განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
120100119002887169
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/057-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

4 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - გ------------–---–---–ი;

დაცვის მხარე: ბრალდებული - ხ---- ქ-------ე დაბადებული 1----–-–-------------ს ა-----აში, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ა-----ის რაიონის სოფელი ი-------–-, 3-----------–------------;

ადვოკატი - ო--------------–--ე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი;

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხ---- ქ-------ეს ბრალი ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

დადგენილების თანახმად, 2019 წლის 27 იანვარს დაახლოებით 21:25 საათზე, ა-----ის რაიონის სოფელ ი-------–-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხ---- ქ-------ემ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, შვილს თ----- ქ-------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ცხელი წყლით სავსე ჩაიდანი მოარტყა სახისა და ხელის არეში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი

 

2. სასამართლომ დაადგინა

2.1. ბრალდებული ხ---- ქ-------ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

ბრალდებულის ხ---- ქ-------ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 იანვარს ღამით, გასვენებიდან ნასვამი დაბრუნდა სახლში. შევიდა სამზარეულოში, სადაც დგას ღუმელი. მაგიდა და ღუმელი დგას ერთმანეთთან ძალიან ახლოს. ის და მისი მეუღლე ე---------- მ------–---–ი ოჯახურ პრობლემებზე საუბრობდნენ ჩვეულებრივი ტონით და ხანდახან ხმამაღლაც უწევდათ საუბარი გამორიცხავს მეუღლეზე ან შვილზე ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, ვინაიდან როდესაც სახლში ნასვამი მიდის ცდილობს, რომ წყნარად იყოს.

ამ საუბრის დროს თ----- ქ-------ეც იქვე იჯდა ღუმელთან. იგი მათ საუბარში არ ჩარეულა. მას რომ სდომოდა თ----- ქ-------ის მიმართ რაიმე მოქმედების განხორციელება, ხელითაც მისწვდებოდა მას და ჩაიდნის გასროლა მითუმეტეს არ დასჭირდებოდა.

სახლის სხვა ოთახში იმყოფებოდნენ ოჯახის დანარჩენი წევრები. არ ახსოვს საუბარი რამდენ ხანს გაგრძელდა, შემდეგ ადგა და სიგარეტის მოსაწევად გარეთ გასვლა დააპირა. ასევე ვარაუდობს იმასაც, რომ შეიძლება შვილმა უთხრა, რომ ნასვამი იყო და დასაძინებლად წასულიყო და სწორედ ეს ყოფილიყო მისი ფეხზე ადგომის მიზეზი. სიმთვრალის გამო წაბორძიკდა და ღუმელს დაეჯახა. ამ დროს ღუმელზე იდგა მდუღარე წყლით სავსე ალუმინის ჩაიდანი, რომლის ტევადობაა ხუთიდან რვა ლიტრამდე იქნება. რომელიც დაჯახებისას გადმოვარდა ღუმელიდან და ცხელი წყალი თ----- ქ-------ეს მკლავზე დაესხა. მისთვის აღნიშნული სიმძიმის ჩაიდნის გასროლა შეუძლებელია და მითუმეტეს შვილს არასდროს არ ესროდა.

ვინაიდან, თ----- ქ-------ე მომხდარის გამო გაღიზიანებული იყო და სიმწრისგან ტიროდა, იგი მასთან ახლოს აღარ მისულა და გაერიდა, რადგან თავადაც განიცდიდა მომხდარს. არ ახსოვს ვინ დარეკა სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად. როდესაც პოლიცია მივიდა მის სახლში, მან იკითხა მათი მისვლის მიზეზი, რაზეც პოლიციელებმა განუმარტეს ,რომ 112-ზე იყო დარეკილი. არ ახსოვს სასწრაფო დახმარება და პოლიცია მომხდარიდან რამდენ ხანში მივიდა. მათი მოსვლისას ყველა მშვიდად იყო. პოლიციის მიმართ მას ცუდი დამოკიდებულება არ ჰქონია და ისინი სუფრასთანაც კი მიიპატიჟა. პოლიცია მის სახლში იმყოფებოდა 3-4 საათის განმავლობაში.

მოწმის განმარტებით იგი არ არის ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული და მას იშვიათად მოიხმარს, ყოფით საკითხებზე უთანხმოება მის ოჯახშიც ყოფილა და ეს მხოლოდ მისი ნასვამი მდგომარეობით არ განპირობებულა. უთანხმოების გამომწვევი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი საოჯახო საკითხი და ამას სისტემატიური ხასიათი არასდროს ჰქონია.

როდესაც თ----- ქ-------ე წაიყვანეს საავადმყოფოში, იგი მას გამუდმებით ურეკავდა ტელეფონზე, მისი მდგომარეობის გასაგებად, თუმცა არავინ პასუხობდა.

პოლიციის თანამშრომლები გარკვეული დროის განმავლობაში სავარაუდოდ ელოდებოდნენ თ----- ქ-------ის მიერ, მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, რის შემდეგაც გადაწყდა მისი დაკავების საკითხი და დაახლოებით ღამის 12 საათის შემდეგ დააკავეს.

მოწმე ე---------- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 იანვარს იმყოფებოდა სახლში, ოჯახის წევრებთან - შვილებთან თ----- ქ-------ესთან, ნ--------------- ქ-------ეებთან და მამთილთან ა-–---- ქარჩიძესთან ერთად. როდესაც ხ---- ქ-------ე სახლში დაბრუნდა, იმ დროს ის და თ----- ქ-------ე იმყოფებოდნენ ღუმელის ოთახში, ხოლო მისი მამამთილი და დანარჩენი ორი შვილი სხვა ოთახში ტელევიზორს უყურებდნენ.

სახლში დაბრუნებისას ხ---- ქ-------ე იყო ნასვამი, იგი არც ისე ხშირად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს. ხ---- ქ-------ის სიმთვრალესთან დაკავშირებით მას არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება. შემთხვევის დღესაც მან მეუღლეს უთხრა, რომ დასაძინებლად წასულიყო რადგან ნასვამი იყო, თუმცა ხ---- ქ-------ემ უარი განუცხადა და საბოლოოდ, საყოფაცხოვრებო თემაზე დაიწყეს საუბარი. ამ დროს ხ---- ქ-------ეს მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. იგი ზოგადად იგინებოდა ყოფითი პრობლემებიდან გამომდინარე და გასაუბრების ოქმში ასახული ინფორმაცია, თითქოს მას აგინებდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ხ---- ქ-------ეს მისთვის ან მათი შვილების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია.

შემთხვევის დროს როდესაც ხ---- ქ-------ე იგინებოდა, თ----- ქ-------ემ მას უთხრა, რომ ნუ იგინებოდა და დასაძინებლად წასულიყო, რაც ხ---- ქ-------ეს ეწყინა და წყენა სახეზე დაეტყო. მან თ----- ქ-------ეს უპასუხა, რომ თვითონ წასულიყო დასაძინებლად, მეუღლეები ისაუბრებდნენ და მორიგდებოდნენ.

მათი საუბრის დროს თავად იჯდა ღუმელის წინ, ხ---- ქ-------ე იჯდა ღუმელთან მარცხენა მხარეს, ხოლო თ----- ქ-------ე იჯდა ღუმელთან მარჯვენა მხარეს ძალიან დაბლა (თითქმის იატაკზე) სიმინდის ტომრებზე და ტელეფონში მესიჯობდა. ამ დროს ხ---- ქ-------ე წამოდგა, რადგან ნასვამი იყო წაბორძიკდა, მან ხელიც კი შეაშველა და ხ---- ქ-------ე შეამაგრა, რომ ღუმელზე არ დაცემულიყო. ამ დროს ღუმელი ოდნავ გაინძრა და ჩაიდანიდან გადაღვრილი წყალი თ----- ქ-------ეს დაესხა, წყალი ღუმელზეც დაიქცა აჩქაფუნდა და თ----- ქ-------ეს სახეში შეესხა,სავარაუდოდ თ----- ქ-------ემ იფიქრა, რომ რადგან მან მამას მანამდე გარკვეული მითითება მისცა, ეწყინა, განერვიულდა და ამის გამო მოხდა ყველაფერი. მას არ დაუნახავს მომხდარი, რადგან ყურადღება ტელეფონზე ჰქონდა გადატანილი და შესაძლოა იფიქრა, რომ მამამისმა ეს განზრახ გააკეთა. თ----- ქ-------ეს სახეში წყალი შეესხა მას შემდეგ, რაც წყალი ღუმელზე დაესხა და ღუმელიდან შხეფები გაიფრქვა. ისინი იმდენად ახლოს ისხდნენ ერთმანეთთან, რომ ხ---- ქ-------ე ძალადობის სურვილის შემტხვევაში ხელითაც მისწვდებოდა მათ.

მანამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ თ----- ქ-------ე მამას შეკამათებოდა ან შენიშვნა მიეცა.

სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად მას არ დაურეკავს, რადგან საჭიროდ არ თვლიდა. მომხდარის შემდეგ, თ----- ქ-------ე მეორე ოთახში გავიდა და იქიდან დარეკა სასწრაფოში, თ----- ქ-------ეს თავად წაჰყვა საავადმყოფოში.

როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად პოლიციელებმა თ----- ქ-------ე სახლში მიიყვანეს, მას ზეწოლა არ მოუხდენია თ----- ქ-------ეზე და არ უთქვამს, რომ სიმართლე დაემალა. შემთხვევის დროს, ხ---- ქ-------ე ვერბალურად არაფერს ამბობდა, იგი იმდენად ნასვამ მდგომარეობაში იყო რომ თავი ვერ შეიმაგრა.

პოლიციის მისვლისას სახლში იყო მშვიდი გარემო. ის სახლში იმყოფებოდა თ----- ქ-------ესთან ერთად აივანზე იდგა, ხოლო ხ---- ქ-------ე სახლში იმყოფებოდა და ვახშმობდა. მან პოლიციელებიც კი მიიპატიჟა სუფრასთან. მან იკითხა მათი მისვლის მიზეზი, რაზეც უპასუხეს რომ 112-ზე იყო დარეკილი.

საავადმყოფოში წაყვანამდე პოლიციელებმა მომხდარის შესახებ ცალკე ოთახში გამოჰკითხეს თ----- ქ-------ე 30 წუთის განმავლობაში ჰკითხავდნენ.

ხ---- ქ-------ე განიცდიდა მომხდარს. თ----- ქ-------ის საავადმყოფოში წაყვანის შემდეგ ხ---- ქ-------ე და პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი სახლში დარჩნენ. მათი სახლში დაბრუნების შემდგომ ისინი ისევ სახლში იმყოფებოდნენ. ხ---- ქ-------ე დაკავების დროსაც სახლში იმყოფებოდა.

მოწმის განმარტებით, მისი დაკითხვისას მას რასაც კარნახობდნენ იმას წერდა, მას ჩვენება არ წაუკითხავს. გარდა ამისა პოლიციელები არ აპირებდნენ მის დაკითხვას. მან თავად მოითხოვა რომ დაკითხულიყო, რადგან მომხდარის ერთადერთი მოწმე იყო და სიმართლეს იტყოდა. პოლიციის უფროსმა განუმარტა, გამომძიებელს, რომ თუ თავის ქმრის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა არ გამოეკითხათ. თუმცა საბოლოოდ პოლიციის უფროსმა დაავალა გამომძიებელს, რომ მისთვის დაეწერინებინათ, რომ მისი ქმრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებდა. მან არ იცოდა მისი უფლებების შესახებ და არავის განუმარტია, რასაც პოლიციელები კარნახობდნენ ისე იქცეოდა და წერდა.

თ----- ქ-------ე საავადმყოფოში გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანით. პოლიციაც უკან გაჰყვათ. დამწვრობის დამუშავების შემდეგ, თ----- ქ-------ე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს კვლავ გამოსაკითხად. საბოლოდ გაირკვა, რომ თ----- ქ-------ის დამწვრობა ზედაპირული იყო და მალევე უკვალოდ გაუქრა ნაიარევი.

მოწმე ა-–---- ქ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ხ---- ქ-------ის მამა. იგი ცხოვრობს ა-----ის რაიონის სოფელ ი-------–-ში, ხ---- ქ-------ის ოჯახთან ერთად. 2019 წლის 27 იანვარს ხ---- ქარჩიძე გასვენებიდან ნასვამი დაბრუნდა სახლში. ხ---- ქ-------ე მეუღლესთან ე---------- მ------–---–თან და უფროს ქალიშვილთან თ----- ქ-------ესთან ერთად იმყოფებოდა ღუმელის ოთახში და ხმამაღლა ესაუბრებოდა მის მეუღლეს, თუმცა მოწმის თქმით საუბრიდან სიტყვებს ვერ არჩევდა. ამ დროს სხვა ოთახში იმყოფებოდა, შვილიშვილებთან ერთად უყურებდა ტელევიზორს. რამდენიმე წუთის შემდეგ მან გაიგონა, რომ თ----- ქ-------ემ დაიწყო ტირილი.

როგორც მან შემდგომ შეიტყო, ნასვამი ხ---- ქ-------ე, ხმამაღლა საუბრისას, დაეჯახა გახურებულ ღუმელს, რომელზეც, ნაპირში იდო წყლით სავსე ჩაიდანი და ღუმელის გვერდზე სიმინდის ტომრებზე მჯდომ თ----- ქ-------ეს გადაესხა ცხელი წყალი. ამის გამო მან დაიწყო ტირილი. გამწარებულმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება. თ-----ს ტირილის ხმაზე გამოვიდა ოთახიდან. როცა გაიგო, რომ თ----- სასწრაფოში რეკავდა უთხრა, რომ არ დაერეკა, რადგან შემდგომი არეულობის და აყალ-მაყალის აცილება სურდა თავიდან. ამ დროს მან დაინახა თ----- ქ-------ის დაზიანება. მას მკლავზე წყალი ჰქონდა გადასხმული და დამწვრობა ეტყობოდა.

სასწრაფო დახმარების მისვლისთანავე მივიდა პოლიციაც. ხ---- ქ-------ე მშვიდად იყო და არანაირ ზეწოლას არ ახდენდა არც ცოლზე და არც შვილზე და კეთილგანწყობას გამოხატავდა იქ მყოფი პოლიციელების მიმართაც.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწია თ-----ს, რის შემდეგაც პოლიციელებმა წაიყვანეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დააბრუნეს. თ----- ქ-------ე განმარტავდა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მას წყალი შემთხვევით დაესხა და ეს გამიზნულად არავის გაუკეთებია. სახლში ჩვენების მიცემის დროს არავის მიუთითებია თ----- ქ-------ისთვის, რომ მამამისის წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა. ხ---- ქ-------ე იშვიათად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს. ფხიზელი კარგად იქცეოდა, ხოლო ნასვამი კონფლიქტური იყო.

მოწმის განმარტებით გამოძიებას მან სწორი ჩვენება მისცა, ცუდი მხედველობის გამო მას გამომძიებელმა წაუკითხა მისი ჩვენება, რის შემდეგაც ხელი მოაწერა.

მოწმე მ-----–- ფ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს 27 იანვარს ღამის 10 საათზე, შეტყობინება მიიღეს ა-----ის რაიონის სოფ. ი-------–იდან, თ----- ქ-------ის დამწვრობის შესახებ. ადგილზე მისულებს მათ დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები. როდესაც მან იკითხა თუ რა ხდებოდა, პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ მამამ შვილს გადაასხა მდუღარე წყალი. მას მათთვის არ უკითხავს მომხდარის მიზეზი. მას არ ახსოვს რა მდგომარეობა იყო ადგილზე. ოთახში შესვლისას მას დახვდა თ----- ქ-------ე, რომელსაც მკლავზე და მხარზე აღენიშნებოდა დამწვრობა, როდესაც მან თ----- ქ-------იეს ჰკითხა მომხდარის შესახებ, მან უთხრა, რომ ღუმელზე მდგარი ჩაიდნიდან ადუღებული წყალი დაესხა, არ დაუკონკრეტებია ვის მიერ და როგორ. მან მეტი არ იცის მომხდარის შესახებ.

პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი, პირველადი სამედიცინო დახმარება, ვინაიდან მას შეწუხებული სახე ჰქონდა მას არც კი უკითხავს პაციენტისთვის სტკიოდა თუ არა დამწვარი ადგილები, განუმარტა, რომ უკეთებდა ტკივილგამაყუჩებელ ნემსს, რაზეც წინააღმდეგობა არავის გამოუთქვამს, რის შემდეგაც გაუკეთა ტკივილგამაყუჩებელი წამალი, დაუმუშავა დამწვარი ადგილები.

ადგილზე წესების დაცვით შევსებულ იქნა საჭირო დოკუმენტაცია, მას არ ახსოვს პაციენტის ჩივილებში, ტკივილი ჩაწერა თუ არა.

შემდეგ პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს კლინიკაში. პაციენტს თან გაჰყვა დედა.

მოწმე დ----- ფ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 იანვარს იგი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას - იყო მორიგე ექიმი ა-----ის სამედიცინო კლინიკაში. დაახლოებით 22:30 სთ-ზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში მიიყვანა თ----- ქ-------ე, რომელსაც მარჯვენა წინა მხრის და მხრის მიდამოში ჰქონდა 1-ლი და მე-2 ხარისხის დამწვრობა და ამის გამო აწუხებდა ტკივილი და წვა, რის გამოც მას ტკივილგამაყუჩებელი წამალიც მიაღებინეს.

თ----- ქ-------ეს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, დაენიშნა მკურნალობა და ასევე მას გაუკეთდა ტკივილგამაყუჩებელი. როდესაც მას დაესვა კითხვა თუ საიდან ჰქონდა მიღებული აღნიშნული დამწვრობა, თ----- ქ-------ემ განუმარტა სამედიცინო პერსონალს, რომ ღუმელზე იდგა ჩაიდანი და მას შემთხვევით გადაესხა მდუღარე წყალი კიდურზე. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით თ----- ქ-------ეს სხვა რაიმე არ განუმარტავს და არც თავად დაინტერესებულა შემთხვევის დეტალებით.

სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. სამედიცინო მანიპულაციის დამთავრების შემდეგ იგი გაეცნო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შედგენილ დოკუმენტაციას აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ თ----- ქ-------ეს გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება - გაუკეთდა ტკივილგამაყუჩებელი წამალი და დაედო ასეტრიული სახვევი. მოგვიანებით მან პოლიციელი გ----------------გან გაარკვია, რომ თ----- ქ-------ეს აღნიშნული დაზიანება მიაყენა მამამისმა.

დამწვრობის ხარისხის განსაზღვრა ხდება კანის შრეების დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში დაზიანებული იყო კანი და კანქვეშა ქსოვილი სხვადასხვა მდებარეობის მიხედვით. თ----- ქ-------ესთან ერთად იმყოფებოდა დედამისი. პაციენტის სამედიცინო ბარათიც მან შეადგინა სამედიცინო მანიპულაციის დამთავრების შემდეგ. მან ბარათში ასახა ყველა ის ინფორმაცია რაც პაციენტმა მას მიაწოდა. იმის გარჩევა თუ როგორმა მოქმედებამ გამოიწვია დამწვრობა განზრახვამ თუ შემთხვევითობამ ამის განსაზღვრა შეუძლებელია.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ თ----- ქ-------ის მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის მიცემული ინფორმაციის გადამოწმება მოხდა შემთხვევის ადგილზე. თ----- ქ-------ემ სრულად არ დაადასტურა მის მიერ გამოკითხვის ოქმში ასახული ვითარება და მიუთითა, რომ ხ---- ქ-------ე იგინებოდა დედის ე---------- მ------–---–ის მისამართით. მან მოუწოდა დამშვიდებულიყო. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხ---- ქ-------ე დაეჯახა ღუმელს, ხელი ჰკრა ჩაიდანს და წყალი შეესხა სახესა და მკლავზე. ძლიერი ტკივილის გამო დახმარებისათვის მიმართა 112-ის ოპერატორს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტომასალით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ა-----ის რაიონის სოფელ ი-------–-ში მდებარე ე---------- მ------–---–ის საცხოვრებელ სახლში. სამზარეულოს დათვალიერების დროს აღწერილია, რომ ოთახში არეულობის და მტვრევის კვალი არ შეინიშნება. შეშის ღუმელის გვერდით სიმინდის ტომრებთან გადაბრუნებულ მდგომარეობაში დევს ჩაიდანი. ღუმელთან ახლოს არის მაგიდა და სკამები. დათვალიერების ოქმში არ არის მითითებული, რომ იატაკზე ან ზოგადად ოთახში შეინიშნება დაღვრილი წყლის კვალი, რომელიც სავარაუდოდ უნდა გადმოღვრილიყო ბრალდებულის მიერ ჩაიდნის სროლის შემდეგ.

მოწმეების ზ-----------------ის, ლ------------ის ლ---------–-–---–ის, ვ-–------------------–---–ის ჩვენებებით დგინდება, რომ 112-ზე შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე სოფელ ი-------–-ში ხ---- ქ-------ის საცხოვრებელ სახლში. მათ აივანზე დახვდათ დაზარალებული თ----- ქ-------ე, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და სახე და ხელი დამწვარი ჰქონდა. ამ დროს სახლში სიმშვიდე იყო და რაიმე შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

მათ იციან მხოლოდ თ----- ქ-------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც მათი გამოკითხვის ოქმშიც არის ასახული.

ამასთან, მოწმე ლ---------–-–---–ი განმარტავს რომ, გამოკითხვისას თ----- ქ-------ეს სახეზე ეტყობოდა დამწვრობის კვალი, ხელი შეხვეული ჰქონდა და განმარტავდა, რომ მას დამწვარი ადგილი სტკიოდა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს თ----- ქ-------ის მისამართით ა-–---- ქ-------ემ გამოთქვა პრეტენზია რათა მას არ მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია, რის გამოც თ----- ქ-------ემ თავი შეიკავა რეალური გარემოების დაფიქსირებისაგან. ა-–---- ქ-------ის მოწოდება მან არ ასახა ოქმში, რადგან მიიჩნია, რომ ეს არ იყო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ხელშეშლა.

ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პირები ზ-----------------ე და ვ-–------------------–---–ი განმარტავენ, რომ ბრალდებულის დაკავება მოხდა სახლიდან მოშორებით, ცენტრალური საავტომობილო გზაზე სოფელ ი-------–ის გადასახვევთან. დაკავებისას ბრალდებულს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მიუხედავად იმისა რომ ნასვამი იყო.

საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა გამომძიებლებმა, რომლებიც დაიკითხნენ მათ მიერ შედგენილ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტების შედგენასთან დაკავშირებით, ასევე ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ შესრულებული საგამოძიებო მოქმედებებისა და დოკუმენტების სისწორე.

დაზარალებულმა თ----- ქ-------ემ გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ვინაიდან, მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს - მამას ხ---- ქ-------ეს.

2-----–-–-------------------------- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სს „სამედიცინო კ----------–--------ი“ ა-----ის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N2---ის მიხედვით თ----- ქ-------ეს აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის შუა და ქვემო მესამედის არეში უკანა ზედაპირზე და მარჯვენა წინამხრის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე თერმული დამწვრობა I-II ხარისხის მხოლოდ კანის დეფექტით. აღნიშნული თერმული დამწვრობა მიყენებულია რაიმე თერმული საგნის (თერმული-ცხელი სითხის) მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზნულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით 2019 წლის 28 იანვარს სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე თ----- ქ-------ე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა,შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

კონკრეტულ შემთხვევაში ხ---- ქ-------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ხ---- ქ-------ემ მისი შვილის თ----- ქ-------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. აღსანიშნავია, რომ მითითებული ქმედება წარმოადგენს განზრახ დანაშაულთა კატეგორიას. პირის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა იყოს განზრახ განხორციელებული. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ხ---- ქ-------ის მიერ თ----- ქ-------ისათვის ცხელი წლით სავსე ჩაიდნის სროლის ფაქტი. ვითარება, რომელსაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები აღწერენ არის შემთხვევითობა და გამოწვეულია მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულის ღუმელზე მიჯახებით, როდესაც ღუმელზე მდგარი ჩაიდნიდან გადმოღვრილი წყლის დასხმის შედეგად თ----- ქ-------ემ მიიღო დამწვრობითი დაზიანება. მოწმე ე---------- მ------–---–ი და ხ---- ქ-------ე განმარტავენ, რომ თ----- ქ-------ე შემთხვევის დროს იჯდა ღუმელთან საკმაოდ დაბალ პოზიციაზე და მობილურ ტელეფონში იყურებოდა, მას არ დაუნახავს ხ---- ქ-------ის წამოდგომა სკამიდან და წაბორძიკება, რამაც საბოლოოდ ჩაიდნიდან წყლის გადმოღვრა და მისი დამწვრობა გამოიწვია. ამ კატეგორიის საქმეთა განხილვის დროს საბოლოო გადაწყვეტილებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავად დაზარალებულის პოზიციას, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მან როგორ აღიქვა მისი ოჯახის წევრის ქმედება და მიაჩნია თუ არა რომ მასზე განახორციელეს ძალადობა. თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე სასამართლოში. ხოლო, გამოძიების დროს გამოკითხვისას მან მიუთითა მამის მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობაზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, როდესაც მოხდა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციის ადგილზე შემოწმება მან მიუთითა, რომ ბრალდებული დაეჯახა ღუმელს, ნაცვლად იმისა, რომ დაედასტურებინა ხ---- ქ-------ის მიერ მისი მიმართულებით ჩაიდნის გასროლის ფაქტი, როგორც ეს მითიტებულია მისი გამოკითხვის ოქმში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი თანამშრომლის მითითებით აღნიშნული ცვლილება გამოიწვია ა-–---- ქ-------ის ნათქვამმა, რომელიც ურჩევდა თ----- ქ-------ეს დაემალა ფაქტები. თუმცა ამ ვითარების ოქმში ასახვა არ ჩათვალა საჭიროდ. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ ასახავს სრულყოფილ ინფორმაციას მისი მიმდინარეობის შესახებ, თავის მხრივ თ----- ქ-------ემ ისარგებლა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით, რის გამოც სასამართლო ვერ იზიარებს მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის - თ----- ქ-------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. გამოკვლეული მტკიცებულებები ირიბი ხასიათისაა და არ ასახავს რეალურ ვითარებას. მოწმე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, ექიმების, ექსპერტების ჩვენებებით დგინდება, რომ თ----- ქ-------ემ ცხელი წყლის გადასხმით მიიღო დამწვრობა, ხოლო ის გარემოება, რომ ხ---- ქ-------ემ მასზე ძალადობის განზრახვით ესროლა ადურებული წყლით სავსე ჩაიდანი თ----- ქ-------ეს, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება.

ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას ხ---- ქ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ, არსებული ეჭვი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, არ დასტურდება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობით. ხოლო ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, ხ---- ქ-------ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 272-ე, 275-276-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ---- ქ-------ე (პ/№ 0----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. ხ---- ქ-------ე მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. ნივთიერი მტკიცებულება - ჩაიდანი, რომელიც ინახება შსს ა-----ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ე---------- მ------–---–ს.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი