განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2314-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - ლ-----–----–---–---
დაცვის მხარე
დამცველები - ი-----–-------- და ი-----------
ბრალდებული - გ------------------------–-----, დაბადებული - 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ-----------–---–-------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი);
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----------------–--–--------------ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს გ------------–-----მ თავის დედას - ლ-------------–---–- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მარჯვენა ხელის მაჯაზე უკბინა, ხელი ჰკრა და მიაჯახა საძინებელი ოთახის კედელს, მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა ნიკაპზე და ასევე, სახისა და თავის არეში ხელის რამდენიმეჯერ დარტყმით სცემა, რის შედეგადაც ლ-------------–---–მა სხეულზე მიიღო დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----------------–--–--------------ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს გ------------–-----მ დედის - ლ-------------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, განახორციელა უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენის მუქარა. კერძოდ, გ------------–----- ლ-------------–---–- დაემუქრა მოკვლით, მისი საცხოვრებელი სახლისთვის ცეცხლის წაკიდებით და განადგურებით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დახმარებისთვის მიმართა პოლიციას.
2019 წლის 10 აპრილს ქ. თბილისში, დ-----------–-----------------–--–--------------ში, ამავე მისამართზე 9 აპრილს მომხდარი ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე, გ------------–----ისა და ლ-------------–---–ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მინის ფლაკონები და ერთჯერადი მოხმარების შპრიცები, რომლებშიც აღმოჩნდა ნარკოტიკულ საშუალებები - მეტამფეტამინი (ფუძე) - 0,001208 გრამის ოდენობით და ამფეტამინი - 0,0009 გრამის ოდენობით, რაც გ------------–-----მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ------------–----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას
დაზარალებულ ლ-------------–---–ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ გ------------–----- არის მისი შვილი. მეუღლე ადრე გარდაეცვალა და მარტო ზრდიდა შვილებს. გ------------–----- - ბავშვობიდან იყო ძნელად აღსაზრდელი და რამდენჯერმე მოუწია სკოლის შეცვლა. 2009 წელს გ------------–----- დააკავეს ყაჩაღობის ჩადენისათვის, რაზეც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წელი, რომლის ნაწილი შეუმცირდა შეწყალებით და სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლდა 2014 წლის ოქტომბრის თვეში. გ------- ციხეში სასჯელის მოხდის პერიოდში და მანამდეც ექცეოდა დადებითად, მათ შორის რაიმე შელაპარაკებასაც ადგილი არ ჰქონია, ხოლო მას შემდეგ რაც განთავისუფლდა ციხიდან, მის მიმართ გახდა აგრესიული და ერთმანეთთან ჰქონდათ კონფლიქტური დამოკიდებულება. კერძოდ, მას სახლში აკითხავდნენ ნასამართლევი პირები, რომლებიც რჩებოდნენ გვიანობამდე და მათი სახლში ყოფნა მიუღებელი იყო მისთვის და ამის წინააღმდეგი იყო. მისი თხოვნა გ-------მ არ გაიზიარა, არ მიიტანა გულთან ახლოს და კვლავ აგრძელებდა ნასამართლევი, მისთვის უცნობი პირების სახლში მიყვანას. 2016 წლის 18 ივნისს გ-------მ კვლავ მოიყვანა სახლში ნასამართლევი პირები, რომლებიც იყვნენ გვიან ღამემდე, რაც არ უნდოდა და რის შესახებაც იცოდა გ-------მ. ვერ მოითმინა და უთხრა შვილს, რატომ არ ითვალისწინებდა მის თხოვნას და რატომ მიყავდა სახლში ნასამართლევი პირები. შენიშვნა არ მიიღო გ-------მ და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მისი მეგობრების წასვლის შემდეგ დაუწყო კამათი, რასაც მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება. შელაპარაკების ნიადაგზე გ-------მ ხელი მოკიდა მარჯვენა ხელზე მწარედ და მიახეთქა სახლის კედელს ორჯერ, რის შედეგად როგორც ხელის მოკიდებისას, ასევე სახლის კედელზე დაჯახებისას განიცადა ძლიერი ტკივილი. სიტყვიერი შეურაცხყოფების მიყენების ფაქტები მის მიმართ ხშირია გ-------ს მხრიდან, უფრო არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას და შესაბამისად, როდესაც შეამჩნევს, რომ გ------- არის არაფხიზელ მდგომარეობაში შეგნებულად არიდებს მას თავს, თუმცა იგი მაინც გამოთქვამს მის მიმართ უკმაყოფილებას. 2015 წლამდე ზამთრის პერიოდში გაზის გამათბობელი დაყენებული ჰქონდა მისაღებ ოთახში, სადაც იკრიბებოდნენ მისთვის უცნობი გ-------ს ნასამართლევი მეგობრები. მათი სახლში ყოფნა არ უხაროდა და ვინაიდან, სხვა საძინებელ ოთახში ციოდა, მისი ქალიშვილი თ-----------–---, რომელიც არის 39 წლის და აქვს გონებრივი ჩამორჩენა, თან მეტყველება უჭირს და ვერ ჩერდებოდა მათთან ერთად ოთახში, იძულებული იყვნენ დასაძინებლად წასულიყვნენ საძინებელ ოთახში, სადაც ციოდა. ძალიან უჭირდა ზამთრის პერიოდში ცივ ოთახში ყოფნა. ერთ-ერთი შეკრებისას ვერ მოითმინა და ბრალდებულს უთხრა, რომ ეზიზღებოდა თვითონ როგორც თვითონ, ისე მისი ნასამართლევი და ნარკომანი მეგობრები, რაზეც გ-------ს მათი თანდასწრებით არაფერი არ უთქვამს, ხოლო მათი წასვლის შემდეგ დაუწყო ჩხუბი, კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დასძინა, რომ სახლს დაუწვავდა თუ არ გაჩერდებოდა. მისი მუქარა აღვიქვა რეალურად, ვინაიდან მას შეეძლო მსგავსი ქმედების განხორციელება და იძულებული გახდა გაჩუმებულიყო. 2015 წელს გაზის გამათბობელი დააყენა მისი და მისი ქალიშვილის საძინებელ ოთახში და შესაბამისად, ცდილობდა გ-------სთვის თავი აერიდებინა. 2019 წლის 09 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, გ------- გავიდა სახლიდან და დაბრუნდა გვიან ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში. მას და მის ქალიშვილს უკვე ეძინათ, რა დროსაც გ-------მ კარის ფანჯრებს დაუწყო ხელის დარტყა. მიხვდა, რომ მისი შვილი ნასვამი იყო და ცდილობდა უცებ ამდგარიყო, რათა კონფლიქტი არ გამოეწვია. მან მოსთხოვა მისთვის საჭმელის მიტანა, რაზეც უთხრა, რომ ჰქონდათ ყველი და პური და ცდილობდა დაეწყო მაგიდაზე, რომ გ-------ს ეჭამა. თან ცდილობდა მისთვის პიჯაკი გაეხადა, რა დროსაც ხელი მოყვა მის ყურსასმენზე რომელიც ბრალდებულს ეკეთა. მან ყვირილით უთხრა, რომ არ გაეწყვიტა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მარჯვენა ხელზე, მაჯასთან უკბინა ისე, რომ განიცადა ძლიერი ტკივილი, შემდეგ ხელით დაეჯაჯგურა და საძინებელი ოთახის კედლის კუთხეს მიაჯახა, რის გამოც მარჯვენა ხელის მკლავზე მიიღო დაზიანება და განიცადა ძლიერი ტკივილი. ამავე დროს, ბრალდებულმა მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა ნიკაპსა და თვალის არეში, რამაც გამოიწვია ძლიერი ტკივილი და მიიღო დაზიანებები. ამასთან, ემუქრებოდა, რომ სახლს დაწვავდა და საკუთარი ხელით მოკლავდა, რაც აღვიქვა რეალურად და ძალიან შეეშინდა, ვინაიდან იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, იქცეოდა არაადეკვატურად და აყენებდა ძლიერ ტკივილს, რისი მოთმენა უკვე არ შეეძლო. მაშინვე უნდოდა დაერეკა 112-ის სამსახურში, რათა გამოეძახებინა საპატრულო პოლიცია, თუმცა გ------- გვერდიდან არ შორდებოდა და ამის გაკეთება იმ მომენტში ვერ შეძლო. მას შემდეგ, რაცა გ-------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ფეხით ჩაამტვრია მისაღებ ოთახში მდგარი სერვანტის მინა და მაცივრის კარი, გვიან ღამით კი ჩაეძინა. მეორე დღეს ანუ 2019 წლის 10 აპრილს, დილით, როცა შეძლო ადგომა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა პოლიციას. დაზარალებულის განმარტებითვე, მისი შვილი გ-----------–----- სახლში ხარშავს გაურკვეველი სახეობის ნარკოტიკულ საშუალებას, რის გამოც ხშირად ხდება შეკრებები მის ოჯახში. ქვაბი, რომლის საშუალებით ბრალდებული ხარშავს ნარკოტიკულ საშუალებას, ასევე ერთჯერადი სამედიცინო შპრიცები არის სახლში, რაზეც შეუძლია მიუთითოს სამართალდამცავებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს.
მოწმე თ--------------- ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ 2019 წლის 10 აპრილს განყოფილებაში მივიდა ლ-------------–---–ი, რომელიც იყო აცრემლებული. ჰკითხა რა სახის დახმარება ესაჭიროებოდა, რაზეც უპასუხა, რომ 2019 წლის 09 აპრილს მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა მისმა შვილმა - გ------------–-----მ და აჩვენა დაზიანებები დაჟეჟილობების სახით. დაზარალებულს დაზიანებები აღენიშნებოდა მარცხენა ხელის მაჯაზე და მარცხენა თვალის ქუთუთოზე.
2019 წლის 10 აპრილის ლ-------------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგრაფირების შესახებ ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ,,SAMSUNG A5” მოდელის მობილური ტელეფონის საშუალებით მოხდა მოწმე ლ-------------–---–ის მარცხენა ხელის მაჯის, ნიკაპის, მარცხენა თვალის ქუთუთოს და მარცხენა ხელის მხარზე არსებული დაზიანებების ფოტოგრაფირება, რაზეც დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები 2019 წლის 9 აპრილს ღამის საათებში მიაყენა მისმა შვილმა - გ------------–-----მ.
2019 წლის 10 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ დათვალიერებული იქნა ქ. თბილისში, დ-----------–----------–--–-------------ში მდებარე ლ-------------–---–ის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ამოღებული იქნა მინის ნატეხები ერთ ფურცლად, ლურჯი ფერის პარკით წიწვოვანი მასა, ორი ცალი საშუალო და პატარა ზომის ჯამი, ერთი ცალი 20 მლ. შპრიცი მოყვითალო ფერის სითხით, ლურჯი ფერის პლასტმასის კოლოფით 7 ცალი საინექციო შპრიცით და ორი ცალი მინის შუშა.
2019 წლის 10 აპრილის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ დათვალიერებულ იქნა ლაზერული დისკი. დისკზე ასახულია ქ. თბილისი, დ-----------–----------–--–----------------ში მდებარე ლ-------------–---–ის საცხოვრებელი სახლი. კერძოდ, ლოჯში მდგარი მაცივრის დაზიანებული კარი, მისაღებ ოთახში მდგარი ჭურჭლის კარადის დაზიანებული მინა და იატაკზე მიმოყრილი მინის ნამსხვრევები, სახლის წინ ეზოში ნაგავის დასაყრელ ადგილზე ლურჯი პოლიეთილენის პარკით აღმოჩენილი წიწვოვანი მასა, სამზარეულო ოთახში სარეცხ მანქანაზე დადებული ორი ცალი ჯამი და საძინებელ ოთახში მდგარი ტუმბოს ზედაპირზე აღმოჩენილი შპრიცი მოყვითალო სითხით. ასევე, ტუმბოს გვერდზე აღმოჩენილი ლურჯი ფერის პლასტმასის კონტეინერით 7 (შვიდი) ცალი შპრიცით და ორი ცალი მინის შუშა.
2019 წლის 11 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის N----------------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ლურჯი ფერის პოლიეთილენის თავმოკრულ პარკში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო წიწვისმაგვარი სველი მცენარეული მასა, წონით – 539,63 გრამი შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - ეფედრინს - 0,0618 გრამის ოდენობით; 2 ცალი უფერო გამჭვირვალე მინის ცარიელი ფლაკონის შიდა კედლებზე არსებული ყავისფერი ნივთიერებების დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მეტამფეტამინს (ფუძე) - 0,000475 გრამის ოდენობით და ამფეტამინს - 0,00045 გრამის ოდენობით; 6 ცალ ერთჯერადი მოხმარების ცარიელი შპრიცებს შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალებები: მეტამფეტამინი (ფუძე) - 0,000733 გრამის ოდენობით და ამფეტამინი - 0,00045 გრამის ოდენობით; 20 მლ. ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული ნავთობპროდუქტებისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე 19,0 მლ მოყვითალო-ყვითლით ორფენიანი სითხე შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - ეფედრინს - 0,00304 გრამის ოდენობით. ექსპერტიზაზე წარდგენილ საკვლევ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალებების: მეტამფეტამინის (ფუძე) საერთო წონა შეადგენს - 0,001208 გრამს, ამფეტამინის საერთო წონა შეადგენს - 0,0009 გრამს, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერება ეფედრინის საერთო წონა შეადგენს - 0,06484 გრამს.
2019 წლის 05 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ პირადი შემოწმებით: 2019 წლის 10 აპრილს, მოქ. ლ-------------–---–- სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევი. კერძოდ, მარჯვენა თვალის ზედა ქუთუთოზე აღინიშნება უსწორო ფორმის, მუქი მოწითალო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით: 1X0,4სმ. ასეთივე ფერის და ფორმის სისხლნაჟღენთები აღინიშნება მარცხნივ ნიკაპქვეშა მიდამოში, ზომით - 2,5X1სმ; მარჯვენა მხრის ზემო მესამედის გარეთა ზედაპირზე, ზომით - 8X5,5სმ. და მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედის წინა ზედაპირზე, ზომით - 7X9სმ. ასევე, მარცხნივ შუბლის მიდამოში აღინიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, კანის დონიდან ქვემოთ მდებარე ნაჭდევი, ზომით - 0,2X0,2სმ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2019 წლის 05 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მაცივრის „PRIME“, მოდელი „---------”, ქვედა კამერის კარის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს – 60 (სამოც) ლარს. ექსპერტიზაზე წარდგენილი კარადის ვიტრინის კარის ორი ცალი მინის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს - 34 (ოცდათოთხმეტ) ლარს.
აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრალდებულმა გ------------–-----მ თავი მხოლოდ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშალების უკანონო შეძენა-შენახვაში სცნო დამნაშავად და განაცხადა, რომ მას დედის მიმართ არც ძალადონა და არც მუქარა არ განუხორციელებია, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ (უდავო) და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------------–-----მ ჩაიდინა: 1. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და 3. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან გ------------–----- თავს ნაწილობრივ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადაო მტკიცებულება, ასევე შეაფასა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და გ------------–----ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა და აღნიშნული მუხლისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. ამდენად, როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი. ოჯახის წევრად ითვლება დედა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში; ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკურ ტკივილში (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური იძულებით. ძალადობამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, მოჭერა, მოქაჩვა - ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხს და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით ან რაიმე მკვრივი საგნით, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის - მუქარის შემადგენლობა დაფუძნებული არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი მუქარის ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მუქარა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რამდენადაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში, ბ) შედეგში - შიში (რომელიც ბრალდებულის ქმედებით განიცადა დაზარალებულმა) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს როგორც სატელეფონო საუბრით, ისე პირისპირ საუბრით და ა.შ.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. პირს თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება - რასაც ასევე მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი, ვინაიდან დაზარალებული იმყოფებოდა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ და იმდენად იყო შეშინებული, რომ მეორე დღესვე მივიდა პოლიციაში და დახმარება ითხოვა - შემთხვევის დღეს დახმარების თხოვნის საშუალება, დაზარალებულის განმარტებითვე, ბრალდებულმა არ მისცა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით - „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან პრეკურსორის და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს.
დანაშაულის საგანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვადასხვა ნივთიერება. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება „მეტამფეტამინი“ და „ამფეტამინი“. საერთოდ, საკითხის გადაწყვეტა - მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს, ფორმალურ-იურიდიული საკითხია და არა სამედიცინო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სასამართლომ არ შეიძლება იხელმძღვანელოს ფარმაცევტული ცნობარებით, ან თუნდაც მოცემული ნივთიერების შეფასება მოახდინოს როგორც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებისა მათი ქიმიური თუ ფარმაკოლოგიური დახასიათების საფუძველზე. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ სპეციალური სიით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ე.ი. ნარკოტიკულ საშუალებად უნდა ჩაითვალოს სწორედ ის ნივთიერებები, რაც ჩამოთვლილია ამ სიაში.
აქედან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების ცნება მოიცავს ორ ასპექტს: სამედიცინო და იურიდიულ ასპექტებს. სისხლის სამართლის კოდექსში იგულისხმება ამ ცნების იურიდიული ასპექტი. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში.
ამდენად, თუკი შესაბამისი ექსპერტიზით დადგინდება ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურა, ასევე დადგინდება, რომ მოცემულ ნივთიერებას აქვს თვისება, ნარკოტიკული საშუალების ანალოგიური ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე, სახეზეა ნარკოტიკის ანალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არაა დანაშაულის საგანი, რადგან ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ. ამის შემდეგ, სათანადო ორგანოების მიერ ამ ნივთიერებას მიენიჭება შესაბამისი სახელწოდება და იგი შეტანილი იქნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ამ დღიდან იგი უკვე ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს, რადგან ცნობილია მისი მოლეკულური სტრუქტურა და ისიც, რომ მას ორგანიზმზე აქვს ნარკოტიკული საშუალების შესაბამისი ზემოქმედების უნარი - განსახილველ შემთხვევაში ეს გახლავთ „მეტამფეტამინი“ და „ამფეტამინი.“
განსახილველი ნორმის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: უკანონო შეძენასა და შენახვაში. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში. მაგალითად, მისი შენახვა ბინაში, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ გ------------–-----მ ჩაიდინა: 1. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და 3. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------------–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად რჩება.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას, ნარკოტიკული საშუალების სახეს და ოდენობას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის და დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
- მომწვანო-მოყავისფრო წიწვისმაგვარი სველი მცენარეული მასა, საშუალო და პატარა ზომის ორი ცალი ჯამი, ერთი ცალი 20 (ოც) მილიგრამიანი ერთჯერად საინექციო შპრიცი მასში მოთავსებული მოყვითალო-ყვითლით ორფერიანი სითხით, ლურჯი ფერის პლასტმასის კონტეინერი და მასში მოთავსებული სამი ცალი 20(ოც) მილიგრამიანი, ერთი ცალი 10 (ათ) მილიგრამიანი და სამი ცალი 3(სამ) მილიგრამიანი ერთჯერადი საინექციო შპრიცები, ორი ცალი უფერო გამჭვირვალე ფლაკონი მათში არსებული ნარკოტიკული საშუალებით და მინის ნატეხები, რომლებიც ინახება შსს გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ ,,DVD-R“ ფორმატის დისკზე, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------------–----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
3. გ------------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 აპრილიდან.
4. გ------------–-----ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება. აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
6. ნივთმტკიცება:
- მომწვანო-მოყავისფრო წიწვისმაგვარი სველი მცენარეული მასა, საშუალო და პატარა ზომის ორი ცალი ჯამი, ერთი ცალი 20 (ოც) მილიგრამიანი ერთჯერად საინექციო შპრიცი მასში მოთავსებული მოყვითალო-ყვითლით ორფერიანი სითხით, ლურჯი ფერის პლასტმასის კონტეინერი და მასში მოთავსებული სამი ცალი 20(ოც) მილიგრამიანი, ერთი ცალი 10 (ათ) მილიგრამიანი და სამი ცალი 3(სამ) მილიგრამიანი ერთჯერადი საინექციო შპრიცები, ორი ცალი უფერო გამჭვირვალე ფლაკონი მათში არსებული ნარკოტიკული საშუალებით და მინის ნატეხები, რომლებიც ინახება შსს გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ ,,DVD-R“ ფორმატის დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი