გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.10.2019
საქმის ნომერი
421310019002807343
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 421310019002807343

N 3/5-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03.10.2019 ქ. ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი

თავდაპირველი სარჩელი:

მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” ყვარლის რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი: გი------ გო----ძე;

მოპასუხე: ზუ----- რა--------ვი;

წარმომადგენელი: გი------ ბე----–--ლი;

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

შეგებებული სარჩელი:

მოსარჩელე:ზუ----- რა--------ვი;

წარმომადგენელი: გი------ ბე----–--ლი;

მოპასუხე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” ყვარლის რაიონული განყოფილება; სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენელი: გი------ გო----ძე;

დავის საგანი: 1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება N0------- ზუ----- რა--------ვისათვის თანხის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის პავლე ცაძიკიძის 2018 წლის 19 ივნისის N0------- მოხსენებითი ბარათი ზუ----- რა--------ვისათვის 6080 ლარის დაკისრების თაობაზე;

 

3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ვალერიან ბურდიაშვილის 2018 წლის 17 ივლისის N0----------- და 2018 წლის 30 აგვისტოს N0----------- წერილები, ასევე 2018 წლის 12 ოქტომბრის N4-- მოხსენებითი ბარათი ზუ----- რა--------ვისათვის ფულადი თანხის დაკისრების თაობაზე.

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა და შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:

1.1. საარსებო შემწეობის სახით ზუ----- რა--------ვზე გაცემული თანხის - 6080 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

1.2. სარჩელის თანახმად, ზუ----- რა--------ვის (პირ. N 4----------) ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას.

1.3. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოში მცხოვრებ ზუ----- რა--------ვს (პირ. N 4----------, ს/კ 0------------ გაუუქმდა რეგისტრაცია 2018 წლის 28 აპრილს ოჯახის ხელოვნურ დაყოფასთან დაკავშირებით, კერძოდ: დეკლარაციის შევსების დროს 2016 წელს ნა----- რა--------ვი ცხოვრობდა ამავე ოჯახში, მაგრამ დეკლარაციის შევსების დროს არ მომხდარა მისი დეკლარაციაში შეყვანა. აღნიშნული ფაქტი ზუ----- რა--------ვმა განმარტებით ბარათზე ხელმოწერით დაადასტურა.

1.4. 2016 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის 1 აპრილამდე ოჯახის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 8612 ლარი. (ყოველთვიურად ჩარიცხული საარსებო შემწეობა შეადგენდა 380 ლარს).

1.5. 2016 წლის 22 დეკემბრის N197-რს კანონით ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქრათველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა ლეგალიზებულად ითვლება. აქედან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს ლეგალიზაციის შემდგომ პერიოდში გაცემულ საარსებო შემწეობის ხაზინაში დაბრუნებას, რაც წარმოადგენს 6080 ლარს და ამ თანხის დაკისრებას მოპასუხეზე.

1.6. შეგებებული სარჩელი თავდაპირველმა მოსარჩელემ და შეგებებული სარჩელის მოპასუხემ არ სცნო და განმარტა, რომ მოხდა ოჯახის ხელოვნული დაყოფა, რის გამოც ზუ----- რა--------ვის ოჯახს კანონის დაცვით შეუწყდა სოციალური შემწეობა და ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“’ 181 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად უსაფუძვლოდ გაცემული საარსებო შემწეობა უნდა დაბრუნდეს ხაზინაში, ხოლო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, როგორც კანონის სრული დაცვით გამოცემული უნდა დარჩეს ძალაში და შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

 

2. მოპასუხის და შეგებებული მოსარჩელის პოზიცია

2.1. მოპასუხემ შესაგებლით თავდაპირველი სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოპასუხეს სოციალური შემწეობა შეუწყდა ოჯახის იმ შემადგენმობაზე რაზედაც დაენიშნა. აღნიშნულის დასადასტურებლად განმარტა შემდეგი: ნა-----თა რა--------ვი არის მისი ნათესავი და არ ცხოვრობს მის ოჯახში. მის სახლთან ახლოს აქვს მაღაზია და მაღაზიაში არ აქვს სამზარეული, ამიტომ ზოგჯერ მის სახლში, როგორც ნათესავი სადილობს, მაგრამ იგი არ არის მისი ოჯახის წევრი და ცხოვრობს სხვაგან. ასევე აღნიშნა, რომ ახსნა-განმარტება ნა----- რა--------ვმა დაწერა სოციალური მუშაკის კა------ შა------–--ლის კარნახით, ზუ----- რა--------ვმა მხოლოდ ხელი მოაწერა.

2.2. ასევე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის პავლე ცაძიკიძის 2018 წლის 19 ივნისის N0------- მოხსენებით ბარათში მითითებულია ყოფილი სოციალური მუშაკის გი------ ვა------–--ლის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომოკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური საცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის N01-14 ბრძანების მე-3 თავის 6-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევაზე. მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა დაარღვია კანონი, იმაზე მიუთითებლად, თუ რაში გამოიხატება მოპასუხის მიერ კანონის დარღვევა, მიღებული გადაწყვეტილება სოციალური შემწეობის შეწყვეტის და მიღებული შემწეობის, უსაფუძვლო გამდიდრების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე, უკან დაბრუნების მოთხოვნა არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მოპასუხემ საბოლოოდ მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს თავდაპირველი სარჩელი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი.

მოპასუხე ზუ----- რა--------ვმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა: 1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება N0-------- ზუ----- რა--------ვისათვის თანხის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის პავლე ცაძიკიძის 2018 წლის 19 ივნისის N0------- მოხსენებითი ბარათი ზუ----- რა--------ვისათვის 6080 ლარის დაკისრების თაობაზე;

 

3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ვალერიან ბურდიაშვილის 2018 წლის 17 ივლისის N0----------- და 2018 წლის 30 აგვისტოს N0----------- წერილები, ასევე 2018 წლის 12 ოქტომბრის N4-- მოხსენებითი ბარათი ზუ----- რა--------ვისათვის ფულადი თანხის დაკისრების თაობაზე.

 

შეგებებული სარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია იგივე გარემოებები, რაც თავდაპირველი სარჩელის მიმართ უარის თქმის საფუძველია. დამატებით მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმ ორგანომ ისე შეუწყვიტა საარსებო შემწეობა ზუ----- რა--------ვის ოჯახს, რომ არ გამოიკვლია, რა სარგებელი მიიღო მან ოჯახის ხელოვნული დაყოფით, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა. არ იქნა გამოკვლეული ოჯახის რეალური ეკონომიკური და ფაქტობრივი მდგომარეობა, კერძო: ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მ. მა------–--ლის მიერ 2019 წლის 19 მარტს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ზუ----- რა--------ვის ოჯახი შედგება 6 წევრისაგან და მის შემადგენლობაში არ არის ნა-----თა რა--------ვი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ზუ----- რა--------ვის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 6 წევრზე - თვეში 380 ლარის ოდენობით. მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 7035-ს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ ყვარლის სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებას განცხადებით მიმართა მოპასუხე ზუ----- რა--------ვმა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის N04-156 ბრძანების საფუძველზე, ზუ----- რა--------ვის ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებისას, გადამოწმების პერიოდისათვის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში’’ არსებულ მდგომარეობას არ შეესაბამებოდა ამ ოჯახის მონაცემები და დადგინდა, რომ ოჯახი ხელოვნურად იყო დაყოფილი, რადგან დეკლარაციის შევსების დროს არ იყო დეკლარაციაში შეყვანილი ოჯახის დეიდაშვილი ნა-----თა რა--------ვი, რომელიც ამ ოჯახში ცხოვრობდა 2016 წელსაც. ამ მიზეზით ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და დაეკისრა 6080 ლარის სახელმწიფო ხაზინაში დაბრუნება, რომელიც მიღებული აქვს 2016 წლის დეკემბრის თვიდან 2018 წლის აპრილის თვემდე პერიოდში.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები. მოწმე სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრის კონტროლის მონიტორის კა------ შა------–--ლის ჩვენება (იხ. ოქმი).

 

3.2.4. მოპასუხე ზუ----- რა--------ვმა არ დაადასტურა დეიდაშვილის ნა-----თა რა--------ვის მის ოჯახში ცხოვრების ფაქტი და მიუთითა, რომ ახსნა-განმარტება, რომელიც დაწერილია 2018 წლის 3 მაისს დაწერა ნა-----თა რა--------ვმა სოციალური მუშაკის კა------ შა------–--ლის კარნახით, მან ხელი მოაწერა ისე რომ არც წაუკითხია. ასევე განმარტა, რომ ნა-----თა რა--------ვი მასთან მოდის როგორც ნათესავი, მაგრამ მისი ოჯახის წევრი არ არის და დეკლარაციის შევსების დროსაც გი------ ვა------–--ლისათვის ყალბი ცნობა არ მიუწოდებია. მისი ოჯახი შედგება 6 წევრისაგან, რასაც ადასტურებს წარმოდგენილი ცნობით.

 

მტკიცებულება: სხდომაზე გაკეთებული ზუ----- რა--------ვის ახსნა-განმარტება. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მ. მა------–--ლის მიერ 2019 წლის 19 მარტს გაცემული N5- ცნობა ზუ----- რა--------ვის ოჯახის შემადგენლობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ თავდაპირველი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი” ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.

 

,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და "ე" ქვეპუნქტების თანახმად, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია, საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის თითოეულ წევრზე.

 

როგორც აღინიშნა, ზუ----- რა--------ვის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 6 წევრზე - თვეში 380 ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 7035-ს.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ, რაც იწვევს ოჯახის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

 

ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ, რაც მისი ოჯახის მდგომარეობის გაუმჯობესებას იწვევდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე ზუ----- რა--------ვს ვალდებულება ჰქონდა ცვლილების შესახებ გაეკეთებინა განცხადება, თუ მის ოჯახში ცვლილება მოხდებოდა გაუმჯობესების კუთხით.

სასამართლოზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებებიდან ვერ დგინდება, რომ დეკლარაციის შევსების დროს ამ ოჯახში ცხოვრობდა ნა-----თა რა--------ვი, რომელიც არც ამ ეტაპზე ცხოვრობს ზუ----- რა--------ვის ოჯახში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

ამავე კოდექსის 4-ე მუხლის თანახმად- ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად - სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად -თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 103 ე მუხლის მიხედვით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს - თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

6.8 მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ. რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

 

6.9 ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯიბრების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სწორედ ისეთი შემთხვევა როდესაც, საკითხი განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, არამედ მთლიანად უნდა იქნას გათვალისწინებული საჯარო და კერძო ინტერესი.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

6.10 სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია ზუ----- რა--------ვის ოჯახის წევრი ნამდვილად იყო თუ არა ნა-----თა რა--------ვი. ნათესავის სტუმრად მისვლა, საკვების მიტანა და კვება არ შეიძლება ოჯახის წევრობად ჩაითვალოს. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2018 წლის 3 მაისს დაწერილი ახსნა-განმარტება დაწერილია ნა-----თა რა--------ვის მიერ, სოციალური მუშაკის კა------ შა------–--ლის კარნახით და აქედან გამომდინარე არ გამოხატავს ზუ----- რა--------ვის აზრს, ხოლო სასამართლო სხდომაზე ზუ----- რა--------ვმა ნა-----თა რა--------ვის მისი ოჯახის წევრობა კატეგორიულად უარყო. ასევე გასარკვევია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის, გი------ ვა------–--ლის, სამსახურეობრივი გადაცდომა იკვეთება ოჯახის დეკლარაციის შევსებისას, რომელმაც საბოლოოდ ოჯახისათვის შემწეობის შეწყვეტა და გაცემულის უკან დაბრუნება გამოიწვია, გასარკვევია რა ბრალი მიუძღვის ზუ----- რა--------ვს ამ საკითხში. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ზუ----- რა--------ვის მხრიდან რაიმე არამართლზომიერი ქმედების ჩადენის ფაქტი, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორ განოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხე მხარის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლი, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ მმართველობის ორგანოები ქმედებას ახორციელებდნენ შეფარდებითობის პრინციპის თანახმად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობამ არ გამოიწვიოს დასახული მიზნების შეუსაბამო შედეგები. თუ ქმედების განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს, ორგანო ვალდებულია, იხელმძღვანელოს იმ საშუალებით, რომელიც მოქალაქესა თუ საჯარო ინტერესებს მინიმალურ ვნებას მიაყენებს. ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოშობს პიროვნების კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპს. მოქალაქის რწმენა ადმინისტრაციული ქმედების მართლზომიერებაში უნდა იყოს დაცული.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდაპირველი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ და სადაო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე დაევალოს მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ზუ----- რა--------ვის მიმართ საარსებო შემწეობის 6080 ლარის სახაზინო ანგარიშზე დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით, საქრთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-244-ე, 248-248-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” ყვარლის რაიონული განყოფილების თავდაპირველი სარჩელი მოპასუხე ზუ----- რა--------ვის მიმართ ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის სახაზინო ანგარიშზე დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. ზუ----- რა--------ვის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით, 1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება N0-------- ზუ----- რა--------ვის თანხის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის პავლე ცაძიკიძის 2018 წლის 19 ივნისის N0------- მოხსენებითი ბარათი ზუ----- რა--------ვისათვის 6080 ლარის დაკისრების თაობაზე;

 

3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ვალერიან ბურდიაშვილის 2018 წლის 17 ივლისის N0----------- და 2018 წლის 30 აგვისტოს N0----------- წერილები, ასევე 2018 წლის 12 ოქტომბრის N4-- მოხსენებითი ბარათი ზუ----- რა--------ვისათვის ფულადი თანხის დაკისრების თაობაზე და დაევალოს მოპასუხეებს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” ყვარლის რაიონული განყოფილებას და სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ზუ----- რა--------ვის მიერ საარსებო შემწეობის 6080 ლარის სახაზინო ანგარიშზე დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის.ქ. ყვარელი , ილ. ჭავჭავაძის ქ. № 78).

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე