განაჩენი

სისხლის სამართლის 02.09.2019
საქმის ნომერი
330100119002911045
თარიღი
02.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1259-19

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

02 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - ც-------–---–----

 

დაცვის მხარე

დამცველი - ნ-----–-----–---–--------

ბრალდებული - თ------------------------------, დაბადებული - 1----–-–------------------ს, პირადი №-----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ჩ----–-–---–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ზ---------------------------–-------------ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ძალადობით, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 6 თებერვალს, საღამოს, ქ. თბილისში, ზ---------------------------------–--------------ში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძახების შესაბამისად, ადგილზე გამოცხადდნენ შსს ს----------–-------–-–-------------------------------–---------------- - მ-------------- და ზ------------–---–-. მათ მიერ წვრილმანი ხულიგნობის, ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა - თ-----------------. დაკავების შემდგომ, ქ. თბილისი, ქ----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში, დაკავებული თ----------------- წინააღდეგობას უწევდა პოლიციელებს. კერძოდ, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ცდილობდა არ მიეცა შესაბამისი ოქმის შედგენის შესაძლებლობა და თავი გაეთავისუფლებინა დაკავებიდან. ამავე მიზნით, მან მარცხენა ფეხის ბარძაყზე უკბინა ზ------------–--ლს, რომელმაც მიიღო ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას ძალადობით, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულ დაზარალებულ ზ------------–---–-ს ჩვენებით დასტურდება შემდეგი: მუშაობს შსს ს----------–-------–-–-------------------–-----------–--------------- თანამდებობაზე. 2019 წლის თებერვლის თვეში, მის მეწყვილე მ----------------- ერთად, ეკიპაჟის ნომრით N---- ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. დაახლოებით 21:00 საათზე, ეკიპაჟმა N---- სთხოვა დახმარება. ეკიპაჟის წევრების გადაცემით მისამართზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 4 მამაკაცმა, რომლებიც შესაძლოა ადმინისტრაციული წესით დაეკავებინათ, რის გამოც სჭირდებოდათ დახმარება. ადგილზე მისულებს დახვდათ სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები და ოთხი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, მათ შორის თ----------------. ბრალდებული და მისი თანხმლები პირები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მას და მის თანამშრომლებს, ხოლო ბრალდებული გამოირჩეოდა აგრესიულობით და იგინებოდა პოლიციელების მისამართით. მათი მოწოდების მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცავთა კანონიერ მოთხოვნას და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც იძულებული გახდნენ დაეკავებინათ ადმინისტრაციული წესით. თ---------------ს დაადეს ხელბორკილები და ჩასვეს მანქანაში, უკანა მხარეს. ცდილობდნენ მის შეკავებას, ვინაიდან არ მიეყენებინა თვითდაზიანება, რასაც ცდილობდა, არ დაეზიანებინა მანქანა ან/და მათთვის არ მიეყენებინა დაზიანება. თ---------------- გადაიყვანეს ქ. თბილისში, ქ----------------ში დოკუმენტაციის შედგენის მიზნით. თავად იჯდა ბრალდებულის გვერდით, ხოლო მისი მეწყვილე წინა სავარძელზე ავსებდა დოკუმენტაციას. თ---------------- არ აძლევდა საშუალებას შეევსო დოკუმენტაცია, ურტყამდა წიხლებს, იმუქრებოდა თვითდაზიანებით და შუშაზე თავის მირტყმით. ი-----–--------–------ ჩაჯდა მანქანაში და ცდილობდა დახმარებოდა თ----------------ს შებოჭვაში რათა არ მიეყენებინა დაზიანებები, თუმცა ამ დროს ხელიდან დაუსხლტა და უკბინა მარცხენა ფეხის ბარძაყზე, თან აგინებდა და ეუბნებოდა - ,,ხომ გადაგდე „ც“ ჰეპატიტიო“. კბენის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ხმამაღლა იყვირა - დაზარალებულმა ჩვენების მიცემის დროს მოახდინა ნაკბენი ადგილის დემონსტრირება, რისი კვალიც ფეხზე კვლავ ეტყობოდა. შემდეგ, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელთა მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, ხოლო თ---------------- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა მ--------------- და დამატებით განმარტა, რომ ადგილზე მისულს დახვდა თ---------------- ნათესავებთან ერთად, რომელიც იყო აგრესიული, აგინებდა და აფურთხებდა თანამშრომლებს, რის გამოც მის მიერ მოხდა თ----------------ს დაკავება ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით. ხელებზე დაადო ბორკილი და ჩასვა მანქანაში უკანა მხარეს, მაგრამ ბრალდებული კვლავ იყო აგრესიული, იგინებოდა და იმუქრებოდა თვითდაზიანებით, თავს ურტყამდა შუშას. მის მეწყვილე - ზ------------–---–- ცდილობდა მის შეკავებას, თუმცა ბრალდებულმა ამ დროს უკბინა მარცხენა ფეხის ბარძაყში. ზ------------–--ლმა ტკივილისაგან იყვირა: „ვაიმე მიკბინაო“, ხოლო ბრალდებულმა მიაძახა - „ხომ გადაგდე ,,ც“ ჰეპატიტიო“. ამის შემდეგ, მ-------ი დააკავეს პოლიციის თანამშრომელისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის და გამოიძახეს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები. თუმცა, თანამშრომლების მისვლამდე კვლავ აგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას, ცდილობდა თავი ჩაერტყა მისთვის და აგინებდა დედის მისამართით, მიუხედავად იმისა, რომ სთხოვდა დედა ახალი დაღუპული ჰყავდა და შეეწყვიტა გინება, იგი არ ემორჩილებოდა და გარდაცვლილი დედის მისამართით აგრძელებდა გინებას.

მოწმე ლ-–--------- ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს ს----------–-------–-–------------------------------–---------------------------–------------------------------–--–------------ გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ დაკავებული იქნა თ----------------, რომელიც დაკითხა ბრალდებულის სახით, გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები და დაცვის მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები.

2019 წლის 15 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად (უდავო მტკიცებულება), 0---------წ, მოქ. ზ------------–--ლს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება მარცხენა მუხლის სახსრის შიგნითა ზედაპირზე უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–-- განაჩენით, თ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 09(ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 დეკემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ასევე სრულად დაემატა დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოდ, თ---------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვის ვადით, ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით გადახდილი აქ აქვს - 2019 წლის 12 თებერვლის თბილისის ს----------–-------------- უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გამომძიებლისადმი მიმართვით დადგინდა, რომ თ---------------ს სააღსრულებო ბიუროში არ წარუდგენია ჯარიმების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა თ---------------მა აღიარა მის მიერ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი და განმარტა, რომ მისი გაღიზიანება გამოიწვია ჯერ სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმების გულგრილობამ, ხოლო შემდეგ პოლიციის თანამშრომლების ქმედებებმა, რომლებმაც მოქაჩეს თმაზე და უჭერდნენ ხელბორკილებს, რის გამოც დაზარალებულს უკბინა ფეხის არეში.

შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა. ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ------------------ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ძალადობით, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან თ---------------- თავს სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის სადავო მტკიცებულებები, ასევე შეაფასა უდავო მტკიცებულებები, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და თ----------------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები (ასევე, უდავო მტკიცებულებები) ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსა და გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია უდავოდ ცნობილ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული თ------ მ-------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. კერძოდ, მოწმეთა: ზ------------–---–-ს და მ--------------ს სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებებით, ი-----–--------–------ს გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება), სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (უდავო მტკიცებულება) და თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია წინააღმდეგობა და ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს – მისი პირადი უსაფრთხოება (ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება). საზოგადოდ, ხელისუფლების წარმომადგენელში იგულისხმება სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენელი. ხელისუფლების წარმომადგენელი საჯარო მოხელეთა განსაკუთრებული კატეგორიაა, რომელსაც განმკარგულებელი უფლებამოსილება გააჩნია ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, იმყოფებიან თუ არა ისინი მის უწყებრივ დაქვემდებარებაში. მაგალითად, პოლიციის მუშაკები. მაშასადამე, ხელისუფლების წარმომადგენლებს გააჩნიათ უფლებამოსილება, განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგები იმ მოქალაქეების მიმართაც, რომლებიც მათ უწყებრივად არ ექვემდებარებიან. ამ შემთხვევაში ისინი გამოდიან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სახელით და გააჩნიათ უფლებამოსილება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ.

სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით წინააღმდეგობაში (მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით). საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რომელიც პოლიციის უპირველესი მოვალეობაა, გულისხმობს საზოგადოებრივი სიმყუდროვის, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა მართლზომიერი ქცევის, პიროვნების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას, ასევე ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და საწარმოების ნორმალური საქმიანობის პირობების შექმნას. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სამართალდარღვევის აღკვეთისათვის ხელის შეშლაში, პატრულისათვის კანონიერი საფუძვლით დაკავებისას გაქცევის ცდაში ან არ დამორჩილებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ა.შ.

თავისი კონსტრუქციით მოცემული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება მოქმედების ჩადენისთანავე ე.ი. ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობის გაწევის მომენტიდან. კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს, შეძლო თუ არა დამნაშავემ პოლიციის მუშაკისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელის შეშლა, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტა ან შეცვლა.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76).

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ასევე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

ამდენად, თ---------------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის, ჩადენილი ძალადობით, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა (ბრალდებული არის სოციალურად დაუცველი) და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას და ნასამართლობას - თ----------------- ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–-- განაჩენით და აღნიშნული ნასამართლობა დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.

ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 58-ე და 59-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის და განაჩენთა ერთობლიობის დროს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 283-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–-- განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სრულად დაემატოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ------ი მ-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. თ-----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 06 თებერვლიდან.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი