გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.09.2019
საქმის ნომერი
411310019003033722
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 411310019002936784; 411310019003033000;

411310019003033722

საქმე № 3/12-19, 3/23-19, 3/25-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. კასპი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი: ლ--–- მ-----–-–---–-

 

მოპასუხეები: ნ---- ფ---------ი, ე-–--- ზ-----–---–ი, მ-----– ჯ-----–---–ი

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნ---- ფ---------ზე მიღებული საარსებო შემწეობის - 125 (ასოცდახუთი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების (უკან დაბრუნების) ვალდებულების დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, ნ---- ფ---------ის (პირ. № 2----------) ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 2 წევრზე (მათ შორის 1 არასრულწლოვანზე).

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონულ განყოფილებაში დაფიქსირდა ინფორმაცია, რომ ნ---- ფ---------ს გაუჩნდა გარკვეული შემოსავალი; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც 2018 წლის სექტემბრის თვეში მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 125 (ასოცდახუთი) ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში (5 ლარი განთავსებული იყო მის ანგარიშზე, რაც ავტომატურად დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტს).

 

1.2. ე-–--- ზ-----–---–ზე ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის – 150 (ასორმოცდაათი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების (უკან დაბრუნების) ვალდებულების დაკისრება.

 

ე-–--- ზ-----–---–ის (პირ. № 2----------) ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 2 წევრზე.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონულ განყოფილებაში დაფიქსირდა ინფორმაცია, რომ ე-–--- ზ-----–---–ის ოჯახის წევრს - ზ------- ზ-----–---–ს (პირ. № 4----------) გაუჩნდა გარკვეული შემოსავალი; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც 2018 წლის ნოემბრის თვეში მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 150 (ასორმოცდაათი) ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

1.3. მ-----– ჯ-----–---–ზე ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის – 120 (ასოცი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების (უკან დაბრუნების) ვალდებულების დაკისრება.

 

მ-----– ჯ-----–---–ი (პირ. № 2----------) არის 2018 წლის 29 ნოემბერს გარდაცვლილი საპენსიო პაკეტის მიმღებ ზ---- ჯ-----–---–ის შვილი, რომელმაც დედის გარდაცვალების შემდეგ, სს ,,ლიბერთი ბანკის" აპარატიდან გაიტანა დედის კუთვნილი პენსიიდან 180 ლარიდან 120 (ასოცი) ლარი, ხოლო ანგარიშზე დატოვებული 60 (სამოცი) ლარი ბანკის მიერ იქნა დაბრუნებული სახ. ბიუჯეტში. მოპასუხემ 2019 წლის 20 მარტს დეწერა № 1432 განცხადება, სადაც აღიარა ფულადი სახის დავალიანება და აღნიშნა, რომ დავალიანებას სრულად დაფარავდა 2019 წლის 1 მაისამდე, მაგრამ დაპირების მიუხედავად, მას აღნიშნული დავალიანება არ დაუფარავს. რის გამოც ზ---- ჯ-----–---–ის გარდაცვალების მომდევნო თვის თანხა 120 (ასოცი) ლარი ექვემდებარება უკან, სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ, რის გამოც მათი პოზიცია უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1 ნ---- ფ---------ის ოჯახს 2017 წლის 1 სექტემბრიდან დაენიშნა სოციალური დახმარება 2 წევრზე (მათ შორის 1 არასრულწლოვან წევრეზე); მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 10360-ს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ კასპის სოციალური მომსახურების განყოფილებას განცხადებით მიმართა მოპასუხე ნ---- ფ---------მა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.3 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნ---- ფ---------ს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი.

 

მტკიცებულება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2018 წლის 19 დეკემბრის № 04-13-04/2955, 2018 წლის 4 ოქტომბრის № 04/52800 და 2019 წლის 24 იანვრის № 04-13-04/254 წერილი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ოჯახის დეკლარაცია;

 

3.2.4. ე-–--- ზ-----–---–ის ოჯახს 2017 წლის 5 ოქტომბრიდან დაენიშნა სოციალური დახმარება 2 წევრზე; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 32770-ს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

 

3.2.5. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ კასპის სოციალური მომსახურების განყოფილებას განცხადებით მიმართა მოპასუხე ე-–--- ზ-----–---–მა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.6. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ე-–--- ზ-----–---–ის ოჯახის წევრს - ზ------- ზ-----–---–ს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი.

 

მტკიცებულება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2018 წლის 19 დეკემბრის № 04/68212, 2019 წლის 13 თებერვლის № 04-13-04/468 და 2019 წლის 25 მარტის № 04-13-04/817 წერილი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ოჯახის დეკლარაცია;

 

3.2.7. 2018 წლის 29 ნოემბერს გარდაცვლილი ზ---- ჯ-----–---–ი იყო 1961 წლის 25 თებერვალს დაბადებული მ-----– ჯ-----–---–ის დედა;

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

 

3.2.8. მ-----– ჯ-----–---–მა დედის - 2018 წლის 29 ნოემბერს ზ---- ჯ-----–---–ის სახელზე გაწერილი 2018 წლის დეკემბრის თვის სახელმწიფო გასაცემელი 120 (ასოცი) ლარი აიღო დედის გადაცვალების შემდეგ;

 

მტკიცებულება: მ-----– ჯ-----–---–ის 2019 წლის 20 მარტის განცხადება ფულადი დავალიანების არსებობის აღიარების შესახებ; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2019 წლის 29 იანვრის № 04-13-04/284 და 2019 წლის 14 თებერვლის № 04-13-04/475 წერილი;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მოსარჩელე მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც მოპასუხეებმა მიიღეს საარსებო შემწეობისა და საპენსიო თანხა, რაც მათ არ ეკუთვნოდათ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N 145-ე დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი"; ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.

 

,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

 

იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის მიხედვით, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახები, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად, იღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის თანხას.

 

როგორც აღინიშნა, ნ---- ფ---------ის ოჯახს 2017 წლის 1 სექტემბრიდან დაენიშნა სოციალური დახმარება 2 წევრზე (მათ შორის 1 არასრულწლოვან წევრზე); მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 10360-ს; შესაბამისად, საარსებო შემწეობის თანხა განისაზღვრა 130 ლარით, რასაც ეს ოჯახი იღებდა ყოველთვიურად.

 

,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

 

ე-–--- ზ-----–---–ის ოჯახს 2017 წლის 5 ოქტომბრიდან დაენიშნა სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა 50 ლარის ოდენობით ოჯახის 3 წევრზე; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 32770-ს;

 

იმავე ,,წესის” მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი არის ამ წესის მიზნებისათვის, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება;

 

მითითებული დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

 

დადგენილია, რომ ნ---- ფ---------ი მუშაობდა შპს ,,რ------–--------ი"-ში, ე-–--- ზ-----–---–ის ოჯახის წევრი - ზ------- ზ-----–---–ი მუშაობდა შპს ,,ს---------------–--ი“-ში, რის შესახებ მოპასუხეებს შესაბამისი ორგანოსათვის არაფერი უცნობებიათ.

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

 

2018 წლის 29 ნოემბერს გარდაცვლილი ზ---- ჯ-----–---–ი იყო საპენსიო პაკეტის მიმღები, რომელის პენსიაც შეადგენდა ყოველთვიურად 180 (ასოთხმოცი) ლარს.

 

იმავე კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით, პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსიონერის გარდაცვალებისას.

 

დადგენილია, რომ მ-----– ჯ-----–---–მა დედის - ზ---- ჯ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ აიღო დედის სახელზე გამოწერილი 2018 წლის დეკემბრის თვის პენსიიდან 180 ლარიდან 120 ლარი (60 ლარი დარჩა ანგარიშზე, რაც ავტომატურად დაბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტში). ზ---- ჯ-----–---–ი გარდაიცვალა 2018 წლის 29 ნოემბერს.

 

ამდენად, მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ, ეცნობებინათ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილებისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, ხოლო მ-----– ჯ-----–---–ის შემთხვევაში კი - პენსიის დანიშვნა-გაცემის საფუძვლებში მომხდარი იყო ცვლილება (გარდაიცვალა პენსიის მიმღები პირი), შესაბამისად, ეს თანხები აღარ გაიცემოდა.

 

მოპასუხეთა ოჯახებისათვის ზედმეტად გამოყოფილი სახელმწიფო გასაცემელი, კერძოდ: ნ---- ფ---------ის შემთხვევაში შეადგენს 125 (ასოცდახუთ) ლარს, ე-–--- ზ-----–---–ის შემთხვევაში - 150 (ასორმოცდაათ) ლარს, ხოლო მ-----– ჯ-----–---–ის შემთხვევაში კი - 120 (ასოც) ლარს, რასაც სადავო პერიოდში იღებდნენ ისინი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენსიისა და სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხეთა ოჯახებმა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღეს ნ---- ფ---------ის შემთხვევაში 125 (ასოცდახუთი) ლარი, ე-–--- ზ-----–---–ის შემთხვევაში - 150 (ასორმოცდაათი) ლარი, ხოლო მ-----– ჯ-----–---–ის შემთხვევაში კი - 120 (ასოცი) ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინათ სოციალური მომსახურების სამსახურისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და პენსიის გაცემის საფუძვლებში ცვლილებების შესახებ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილების სარჩელი ნ---- ფ---------ის, ე-–--- ზ-----–---–ისა და მ-----– ჯ-----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ---- ფ---------ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2018 წლის სექტემბერში ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების - 125 (ასოცდახუთი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460;

 

3. ე-–--- ზ-----–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2018 წლის ნოემბერში ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების - 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460;

 

4. მ-----– ჯ-----–---–ს დაეკისროს 2018 წლის 29 ნოემბერს გარდაცვლილი დედის - ზ---- ჯ-----–---–ის სახელზე გაწერილი პენსიის, 2018 წლის დეკემბრის თვეში უკანონოდ მიღებული - 120 (ასოცი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

5. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. № 124) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი