გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14102-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - ნ--------------–---–ი
წარმომადგენელი - ი-----–--------–---–-
მოპასუხე - ნ---------------–---–ი
წარმომადგენელი - შ-----------------
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ---------------–---–ს ნ--------------–---–ის სასარგებლოდ დაევალოს, ზიანის ანაზღაურების მიზნით 12130 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.
(მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა 19.08.2019 წლის განცხადებით).
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ოჯახთან (მშობლებთან და დებთან ნ----- და ნ----- კ--------–---–ებთან) ერთად 1990-იანი წლებიდან ფლობდა თბილისში, დიდ დიღომში ცენტრალური გზის მიმდებარედ არსებულ, დაახლოებით ცხრაასი კ.ვმ. ფართობის მიწის ნაკვეთს. შემდგომში ნაკვეთს ძირითადად მოსარჩელე და მოპასუხე ფლობდნენ. მშობლები გარდაცვლილები არიან, თუმცა სიცოცხლეშივე დაუთმეს შვილებს ნაკვეთი, რომელსაც ამუშავებდნენ ერთობლივად. მიწის ნაკვეთის მფლობელობის ან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი არავის გადაუცია და მიწას თვითნებურად ფლობდნენ.
ნ---------------–---–მა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მეშვეობით, 2016 წელს დაიკანონა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მოსარჩელისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. თვითნებურად დაკავების დასადასტურებლად მოპასუხემ წარადგინა მოწმეების ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები, რაც გახდა მისი ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის საფუძველი.
ვინაიდან მოპასუხესთან ერთად მიწას მოსარჩელეც ფლობდა, მასაც გააჩნდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ნ---------------–---–მა კომისიას დაუმალა აღნიშნული ინფორმაცია და მოტყუებით მიიღო მთლიან ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოწმობა.
2018 წლის 18 სექტემბერს მოპასუხემ მიწის ნაკვეთი 230 000 აშშ დოლარად მიჰყიდა შპს „ა---–-------–--------“-ს. ვინაიდან მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრე არის კეთილსინდისიერი შემძენი, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების, ისე საკუთრების უფლების მოწმობის ბათილობის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია არ მოხდეს მიწის ნაკვეთის ნახევრის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა. ამდენად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს იმ თანხით, რასაც ნაკვეთის გაყიდვის შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა თავის წილად. ნასყიდობის საფასურის ნახევარი არის 115000 აშშ დოლარი, თუმცა მოსარჩელე ითხოვს სულ 12130 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
ნ---------------–---–მა სარჩელი არ ცნო, გამორიცხა მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მხრიდან ფლობის ფაქტი და მიუთითა, რომ ნაკვეთს პირადად ფლობდა და საკუთრების მოწმობაც მასზე გაიცა. აღიარების კომისიას სხვა დოკუმენტებთან და მტკიცებულებებთან ერთად ნ---------------–---–მა მოწმეების თანხმობებიც წარუდგინა. აღნიშნულზე მოსარჩელისთვის შეტყობინების ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნდა, ვინაიდან მას მიწაზე არანაირი უფლება არ ჰქონდა.
ამდენად, მიწის ნაკვეთი მას გადაეცა არა უკანონოდ, არამედ, კანონიერად, როგორც თვითნებურად დაკავებული ტერიტორია და გაიცა შესაბამისი საკუთრების მოწმობა, რაც გახდა საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაციის საფუძველი.
მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე და მოპასუხე დები არიან, არ განაპირობებს ნაკვეთთან მიმართებაში რაიმე თანაბრობას. ნ---------------–---–ი 2000 წლიდან ფაქტობრივად ფლობდა მიწის ნაკვეთს, აშენებული ჰქონდა კაპიტალური ნაგებობა, გაშენებული ჰქონდათ ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები და ეწეოდა მცირე საოჯახო მეურნეობას. ჩამოთვლილთაგან მოსარჩელე ვერცერთს ვერ აკმაყოფილებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ--------------–---–ი, მოპასუხე ნ---------------–---–ი და მოწმის სახით დაკითხული ნ----- კ--------–---–ი არიან დები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმის ჩვენება.
3.1.2. ნ---------------–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა თბილისში, დიდი დიღომის ცენტრალური გზის მიმდებარედ 817 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N0--------------- საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს საკუთრების უფლების მოწმობა N-----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.3. ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2008 წლის 30 მაისს ნ---------------–---–ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N---, თბილისში, დიდი დიღომის ცენტრალური გზის მიმდებარედ არსებულ 1314 კვ.მ.
2015 წლის 11 სექტემბერს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა შ----- კ--------–---–მა, როგორც ნ---------------–---–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე ფართის უცვლელად კონფიგურაციის და კოორდინატების ცვლილება.
აღნიშნული განცხადების საფუძველზე აღიარების კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შემცირებულ ფართზე ახალი საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის შესახებ და 2016 წლის 5 აპრილს ნ---------------–---–ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N-----, თბილისში, დიდი დიღომის ცენტრალური გზის მიმდებარედ არსებულ 817 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღიარების კომისიის მიერ წარმოებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
3.1.4. 2018 წლის 18 სექტემბერს ნ---------------–---–სა და შპს „ა---–-------–--------“-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ა---–-------–--------“-მა 230000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ მოპასუხისგან შეიძინა 817 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული ნაკვეთი გაერთიანდა სხვა ნაკვეთებთან და მიენიჭა ერთიანი საკადასტრო კოდი N----------------. დღეისათვის უძრავი ქონების მესაკუთრეს შპს „ა---–-------–--------“ წარმოადგენს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ნ--------------–---–ს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის განცხადებით არასდროს მიუმართავს. მას არც ნ---------------–---–ის სასარგებლოდ აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 30 მაისის და არც 2016 წლის 5 აპრილის საკუთრების უფლების მოწმობები გაუხდია სადავოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
აღიარების კომისიის მიერ ნ----- კ--------–---–-- განცხადების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ნ---------------–---–ის სასარგებლოდ 1314 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე თავდაპირველად საკუთრების უფლების მოწმობა 2008 წლის 30 მაისს გაიცა. საკითხის განხილვის დროს მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორიის სტატუსი. შემდგომში, თავად ნ---------------–---–ის განცხადების საფუძველზე, 2016 წლის 5 აპრილს მოხდა ძველი საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმება და ახალი საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა იმავე მისამართზე მდებარე, შემცირებულ მიწის ნაკვეთზე, კერძოდ 817 კვ.მ. ფართზე. ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში აღიარების კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ დაკავებულ მიწის ნაკვეთს მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა და საკუთრების მოწმობაც მხოლოდ მოპასუხე ნ---------------–---–ის სახელზე გაიცა. სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით აცხადებს მოსარჩელე, რომ მოპასუხესთან ერთად თვითნებურად ფლობდა და ამუშავებდა, თუმცა ამ უფლების დასადასტურებლად მას უფლებამოსილი ორგანოსთვის არ მიუმართავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღიარების კომისიის მიერ წარმოებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიაჩნია, რომ ნ--------------–---–ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 992-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომაროება, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს: 1) მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ სახეზეა აღნიშნული ყველა პირობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას: „ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნეს სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისთვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია (სუსგ # ას-155-145-2017, 26.10.2018წ.).
იმის გათვალისწინებით, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დადგენისთვის გამოვლენილი უნდა იყოს ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და უარყოფითი შედეგი, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ უპირველესად დასადგენია, რაში გამოიხატა მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
სარჩელის თანახმად მოსარჩელე ითხოვს იმ ზიანის ანაზღაურებას, რაც მოპასუხის ქმედებით მიადგა, კერძოდ აღიარების კომისიის მიერ საკუთრების მოწმობის გაცემა მხოლოდ მოპასუხის სახელზე მოხდა, მოპასუხემ აღიარების კომისია შეცდომაში შეიყვანა, ვინაიდან მას არ მიაწოდა ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სხვა მფლობელის შესახებ.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.
ამავე კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
ამდენად, ორგანო (უწყება) რომელიც უფლებამოსილია დაადგინოს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე პირის საკუთრების უფლება, არის აღიარების კომისია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკუთრების უფლების მოწმობა სადავო მიწის ნაკვეთზე მოპასუხე ნ---------------–---–ის სახელზე თავდაპირველად 2008 წლის 30 მაისს გაიცა, ხოლო შემდგომში შემცირდა მიწის ფართობი და აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით 2016 წლის 5 აპრილს გაიცა ახალი საკუთრების უფლების მოწმობა 817 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. მოპასუხის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობები მოსარჩელის მიერ სადავოდ არასდროს გამხდარა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს უფლებამოსილი ორგანოსთვის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით არასდროს მიუმართავს.
ამდენად, არ დგინდება ნ---------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლების გაცემის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს ადგილი ჰქონდა თუ არა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. საკუთრების უფლების მოწმობის ნამდვილობის პირობებში კი არ არსებობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა - მართლწინააღმდეგობა, რაც გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500+540=1040 ლარიდან - 1030.73 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. მოსარჩელე ნ--------------–---–ს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 30/05/2019 წელს, N---------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 500 ლარიდან - 9.27 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი (გადამხდელი - ლ--–-----------------------------, გადამხდელის ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“, მიმღები: სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი: 300773150).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე