გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.10.2019
საქმის ნომერი
831310219002941723
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 831310219002941723

№3/7-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბაღდათი

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

ბაღდათის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - მ------ მშ---–----ე

მოპასუხე - ნ------- ნე-------ე

დავის საგანი: - უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

დაეკისროს მოპასუხე ნ------- ნე-------ეს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) 20 (ოცი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ნ------- ნე-------ის ოჯახი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული იყო როგორც სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) მიმღები. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილებისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის N 04/65959 წერილით ცნობილი გახდა ქ. ბაღდათში მცხოვრები ნ------- ნე-------ის ოჯახის მიერ მიღებული ლეგალური შემოსავლის მიღების შესახებ. 2018 წლის 12 დეკემბერს ნ------- ნე-------ეს გაეგზავნა N 04-06-07/1651 წერილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე. 2018 წლის 26 დეკემბრის N 04-06-07/1722 წერილით და 2019 წლის 30 იანვრის N 04-06-07/143 წერილით მოპასუხე ნ------- ნე-------ეს გაეგზავნა გაფრთხილება აღედგინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობა 20 ლარი. მოპასუხის მხრიდან დღემდე არ განხორციელებულა უკანონოდ მიღებული თანხის დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილება ითხოვს ნ------- ნე-------ეს დაეკისროს უკანონოდ (ზედმეტად) მიღებული თანხის 20 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის განჩინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დაევალა გზავნილის მხარისათვის გადაცემა, ბაღდათის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი ოქმით ირკვევა, რომ სარჩელი ადრესატს ჩაბარდა 2019 წლის 08 აგვისტოს. მაგრამ მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ შემოუტანია.

 

მოპასუხე ნ------- ნე-------ე ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე ნ------- ნე-------ის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

- სარჩელი.

- გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის N 04/65959 წერილით ცნობილი გახდა ქ. ბაღდათში მცხოვრები ნ------- ნე-------ის მიერ მიღებული ლეგალური შემოსავლის მიღების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

- 2018 წლის 10 დეკემბრის N 04/65959 წერილი.

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2018 წლის 26 დეკემბრის N 04-06-07/1722 წერილით და 2019 წლის 30 იანვრის N 04-06-07/143 წერილებით მოპასუხე ნ------- ნე-------ეს გაეგზავნა გაფრთხილება აღედგინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობა 20 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილების 2018 წლის 26 დეკემბრის N 04-06-07/1722 წერილი.

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილების 2019 წლის 30 იანვრის N 04-06-07/143 წერილი.

 

3.1.5. ნ------- ნე-------ის ოჯახზე ზედმეტად გაცემულმა საარსებო შემწეობის თანხამ შეადგინა 20 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილების 2018 წლის 26 დეკემბრის N 04-06-07/1722 წერილი.

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილების 2019 წლის 30 იანვრის N 04-06-07/143 წერილი.

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარე სადაოდ არ ხდის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება;

- საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის (ოჯახის უფლება-მოვალეობანი) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანხმად განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: რომ სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

 

ამავე დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად სააგენტო უფლებამოსილია: ა) სისტემატურად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად); ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის დაქვითვის (უკან დაბრუნების) ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;

 

ამავე დებულების მე-11 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება) შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.

 

დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ბაღდათის განყოფილება ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ფულადი დახმარების გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში; ასევე სააგენტო უფლებამოსილია ზედმეტად დარიცხული დახმარების დაქვითვა (უკან დაბრუნება) განახორციელოს ოჯახისათვის საარსებო შემწეობიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ------- ნე-------ის ოჯახი იყო რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ასევე დადგენილია რომ ნ------- ნე-------ის მიერ მიღებული იქნა ლეგალური შემოსავალი, რის შესახებაც ოჯახი ვალდებული იყო აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა სააგენტოსათვის ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

 

ამდენად დადგენილია, რომ ბენეფიციარის ნ------- ნე-------ის ოჯახზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხვოს მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილევლ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალკე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 394-ე მუხლებით. მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 20 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ნ------- ნე-------ეს უნდა დაეკისროს 20 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო

აღნიშნულის გათვალისწინებით მხარები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის რაიონული განყოფილების უფროსის ემელიანე ლომიძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ნ------- ნე-------ეს დაეკისროს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 20 (ოცი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თანხის შეტანა მოხდეს შემდეგ ანგარიშებზე: ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE 24NB0330100200165022, სახელმწიფო შემოსულობების სახაზინო კოდი - 302003460.

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა №7) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე