განაჩენი

სისხლის სამართლის 26.08.2019
საქმის ნომერი
330100119003133149
თარიღი
26.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3655-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26აგვისტო,2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---- გ-------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - კ----–-- გ-------- ძე ჭ----------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1--- წლის 1-----–--ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------- ხ--------- ქ.#--- ბინა #--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში, თ---–--–-- ა-----------–---–-- ქუჩის #3---- მიმდებარე ტერიტორიაზე, კ----–-- ჭ----------ემ შელაპარაკებისას ნ-------- დ----ეს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახესა და სხეულზე. ცემის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა კ----–-- ჭ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ-------- დ----ის და მოწმეების - ზ------ რ------ის, ბ---- ა-------ის, გ------- უ------–---–ის, ბ---- ს--–----ის, კ----–-- ჭ----------ის გამოკითხვის ოქმებს, ვიდეო-ინფორმაციის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო დოკუმენტაციას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია კ----–-- ჭ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ცემად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ მსხვერპლმა ცემის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა. რაც შეეხება დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიზეზობრივ კავშირს, აღნიშნული დადასტურებულია გამოკითხვის ოქმებით და სამედიცინო დოკუმენტაციით.

 

3.3. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.5. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა კ----–-- ჭ----------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. კ----–-- ჭ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა.

 

4.2. კ----–-- ჭ----------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

5.3. განსახილველ შემთხვევაში სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის ისეთ შემამსუბუქებელ გარემოებებს, როგორიცაა დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, გამოძიებასთან თანამშრომლობა, გათვალისწინებული იქნა ბრალდებულის წარსული ცხოვრებაც, იგი არასდროს ყოფილა კანონთან კონფლიქტში, ასევე არ ყოფილა გამოვლენილი რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენაში, გარდა ამისა, მხედველობაში იქნა მიღებული დაზარალებულის პოზიცია პრეტენზიის არქონასთან დაკავშირებით.

 

5.4. სასამართლოს შეფასებით კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე სასჯელის მიზნები მიღწევადია ნაკლებად მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შემთხვევაშიც, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი და გამოვლენილი არ არის დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.

 

5.5.დამნაშავე პირის რესოციალიზაციისათვის, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნების უზრუნველსაყოფად კ----–-- ჭ----------ეს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს ჯარიმა, ხოლო ჯარიმის ოდენობა ბრალდებულის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს 1 000 (ათასი) ლარით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, 1(ერთი) ცალი CD დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ----–-- ჭ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.

 

2. გაუქმდეს კ----–-- ჭ----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება:

 

1(ერთი) ცალი CD დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა