განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3817-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 სექტემბერი, 2019წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------– ნ-–-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- შ--–--- ძე მ-----ა, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, დაბადებული 1--- წლის 9-------–ს, რეგისტრირებული: ს------ ა----------–---- ქ.#1-–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 3 იანვარს, დღის საათებში, თ---–--–-- ა----–---–-- ქ.#2-–- მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ-----------–----ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- მ-----ამ განახორციელა ძალადობრივი ქმედებები გ------ ჩ--------–ის მიმართ, კერძოდ, ამ უკანასკნელს ხელი დაარტყა ერთხელ ტუჩის მარცხენა მხარეს, ხოლო შემდეგ ნაჯახი მოარტყა მარცხენა ფეხის არეში. ძალადობის შედეგად გ------ ჩ--------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა გ------- მ-----ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ გ------ ჩ--------–ის და მოწმეების - ა-----------ის, გ------- ჩ--------–ის, ა------ უ------------ის, მ------ ქ------–---ს, ნ---- ბ----–--–---–ის, ვ------- ა--------ას, კ-–---- გ--–-----ს, თ----- ა---–------ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------- მ-----ას მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა და სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ მსხვერპლმა ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა.
3.3. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.5. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------- მ-----ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ------- მ-----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა.
4.2. გ------- მ-----ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა საჯარო ადგილზე, დანაშაულის ხერხი - სპეციალური საგნის გამოყენება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასამართლო სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იღებს პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას - დანაშაულის ჩადენას საჯარო ადგილზე - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ-----------–--------------ს“ შენობაში და ქუჩაში მოქალაქეების თანდასწრებით, ასევე გათვალისწინებული იქნა ძალადობის ჩასადენად გამოყენებული ხერხი და საგანი, - გ------- მ-----ამ ფიზიკური ძალადობის შემდეგ ე.წ. ნაჯახი ესროლა დაზარალებულს ფეხის არეში.
5.4. გათვალისწინებული იქნა ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიც, როგორიცაა გამოძიებასთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული (ბრალდებულმა განმარტა, რომ მის ოჯახს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ-----------–--------------ში“ ჰქონდა სასესხო ვალდებულება, პრობლემური სესხის მოგვარების საკითხზე დაწყებული შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კომპანიის თანამშრომელს), ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა, ასევე გათვალისწინებული იქნა ის ფაქტი, რომ ბრალდებული და დაზარალებული შერიგდნენ და ამ უკანასკნელს გ. მ-----ას მიმართ პრეტენზია არ აქვს.
5.5. ბრალდებულის შუამდგომლობა სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრის თაობაზე, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან დასახელებული სასჯელი არის არათანაზომიერი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებიდან გამომდინარე.
5.6. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით გ------- მ-----ას უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა რა დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და მიიჩნია, რომ ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშეც, პირობითი მსჯავრითაც მიღწევადია სასჯელის მიზნები.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები დოლბანდებთან ერთად, გ------- ჩ--------–ის სისხლის ნიმუში და დანაშაულის იარაღი - ნაჯახი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- მ-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. გაუქმდეს გ------- მ-----ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
3.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები დოლბანდებთან ერთად, გ------- ჩ--------–ის სისხლის ნიმუში და დანაშაულის იარაღი - ნაჯახი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა