გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1619-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - ვაჟ-------–-–-ილი;
წარმომადგენელი - ალექსანდრე ბარნაბიშვილი;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ხატ------------ე;
მოპასუხე - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური;
წარმომადგენელი - გიო----------აძე;
დავის საგანი - ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №3------ გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 30 იანვრის №4- ბრძანება;
1.3. დაევალოს თბილისის არქიტექტურის სამსახურს, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის განცხადება.
1.4. მოპასუხეებს დაევალოს საპროცესო ხარჯის (წარმომაგენლის მომსახურების) და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში და---–-----–ი ე.წ. „ნუ–---------ის“ ტერიტორიაზე მას საკუთრებაში აქვს 604 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე, რაზეც უარი ეთქვა. აღნიშნული უარი გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, სადაც ასევე არ იქნა დაკმაყოფილებული ვაჟ-------–-–-ილის მოთხოვნა. მოსარჩელე განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებით დამტკიცებული ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის’’ გრაფიკული ნაწილის თანახმად, ქ. თბილისში, და---–-----–ი, ე.წ. ,,ნუ–---------ის’’ ტერიტორიაზე არსებული მის საკუთრებაში არსებული 604 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. 0---------------) მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში (სზ-1), სადაც დასაშვებია ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 100 მეტრიან რადიუსში, იმავე ფუნქციურ ზონაში მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება, კერძოდ სამსახურის მიერ გაცემულია დადებითი ადმინისტრაციული აქტი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე, შესაბამისად მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამსახურმა მის მიმართ დარღვია სამართლიანობის, თანასწორობისა და თანაზომიერების პრინციპი, ვინაიდან იმავე პირობებში მის მიმართ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №3------ გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 30 იანვრის №4- ბრძანების ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის განცხადება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, აკმაყოფილებს ფორმალურ და მატერიალური კანონიერების მოთხოვნებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
2.2. მოპასუხე - სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სრულად შეესაბამება კანონმდებლობას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2018 წლის 12 მაისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, და---–-----ი, ე.წ. „ნუ–--------ს“ ტერიტორია, ნაკვეთი №97, (ს.კ 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 604.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა N10) 2006 წლის 24 ნოემბრიდან რეგისტრირებულია ვაჟ-------–-–-ილის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: მიწის ნაკვეთის გეგმა, დამოწმების თარიღი 13.03.2002 წ, ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახური; გადაწყვეტილება №104, დამოწმების თარიღი: 30.04.2001, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის და---–-----ის გამგეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
12.05.2018 წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16);
3.2. 2018 წლის 25 აპრილს ვაჟ-------–-–-ილმა NAR1595325 განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, და---–-----–ი, ე.წ. „ნუ–--------ს“ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება.
სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №3------ გადაწყვეტილებით ვაჟ-------–-–-ილს 2018 წლის 25 აპრილის NAR1595325 განცხადების პასუხად განემარტა, რომ ქ. თბილისში, და---–-----–ი, ე.წ. „ნუ–--------ს“ ტერიტორია წარმოადგენს ქალაქისთვის მნიშვნელოვან, რეკრეაციული მახასიათებლების მქონე სივრცეს. საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით: ადგილმდებარეობა, ხე-ნარგავები, ხედვითი არეალი. აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს გამწვანებულ ტერიტორიას, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან სარეკრეაციო და ნიადაგის დამჭერ ფუნქციას. საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალწლოვანი მწვანე ხე-ნარგავების შენარჩუნება ქალაქისთვის პრიორიტეტულია. დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საპროექტოდ განვითარება საფრთხეს უქმნის როგორც წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული სივრცის სტატუსის შენარჩუნებას. გამწვანებული ტერიტორიის შენარჩუნება აბალანსებს ქალაქის ისედაც გადატვირთულ განაშენიანებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელ ვაჟ-------–-–-ილს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №3------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-19);
3.3. 2018 წლის 8 ივნისს ვაჟ-------–-–-ილმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №3------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
2018 წლის 5 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი მოსმენა ვაჟ-------–-–-ილის №1--------------01 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი №1--------------01 (ს.ფ. 116);
- 2018 წლის 8 ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 20-24);
- 05.07.2018 წ. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი №1--------------01 (ს.ფ. 173-174);
3.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 30 იანვრის №4- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ვაჟ-------–-–-ილის 2018 წლის 8 ივნისის №1--------------01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №3------ გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 30 იანვრის №4- ბრძანება (ს.ფ. 25-32);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვაჟ-------–-–-ილის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ,- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №3------ გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაევალოს საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 30 იანვრის №4- ბრძანება ვაჟ-------–-–-ილის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე,’’ - ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-35 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება №3------ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 30 იანვრის ბრძანება N4- ,,ვაჟ-------–-–-ილის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №3------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.3. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. ამავე დადგენილების 37.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამავე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის I სტადიაზე ხდება ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა. ხოლო, ამავე დადგენილების 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება’’, რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა, ხოლო ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობის კორდინააციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ.თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 44.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს კანონმდებლობის, მათ შორის ამ დადგენილების საფუძველზე შედგენილ განაცხადს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად. ამავე დადგენილების 45-ე მუხლით განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესი. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500 ან 1:1000); ბ) განმცხადებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები; გ) წარმომადგენლის მიერ განცხადების შეტანის შემთხვევაში–სათანადო რწმუნებულება; დ) მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა სათანადო დეტალიზაციით (მდებარეობა საქალაქო ქუჩების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში აეროფოტოგადაღება); ე) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის კვლევის შედეგები; ვ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – არქეოლოგიული კვლევის შედეგები; ზ) თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი; თ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმა (იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა დაგეგმილია საცხოვრებელ, საზოგადოებრივ-საქმიან ან საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში, მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის სამეზობლო და საზოგადოებრივი საზღვრის მიმდებარე ნაკვეთების/სივრცეების საზღვრები (საკადასტრო საზღვრების რუკა). სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრების ის წერტილები, სადაც იქმნება კუთხეები, აღნიშნული უნდა იქნეს წერტილით, მისი კოორდინატებისა და აბსოლუტური ნიშნულის მითითებით, ხოლო ამ დადგენილების 53-ე მუხლის 52-ე პუნქტში მითითებული ობიექტების შემთხვევაში, სამშენებლო მიზნებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების კოორდინატები; ი) მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა; კ) ამ დადგენილების 43-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ; ლ)გარდამავალ პერიოდში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთ(ებ)ი არ ხვდება დასახლებათა ტერიტორიების მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტების საზღვრებში, მაშინ საჭიროა დამატებით მიწის ნაკვეთ(ებ)ისათვის მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების განხორციელების გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ცალკეული მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენებისა და განაშენიანების პირობების განსაზღვრა (შედგენილი დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესაბამისად), ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს ვაჟ-------–-–-ილმა NAR1595325 განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, და---–-----–ი, ე.წ. „ნუ–--------ს“ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება.
2018 წლის 12 მაისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე ირკვევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, და---–-----ი, ე.წ. „ნუ–--------ს“ ტერიტორია, ნაკვეთი №97, (ს.კ 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 604.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა N10) 2006 წლის 24 ნოემბრიდან რეგისტრირებულია ვაჟ-------–-–-ილის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: მიწის ნაკვეთის გეგმა, დამოწმების თარიღი 13.03.2002 წ, ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახური; გადაწყვეტილება №104, დამოწმების თარიღი: 30.04.2001, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის და---–-----ის გამგეობა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №3------ გადაწყვეტილებით ვაჟ-------–-–-ილს 2018 წლის 25 აპრილის NAR1595325 განცხადების პასუხად განემარტა, რომ ქ. თბილისში, და---–-----–ი, ე.წ. „ნუ–--------ს“ ტერიტორია წარმოადგენს ქალაქისთვის მნიშვნელოვან, რეკრეაციული მახასიათებლების მქონე სივრცეს. საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით: ადგილმდებარეობა, ხე-ნარგავები, ხედვითი არეალი. აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს გამწვანებულ ტერიტორიას, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან სარეკრეაციო და ნიადაგის დამჭერ ფუნქციას. საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალწლოვანი მწვანე ხე-ნარგავების შენარჩუნება ქალაქისთვის პრიორიტეტულია. დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საპროექტოდ განვითარება საფრთხეს უქმნის როგორც წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული სივრცის სტატუსის შენარჩუნებას. გამწვანებული ტერიტორიის შენარჩუნება აბალანსებს ქალაქის ისედაც გადატვირთულ განაშენიანებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელ ვაჟ-------–-–-ილს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის’’ მე-2 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება შემდეგი პრინციპებით: ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება; ბ) უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა; გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; დ) საკუთრების უფლების დაცვა და რეალიზაცია; ე) საჯაროობა; ვ) ერთი სარკმლის პრინციპი; ზ) დუმილი თანხმობის ნიშანია; თ) პასუხისმგებლობის პრინციპი.
სასამართლო ასევე მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებზე’’, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (შემდგომში – განაშენიანების რეგულირების წესები) შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების (შემდგომში – განაშენიანების ძირითადი დებულებები) მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში–თბილისი) ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია დედაქალაქის ტერიტორიაზე: ა)უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება; ბ) სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა. ამავე წესების 15.1 მუხლის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ვაჟ-------–-–-ილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, და---–-----ი, ე.წ. „ნუ–--------ს“ ტერიტორია (ნაკვეთი №97, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, ს.კ 0---------------) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მდებარეობს საცხოვრებელი ზონა 1-ში (სზ-1).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1) წარმოადგენს, დაბალი ინტენსივობის ერთგვაროვან საცხოვრებელ ქვეზონას, რომელიც მოიცავს მხოლოდ არსებულ/დაგეგმილ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არასასოფლო-სამეურნეო ან/და საკარმიდამო გამოყენების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. ამავე წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ზონა 1-ში განაშენიანების დომინირებული სახეობაა ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას და ამასთან, ზემდგომ ორგანოს უადვილებს აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე იქნა მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და დასაბუთებული ის გარემოება, თუ რატომ არის შეუძლებელი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელის სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რამეთუ როგორც უკვე აღინიშნა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ქ. თბილისში, და---–-----–ი, ე.წ. „ნუ–--------ს“ ტერიტორიაზე (ნაკვეთი №97, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, ს.კ 0---------------) არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელი ზონა 1-ში (სზ-1) და მოსარჩელე მხარეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’ აძლევდა უფლებას, განცხადებით მიემართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის და მოეთხოვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელის სახლის მშენებლობის მიზნით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, შესაბამისი დასაბუთებით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს (ვაჟ-------–-–-ილს) უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისში, და---–-----–ი, ე.წ. „ნუ–--------ს“ ტერიტორია წარმოადგენს ქალაქისთვის მნიშვნელოვან, რეკრეაციული მახასიათებლების მქონე სივრცეს. საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით: ადგილმდებარეობა, ხე-ნარგავები, ხედვითი არეალი. აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს გამწვანებულ ტერიტორიას, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან სარეკრეაციო და ნიადაგის დამჭერ ფუნქციას. საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალწლოვანი მწვანე ხე-ნარგავების შენარჩუნება ქალაქისთვის პრიორიტეტულია. დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საპროექტოდ განვითარება საფრთხეს უქმნის როგორც წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული სივრცის სტატუსის შენარჩუნებას. გამწვანებული ტერიტორიის შენარჩუნება აბალანსებს ქალაქის ისედაც გადატვირთულ განაშენიანებას, თუმცა სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულთან მიმართებით მოსარჩელე მიუთითებს, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არანაირი ხე-ნარგავები არ არის, მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას მათ არაერთხელ ითხოვეს, რომ მომხდარიყო საპროექტო ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება, რაც ადმინისტრაციული ორგანოთა მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, მოპასუხეთა მხრიდან მხოლოდ აღნიშნულის ზეპირსიტყვიერად მითითება ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი სადავო აქტში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ. თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო და იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და ამავე დროს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. სასამართლოს მოსაზრებით დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა.
სასამართლო ასევე მიუთითებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 100 მეტრიან რადიუსში, იმავე ფუნქციურ ზონაში მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება, კერძოდ სამსახურის მიერ გაცემულია დადებითი ადმინისტრაციული აქტი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე, შესაბამისად მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამსახურმა მის მიმართ დარღვია სამართლიანობის, თანასწორობისა და თანაზომიერების პრინციპი, ვინაიდან იმავე პირობებში მის მიმართ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, ხსენებული მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას – კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/4-3 გადაწყვეტილება `მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: `ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.1). მოცემული კონსტიტუციური დებულების მიზანია, არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა და პირიქით.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება #2/1/536 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19).
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე, ადმინისტრაციული ორგანომ ასევე უნდა გამოიკვლიოს, ის გარემოება მოსარჩელის მიმართ ხომ არ ხდება საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა - ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №3------ გადაწყვეტილება და და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისში, და---–-----–ი, ე.წ. „ნუ–--------ს“ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
6.6. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 30 იანვრის №4- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ვაჟ-------–-–-ილის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა - მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №3------ გადაწყვეტილება, შესაბამისად გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 30 იანვრის №4- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ვაჟ-------–-–-ილის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
7.2. ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული წარმომადგენლის დახმარებისათვის ხარჯის გაწევა, რამდენადაც არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 24--ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვაჟ-------–-–-ილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 30 იანვრის №4- ბრძანება ვაჟ-------–-–-ილის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის №3------ გადაწყვეტილება.
4. სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, და---–-----–ი, ე.წ. „ნუ–--------ს“ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
5. მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს, მოსარჩელე ვაჟ-------–-–-ილის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი