განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2735-18
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
10 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ--------–---------
დაცვის მხარე
დამცველი - დ----------------
ბრალდებული - ე---------------------------–-------–--, დაბადებული - 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ------–-----–-------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, გ-------–---–------------------------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 04 მაისს ქ. თბილისში, 9------------ში, ე----------------–--მ ურთიერთშელაპარაკებისას ნ------------ს და მ----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ნ------------ს ყელისა და გულმკერდის არეში ჩამოკაწრა, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მ----------------ს თავისა და სახის არეში დაარტყა მუშტი, რითაც ამ უკანასკნელმა ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ბრალდებული ნ------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ე----------------–--ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას
დაზარალებულ მ----------------ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ე----------------–--ს იცნობს წლებია. მასთან დაპირისპირების მიზეზია ბინა, რომელიც ეკუთვნოდა მის სიდედრს და რომელშიც ამჟამად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. შემთხვევის დღეს, მისი მეუღლე - ნ------------ გავიდა ეზოში და გაემართა საპირფარეშოსკენ, თავად ფანჯარასთან იდგა და დაინახა, რომ სახლიდან გამოვიდნენ რ----------------- და ე----------------–--. რ-----------------მ ბრალდებულს გადასცა ჩაქუჩი, რომელიც მომართული ჩაქუჩით წავიდა მისი მეუღლისკენ. ამის დანახვისთანავე, მან უცებ გააღო კარი და ე----------------–--ს მიერ მოქნეულ ჩაქუჩს ხელი დაახვედრა, რომელიც მოხვდა ხელზე. მეორე მოქნევის დროს ჩაქუჩს ხელი ჩაავლო, თუმცა რ----------------- ცდილობდა ჩაქუჩის წართმევას, რის გამოც თავი ვერ შეიკავა და დაეცა ძირს. წაქცეულს, ე----------------–-- სახეში ურტყამდა ხელებს, ხოლო რ----------------- ცდილობდა ჩაქუჩის წართმევას. ვინაიდან ადგომას ვერ ახერხებდა, მისი მეუღლე, რომელიც კონფლიქტში არ ერეოდა, მის დასახმარებლად მივიდა, რა დროსაც ბრალდებულმა მასაც დაარტყა ხელი. როდესაც მოახერხა ფეხზე ადგომა, ე----------------–--მ სახეში კიდევ დაარტყა ხელი, რის გამოც იგრძნო ტკივილი. მეუღლეს კ----–----თვის წართმეული ჩაქუჩი გადასცა და სთხოვა საპატრულო პოლიცია გამოეძახებინა. დაზარალებულის განმარტებითვე, ე----------------–--ს ქმედების შედეგად დაუზიანდა ხელი, რომელზეც დასჭირდა ხანგძლივი მკურნალობა. ასევე, დაზიანება მიიღო კეფასთან, მარცხენა ლოყაზე და ზემოთ ნიკაპთან. მ----------------მ აჩვენა ისიც, რომ ნ------------ს ე----------------–-- ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, ,,ტვინის გასხმევინებით“.
დაზარალებულ ნ------------ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით დასტურდება შემდეგი: ე----------------–--ს და მის ოჯახთან კონფლიქტი დაიწყო წლების წინ საცხოვრებელ ბინის თაობაზე და გრძელდება დღემდე. 2016 წლის 04 მაისს, დაახლოებით 10:00 საათისთვის, სახლში იმყოფებოდა მეუღლესთან - მ----------------სთან ერთად. იგი ეზოში გავიდა და მივიდა ონკანთან, რა დროსაც უკნიდან მოესმა ხმა - ,,შე გათახსირებულო, მე შენ გიჩვენებ სეირს“. მოიხედა და დაინახა ე----------------–--, რომელსაც ხელში ეჭირა ჩაქუჩი და მისკენ მიემართებოდა, ხოლო მას უკან მიჰყვებოდა რ-----------------. ე----------------–--მ მოუქნია ჩაქუჩი, რომელიც მის დასახმარებლად მისულ მეუღლეს - მ----------------ს მოხვდა მარჯვენა ხელზე, როდესაც მეორეჯერ დააპირა ჩაქუჩის დარტმა, მისმა მეუღლემ მარცხენა ხელი მოჰკიდა ჩაქუჩის ტარს და არ მისცა მეორედ დარტყმის საშუალება. ჩხუბში ჩაერთო რ-----------------ც და ორივე ცდილობდა მამანტის მოშორებას, რა დროსაც მოახერხეს და ის მიწაზე წააქციეს. წაქცეულს ე----------------–--მ ხელი ჩაარტყა სახეში. როდესაც მეუღლის დასახმარებლად მივიდა, ბრალდებულმა ჩაქუჩს ხელი გაუშვა, ჩამოკაწრა და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები კისრისა და გულმკერდის არეში. ამ დროს, მისმა ქმარმა მოახერხა რ----------------ისგან გათავისუფლება და ფეხზე წამოდგომა, ჩაქუჩი მისცა მას, რომელიც შეიტანა სახლში და დარეკა საპატრულო პოლიციაში. დაზარალებულის განმარტებითვე, კ----–----ბის ოჯახის მხრიდან წლების განმავლობაში გრძელდებოდა მუქარა, რომ „თუ სამართლებრივად ვერ წაართმევდნენ სახლს, მაშინ გაუსწორდებოდნენ სვანური წესით". ამასთან, შემთხვევის დღეს ე----------------–-- ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით - „ტვინის გასხმევინებით“, რაც აღიქვა რეალურად, ვინაიდან მუქარას წინ უსწრებდა ბრალდებულის მიერ მისთვის ჩაქუჩის დარტყმის მცდელობა და რომ არა მისი მეუღლის დახმარება, რა მოხდებოდა არავინ იცის.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ--------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ჩ-------------------------–------------–----––- პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2016 წლის 04 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას მეწყვილე ა------------–---სთან ერთად, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება 9-----------ზე კონფლიქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას დახვდათ 2 ქალბატონი, მათ შორის ე----------------–--, ხოლო მეორე ქალბატონის სახელს ვერ იხსენებს და მამაკაცი. ისინი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ კონფლიქტის წამოწყებაში და ვინაიდან, გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, გამოიძახა საგამოძიებო ჯგუფი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------–---–-ს ჩვენების მიხედვით, 2016 წლის 04 მაისს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით. მის მიერ მოწმის სახით გამოიკითხა მ----------------, ნ------------, ე----------------–--, რ----------------- და ვ--------–----ე. მ----------------სგან ამოიღო დანაშაულის იარაღი - ჩაქუჩი, ხოლო ე----------------–--სგან ამოიღო მაისური. დანიშნა ტრასოლოგიური და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ------------–---–--ს ჩვენებით, მის მიერ დაკითხული იქნა მოწმეები, ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გადასცა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
მოწმე ნ-----–---------–-–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში და გაიგონა ხმაურის ხმა. გავიდა ეზოში და დაინახა პატრულის მანქანები და საპატრულო პ---–-–--- თანამშრომლები, რომელთაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩხუბი მოუვიდათ მ----------------ს, ნ------------ს და ე----------------–--ს. მ----------------ს ე----------------–--მ დარტყა ჩაქუჩი, რის გამოც მარჯვენა ხელი ჰქონდა ჩალურჯებული. მისივე განმარტებით, აღნიშნული ეზოდან წლების განმავლობაში გამოდიოდა ჩხუბის ხმა და მათ შორის სულ იყო კონფლიქტი ბინასთან დაკავშირებით.
მოწმე რ----------------ის ჩვენების შესაბამისად, ე----------------–--ს თხოვნის საფუძველზე სწორედ მან გადასცა ბრალდებულს ჩაქუჩი, შემდეგ კი სახლში შევიდა და კონფლიქტის დაწყებას არ შესწრებია, თუმცა ხმაურის ხმაზე გავიდა გარეთ და დაინახა, რომ მ----------------მ ე----------ს ხელი გადაუტრიალა და ჩაქუჩი წაართვა.
2016 წლის 04 მაისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, 9----------- N--ში მდებარე მ----------------ს საცხოვრებელ სახლიდან ამოღებული იქნა ხის ტარიანი ჩაქუჩი.
2016 წლის 23 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმებით: 2016 წლის 04 მაისს მოქ. ნ------------ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები ნაჭდევების და ნაკაწრის სახით. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, დაზიანებები როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: კ--------------–-----–---–მა.
2016 წლის 23 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგინდა, რომ პირადი შემოწმებით: 2016 წლის 04 მაისს მ----------------ს სახის მიდამოში აღინიშნებოდა მექანიკური დაზიანებები ნაჭდევის სახით. კერძოდ: ლოყის მიდამოში მარცხნივ აღინიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, კანის დონიდან ქვემოთ მდებარე ნაჭდევი, ზომით 0,2X0,2 სმ. ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღინიშნება ნიკაპის მიდამოში მარცხნივ ზომით 0.3X0,2 სმ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: კ--------------–-----–---–მა.
აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა - ე----------------–--მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს საერთო სარგებლობის საპირფარეშოს კარი დახვდა ბოქლომით ჩაკეტილი, რის გამოც რ-----------------ს გამოართვა ჩაქუჩი 3-4-ჯერ დაარტყა ბოქლომს, მაგრამ ვერ გატეხა. ამ დროს ზურგიდან მიუახლოვდა მ----------------, რომელმაც ძლიერად დაქაჩა, გადაუგრიხა ხელები და წაართვა ჩაქუჩი, ხოლო შემდეგ მიახეთქა რ----------------ის სახლის კედელს, რა დროსაც იტკინა მარცხენა მხარი, რომელიც დიდხანს სტკიოდა. მისივე განმარტებით, მას არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია დაზარალებულთათვის და არც დამუქრებია, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და წინააღმდეგობაშია დაზარალებულების სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩენებებთან და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე----------------–--ს ჩვენება არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულების ჩვენება უნდა შემოწმდეს გულდასმით მისი თანმიმდევრობისა და სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით შესაბამისობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ დაზარალებულების ჩვენება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებად და მივიღოთ მხედველობაში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულებმა დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერეს ე----------------–--ს მიერ განხორციელებული ქმედება, რაც სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან და ექსპერტის ჩვენებასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ე----------------–--ს ქმედებამ გამოიწვია ნ------------ს და მ----------------ს ფიზიკური ტკივილი, ხოლო ნ------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ე----------------–-- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენისათვის.
სასამართლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით კი განმარტავს შემდეგს:
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების არასანდოობასთან, არასაკმარისობასთან, ირიბ ჩვენებებთან და პირდაპირი მტკიცებულებების არ არსებობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე----------------–--მ ჩაიდინა: 1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და 2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ე----------------–-- თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ე----------------–--ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.
საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგალითად ხელის ერთხელ დარტყმაში. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა.
საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. მართალია, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და, ამდენად, მეტნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხს და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით ან რაიმე მკვრივი საგნით. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება და სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი 14 წლის ასაკიდან. განსახილველ შემთხვევაში უტყუარადაა დადგენილი დაზარალებულთათვის როგორც ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, ისე მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს, მას უკუძალა არ გააჩნია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებული იყო ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიცია იდენტური შინაარსით გადავიდა 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა ამ დანაშაულისათვის დამძიმდა სასჯელი.
სასამართლო განმარტავს, რომ ე----------------–--ს მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ცემა, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილია 2016 წლის 04 მაისს. სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს. შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და ბრალდებულთა ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში - შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით და ა.შ.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
ამდენად, ე----------------–-- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და 2. სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე----------------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
- პერანგის და ჩაქუჩის ბედი, რომლებიც ინახება შსს საპატრულო პ---–-–--- დეპარტამენტის, ქ------–---------------------------–----------------- სამმართველოში - უნდა გადაწყდეს ე----------------–--ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას;
- კომპიუტერული დისკი, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
,სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე----------------–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
- საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ე----------------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ნივთმტკიცება:
- პერანგის და ჩაქუჩის ბედი, რომლებიც ინახება შსს საპატრულო პ---–-–--- დეპარტამენტის, ქ------–---------------------------–----------------- სამმართველოში - გადაწყდეს ე----------------–--ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას;
- კომპიუტერული დისკი, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი