გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 080310017002124432
საქმე №3/1185-17 30 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე, ალექსანდრე ხაჭაპურიძე
მოსარჩელე - ბ------ კ--–--ე;
წარმომადგენელი - პ----ა შ----ე, ხ-------------------ე;
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი;
წარმომადგენელი - გ-------------–--ე;
მესამე პირი - შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ი’’;
წარმომადგენელი - დ----------------ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება;
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა (2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი).
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივლისის N882017675013-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 აგვისტოს N882017675013-05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის N396171 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.4. დაევალოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს გამოსცეს ახალი აქტი მოსარჩელის მიერ წარდგენილ 2017 წლის 28 ივლისის N882017675013 განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ფ-–----- ვ-----–----სა’’ და ბ------ კ--–--ეს შორის 2015 წლის 1 ნოემბერს გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ს’’ დროებით სარგებლობაში გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება მდებარე: წყალტუბო, სოფელი გ------ი, უძრავი ნივთის მიწის ნაკვეთი 5000 კვ.მ, შენობა 01/1-1496,45. აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა განისაზღვრა თვეში 500 ლარის ოდენობით. შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ის’’ მხრიდან უხეშად დაირღვა ხელშეკრულების პირობები, კერძოდ გადაუხდელია 18 თვეზე მეტი ხნის ქირა, რაც შეადგენს 9000 ლარზე მეტს. ხელშეკრულების 2.5 პუნქტი ითვალისწინებს მის მოშლას 3 და მეტი თვის ვადაში აღნაგობის ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში. შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ი’’ არაერთი მიმართვის მიუხედავად არ ათავისუფლებს ფართს და ბ------ კ--–--ეს როგორც მესაკუთრეს, დღემდე არ ეძლევა საშუალება განკარგოს მისი საკუთრება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოსარჩელისგან ითხოვს მხარისთვის გაუგებარი დოკუმენტის წარდგენას, ან შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ის” თანხმობის წარდგენას, რასაც მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ბ------ კ--–--ე არ არის ვალდებული ამტკიცოს შპს ,,ფ-–----- ვ--------მა’’ ჩარიცხა თუ არა ქირის თანხა, მტკიცების ტვირთი მოცემულ შემთხვევაში ეკისრება შპს-ს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სადავო აქტებს უკანონოდ მიიჩნევს და ითხოვს მათ ბათილად ცნობას და მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ამავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს.
3. მესამე პირების პოზიცია.
3.1. მესამე პირმა შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ის’’ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ წყალტუბო, სოფელ გ------ში მდებარე მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი - 49987,00 კვ.მ, ს.კ.2-------.4-- ირიცხება ბ------ კ--–--ის სახელზე, ხოლო შენობა - N01/1-1496,45 კვ.მ, და შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ის“ (შენობა N01/1 - 1496.45 (აღნაგობის ვადით)) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 29-31);
4.1.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 1 ნოემბერს ბ------ კ--–--ეს და შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ს’’ შორის დაიდო აღნაგობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებულია, რომ 1.1. ,,მეაღნაგე’’ გადასცემს ხოლო ,,მოაღნაგე’’ დროებით სარგებლობაში იღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს 5000 კვ.მეტრის ოდენობით. 2.1. აღნაგობის უფლებით გაცემული ქონებით სარგებლობისათვის აღნაგობის ქირა თვეში შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. 2.2. აღნაგობის ქირა გადაიხდევინება ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ ანუ 2016 წლის 1 იანვრიდან. 2.3. აღნაგობის ქირა გადაიხდევინება ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით. 2.5. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში აღნაგობის ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,მოაღნაგე’’ იხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,05 პროცენტის ოდენობით. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს ,,მოაღნაგეს’’ აღნაგობის ძირის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო თუკი ასეთი გადაუხდელობა გაგრძელდება 3 და მეტი თვე მეაღნაგე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. 5.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 10 (ათი) წელი.
აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავ ნივთზე ს/კ -2-------.4--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღნაგობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 67-70);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 29-31);
4.1.3. დადგენილია, რომ ბ------ კ--–--ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: წყალტუბო, სოფელი გ------ი ს/კ 2-------.4--.
განცხადებას დაურთო: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; განცხადება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება, შემოვლის ფურცელი (იხ. ს.ფ. 58-59);
- ბ. კ--–--ის განცხადება (იხ. ს.ფ. 60);
- პასპორტის ასლი (იხ. ს.ფ. 61);
4.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882017675013-04 გადაწყვეტილებით ბ------ კ--–--ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, იმ მოტივით, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის წარსადგენი იყო რეგისტრირებული აღნაგობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი/ინფორმაცია ან აღნაგობის მქონე პირის შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ის’’ წერილობითი თანხმობა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 28 ივლისს N882017675013-04 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 63);
4.1.5. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 აგვისტოს N8820176755013-05 გადაწყვეტილებით ბ------ კ--–--ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 30 აგვისტოს N8820176755013-05 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 64);
4.1.6. დადგენილია, რომ ბ------ კ--–--ემ საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოება შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივლისის N882017675013-04 გადაწყვეტილების გაუქმება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის N396171 გადაწყვეტილებით N396171 ბ------ კ--–--ის საჩივარი სარეგისტრაციო წარმოება შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივლისის N882017675013-04 გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიჩნეული იქნა, რომ ასევე კანონიერია სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 აგვისტოს N882017675013-05 გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 25 სექტემბრის N396171 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 21-25);
4.1.7. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწვეტილებით დაკმაყოფილდა ბ------ კ--–--ის სარჩელი შპს „ფ-–----- ვ-----–----ის“ მიმართ. შპს „ფ-–----- ვ-----–----ს“ (ს/კ 4--------) აეკრძალა ხელშეშლა მოსარჩელე ბ------ კ--–--ის, როგორც საწესდებო კაპიტალის 49%-ის მფლობელისათვის, ტერიტორიაზე, მდებარე წყალტუბო სოფელი გ------ი ს/კ 2-------.4--, თავისუფალ მიმოსვლაში. დაევალა შპს „ფ-–----- ვ-----–----ს“ (ს/კ 4--------) ბ------ კ--–--ეს მიაწოდოს ინფორმაცია შპს „ფ-–----- ვ-----–----ის“ (ს/კ 4--------) საქმიანობის შესახებ, ასევე ბ------ კ--–--ეს ნება დაერთო გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 18 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.06.2018წ გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 258-261);
- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 257)
4.1.8. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის გადაწვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ------ კ--–--ის სარჩელი. დაეკისრა მოპასუხე - შპს „ფ-–----- ვ-----–----ს“ მოსარჩელე ბ------ კ--–--ის სასარგებლოდ - მხარეთა შორის 2015 წლის 01 ნოემბერს დადებული აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 37 თვის ქირის დავალიანების (თვეში - 500 ლარი) მთლიანობაში 18,500 ლარის გადახადა. სხვა ნაწილში ბ------ კ--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. დაეკისრა მოპასუხე შპს „ფ-–----- ვ-----–----ს“, ბ------ კ--–--ის სასარგებლოდ - სარჩელის უზრუნველსაყოფად და სარჩელის აღსაძვრელად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - სულ 555 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარი, ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯი 740 ლარი. ბ------ კ--–--ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სარჩელზე უარის ნაწილში ბ------ კ--–--ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ის“ შეგებებული სარჩელი ბ------ კ--–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ის“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ------ კ--–--ის მოთხოვნის საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 152-186);
4.1.9. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 6 ივნისის მორიგების აქტით ირკვევა, რომ შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ის’’ წარმომადგენელმა დ----------------ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით ბ------ კ--–--ეს ნაღდი ანგარიშსწორებით ხელზე გადასცა 19 290 ლარი. ბ------ კ--–--ემ. თავიხ მხრივ აიღო ვალდებულება ყადაღისგან გაათავისუფლოს მის მიერ დაყადაღებული შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ის’’ კუთვნილებაში არსებული მოძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მორიგების აქტი (იხ. ს.ფ. 151);
4.1.10. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 26 ივნისის საგადახდო დავალებით ირკვევა, რომ შპს ,,ფ-–----- ვ-----–----მა’’ ბ------ კ--–--ეს გადაურიცხა 2019 წლის 2,3,4,5,6 თვეები აღნაგობის ქირა, თანხით - 2500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო დავალება N8109798599 (ს.ფ 192);
4.1.11. დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის N2/1588-18 სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს წარმოადგენს სს ,,თ----------ი’’, ხოლო მოვალეებია: შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ი’’, ბ------ კ--–--ე, ხ-------------–-----ი. აღსრულების ქვემდებარე აქტით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა - 44411,35 აშშ დოლარი და 2720,17 ლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ქონების მდებარე: წყალტუბო, სოფელი გ------ი, ს/კ 2-------.4-- რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (იხ. ს.ფ. 262-266);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს: ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივლისის N882017675013-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 აგვისტოს N882017675013-05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, გ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის N396171 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-27 მუხლის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე, წარმოადგენს - დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისს გამოსცეს ახალი აქტი მოსარჩელის მიერ წარდგენილ 2017 წლის 28 ივლისის N882017675013 განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის ჭრილში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
7.2. დადგენილია, რომ ბ------ კ--–--ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: წყალტუბო, სოფელი გ------ი ს/კ 2-------.4--. განცხადებას დაურთო: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და განცხადება; სასამართლო მიუთითებს, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, არსებობდა თუ არა ბ------ კ--–--ის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსადმი მიმართვის დროს მისი განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 1 ნოემბერს ბ------ კ--–--ეს და შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ს’’ შორის დაიდო აღნაგობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად: 1.1. ,,მეაღნაგე’’ გადასცემს ხოლო ,,მოაღნაგე’’ დროებით სარგებლობაში იღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს 5000 კვ.მეტრის ოდენობით. 2.1. აღნაგობის უფლებით გაცემული ქონებით სარგებლობისათვის აღნაგობის ქირა თვეში შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. 2.2. აღნაგობის ქირა გადაიხდევინება ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ ანუ 2016 წლის 1 იანვრიდან. 2.3. აღნაგობის ქირა გადაიხდევინება ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით. 2.5. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში აღნაგობის ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,მოაღნაგე’’ იხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,05 პროცენტის ოდენობით. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს ,,მოაღნაგეს’’ აღნაგობის ძირის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო თუკი ასეთი გადაუხდელობა გაგრძელდება 3 და მეტი თვე მეაღნაგე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. 5.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 10 (ათი) წელი.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ------ კ--–--ემ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მითითებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის მოტივით აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია მოითხოვა უძრავ ნივთზე მდებარე: წყალტუბო, სოფელი გ------ი ს/კ 2-------.4--, რა დროსაც დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და განცხადება;
სასამართლოს აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი ეხება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
იმის გამო, რომ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული აღნაგობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის მოთხოვნისას წარდგენილი იქნა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და განცხადება ადმინისტრაციულ ორგანომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ორმხრივი ხელშეკრულების არსებობისას მხოლოდ ერთი მხარის წერილობითი ფორმით წარმოდგენილი განცხადება ვერ გახდებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა და, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სწორად იქნა მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს დაევალა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენა, ან ხელშეკრულების მეორე მხარის შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ის“ წერილობითი თანხმობა განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის გაუქმებაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ბ------ კ--–--ესა და შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ს“ შორის 2015 წლის 1 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების 5.2 პუნქტით განსაზღვრული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 10 წლით, ხოლო განცხადებას არ ერთვოდა მეორე მხარის მიერ გამოხატული ნების დამადასტურებელი მტკიცებულება ან რაიმე სხვა დოკუმენტი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედებოდა განცხადების დაკმაყოფილებას, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო დაინტერესებული პირისათვის მოეთხოვა რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო დოკუმენტები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას იმასთან მიმართებაში, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არ უნდა მოეთხოვა დამატებითი დოკუმენტაცია და მხოლოდ განცხადებაში მითითებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.5 პუნქტზე დაყრდნობით ვალდებული იყო გაეუქმებინა რეგისტრირებული უფლება და, რომ ასევე მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებს წარმოადგენდა, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ისაგან“ მოეთხოვა ქირის გადახდის ქვითრების წარმოდგენა. სასამართლოს მიაჩნია, რომ რეგისტრაციის განხორციელებისათვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება თავად განმცხადებელს ეკისრება და შესაბამისად, მასვე ეკისრებოდა მის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო კანონმდებლობაში ამომწურავადაა ჩამოთვლილი ვალდებულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, ესენია: ვალდებულების შეწყვეტა ვალის შესრულებით, დეპონირებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, ვალის პატიებით, ცალკეულ შემთხვევებში კრედიტორის გარდაცვალებით და იურიდიული პირის ლიკვიდაციით. ხელშეკრულება წყდება ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბ------ კ--–--ის მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ განცხადება, ხოლო რაიმე სახის სხვა მტკიცებულება - დოკუმენტი, რომელიც განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა და რეგისტრაციის განხორციელებას დაედებოდა საფუძვლად, წარდგენილი არ ყოფილა, რაც სასამართლოს მოსაზრებით, თავის მხრივ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სამართლებრივ წინაპირობას წარმადგენდა.
შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივლისს N882017675013-04 გადაწყვეტილებით ბ------ კ--–--ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერება იმ მოტივით, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის წარსადგენი იყო რეგისტრირებული აღნაგობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი/ინფორმაცია ან აღნაგობის მქონე პირის შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ის’’ წერილობითი თანხმობა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციის შესახებ, წარმოადგენს კანონშესაბამის გადაწყვეტილებას.
7.3. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძვლები სხვადასხვაა და ორივე წარმოება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცედურაა. ამასთან, გასათვალისწინებელია გარკვეული გარემოებები, კერძოდ, როდესაც საჯარო რეესტრი აჩერებს სარეგისტრაციო წარმოებას 21-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ავალებს დაინტერესებულ პირს წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, აღნიშნულის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა იწვევს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას 22-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლები არ იქნა აღმოფხვრილი, ბ------ კ--–--ის მიერ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა შპს ,,ფ-–----- ვ-----–----ის’’ აღნაგობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის რეგისტრაციას. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება N882017675013-04 გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.
დადგენილია, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2017 წლის 30 აგვისტოს მიღებული N8820176755013-05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, იმ საფუძვლებით, რომ დაინტერსებული პირის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები.
აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლო განმარტავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ავტომატურად დასადგომ შედეგს, როდესაც პირს დავალებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას - ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გააჩნია მატერიალური დატვირთვა, ანუ მისით ხდება ერთგვარად ხარვეზის დადგენა განმცხადებლის განცხადებაზე. ხოლო, ხარვეზის დადგენა ხდება კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის, დარღვევის დროს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ხარვეზი არ იქნება შევსებული, რაც წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას, დგება შედეგი - სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივლისის N882017675013-04 გადაწყვეტილება კანონშესაბამისია, ხოლო დაინტერსებული პირის მიერ შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 აგვისტოს N882017675013-05 გადაწყვეტილება და ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის N396171 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის N396171 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე კანონშესაბამისია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
7.4. რაც შეეხება მოსარჩელის მეოთხე სასარჩელო მოთხოვნას - დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისს გამოსცეს ახალი აქტი მოსარჩელის მიერ წარდგენილ 2017 წლის 28 ივლისის N882017675013 განცხადების დაკმაყოფილების შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივლისის N882017675013-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 აგვისტოს N882017675013-05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის N396171 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სრულ შესაბამისობაშია საკანონმდებლო მოთხოვნებთან და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 36) გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს არ დაეკისრება სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ბ------ კ--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი