გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.09.2019
საქმის ნომერი
120210119003125152
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/486-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.09.2019წელი ქ.ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი ლაშა ზაზაძე

მოსარჩელე - სს ,,თ----- ბანკი’’;

წარმომადგენელი - რ--------–------ე;

მოპასუხე - ნ--------------ე;

წარმომადგენელი - ლ-------–--–----ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1. მოპასუხე ნ--------------ეს სს „თ----- ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს N---------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადამოსული დავალიანებიდან 13000 ლარის (სესხის ძირი თანხაა 10590,14 ლარი, პროცენტი შეადგენს 1319,84 ლარს, დაზღვევა 25,35 ლარია, ხოლო ჯარიმა 1064,67 ლარი) გადახდა.

2. მოპასუხე ნ--------------ეს სს „თ----- ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს N--------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადამოსული დავალიანებიდან 2700 ლარის (ძირი თანხაა 1976,68 ლარი, პროცენტი შეადგენს 412,93 ლარს, ჯარიმა 310,39 ლარია) გადახდა.

3. მოპასუხე ნ--------------ეს სს „თ----- ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს N--------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადამოსული დავალიანების 1234,54 ლარის (სესხის ძირი თანხაა 993,61 ლარი, პროცენტი შეადგენს 15,64 ლარს, ხოლო ჯარიმა 225,29 ლარია) გადახდა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2018 წლის 29 ოქტომბერს სს ,,თ----- ბანკსა" და ნ--------------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N----------------, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელზე გასცა საბანკო კრედიტი 11000 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიურად 25% სარგებლის გადახდევინებით. ამავე ხელშეკრულების 29-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის კი შეადგენდა დავალიანების 1%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 3--------------- (იხ. ს.ფ. 19-22);

- კრედიტის გაცემისა და დაფარვის გრაფიკი (იხ.ს.ფ. 23-24);

 

3.2.2. 2018 წლის 29 ოქტომბერს სადაზღვევო კომპანია სს ,,თ-----" დაზღვევას მიერ, დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც დაზღვეულ იქნა მსესხებლის ნ--------------ის სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სესხის ძირი თანხის წლიურ 0,72%-ს, რომლის გადახდის ვალდებულებაც ნ--------------ეს ეკისრებოდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

დაზღვევის პოლისი 3--------------- ( იხ. ს.ფ. 25);

 

3.2.3. 2017 წლის 6 ნოემბერს სს ,,თ----- ბანკსა’’ და ნ--------------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N---------, რომლითაც მსესხებლის სახელზე დამზადდა საკრედიტო ბარათი რომლის ანგარიშზეც განთავსებული იქნა 1000 ლარი, რომლის გამოყენებისთვის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 18%-ით სავაჭრო ობიექტებში ათვისების შემთხვევაში, ხოლო 36% ბანკის ბანკომატით ათვისების შემთხვევაში. ბარათის მოქმედების ვადა განისაზღვრა 27/02/2049 წლამდე, ბარათის მომსახურების საკომისიო შეადგენდა ყოველ მომდევნო წლისათვის 40 ლარს. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი კალენდარული თვის 6 რიცხვში, რა დროსაც კლიენტს საბანკო ანგარიშზე უნდა შეეტანა დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 4,9%. 2018 წლის 06 თებერვალს კლიენტმა მისი ინტერნეტბანკის მეშვეობით გაზარდა საკრედიტო ლიმიტი აღნიშნულ საბარათე ანგარიშზე 1976,88 ლარამდე, სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშკრულება N--------- (ს.ფ. 26-31);

- ამონაწერი ანგარიშიდან (იხ. ს.ფ. 32-37);

 

3.2.4. 2018 წლის 11 დეკემბერს სს ,,თ----- ბანკსა’’ და ნ--------------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N--------- რომლითაც მსესხებლის სახელზე დამზადდა საკრედიტო ბარათი რომლის ანგარიშზეც განთავსებული იქნა 1000 ლარი, რომლის გამოყენებისთვის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 18%-ით, სავაჭრო ობიექტებში ათვისების შემთხვევაში, ხოლო 36% ბანკის ბანკომატით ათვისების შემთხვევაში ბარათის მოქმედების ვადა განისაზღვრა 27/02/2049 წლამდე, ბარათის მომსახურების საკომისიო შეადგენდა ყოველ მომდევნო წლისათვის 10 ლარს. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი კალენდარული თვის 11 რიცხვში, რა დროსაც კლიენტს საბანკო ანგარიშზე უნდა შეეტანა დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტი 4,9%.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშკრულება N--------- (ს.ფ.38-41);

 

3.2.5. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე და მიეცა 14 დღის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.07.2019წ. შეტყობინება ნ---------------ეს (იხ. ს.ფ 44-47);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 24.09.2019წ სხდომის ოქმი);

 

3.2.6. მსესხებელმა თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა. მას კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია 2019 წლის იანვრის შემდეგ. დავალიანება სარჩელის აღძვრის მომენტისთვის შეადგენს:

ა) N 3--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 13612,65 ლარს საიდანაც სესხის მირი თანხაა 10590,14 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1319,84 ლარს, დაზღვევა 25,35 ლარია, ხოლო ჯარიმა შეადგენს 1677,32 ლარს.

ბ) N---------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3266,97 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1976,68 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 412,93 ლარს, ხოლო ჯარიმა 877,36 ლარია.

გ) N---------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1234,54 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 993,61 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 15,64 ლარს, ხოლო ჯარიმა 225,29 ლარია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია (იხ. ს.ფ 32-37);

- საბანკო პროგრამიდან ამოღებული ინფორმაცია დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ 48);

- 03.07.2019წ. შეტყობინება ნ---------------ეს (იხ. ს.ფ 44-47);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი ანგარიშებიდან (იხ. ს.ფ 43);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-317-ე, 361-ე, 867-868-ე, 427-ე, 411-412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-892-ე, 895-ე მუხლებით;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებლებზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელ - ნ--------------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,თ----- ბანკსა’’ და ნ--------------ეს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მოპასუხის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელეს გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 29.10.2018წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 13000 ლარი, 06.09.2017წ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს 2700 ლარი, ხოლო 11.12.2018წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 1234,54 ლარი, რომელთა გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს). მოპასუხემ არ ცნო სარჩელი.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 29.10.2018წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1319,84 ლარისა, 06.09.2017წ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 412,93 ლარის და 11.12.2018წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15,64 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო - მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვადაგადაცილების პერიოდისა და ვალდებულების ოდენობის გათვალისწინებით პირგასამტეხლო არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება უნდა დაეკისროს მასვე.

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,თ----- ბანკის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე ნ--------------ეს (პ/ნ 0----------), სს ,,თ----- ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 29 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 13000 ლარის (ძირი 10590,14 ლარი, პროცენტი 1319,84 ლარი, დაზღვევა 25,35 ლარი, ჯარიმა 1064,67 ლარი) გადახდა.

ნ--------------ეს (პ/ნ 0----------) სს „თ----- ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 6 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2700 ლარის (ძირი 1976,68 ლარი, პროცენტი 412,93 ლარი, ჯარიმა 310,39 ლარი) გადახდა.

ნ--------------ეს (პ/ნ 0----------) სს „თ----- ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 11 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1234,54 ლარის (ძირი 993,61 ლარი, პროცენტი 15,64 ლარი, ჯარიმა 225,29 ლარი) გადახდა.

3. მოპასუხე ნ--------------ეს (პ/ნ 0----------) სს ,,თ----- ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 567,05 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი