განაჩენი

სისხლის სამართლის 26.08.2019
საქმის ნომერი
330100119002935730
თარიღი
26.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1537-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 აგვისტო, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა-------------–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - დ---------------

 

ბრალდებული - კ-----------–---–- (პირადი #0----------), დაბადებული 1--- წლის 2--------------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თბილისში, მ------–---–-- ქ.#4--–-, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, მ------–---–-- ქ.#--ში

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის

 

სხდომის სახე - ღია

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2017 წლის აგვისტოს თვიდან კ-----------–---–-- და მ-------–--------- აკავშირებთ ახლო მეგობრული ურთიერთობა, რის საფუძელზეც, 2017 წლის შემოდგომიდან კ-----------–---–--, ეჭვიანობის ნიადაგზე, დაიწყო მ-------–--------- სისტემატური შეურაცხყოფა და მუქარა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. აღნიშნულის ფაქტის გამო ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, დაშორებიდან დღემდე კ-----------–---–- აგრძელებს სისტემატურად მ-------–--------- თვალთვალს, ასევე, ცდილობს სატელეფონო და სოციალური ქსელებით მასთან არასასურველ კონტაქტს, რის გამოც მ-------–--------- 2017 წლიდან 2019 წლამდე რამდენჯერმე გამოიცვალა მობილური ტელეფონის ნომერი, გააუქმა ყველა სოციალური ქსელი. გარდა ამისა, რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი, იმ მიზნით, რომ კ-----------–---–- აღარ მისულიყო მასთან სახლში და არ განეხორციელებინა, როგორც მუქარა, ასევე, ძალადობა, ფსიქიკური ზემოქმედება არ მოეხდინა მის მცირეწლოვან შვილებზე. ასევე, მ-------–-------- 2019 წლიდან, ვინაიდან განიცდის ფსიქიკურ ტანჯვასა და აქვს შიში, ვერ გამოდის სახლიდან გარეთ და მნიშვნელოვნად შეიცვალა ცხოვრების წესი.

 

2019 წლის 4 მარტს, ღამის 00:45 საათიდან 01:30 საათის შუალედში, თბილისში, გ----- ქ.#---ში მდებარე ლაუნჯ-ბარ ,--------–---, კ-----------–---–-- მ-------–--------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, კ-----------–---–-- თავი ჩაარტყა მ-------–--------- ცხვირის არეში, რა დროსაც მ-------–--------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი (დაუზიანდა ცხვირი).

 

იმავე დღეს, კ-----------–---–--, მას შემდეგ, რაც, თბილისში, გ----- ქ.#---ში მდებარე ლაუნჯ-ბარ ,--------–---, მ-------–--------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სოციალურ ქსელ ,,Facebook-ის‘‘ საშუალებით, მ-------–--------- მიმართ განახორციელა მუქარა. კერძოდ, ,,შეასრულებდა თითოეულ დანაპირებს‘‘ და ვინაიდან მ-------–--------- კ-----------–---–- არაერთხელ დამუქრებია, როგორც სიცოცხლის მოსპობით, ასევე, ჯანმრთელობის დაზიანებით, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგენა:

 

2017 წლის აგვისტოს თვიდან კ-----------–---–-- და მ-------–--------- ჩამოუყალიბდათ ახლო მეგობრული ურთიერთობა. ამავე წლის შემოდგომიდან კ-----------–---–- მ-------–--------- მიმართ ახორციელებდა სისტემატურ შეურაცხყოფასა და მუქარას, კერძოდ, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის გამოც ისინი პერიოდულად შორდებოდნენ ერთმანეთს.

 

2019 წლის 4 მარტს, ღამის 00:45 საათიდან 01:30 საათამდე შუალედში, თბილისში, გ----- ქ.#---ში მდებარე ლაუნჯ-ბარ ,--------–---, კ-----------–---–-- მ-------–--------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, კ-----------–---–-- თავი ჩაარტყა მ-------–--------- ცხვირის არეში, რა დროსაც მ-------–--------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

იმავე დღეს, კ-----------–---–--, მას შემდეგ, რაც, თბილისში, გ----- ქ.#---ში მდებარე ლაუნჯ-ბარ ,--------–---, მ-------–--------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სოციალურ ქსელ ,,Facebook-ის‘‘ საშუალებით, მ-------–--------- მიმართ განახორციელა მუქარა. კერძოდ, თავის გვერდზე დაწერა, რომ შეასრულებდა თითოეულ დანაპირებს, და ვინაიდან მ-------–--------- კ-----------–---–- არაერთხელ დამუქრებია, როგორც სიცოცხლის მოსპობით, ასევე, ჯანმრთელობის დაზიანებით, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის

 

დაზარალებულ მ-------–--------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, კ-----------–---–---- ახლო ურთიერთობის დაწყებიდან ორ თვეში დაეძაბათ ურთიერთობა, ვინაიდან კ----ს უნდოდა, რომ მისი ზეგავლენის ქვეშ ყოფილიყო, რის გამოც მეგობრებთანაც იშვიათად დადიოდა. პირველად მეგობრის ბავშვის დატოვებასთან დაკავშირებით მოუვიდათ კონფლიქტი, ხელითაც შეეხო, სახეში გაარტყა. რამდენიმე დღე აღარ ეკონტაქტებოდა. კ---- ურეკავდა, აგინებდა, ემუქრებოდა, რომ დაასახიჩრებდა და სიცოცხლეს მოუსპობდა. შემდეგ მასთან მივიდა სახლში და შერიგდნენ, მაგრამ იგივე გრძელდებოდა. ამის გამო მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც კ-----------–---–- შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. ამ პერიოდში მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა, რადგან კ---- ფსიქოლოგიურად მოქმედებდა მასზე, მაგრამ ის მაინც უკავშირდებოდა დედის ტელეფონზე, აგინებდა და ემუქრებოდა. 2018 წლის 13 იანვარს გერმანიაში გაემგზავრა, კ---- იქაც ეკონტაქტებოდა და პატიებას სთხოვდა. 2018 წლის 1 თებერვალს, გერმანიიდან ჩამოსული, კ----სთან მივიდა სახლში, რადგან უყვარდა და შერიგება უნდოდა. შემდეგ კვლავ დაიძაბა ურთიერთობა, ისევ გაწყვიტა მასთან კონტაქტი. მაშინ ს------------ ქუჩაზე ცხოვრობდა, ამჟამად მისამართი შეცვლილი აქვს, რადგან კ---- სახლთან მიდიოდა და მოსვენებას არ აძლევდა, რაც, არ უნდოდა, ბავშვებს ენახათ. ტელეფონის ნომერიც 4-ჯერ შეიცვალა შიშის გამო, რადგან კ---- სულ ემუქრებოდა და აშანტაჟებდა, სოციალური ქსელითაც არ სარგებლობდა. კ----ს მისი სახელით ჰქონდა გახსნილი ფეისბუქგვერდი, დამატებული ჰყავდა მისი მეგობრები და წერდა მათ, აინტერესებდა, ვისთან ურთიერთობდა, ასევე, მისი სახელით აქვეყნებდა სურათებს და პოსტებს. ბიძამისი - გ----–-------- დაელაპარაკა კ----ს და სთხოვა, წესიერად მოქცეულიყო, რაც მან არ გაითვალისწინა. 2018 წლის 10 მაისს მივიდა მის საცხოვრებელ სახლთან ლანძღვა-გინებით, რასაც ბიძამისი შეესწრო და კ---- დაჭრა. შემდეგ კონტაქტი არ ჰქონიათ, მაგრამ კ---- ფეისბუქით წერდა მის მიმართ მუქარის წერილებს. ამის შემდეგ კ----სთან სახლში მივიდა, მამამისს - ვ--------------–---–- ბოდიში მოუხადა მომხდარის გამო. ვინაიდან კ----სთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მამამ სთხოვა, არ დაეტოვებინა და ხშირად მისულიყო მასთან. ამ ამბის შესახებ ოჯახმა არაფერი იცოდა. მასთან სახლში არ ცხოვრობდა, მაგრამ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ხვდებოდნენ, სახლში მიდიოდა, ჰქონდათ მიწერ-მოწერა. ასე გაგრძელდა აგვისტოს შუა რიცხვებამდე, მაგრამ შემდეგ კ----მ ისევ დაიწყო აგრესიის გამოვლენა. 26 აგვისტოს, როდესაც ბათუმიდან ჩამოვიდა, კ---- კი - გურიიდან, სახლში მიაკითხა და თავისთან წაიყვანა, დედამისს უთხრა, რომ შერიგებული იყვნენ.

 

დაზარალებულის განმარტებით, კ-----------–---–---- კონტაქტი იძულებით ჰქონდა, რადგან ემუქრებოდა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძამისს გააგებინებდა, მასთან რომ იყო. ბოლოს კ---- სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ნახა, ლ-------ბაზე, სადაც ისევ ემუქრებოდა.

 

ანალოგიური ინფორმაციის შემცველია მ-------–--------- 2019 წლის 4 მარტით დათარიღებული განცხადება, რაც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი.

 

დაზარალებულის დედის - მოწმე მ--------------–---–-- ჩვენებით, კ-----------–---–---- ურთიერთობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ მისი შვილი კ----ს ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ჰყავდა. მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და მ------- ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა. მ------- არ გადიოდა, ტელეფონზე არ პასუხობდა, რის გამოც კ---- მასთან რეკავდა და ეუბნებოდა, თუ ტელეფონს არ გადასცემდა, მ------- ყელს გამოჭრიდა. დამშვიდებას სთხოვდა, კ----ს ოჯახის წევრებსაც ესაუბრა, მაგრამ არაფერმა იმოქმედა. ასეთი ქმედებების შედეგად პოლიციასაც მიმართეს და შემაკავებელი ორდერი გამოწერეს. ერთ დღეს, როდესაც კ---- ეზოში ილანძღებოდა, მ-------ს ბიძა იყო სახლში, გავიდა და კ---- ბარძაყის არეში დაჭრა. ამჟამად სხვა მისამართზე ცხოვრობენ, იძულებული გახდნენ, ორი პატარა ბავშვით საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ. მისამართი შეიცვალეს 12 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მ-------ს ბიძამ კ---- დაჭრა. მ------- თავს დამნაშავედ თვლიდა კ----ს წინაშე და შეურიგდა, მაგრამ შიში ჰქონდა, რადგან ის ემუქრებოდა, თან ეუბნებოდა, დედაშენს გამოვჭრი ყელსო, ბიძაშენს მამაშენის საფლავს დავაკლავო. ამშვიდებდა შვილს, რომ არ უნდა შეშინებოდა, რადგან შიშს რომ გრძნობდა, კ---- უარესს აკეთებდა. მოწმის განმარტებით, მ------- ტელეფონს ძალიან ხშირად იცვლიდა.

 

2017 წლის 13 დეკემბრის შემაკავებელი ორდერით #0----- და ორდერის ოქმით ირკვევა, რომ კ-----------–---–-, შეყვარებულის - მ-------–--------- მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, 30 დღით აეკრძალა მ-------–---------თან მიახლოება.

 

მოწმე ს-------------–---- საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მ-------–--------- მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ადევნების ფაქტზე კ-----------–---–-ს ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიღება. მოწმეებმა - დ---------–------–-–---–-- და შ--–----------–---–-- დაადასტურეს კ-----------–---–-ს დაკავება მისსავე საცხოვრებელ სახლში.

 

დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოწმე თ-------------–---- გამოკითხვის ოქმი, ასევე, დაცვამ უდავოდ მიიჩნია გამომძიებლების - ქ-------------------, ი-----–------------- და ე-–----------–---------- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მ-------–--------- მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მხარეები ფაქტობრივად თანხმდებიან კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს ენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ასევე, პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა ბრალდების მხარის მიერ უდავოდ ცნობილ დაცვის მტკიცებულებებს, მოწმეების: ლ---------------–-–---–--- და ქ--------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებს. გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ მ-------–--------- და კ-----------–---–-- ერთმანეთი გაიცნეს გურიაში 2017 წლის ზაფხულში. ისინი ხშირად ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ. კონფლიქტის ინიციატორი ხან ერთი იყო, ხან - მეორე. მ------- ხშირად დადიოდა გ-----–---–------. 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში იჩხუბეს, მაგრამ 2-------------- კ----ს დაბადების დღეზე მ-------, საკუთარი ინიციატივით, ტორტით მივიდა მის სახლში. მათ ჩხუბებსა და შერიგებაზე მეგობრებს ეცინებოდათ. მ------- თავისიანებს უმალავდა კ----სთან ურთიერთობას. 2018 წლის ახალ წელს მ------- მივიდა ქ--------–-–---–-- დაბადების დღეზე, სადაც კ----ც იმყოფებოდა და გააგრძელა კ----სთან ურთიერთობა. მათ ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ მ-------ს გერმანიაში წასვლის შემდეგაც, შეტყობინებებით კონტაქტობდნენ. გამოკითხვის ოქმში ქ--------–-–---–-, ასევე, განმარტავს, რომ გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ მ-------- კ----ს მამას სთხოვა, არაფერი ეთქვა კ----სთვის, რადგან სიურპრიზის გაკეთება უნდოდა და მასთან სახლში მოულოდნელად მივიდა. შედეგად, მათ განაგრძეს ურთიერთობა, თუმცა ისევ კონფლიქტებით. როგორც ქ--------–-–---–--, ისე - ლ---------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმის თანახმად, მ------- კ----ს გამო ცხოვრების წესი არ შეუცვლია.

 

გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს კ-----------–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას ადევნების ნაწილში.

 

დადგენილია, რომ ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთობას თან სდევდა ხშირი დაშორება და შერიგება, რასაც ადასტურებს მ-------–---------ა და მ--------------–---–-- ჩვენებები. მართალია, დაზარალებულმა მათი ეს მდგომარეობა დაუკავშირა ბრალდებულის მხრიდან მომდინარე შიშის ფაქტორს, თუმცა სასამართლო ვერ შეაფასებს მათ ურთიერთობას ასეთად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულმა მ-------–--------- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თავად განაცხადა, რომ უყვარდა და უნდოდა კ-----------–---–---- ურთიერთობა. აღნიშნულის დასტურია მის მიერ გაცხადებული ფაქტი, რომ მას გერმანიაში წასვლამდე უთანხმოება ჰქონდა კ----სთან, მიუხედავად ამისა, გერმანიაში ყოფნის პერიოდში ისინი ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს და 2018 წლის 1 თებერვალს, იქიდან ჩამოსული, თავად მივიდა სახლში კ-----------–---–----. მართალია, შემდგომში მათ კვლავ დაეძაბათ ურთიერთობა, რასაც მოჰყვა ინციდენტი დაზარალებულის ბიძასა და ბრალდებულს შორის, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაჭრა მ-------–--------- ბიძამ, თუმცა ამის შემდგომ მ-------–--------, ისევ საკუთარი ინიციატივით, მივიდა კ-----------–---–---- სახლში, რადგან, დაზარალებულის განმარტებით, ის თავს დამნაშავედ გრძნობდა კ----ს დაჭრაში, და შეურიგდა მას, რის შემდგომაც მათ შორის ურთიერთობა კვლავ გაგრძელდა, მ-------–--------- დედის და ბიძის მალულად. როგორც დაზარალებულმა თავის ჩვენებაში განმარტა, ისინი ყოველკვირა ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხან კვირაში ორჯერაც. ამდენად, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული, ზემოთ აღწერილი ურთიერთობა არ ქმნის ადევნების ნაწილში ბრალდების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მ-------–---------ადმი ბრალდებულის მხრიდან სისტემატურ თვალთვალსა და დაზარალებულის მიერ ტელეფონის ნომრებისა და საცხოვრებელი სახლის შეცვლაზე, ანუ ერთიანობაში ცხოვრების წესის მნიშვნელოვან შეცვლაზე, რაც კ-----------–---–-სთვის ადევნების ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის შემადგენლობის ძირითად ნიშანს წარმოადგენს და რაზეც ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული. როგორც დაზარალებულმა, ისე, მოწმე მ--------------–---–-- სასამართლოში დაკითხვისას განაცხადეს, რომ მათ საცხოვრებელი ბინა შეიცვალეს მ-------–--------- ბიძასა და ბრალდებულს შორის ინციდენტის შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის 10 მაისს, თუმცა მათ სასამართლოს განსხვავებული ჩვენებები მისცეს ბინის შეცვლის თარიღთან დაკავშირებით, კერძოდ, დაზარალებულ მ-------–--------- განმარტებით, მათ საცხოვრებელი ბინა შეიცვალეს 2019 წლის 12 იანვარს, ხოლო დედამისის - მ--------------–---–-- განმარტებით, ისინი სხვა ბინაში საცხოვრებლად გადავიდნენ 2018 წლის ოქტომბერში. მართალია, როგორც დაზარალებულმა, ასევე, დედამისმა სასამართლოში განმარტეს, რომ ბინის შეცვლა განაპირობა კ-----------–---–-ს ქმედებებმა, თუმცა სასამართლო ცალსახად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტს, მით უფრო, იმ პერიოდში, როდესაც კ-----------–---–-ს დაჭრის შემდეგ დაზარალებული საკუთარი ინიციატივით მიდის მასთან ბინაში და შემდგომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი აგრძელებენ შეხვედრებს და ურთიერთობას. მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული თავის ახლობლებს უმალავდა ბრალდებულთან ურთიერთობას. ასევე, უტყუარად არ არის დადასტურებული, რომ დაზარალებულმა მობილური ტელეფონის ნომერი რამდენჯერმე გამოცვალა კ-----------–---–-ს გამო. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულმა გერმანიაშიც კი მოახერხა მასთან დაკავშირება და, შესაბამისად, მისგან დამალვის მიზნით, ტელეფონის ნომრის, მისივე განმარტებით, მინიმუმ 4-ჯერ შეცვლა დამაჯერებლობას მოკლებულია (როდესაც ბრალდებული ყოველ ჯერზე ახერხებდა მასთან დაკავშირებას). ამავდროულად, გარდა ზეპირსიტყვიერი განცხადებებისა, საქმეში არ მოიპოვება არანაირი ინფორმაცია, თუ ზუსტად როდის და რამდენჯერ მოხდა დაზარალებულის მხრიდან მობილური ტელეფონის ნომრების შეცვლა.

 

ამასთან, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია დაცვის მოწმის - ქ--------–-–---–-- მიერ გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია (რომელიც უდავო მტკიცებულებას წარმოდგენს), რომ მ-------–-------- ორჯერ საკუთარი ინიციატივით შეურიგდა კ-----------–---–-. შესაბამისად, ბრალდების მხრიდან იმ საკითხზე აქცენტის დასმა, რომ მ-------–-------- მუქარის გავლენით ხვდებოდა კ-----------–---–-, არარელევანტურია. საყურადღებოა, რომ, როგორც მოწმე ქ--------–-–---–-- გამოკითხვის ოქმში, ასევე, დაცვის მოწმის - ლ---------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ მ------- კ----ს გულისთვის ცხოვრების წესი და საცხოვრებელი სახლი არ შეუცვლია. მითითებული გამოკითხვის ოქმები კი ბრალდების მხარის მიერ უდავოდაა მიჩნეული.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის დასადასტურებლად პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებზე, თითქოს, დაზარალებულმა რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი და, შიშის გამო, ვერ გამოდის სახლიდან. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, თავად დაზარალებულისა და დედამისის ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც, მათ მხოლოდ ერთხელ შეიცვალეს საცხოვრებელი ბინა. რაც შეეხება შიშის გამო სახლიდან გაუსვლელობას, აშკარა წინააღმდეგობაშია თავად ბრალდების შესახებ დადგენილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან და ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან, რომლის მიხედვითაც, კ-----------–---–-- მ-------–--------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2019 წლის 4 მარტს, თბილისში, გ----- ქ.#---ში მდებარე ლაუნჯ-ბარ ,--------–---.

 

2017 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილ შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მასში მითითებული საფუძველი - სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ წარმოადგენს ადევნების შემადგენელ ნაწილს, სხვა რაიმე ინფორმაცია კი ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ უმართლო ქცევასთან დაკავშირებით არც ორდერით და არც ორდერის ოქმით არ იკვეთება.

 

კ-----------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - ადევნების ეპიზოდი მოიცავს 2017 წლიდან 2019 წლამდე პერიოდს. ამ პერიოდში დაზარალებულის ოჯახის მხრიდან საცხოვრებლი ბინის ერთჯერადად შეცვლა ცალსახად ვერ იქნება განხილული ადევნებასთან მიმართებაში ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, რამდენადაც სახეზე არ არის მ-------–--------- მიმართ მისი ნების საწინააღმდეგო კომუნიკაციის დამყარებისა და მისი მხრიდან ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის მამტკიცებელ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში‘‘ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ #1/1/548; 22/01/2015; §4).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ადევნება. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ დანაშაულის ამ ეპიზოდთან მიმართებით წარმოდგენილი მტკიცებულებების, ასევე, უდავოდ ცნობილი დაცვის მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა კ-----------–---–-ს მიერ მ-------–--------- მიმართ ადევნების ჩადენის ფაქტი, რის გამოც კ-----------–---–- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

დაზარალებულ მ-------–--------- ჩვენების თანახმად, 2019 წლის 3 მარტს იმყოფებოდა ბარში მეგობრის - თ-------------–---- ნიშნობაზე. ტერასაზე სურათების გადასაღებად გასულმა დაინახა კ-----------–---–-, რომელიც უსიტყვოდ მივიდა მასთან და თავისა და ცხვირის არეში ჩაარტყა თავი, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და წამოუვიდა სისხლი. აღნიშნულის შემდეგ ის შიგნით შევარდა, კ---- კი გაიქცა.

 

მოწმე მ--------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 2019 წლის 3-4 მარტის ღამეს მ------- მეგობრის ნიშნობიდან დაბრუნდა აბსოლუტურად განადგურებული, ცხვირზე კოპი ჰქონდა, შეშუპებული ჰქონდა სახე და გულის რევის შეგრძნება ჰქონდა. უამბო, რომ კ---- დახვდა და სახის არეში თავი ჩაარტყა. დილას, როდესაც ბავშვები საბავშვო ბაღში წაიყვანეს, პოლიციას მიმართეს, რადგან არ უნდოდათ, მომხდარი ბავშვებს გაეგოთ.

 

სოციალური ქსელ ,,facebook-ის‘‘ ამონაწერით, ინტერნეტმომხმარებელი K-------------- წერს მუქარის შემცველ სტატუსს. ინტერნეტმომხმარებელ Tea Jgenti-ს ემოციის გამომხატველი ნიშნის საპასუხოდ კ-----------–---–- წერს: ,,.. მრცხვენია, დღეს რაც გავაკეთე, მაგრამ დაპირებული ვიყავი და იცოდა ყველაფერი...‘‘.

 

მოწმე თ-------------–---- გამოკითხვის ოქმის თანახმად, რაც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და მიენიჭა პრეიუდიციული ძალა, ბარში, თავისი ნიშნობის ღამეს, მ-------–---------თან ერთად ჩავიდა ეზოში, რა დროსაც გამოჩნდა კ-----------–---–-, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა მ------- და თავი დაარტყა სახის არეში, კერძოდ, ცხვირზე. დარტყმის შედეგად მ------- ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და მას ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომელიც დაცვის მხარემ, ასევე, უდავოდ მიიჩნია, დადგენილია, რომ 2019 წლის 5 მარტს მ-------–--------- პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება ცხვირის ზურგზე, სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულებები არის ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი და არ არსებობს მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. შესაბამისად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 4 მარტს, ღამის საათებში, მეგობრის ნიშნობაში მყოფ მ-------–--------- კ-----------–---–-- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, იძალადა მასზე, კერძოდ, თავი ჩაარტყა ცხვირის არეში, რა დროსაც დაზარალებულს დაუზიანდა ცხვირი, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მართალია, ბრალდებული კ-----------–---–- არ დაკითხულა სასამართლო სხდომაზე, თუმცა მან თავი დამნაშავედ ცნო მ-------–--------- მიმართ ძალადობის ჩადენაში და წუხილი გამოთქვა მომხდარზე. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე, უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ძალადობის შემსწრე თვითმხილველი მოწმის - თ-------------–---- გამოკითხვის ოქმით, უტყუარად დასტურდება კ-----------–---–-ს მიერ მ-------–--------- მიმართ ძალადობის განხორციელება და შედეგად მისთვის ტკივილის მიყენება.

 

დაზარალებულ მ-------–---------ა და მოწმე თ-------------–---- ჩვენებების უტყუარობის შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თითოეული მათგანი ინფორმაციის პირველწყაროა და მათი ჩვენებები სრულ თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე, ურთიერთთავსებადია 2019 წლის 5 მარტს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, რომლის თანახმადაც, მ-------–--------- ცხვირზე ჰქონდა სისხლნაჟღენთი, განვითარებული მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, რომლის მიყენების თარიღიც არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 4 მარტს, როდესაც კ-----------–---–-- თავი ჩაარტყა მას ცხვირში.

 

აღნიშნულს სრულად ადასტურებს, ასევე, დაზარალებულის მიერ 2019 წლის 4 მარტს სამართალდამცავ ორგანოში წარდგენილ განცხადებაზე დართული ფოტოსურათები, სადაც თვალნათლივ ჩანს ცხვირის შეშუპება. მომდევნო დღეს ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევისას მ-------–--------- აღენიშნებოდა სისლნაჟღენთი. დაზარალებულის განმარტებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კ-----------–---–-ს მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება - თავის დარტყმა ცხვირზე, იყო საკმაო სიძლიერის, რომ ფიზიკური ტკივილი გამოეწვია, აღნიშნულის შედეგად დაზარალებულს წამოუვიდა სისხლი. შესაბამისად, ეჭვს გარეშეა, რომ ბრალდებულის ძალადობრივმა ქმედებამ მ-------–--------- ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს 2019 წლის 4 მარტს კ-----------–---–-ს მიერ მ-------–--------- მიმართ ძალადობის განხორციელებას, რომლის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც, ამავე მუხლის დისპოზიციის თანახმად, ობიექტური მხრივ გამოიხატება ცემასა ან სხვაგვარ ძალადობაში (ქმედება); მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებაში, ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის გარეშე (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ცემა წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო სხვაგვარი ძალადობა - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ-----------–---–-- მ-------–--------- მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, რაც გამოიხატა მისთვის თავის ჩარტყმაში სახესა და ცხვირში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ამდენად, გამოკვლეული და პრეიუდიციული მტკიცებულებების ანალიზისა და შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კ-----------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა

მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

დაზარალებულ მ-------–--------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, კ-----------–---–-- და ბიძამისს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გარკვეული პერიოდი ბრალდებულთან კონტაქტი არ ჰქონია, მაგრამ კ---- ფეისბუქით წერდა მუქარის წერილებს, ემუქრებოდა, რომ დაასახიჩრებდა, მჟავას შეასხამდა, მოუკლავდა დედას, ბიძაზე იძიებდა შურს, თუმცა ყოველივე ამის შემდგომ ის სახლში მივიდა კ----სთან, შეურიგდა მას და გააგრძელეს ურთიერთობა, შემდეგ ისევ დაშორდნენ. 2019 წლის 4 მარტამდე, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, ლ-------ბაზე ნახა კ----, სადაც ის ისევ ემუქრებოდა. მეგობრის ნიშნობაზე მომხდარი ძალადობის შემდეგ კ-----------–---–-- ფეისბუქზე პოსტი დაწერა, რომ რასაც დაჰპირდა, შეუსრულებდა. ამ ყველაფერმა იმოქმედა, მუქარა რეალურად აღიქვა, შეეშინდა და 4 მარტს პოლიციას მიმართა. მანამდე პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან უყვარდა კ-----------–---–- და ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ გამოსწორდებოდა.

 

მოწმე მ--------------–---–-- ჩვენების თანახმად, მ------- ყოველთვის ჰქონდა კ----ს შიში, რადგან ემუქრებოდა - დედაშენს გამოვჭრი ყელს, ბიძაშენს დავაკლავ მამაშენის საფლავსო და ა.შ. შვილს ამხნევებდა და ეუბნებოდა, კ---- შეშინებულს რომ ხედავდა, უარესს აკეთებდა, მაგრამ მ-------- ვერ აჯობა თავს.

 

მოწმე თ-------------–---- გამოკითხვის ოქმით, რომელიც უდავოდაა ცნობილი, ასევე, დასტურდება კ-----------–---–-ს მხრიდან მ-------–--------- მიმართ ადრე განხორციელებული მუქარა და შევიწროება.

 

სოციალური ქსელ ,,facebook-ის‘‘ ამონაწერით, ინტერნეტმომხმარებელი K-------------- წერს მუქარის შემცველ სტატუსს, რომ თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, ნახოს. ასევე, წერს შემდეგი შინაარსის ტექსტებს: ,,თითოეულ დანაპირებს აგიხდენ, სანამ ცოცხალი ვარ‘‘; ,,ბიძის დროც მოვა‘‘; ,,ყველა სიტყვას ავუსრულებ, მაპატიოს ყველამ‘‘.

 

სასამართლო აფასებს რა აღნიშნულ მტკიცებულებებს ერთობლიობაში, მიაჩნია, რომ მითითებული მტკიცებულებები ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელია, მათი ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 4 მარტს, ღამით, მ-------–--------- მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემდეგ კ-----------–---–--, სოციალური ქსელის მეშვეობით, მის მიმართ განახორციელა მუქარა, რაც დაზარალებულის მხრიდან რეალურად იქნა აღქმული, მისი წარსულში გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით.

 

მართალია, კ-----------–---–-სგან სასამართლოს ჩვენება არ მიუღია, თუმცა მხედველობაში იღებს მის აღიარებას მ-------–--------- მიმართ მუქარის განხორციელებაში, რაც უტყუარდაა დადასტურებული ზემოთ განხილულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, კ-----------–---–-ს მხრიდან მუქარა განხორციელებულია სოციალური ქსელის მეშვეობით, საჯარო სტატუსის შეტყობინებით. იმ გარემოებამ, რომ აღნიშნულს წინ უძღვოდა, სულ რამდენიმე საათით ადრე, მ-------–--------- მეგობრის - თ-------------–--- ნიშნობაზე, კ-----------–---–-ს მხრიდან მ-------–--------- მიმართ ძალადობრივი აქტის ჩადენა - სახის არეში, ცხვირში თავის ჩარტყმა, რის შედეგადაც დაზარალებულს წამოუვიდა სისხლი და განიცადა ტკივილი, ბრალდებულის სიტყვებმა - რომ დანაპირებს აუსრულებდა, მას მუქარის რეალურად შესრულების შიში გაუჩინა. ხაზგასასმელია, რომ ,,დანაპირები‘‘ იყო ჯანმრთელობის დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა, რითაც ბრალდებული მანამდე ემუქრებოდა მ-------–---------.

 

საგულისხმოა, რომ მუქარის დროს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაა გამიზნული პირის მხრიდან ამ მუქარის რეალიზაცია, მნიშვნელოვანი დაზარალებულის ფსიქიკაში მუქარის რეალურად აღსრულების განცდის გამოწვევაა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ცალსახად ჰქონდა ადგილი მ-------–--------- აღქმაში.

 

ამდენად, რელევანტური, დასაშვები და უტყუარი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს კ-----------–---–-ს მიერ მუქარის განხორციელებას მ-------–--------- მიმართ.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, თუ პირს, რომელსაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით ან ქონების განადგურებით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ყოველ წუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია არა მარტო დამუქრება, არამედ - ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც პირადად პირისპირ საუბრით, ასევე, მიმოწერით, სატელეფონო საუბრით და ა.შ.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კ-----------–---–-- მ-------–--------- მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რაც 2019 წლის 4 მარტს განახორციელა სოციალური ქსელის მეშვეობით, ხოლო მანამდე, სხვადასხვა დროს, აღნიშნულს ახორციელებდა პირადად ან სატელეფონო საუბრისას. აღნიშნული რეალურად აღქმადი და საფუძვლიანი გახდა მ-------–---------თვის, რამდენადაც 2019 წლის 4 მარტს განხორციელებულ მუქარამდე ცოტა ხნით ადრე, იმავე ღამეს, კ-----------–---–-ს მხრიდან ნამდვილად გახდა ძალადობის ობიექტი.

 

ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კ-----------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01, ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული‘‘.

 

სასამართლომ, ასევე, საქმეზე Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , §56, ECHR 09/02/2016) განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , §114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , §87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო, იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ასევე, დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიიჩნევს კ-----------–---–-ს მიმართ სხვაგვარი ძალადობისა და მუქარის ეპიზოდებთან მიმართებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კ-----------–---–-ს მიერ ადევნების ჩადენის ფაქტს სასამართლო ვერ მიიჩნევს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ის უნდა გამართლდეს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ-----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის დროს არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

ამასთან, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას.

 

კ-----------–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მის მიერ ჩადენილია ორი დამოუკიდებელი განზრახი დანაშაული, პირველი - მოქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკვილი, ხოლო მეორემ მას დაურღვია სიმშვიდე და ფსიქიკური ხელშუხებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-----------–---–-ს მიმართ თითოეული დანაშაულისათვის სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც, სასამართლოს აზრით, იქნება სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

კ-----------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და კ-----------–---–- საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

კ-----------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 5 მარტიდან.

 

კ-----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე