განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
110100119003204203
დავის ტიპი
126 (1) 1 , 150 1
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119003204203

N1/262-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ფ-------- ს------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - შ----- კ----------ე, დაბადებული 1983 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლეობის არმქონე, მცხოვრები: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი პ--------;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 -ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); 2) საქართველოს სსკ 111.150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათიდან, 21:30 საათამდე დროის პერიოდში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პ--------ში მცხოვრებ დ-------- კ-----------ს მიმართ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მისმა შვილმა შ----- კ----------ემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ფეხი დაარტყა ტანის არეში და რამდენჯერმე მოქაჩა თმებში, რა დროსაც დ-------- კ----------ემ მიიღო ფიზიკური დაზიანება და განიცადა ტკივილი.

 

2. 2019 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათიდან, 21:30 საათამდე დროის პერიოდში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა შ----- კ----------ემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პ--------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ოჯახური ძალადობა განახორციელა დედის - დ-------- კ-----------ს მიმართ, რის შემდეგაც მისი ნებისაგან დამოუკიდებლად, მასზე სიცოცხლის მოსპობის მუქარით, შ----- კ----------ე დ-------- კ----------ეს აიძულებდა მასზედ განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ არ შეეტყობინებია პოლიციისათვის, რა დროსაც დ-------- კ----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. შ----- კ----------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

4. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

5. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

8. სასამართლოს მიაჩნია, რომ შ----- კ-----------ს მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ დ-------- კ-----------ს გამოკითხვის ოქმი; მოწმეების - რ--- კ-----------ს, მ------- ბ--------- და ი-----–- ტ--------- გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო N005713719 დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.

 

9. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია შ----- კ-----------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

10. დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის და სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

11. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისაგან (სსკ 150-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. როგორც ამ მუხლის დისპოზიციიდან ჩანს, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების შეზღუდვა უნდა იყოს უკანონო. ამდენად, განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ იძულებაში. პირის ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება მისი გათოკვა, ხელების გაკავება, ხელიდან რაიმე დოკუმენტისა ან სხვა საგნის (საგნების) გამოგლეჯა, ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. ფიზიკური ზემოქმედებით ადამიანს აიძულებენ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. საერთოდ, სსკ 150-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა. აღსანიშნავია, რომ სსკ 150-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელი არ არის ის ქმედება, რის ჩადენასაც პირს აიძულებენ, იკრძალებოდეს სამართლის ან მორალის ნორმით. სსკ 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), ანდა აიძულებენ საკუთარ თავზე გამოსცადოს მისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედება, იმის მიუხედავად, შეასრულა თუ არა მან დამნაშავისთვის სასურველი ქმედება. იძულების ამსრულებელია ყოველი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს, იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. ხოლო მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა აქვს. ფიზიკური და ფსიქიკური იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. მიაღწია თუ არა მიზანს დამნაშავემ, ამას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება.

 

12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ 111-ე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე-151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით შ----- კ----------ემ ჩაიდინა: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით); 2) ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 111.150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

14. შ----- კ-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, რომ სსკ 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

16. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე კოდექსის 531 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კი დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ----- კ----------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ შ----- კ----------ე არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ 111.150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. ასევე, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შ----- კ-----------ს მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენება, კერძოდ, საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა 400 (ოთხასი) საათის ვადით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია შ----- კ-----------ს მიმართ საქართველოს სსკ 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს.

 

17. საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას. შესაბამისად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის მხედველობაში მიღებით, სასამართლო, ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნევს შ----- კ-----------სათვის მოვალეობის დაკისრებას ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის სახით, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს იმერეთის პრობაციის ბიურო. სასამართლოს მიაჩნია, რომ 1 (ერთი) წლის პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებით სასჯელთან და დამატებით ვალდებულებასთან ერთად, შეძლებს დააფიქროს შ----- კ----------ე უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შ----- კ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 111.150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ 111.150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, შ----- კ----------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა, სსკ 111.150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ შ----- კ----------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;

 

შ----- კ-----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 14 აგვისტოდან, 2019 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, შ----- კ----------ეს დაეკისროს მოვალეობა: 1) პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; 2) ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;

 

საქართველოს სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ასევე, დამატებით სასჯელზე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე