გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310019003218546
№ 3/497-2019წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
მოსარჩელე - ია-------------ი
წარმომადგენელი - მა-----------–--ე
მოპასუხე - საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილება (არ გამოცხდდა)
მესამე პირი - თა---------–--–--ე (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ოლეგ ცინცაძის მიერ 2019 წლის 24 აგვისტოს გამოცემული №021608 შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი :
1. ია-------------ის სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.გაუქმდეს საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ოლეგ ცინცაძის მიერ 2019 წლის 24 აგვისტოს გამოცემული №021608 შემაკავებელი ორდერი.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. ია-------------ის წარმომადგენლის მა-----------–--ის განმარტებით, 2019 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ოლეგ ცინცაძის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №021608 30 დღიანი ვადით, იმ საფუძვლით, რომ თითქოს მოსარჩელე ია-------------ი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა მის მეუღლეს თა---------–--–--ეს. მოსარჩელის წარმომადგენლის მა-----------–--ის განმარტებით, აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით და რეალურად მსგავს ქმედებას ია-------------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მას თა---------–--–--ის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია ;
2.3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე ეცნობათ სასამართლო სხდომის თარიღი. ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა და სასამართლოში პოლიციის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ წერილობითი შეპასუხება არ შემოსულა.
2.4. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს თა---------–--–--ეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი. მესამე პირი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა და მის მიერ წერილობითი შეპასუხებაც არ შემოსულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები მოსარჩელე ია-------------ი და თა---------–--–--ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ოლეგ ცინცაძის მიერ 2019 წლის 24 აგვისტოს გამოცემული იქნა №021608 შემაკავებელი ორდერი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№021608 შემაკავებელი ორდერი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ია-------------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ოლეგ ცინცაძის მიერ გამოცემული იქნა №021608 შემაკავებელი ორდერი ია-------------ის მიმართ, მსხვერპლი თა---------–--–--ე.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს ჩაბარდა სარჩელი, ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი, მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე მხარეს სასამართლოში წერილობითი შეპასუხება არ შემოუტანია, არც რაიმე მტკიცებულებები წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელეების მხრიდან თა---------–--–--ეზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს.
დადგენილია, რომ მესამე პირს თა---------–--–--ეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი, ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი, მიუხედავად აღნიშნულისა, თა---------–--–--ეს სასამართლოში წერილობითი შეპასუხება არ შემოუტანია, არც რაიმე მტკიცებულებები წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არსებობს ია-------------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ია-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს
2.გაუქმდეს საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ოლეგ ცინცაძის მიერ 2019 წლის 24 აგვისტოს გამოცემული №021608 შემაკავებელი ორდერი
3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდ: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე