულის თაობაზე ეტაპობრივად ხდებოდა ინფორმირება სამსახურის, ხოლო იმ ღონისძიებების განხორციელება, რაც საჭიროებს მომიჯნავე ფართის მესაკუთრის თანხმობას დღესაც შესრულების პროცესშია. ამასთან, წარმომადგენლებმა ითხოვეს დამატებითი ვადა იმ მოტივით, რომ მითითების შესრულებისათვის მათ ესაჭიროებათ ვადა. ზეპირ მოსმენას ასევე ესწრებოდა დაინტერესებული პირი თ------------–-–--ლი, რომელმაც აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მითითებაის გაცემის შემდგომ წარდგენილი იქნა შპს ,, მ------–----ს“ დასკვნა, სადაც გამოთხქმულია მოსაზრება, რომ კონსოლის ნაწილის მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში დაიხურებოდა ის სივრცე მათი შენობის დაზიანებული კედლის მხარეს, რომელიც შესაძლებლობას იძლეოდა გამაგრებულიყო აღნიშნული სახლის კედელი (საძირკვლის ნაწილი). ეს მოთხოვნა, ასევე იყო დაფიქსირებული 06.04.2016წ. მის წერილში, სადაც მოთხოვნილი იყო მშენებლობის ნებართვის გაცემის წინა პირობად დამკვეთისათვის ნებართვის გამცემ ორგანოს დაევალებინა სამხარაულის ბიუროს დასკვნების მოთხოვნების გათვალისიწნება, რაც არ იქნა გათვალისიწნებული. რაც შეეხება, საინჟინრო-კვლევითი ორგანიზაციის დაშვებას მის კუთვნილ ფართში, მისი მხრიდან არ წარმოადგენდა და არ წარმოადგენს პრობლემას დაშვებულ იყვნენ მის საკუთრებაში სპეციალისტები, გარდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვლევითი ცენტრისა, რომლის მიმართაც გააჩნია უნდობლობა. რაც შეეხება, შპს ,,ჯ---------ს“-ს, რომელიც შემოთავაზებული იყო მენაშენის მიერ, პირველივე შესაძლებლობისთანავე მოხდა ფართში დაშვება. მანვე განაცხადა, რომ შპს ,,ჯ----------“-ის 27.05.2016წ. საინჟინრო დასკვნას, სადაც დაფიქსირებულია სახლის საძირკვლის გაძლიერების აუცილებლობა და შემოთავაზებულია სახლის გამაგრების ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ამ ეტაპზე არ ეფუძნებოდა ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის მითითებაში აღნიშნულ დეტალურ კვლევას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 23 ივნისის ზეპირი მოსმენის ოქმი N------ - ს/ფ 109-112 (ტომი 2).

 

3.1.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 ივლისის N4-3/1---გ/16 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 აპრილის N------ მითითების საფუძველზე შპს ,,ჭ------------“-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებული იქნა 2 თვით - 2016 წლის 15 ივლისიდან 2016 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 ივლისის N4-3/1---გ/16 ბრძანება - ს/ფ 108 (ტომი 2).

 

3.1.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2016 წლის 23 აგვისტოს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ჭ-----------“-ის წარმომადგენლები ქ------------------ი და ა-–-------------ე, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მითითებაში აღნიშნული დარღვევები გამოსწორებულია, კერძოდ, განხორციელდა თ------------–-–--ლის სარდაფის დეტალური კვლევა, ჩატარდა ჰიდრო-საიზოლაციო სამუშაოები და მშენებლობის მხრიდან გამოირიცხა წყლის ჩადინება. ამასთან, ერთობლივად (მოდავე მხარესთან ერთად) შერჩეულმა ექსპერტმა დაადასტურა გავლენის არ არსებობა მშენებარე ობიექტსა და მოქალაქე თ------------–-–--ლის საცხოვრებელ კორპუსს შორის. ურთიერთშეთანხმებით შპს ,,ჯ---------ნ“-ის მიერ შედგენილია მოქალაქე თ------------–-–--ლის ფართის გამაგრების პროექტი, თუმცა მის მიერ არ ხდება ფართის გამაგრების თანხმობის განცხადება. მეტიც, ეწინააღმდეგება გამაგრების სამუშაოების წარმოებას. გამომდინარე აქედან, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას აწარმოონ გამაგრების სამუშაოები. ამიტომ, მოთხოვნილი იქნა მითითების პირობების შესრულებულად ჩათვლა და შესაბამისად, საქმისწარმოების შეწყვეტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 23 აგვისტოს ზეპირი მოსმენის ოქმი N------ - ს/ფ 105-106 (ტომი 2).

 

3.1.8. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების უფროსის ნ----------–---–-ს 2016 წლის 15 სექტემბრის N523 მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ დღეის მდგომარეობით, შპს ,,ჭავჭავაძის N64“-ის მიერ არ არის შესრულებული ქ.თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 აპრილის N------ მითითების მოთხოვნები სრულად, კერძოდ, ქ.თბილისში, მ----–---–-- ქ.N1-ში მდებარე ექვსსართულიან შენობასთან მიმართებაში განხორციელებულია, მხოლოდ ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილია, 2016 წლის 14 სექტემბრის შპს ,,დ--–-----ს“ წერილი, ხოლო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციისა და ობიექტზე არსებული მდგომარეობის მიხედვით არ დასტურდება მითითებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის 2016 წლის 23 აგვისტოს N523 მოხსენებითი ბარათი - ს/ფ 99-100 (ტომი 2).

 

3.1.9. 2016 წლის 15 სექტემბერს ქ.თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული იქნა N------ დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლითაც შპს ,,ჭ------------“ დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარით ი----------------------, ი-–-----------------------ის მიმდებარედ (ნაკვ. N2/14), ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ის მიმდებარედ (ნაკვეთი N2/18), ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ის მიმდებარედ (ნაკვეთი N2/19), ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ში (ნაკვ.2/24), ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ში (ნაკვ. N2/25) ს/კ 0--------------- ს-----------ს მშენებლობაზე, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის და მასვე დაევალა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა. კერძოდ, სამსახურის 2016 წლის 21 აპრილის მოთხოვნების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 15 სექტემბრის ქ.თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის N------ დადგენილება - ს/ფ 37-41 (ტომი 1).

 

3.1.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის N------ დადგენილება შპს ,,ჭ-------------“-ს დირექტორის მიერ გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 28 სექტემბერის N------/15 ადმინისტრაციული საჩივრით. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დროს 2016 წლის 13 ოქტომბერს გამართულ ზეპირ მოსმენაზე გამოცხადდა შპს ,,ჭ-------------“-ს წარმომადგენელი ქ------------–----ძე, რომელმაც განმარტა, რომ მათ მიერ ძირითადად გამოსწორებული იქნა 2016 წლის 21 აპრილის N------ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები. რაც შეეხება სარდაფის გაძლიერება-გამაგრებას, კომპანიის მიერ შესრულებული იქნა პროექტის მომზადებისათვის ყველა საჭირო ღონისძიება, პროექტი დაუკვეთეს იმ ორგანიზაციას, რომელიც მოწონებული იქნა თვით მესაკუთრის თ------------–-–--ლის მიერ. მიუხედავად ამისა, მესაკუთრე არ დაეთანხმა შპს ,,ჯ---------ნ“-ს გამაგრების პროექტს, ვინაიდან მიიჩნია, რომ ხსენებული პროექტის შესაბამისად, გამაგრების სამუშაოს წარმოება დააზიანებს მის ქონებას და მოითხოვა ნებისმიერი ზემოქმედების შეწყვეტა. აღნიშნულის შემდეგ უშედეგოდ ცდილობდა კომპანია მესაკუთრესთან შეთანხმებას. მისგან არ იყო ნებართვა ან თანხმობა მუსაობის წარმოებაზე, ხოლო მისი ნების გარეშე მას უძრავ ქონებაში შეჭრა ან სხვა მოქმედების განხორციელება ვერ განხორციელდებოდა. შესაბამისად, კომპანიამ შეასრულა ის სამშენებლო სამუშაოები, რაც კანონისა და ფაქტობრივი მდგომარეობიდან იყო გამომდინარე.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 იანვრის N1-1-- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა შპს ,,ჭ-------------“-ს დირექტორის 2016 წლის 28 სექტემბერის N------/15 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის N------ დადგენილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 იანვრის N1-1-- ბრძანება - ს/ფ 46-53 (ტომი 1).

 

3.1.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის N--------- ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ვიზუალური დათვალიერებით, ქ.თბილისში, მ----–---–-- ქ.N1-ში მდებარე ექვსსართულიანი შენობის პირველ სართულზე მდებარე სარდაფის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

- ატმოსფერული ნალექების პერმანენტულად ჩადენის გამო, დატბორილია თ------------–-–--ლის კუთვნილი სარდაფი; გამჭოლი დახრილი ბზარები აღინიშნება გასავლელების თაღოვან ზღუდარებზე; ბზარია მათ შორის ჭერზე და იატაკზე მეტლახის ფილებს შორის; მცირე გახსნილობის დახრილი ბზარები აღინიშნება კედლებზე; დასველებული და დანესტიანებულია კედლები. დეფორმირებულია ფილაქანის ფენილი უშუალოდ სარდაფის ჩასასვლელის წინ. თ------------–-–--ლის კუთვნილ სარდაფში ატმოსფერული ნალექების ჩამოსვლა და ბზარების წარმოშობა გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით:

-მშენებლობის მხარეს, მ----–---–-- ქ.N1-ში მდებარე შენობის მზიდ კედელის გასწვრივ მიშენებული შენობის დემონტაჟის შემდეგ, დატოვებული საძირკვლების ღრმულებიდან ატმოსფერული ნალექების შემოსვლა;

-მშენებლობის მხარეს, შენობის ტორსული კედლის გასწვრივ ატმოსფერული ნალექების ჩადინებით, საძირკვლის ფუძის მრავალჯერ დასველების გამო საძირკვლის არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციები;

- უშუალოდ მ----–---–-- ქ.N1-ში მდებარე შენობის მზიდ კედელზე მიშენებული შენობის დემონტაჟის დროს და მძიმე ტექნიკის შედეგად გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვები;

- მეზობლად დაახლოებით სამი მეტრის დაშორებით მრავალსართულიანი შენობის ქვაბულის ამორების და ქვაბულის გამაგრებითი სამუსაოების წარმოება.

- თ------------–-–--ლის კუთვნილი სარდაფის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭიროა დაუყონებლივ აღიკვეთოს მშენებლობის მხრიდან შენობის მზიდი ტორსული კედელის გასწვრივ ატმოსფერული ნალექების ჩადინება, აღიკვეთოს ან მინიმუმამდე შემცირდეს მძიმე ტექნიკის მოძრაობის შედეგად გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვები.

- ჩატარდეს სარდაფის ტექნიკური მდგომარეობის დეტლური გამოკვლევა და მიღებული შედეგების მიხედვით მოხდეს სარდაფის გაძლიერება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის N--------- ექსპერტიზის დასკვნა - ს/ფ 203-206 (ტომი 1).

 

3.1.12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ოქტომბრის N--------- ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ვიზუალური დათვალიერებით, ქ.თბილისში, მ----–---–-- ქ.N1-ში მდებარე ექვსსართულიანი შენობის სარდაფში, თ------------–-–--ლის მფლობელობაში არსებულ ფართზე აღინიშნება ზოგიერთი ბზარის გახსნილობის გადიდება. პირველ სართულზე, მიმდინარე წლის 20 ივლისს, ქ.თბილისში, მ----–---–-- ქ.N1-ში, მდებარე ექვსართულიანი შენობის პირველ სართულზე, თ------------–-–--ლის მფლობელობაში არსებულ ფართზე, ბზარები არ შეინიშნებოდა. ამჟამინდელი დათვალიერებით დახრილი ბზარები აღინიშნება სვეტზე; ჰორიზოლტალური და ვერტიკალური ბზარები შეინიშნება ფანჯრის ღიობებთან; მცირე გახსნილობის ბზარები აღინიშნება რიგელებზე; ასევე ბზარებია ჭერზე; ქ.თბილისში, მ----–---–-- ქ.N1-ში მდებარე მრავალსართულიანი შენობის მდებარე თ------------–-–--ლის კუთვნილ საცხოვრებელ ფართზე დინამიური პროცესების მონიტორინგის მიზნით, საჭიროა არსებულ ბზარებზე თაბაშირის მანიშნების მოწყობა და მათზე დაკვირვების წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ოქტომბრის N--------- ექსპერტიზის დასკვნა - ს/ფ 163-165 (ტომი 1).

 

3.1.13. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2016 წლის 07 აპრილის Nტე 1-------- საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მე-2 პუნქტის თანახმად, ს-----------ს პარკირების ზონიდან ამომავალი ავტომანქანების სავალი ნაწილი მთლიანად განთავსებულია ნაგებობის მზიდი კონსტრუქციებიდან გადმოყვანილ კონსოლებზე და მას არ აქვს შეხება გრუნტის ზედაპირთან შესაბამისად მოძრავი ავტომობილებისაგან გამოწვეული დატვირთვები და ვიბრაციული ზემოქმედება მეზობელ საცხოვრებელ სახლზე პრაქტიკულად ნულის ტოლია. ამავე დასკვნის მე-3 პუნქტის თანახმად, დადგენილია სამშენებლო მოედანზე ადრე არსებული ნაგებობის და მეზობელი საცხოვრებელი სახლის ფუნდამენტების ურთიერთგანლაგება. ასევე დადგენილია, რომ მეზობელი ნაგებობების საძირკვლებს შორის ხისტი კავშირები არ არსებობს. ამავე დასკვნით გაცემულია რეკომენდაციები, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციის პირობების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მშენებარე ს-----------ს მიმდებარე კედელი გაილესოს, კედელზე დამაგრებული საბათქაშე ბადის გამოყენებით. ასევე აუცილებელია საცხოვრებელი სახლის სარდაფის კედელზე ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობა. ნაგებობს შორის ესტაკადის ქვეშა ზონიდან განხორციელდეს წყალანირენის სისტემის ორგანიზება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2016 წლის 07 აპრილის Nტე 1-------- საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა - ს/ფ 189-202 (ტომი 1).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკლევისა და შეფასების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დარღვეული იქნა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოთხოვნები,- ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის N------ დადგენილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 იანვრის N1-1-- ბრძანება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ასევე გასაჩივრებულია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 აპრილის N------ მითითება, რომელიც საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’-ს მე-19 მუხლის მე-15 პუნქტის მიხევით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. მითითებაზე, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე სასამართლო დამოუკიდებლად არ იმსჯელებს თუმცა აღნიშნული ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილია და მისი კანონთან შესაბამისობის განხილვა, სადავო აქტთან მიმართებაში ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს.შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეც მოსარჩლეს უნდა ეთქვას უარი.

 

6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. სამავე კოდექსის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,– დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის N--------- ექსპერტიზის დასკვნით ვიზუალური დათვალიერებით, ქ.თბილისში, მ----–---–-- ქ.N1-ში მდებარე ექვსსართულიანი შენობის პირველ სართულზე მდებარე სარდაფის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შესაბამისად, თ------------–-–--ლის კუთვნილი სარდაფის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭიროა დაუყონებლივ აღიკვეთოს მშენებლობის მხრიდან შენობის მზიდი ტორსული კედელის გასწვრივ ატმოსფერული ნალექების ჩადინება, აღიკვეთოს ან მინიმუმამდე შემცირდეს მძიმე ტექნიკის მოძრაობის შედეგად გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვები; უნდა ჩატარდეს სარდაფის ტექნიკური მდგომარეობის დეტლური გამოკვლევა და მიღებული შედეგების მიხედვით მოხდეს სარდაფის გაძლიერება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით.

 

ასევე დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ოქტომბრის N--------- ექსპერტიზის დასკვნით ვიზუალური დათვალიერებით, ქ.თბილისში, მ----–---–-- ქ.N1-ში მდებარე ექვსსართულიანი შენობის სარდაფში, თ------------–-–--ლის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე დინამიური პროცესების მონიტორინგის მიზნით, საჭიროა არსებულ ბზარებზე თაბაშირის მანიშნების მოწყობა და მათზე დაკვირვების წარმოება. ხოლო სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2016 წლის 07 აპრილის Nტე 1-------- საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციის პირობების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მშენებარე ს-----------ს მიმდებარე კედელი გაილესოს, კედელზე დამაგრებული საბათქაშე ბადი გამოყენებით. ასევე აუცილებელია საცხოვრებელი სახლის სარდაფის კედელზე ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობა. ნაგებობს შორის ესტაკადის ქვეშა ზონიდან განხორციელდეს წყალანირენის სისტემის ორგანიზება.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 21 აპრილს შედგენილ იქნა N------ მითითება შპს ,,ჭ-------------“ მიმართ, რომლის თანახმად, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მშენებლობისას დარღვეული იქნა უსაფრთხოების წესები, კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის N--------- და 30 ოქტომბრის N--------- და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2016 წლის 8 აპრილის დასკვნებით გათვალისწინებული შენიშვნები და რეკომენდაციები. დარღვევების გამოსწორების მიზნით, ამავე მითითებით შპს ,,ჭ-------------“-ს დაევალა 25 კალენდარული დღის ვადა, კერძოდ მას დაევალა ქ.თბილისში, მ----–---–-- ქ.N1-ში მდებარე ექვსსართულიანი სახლის პირველ სართულზე არსებული სარდაფის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა, სათანადო ტექნიკური, საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე და მშენებლობის უსაფრთხოების წესების სრული დაცვით გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემებისა და ზემოაღნიშნული დასკვნებით გათვალისწინებული ხარვეზების, რეკომენდაციებისა დ მოთხოვნების შესრულება. მითითებით ასევე დავალებულ იქნა სამშენებლო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელებული სამუშაოების დასრულების შემდეგ საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა.

 

დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 17 მაისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №001395 შპს ,,ჭ-------------“-ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 21 აპრილს შედგენილი N------ მითითების პირობები შპს ,,ჭ-------------“-ის მიერ არ იქნა შესრულებული. ასევე დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 ივლისის N4-3/1---გ/16 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 აპრილის N------ მითითების საფუძველზე შპს ,,ჭ------------“-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებული იქნა 2 თვით - 2016 წლის 15 ივლისიდან 2016 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა, გარდა ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისა. ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ.

 

6.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 49-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა: მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით (2016 წლის 21 აპრილის მდგომარეობით);

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 15 სექტემბერს ქ.თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული იქნა N------ დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლითაც შპს ,,ჭ------------“ დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარით ი----------------------, ი-–-----------------------ის მიმდებარედ (ნაკვ. N2/14), ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ის მიმდებარედ (ნაკვეთი N2/18), ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ის მიმდებარედ (ნაკვეთი N2/19), ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ში (ნაკვ.2/24), ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ში (ნაკვ. N2/25) ს/კ 0--------------- ს-----------ს მშენებლობაზე, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის და მასვე დაევალა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა. კერძოდ, სამსახურის 2016 წლის 21 აპრილის მოთხოვნების შესრულება.

 

სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არ დასტურდება შპს ,,ჭ------------“-ის მიერ თ------------–-–--ლის საკუთრებაში არსებული სარდაფის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევისა და მიღებული შედეგების მიხედვით სარდაფის გაძლიერების განხორციელების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა შესრულებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ოქტომბრის N--------- და 2015 წლის 20 ივლისის N--------- ექსპერტიზის დასკვნებით გათვალისწინებული რეკომენდაციები. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 21 აპრილის N------ მითითებით შპს ,,ჭ-------------“-ს ასევე დაევალა სამშენებლო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელებული სამუშაოების დასრულების შემდეგ საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, რაც მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ჭ-------------“-ს მიერ ქ.თბილისში, ი----------------------, ი-–-----------------------ის მიმდებარედ (ნაკვ. N2/14), ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ის მიმდებარედ (ნაკვეთი N2/18), ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ის მიმდებარედ (ნაკვეთი N2/19), ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ში (ნაკვ.2/24), ქ.თბილისი, ი-–-------------------. N66-ში (ნაკვ. N2/25) ს/კ 0--------------- რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ს----------- მშენებლობისას დარღვეული იქნა უსაფრთხოების წესები.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან) მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

,,სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას ...'' (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10.11.2009წ. გადაწყვეტილება N 1/3/421,422 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'' II, 1). სასამართლო განმარტავს, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე უპირველესად გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებასა და უფლების სასამართლო წესით წესით დაცვის შესაძლებლობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ,,მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013 წ. გადაწყვეტილება N 3/1/531 საქეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', II, 3). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უყალიბდება რწმენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი (ისევე როგროც ეროვნული კანონმდებლობა), სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად სწორედაც რომ უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას. როგორც უკვე აღინიშნა საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და ვერც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ სადაო გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, სასამართლო იზიარებს პატრულ-ინსპექტორების მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ურთიერშეჯერება/შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 იანვრის N1-1-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს ,,ჭ-------------“-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 სექტემბრის N------ დადგენილება. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 1---ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში Nბს-180-177(კ-15) განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას''.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად იქნა გამოკვლეულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 იანვრის N1-1-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს ,,ჭ-------------“-ს სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი განსაზღრავს სახელმწიფოსათვის ხარჯების ანაზრაურების წესს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევბის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელწიფო ბაჟი (01.03.2017 წ. საკრედიტო საგადახდო დავალება N0) 300 ლარის ოდენობით, იმ პირობებში როდესაც წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,,ჭ-------------“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ივანე აღნიაშვილი